ოპოზიციაში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხი „განხეთქილების ვაშლი“ გახდა. ოპოზიციონერი ლიდერები კონკრეტული ოპოზიციონერი ლიდერების მისამართით ხელს იშვერენ და არჩევნებში შესაძლო მონაწილეობას მოღალატეობრივ აქტს უწოდებენ. გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძის პარტიები, დიდი ალბათობით, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, მეტიც, შესაძლოა, თბილისის მერობის საერთო კანდიდატზეც კი შეჯერდნენ. ანალიტიკურ წრეებში ფართოდ მიდის დისკუსია იმაზე, რომ გახარიამ და ხაზარაძემ კახა კალაძეს შეიძლება სერიოზული კონკურენცია გაუწიონ არჩევნებში.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, არც ერთი საერთაშორისო დამკვირვებელი „ქოცების“ ჩატარებულ ოპერაციას არ დააკვირდება. მისი თქმით, დიდწილად ყველაფერი დამოკიდებულია „ლელოზე“, რადგან გახარია არჩევნებში მარტო ვერ შევა.
„თუ ძალიან მაგარია გახარიას პოზიციები ნეიტრალურ კანდიდატებს რატომ არჩევენ? მგონია, რომ დიდწილად, ბევრი რამ დამოკიდებულია „ლელოზე“, მათ გადაწყვეტილი პოზიცია არ აქვთ, მაგრამ თუ გაიხსნება მოსალაპარაკებლად ფორმატი, მგონია, რომ ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა. გახარია მარტო არჩევნებში ვერ შევა. გახარია ნეიტრალურ კანდიდატს არჩევს, მისი პარტიის იმედი არ აქვს? მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გახარიას პარტია ყველაზე გარიყული იყო. აკეთებდნენ ყველაფერს, რომ საკუთარი იდენტობა აეშენებინათ და ემიჯნებოდნენ ყველაფერს. თუ აცხადებ, რომ გამაერთიანებელი ფიგურები შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, ესე იგი ერთიანობას რაღაც კონტექსტში მხარს უჭერ, მაგრამ საკუთარი ამბიციებისა და პოზიციების გამო ერთიანობა არ უნდათ.
ახლა უნდა იყოს ერთიანი პოზიციის შენარჩუნება, ახლა უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეების დარწმუნება, რომ არჩევნები სპეცოპერაცია არ არის და ბოიკოტიც არ არის სწორი ტერმინი, რომ ეს „ქართული ოცნების“ ოპერაციაში არმონაწილეობაა. მესამე - უნდა იყოს სანქციები, ამ კუთხით მუშაობის გაძლიერება და მეოთხე - ადამიანებთან, პროპაგანდის წინააღმდეგ მოძრაობა, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე For.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ გიორგი გახარიას პარტიას საბოლოოდ პარლამენტში ვიხილავთ. რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს, მას პოლიტიკური კაპიტალი არ გააჩნია და შესაბამისად, ვერც სათანადო კონკურენციას ვერ გაუწევს „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის შესაძლო კანდიდატს, კახა კალაძეს.
„რასაც მათი პატრონები ეტყვიან, გააკეთებენ იმას, ესენი სიტყვის ხალხი არ არიან, განსაკუთრებით „ლელო“ - ერთი თვის წინ სხვა რაღაცებს საუბრობდნენ პარტიის ე.წ. ლიდერები, მაგრამ დღეს მათ პატრონებს განსაზღვრული აქვთ, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და სულ მალე ვნახავთ, როგორც „შეცუნცულდება“ გახარია მისი 12 კაცით პარლამენტში. ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი, რადგან ესენი არიან პოლიტიკური მეძავები.
ვერც გახარია და ვერც ხაზარაძე იოტისოდენა წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ კალაძეს. მევახშეს რა პოლიტიკური კაპიტალი უნდა ჰქონდეს?! მხედველობაში ხაზარაძე მყავს, რომელსაც ბინებიდან ხალხი ჰყავს გამოყრილი. გახარია კი არის ქვეყნის მოღალატე - როდესაც გადადგა, ჩაიდინა ქვეყნის ღალატი, რადგან მან ქვეყანა დააყენა სახელმწიფო ინსტიტუტების რღვევისა და ნაცების დაბრუნების წინაშე - ეს ყველაფერი კი ხალხმა იცის და ამიტომ მიიღო ის პროცენტული მაჩვენებელი, რაც მიიღო. თუ იქნება ბარიერი, არ მგონია ბარიერი გადალახონ, ისეთ შავ დღეში არიან“, - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.
რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შესაძლო კანდიდატურას, გვენეტაძის თქმით, ზურაბიშვილს პოლიტიკური რესურსი არ გააჩნია.
„რაც შეხება სალომე ზურაბიშვილის შესაძლო კანდიდატურას, ბევრად უკეთესი იქნება თუკი დააყენებენ თინიკო ბოკუჩავას კანდიდატურას - სალომე ზურაბიშვილი აბსოლუტურად გაკოტრებულია“, - დასძინა ედიშერ გვენეტაძემ.
„გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რომ ბოიკოტზე დისკუსიების ეტაპი უკვე გავლილი აქვთ, ახლა მათი მთავარი ამოცანაა ნეიტრალურ, არაპარტიულ კანდიდატებზე მსჯელობაა. მისი თქმით, პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ კონკრეტული გეგმა აქვს, რომლის შესახებაც მალე გახდება ცნობილი.
„ჩვენ ეს ეტაპი, არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობასთან დაკავშირებით, უკვე გავლილი გვაქვს. გავიარეთ ეს ეტაპი და უკან დაბრუნებას ნამდვილად არ ვაპირებთ. ახლა ჩვენი გუნდის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“, მთავარი ამოცანაა ნეიტრალური, არაპარტიული, არაპოლიტიკური კანდიდატების ირგვლივ მსჯელობა. ჩვენ ამ ეტაპზე ვართ გადასულები.
ჩვენს გუნდს აქვს გეგმა, რომელსაც ძალიან მშვიდად, წყნარად, აუღელვებლად მივუყვებით და ამ გეგმას, როცა დრო მოვა, გაგაცნობთ. დანარჩენი, ვინ რას იტყვის, ერთმანეთს როგორ გალანძღავენ, ჩვენ მიმართ რა ისტერია იქნება, საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა ბუჩუკურმა.
მერობის კანდიდარად ზურაბიშვილის დაყენებას, ჩემი უბნის საპოჟნიკი არტიომა რომ დააყენონ აჯობებს - მეტ ხმას აიღებს