ოპოზიციის ნარატივი „ოცნების“ იზოლაციის შესახებ, ჩამოიშალა - საქართველოს ხელისუფლება ევროპაში ოფიციალურ ვიზიტებს მართავს

ოპოზიციის ნარატივი „ოცნების“ იზოლაციის შესახებ, ჩამოიშალა - საქართველოს ხელისუფლება ევროპაში ოფიციალურ ვიზიტებს მართავს

ოპოზიციას ნარატივი ხელიდან ეცლება, თითქოს „ქართული ოცნება“ დასავლური ქვეყნებისგან იზოლირებულია, ხელისუფლება არალეგიტიმურია, დასანქცირებულია და ევროპაში არავინ ხელს არ ართმევს. ნარატივი იმსხვრევა და ხელისუფლების „დასასჯელად“ ოპოზიცია კვლავ ბრიუსელიდან ცდილობს ყურადღების მიპყრობას.

ფაქტია, ოპოზიციას ხელისუფლების დასავლეთისგან იზოლაციის პროპაგანდა აღარ გამოადგება. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იტალიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, მან მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ასევე დაესწრო ოფიციალურ მიღებას, რომელიც საკონსულოს ინაუგურაციისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გაიმართა.

კობახიძესთან ერთად დელეგაციაში შედიან პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი; ვიცე-პრემიერი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი; საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი; კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მილანში მოქმედი გენერალური საკონსულო ჩრდილოეთ იტალიის რვა რეგიონს მოემსახურება და საქართველოს მოქალაქეებისთვის საკონსულოს მომსახურება გაცილებით ხელმისაწვდომი გახდება.

პრემიერმა საკონსულოს გახსნის ცერემონიალზე სიტყვით მიმართა იტალიელ და ქართველ ხალხს: „დამოუკიდებლობა ის ღირებულებაა, რომელსაც თითოეული ჩვენგანი უნდა გაუფრთხილდეს. ვამაყობთ ჩვენი უნიკალური მრავალსაუკუნოვანი ისტორიით და სიამაყით ვამბობთ, რომ ჩვენი ქვეყანა 3 000 წლისაა, ხოლო სახელმწიფოებრიობა - 23-საუკუნოვანი. მიუხედავად ურთულესი ისტორიისა, შევძელით დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნება. დღეს საქართველო როგორც არასდროს, დამოუკიდებელი და სუვერენულია. მზად ვართ, სრული ძალით დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.

რა თქმა უნდა, ეროვნული ინტერესების დაცვა მეგობრებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობის გარეშე წარმოუდგენელია. ვამაყობთ ურთიერთობებით, რომელიც საქართველოსა და იტალიას შორის არსებობს. გვაქვს საერთო ღირებულებები. ქართველებს განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს იტალიის და იტალიელი ხალხის მიმართ. მიგვაჩნია, რომ ევროპელთა შორის ყველაზე მეტად იტალიელებს ვგავართ და ეს სიამაყის საგანია“, - განაცხადა პრემიერმა.

მანამდე, 9 ივნისს, მილანში იმყოფებოდა დედაქალაქის მერი კახა კალაძე. ვიზიტის ფარგლებში, კალაძე შეხვდა ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტ ატილიო ფონტანასა და ვიცე-პრეზიდენტ რაფაელე კატანეს.

თბილისის მერიის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-იტალიის ურთიერთობებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მათ შორის მიმდინარე და დაგეგმილ ერთობლივ პროექტებზე. კალაძემ ხაზი გაუსვა, რომ მილანი მისთვის მშობლიური ქალაქია, სადაც არაერთი წელი გაატარა, და გამოთქვა სურვილი, გამოიყენოს ყველა რესურსი თბილისსა და მილანს შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის.

ატილიო ფონტანამ კახა კალაძეს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და გამოთქვა იმედი, რომ თავადაც ეწვევა თბილისს ბიზნესდელეგაციასთან ერთად.

კალაძე ასევე შეხვდა მილანის მერს, ჯუზეპე სალას. შეხვედრაზე ორი ქვეყნის, ასევე თბილისსა და მილანს შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო გენერალური საკონსულოს გახსნის მნიშვნელობას, რაც მერების შეფასებით, ქვეყნებსა და ქალაქებს შორის კავშირების განმტკიცებას შეუწყობს ხელს. კალაძემ მადლობა გადაუხადა ჯუზეპე სალას გულთბილი მასპინძლობისთვის და იგი საქართველოს დედაქალაქში მიიწვია.

ოფიციალური ვიზიტით ევროპაში იმყოფება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილიც. ის ნიცაში, საფრანგეთში, მონაწილეობს გაეროს კონფერენციაში: „მდგრადი განვითარების მიზნებისთვის, ოკეანეების, ზღვებისა და საზღვაო რესურსების დაცვა და მდგრადი გამოყენება“. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

კონფერენციაში 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი, გარემოს დაცვის მინისტრები და სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები მონაწილეობენ. დავით სონღულაშვილთან ერთად საფრანგეთში იმყოფება მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიციის მიერ აგებული ნარატივი, თითქოს ხელისუფლება დასავლეთისგან იზოლირებულია და დასანქცირებულია, საბოლოოდ დაინგრა. მისი თქმით, ეს ტყუილი საზოგადოებაში ვეღარ მყარდება და უკვე ოპოზიციის მხარდამჭერებშიც გაჩნდა კითხვები: თუ ხელისუფლება არალეგიტიმურია და სანქციების ქვეშ იმყოფება, ევროპული ქვეყნების ქალაქებში როგორ ჩადიან?

„კალაძე მილანში, ფლორენციაში და სხვა ქალაქებში იმყოფებოდა, პრემიერიც ოფიციალური ვიზიტებით არაერთ ევროპულ ქვეყანაში იყო. იგივე, მინისტრები და მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობენ კონფერენციებში და შეხვედრებში ევროპაში. აშკარაა, რომ ხელისუფლება არანაირ იზოლაციაში არ არის. არც ერთი ქვეყანა არ აცხადებს, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია. შესაბამისად, ოპოზიციას ეს „საკენკი“ ამოეწურა“, - ამბობს ქადაგიძე.

მისი თქმით, აშშ-ში საქართველოს ახალი ელჩის, თამარ ტალიაშვილის დანიშვნა ასევე ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ ოპოზიციის მოლოდინი არ გამართლდა.

„ძალიან ჭკვიანი და გამოცდილი დიპლომატია, რომელსაც პირადად ვიცნობ და ვიცი მისი შესაძლებლობები. შესაბამისად, ოპოზიცია ყველა მხრიდან იზოლაციაშია. არც ქვეყნის შიგნით აქვთ რესურსი და უკვე ტყუილად იმედოვნებენ, თითქოს დასავლეთში ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკა გრძელდება.

სანქციების კამპანია რეალურად არასდროს მუშაობდა. ეს აბსურდი დიდი ხანია აშკარად ჩანს და ამას უკვე თავად ოპოზიციაშიც აღიარებენ. შიდა დაპირისპირებაც სწორედ ჩამოშლილი სტრატეგიის შედეგია. თუნდაც სანქციების თემა - ცდილობდნენ, საკუთარი მედიასაშუალებებით პროპაგანდის სახით გაეტანათ საზოგადოებაში, მაგრამ ფაქტია, რომ ხალხმა ეს არ დაიჯერა“, - ამბობს ქადაგიძე.

ანალიტიკოსს ამის მაგალითად რუსთაველზე ჩაშლილი აქციები მოჰყავს.

„ახლა, არ აქვს მნიშვნელობა, ბრიუსელში ივლიან თუ სადმე სხვაგან. ფაქტია, ოპოზიციას არაფერი გამოსდის. დასავლეთშიც მიხვდნენ, რომ ოპოზიცია იტყუება. ამიტომ ახლა დაიწყეს მოწოდება, რომ მონაწილეობა მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებში. ვხედავთ, რა დაპირისპირებაა ოპოზიციის შიგნით. მათ რადიკალიზმიც კი ჩაეშალათ, რასაც ქართველი ხალხი მხარს არ უჭერს. ამიტომ, ბრიუსელის ბიუროკრატებიც, რომლებიც ამ მავნებლებს კვებავდნენ, მათ უკვე ეჭვით უყურებენ. ადრე თუ გვიან, იძულებულები გახდებიან, ამ მიმართულებითაც ცვლილებები განახორციელონ. ბოლო დღეების ვიზიტები ცხადყოფს, რომ ევროპის ქვეყნები და მათი ლიდერები საქართველოს ხელისუფლებას ლეგიტიმურად აღიარებენ“, - აცხადებს ქადაგიძე.