„ძალადობა, რაც ვიხილე, ამაზრზენია. იქ იყვნენ პირები, რომლებიც ჩვენს ოფიცრებს ფოიერვერკებს ესროდნენ. ამან შეიძლება მოგკლათ“, - აცხადებს ლოს-ანჯელესის პოლიციის ხელმძღვანელი. ლოს-ანჯელესში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. დემონსტრანტებთან დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 2000 ჯარისკაცის გაგზავნის ბრძანება გასცა და კანონით აკრძლა საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება. დონალდ ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაცია რადიკალურ მემარცხენე საპროტესტო აქციებს, რომლებშიც ადამიანები ანაზღაურების სანაცვლოდ მონაწილეობენ, არ მოითმენს.
„ჩვენ მივიღეთ დიდებული გადაწყვეტილება, გაგვეგზავნა ეროვნული გვარდია კალიფორნიაში ძალადობრივ, წაქეზებულ არეულობებთან გასამკლავებლად. ეს რომ არ გაგვეკეთებინა, ლოს-ანჯელესი მთლიანად განადგურდებოდა. ყოველთვის გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, რათა ერთად შევძლოთ ამერიკა კვლავ დიდებული გავხადოთ“, – წერს დონალდ ტრამპი.
დღეს, ამერიკაში, კეროდ კი ლოს-ანჯელესში ის ხდება, რასაც აშშ წლების განმავლობაში სხვდასხვა ქვეყანაში ახალისებდა, მათ შორის საქართველოში. განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვეა სწორედ ამერიკის ყოფილი ადამინისტრაციის და საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოში მიმდინარეობს პროცესების რადიკალიზცია. ხელწერა იგივეა - რადიკალების სამიზნე იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც დამიზნებით ესროდნენ ფოიერვერკებს. ის, რაც მიუღებელია ამერიკისთვის, თურმე დასაშვებია საქართველოსთვის - ასეთია ამერიკული დემოკრატია.
ლოს-ანჟელეში მიმდინარე პროცესებს სოციალური ქსელით გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, რომლის განცხადებით, ძალადობრივ ექსტრემიზმს ერთი სახე აქვს ლოს-ანჯელესშიც, ბერლინშიც, პარიზშიც და თბილისშიც. ნიღაბი ერთნაირად მალავს მოძალადეების სახეს, „მოლოტოვის კოქტეილი“ ერთნაირად წვავს პოლიციელებს, მაშხალა ერთნაირად აზიანებს ადამიანებს და შენობებს. მისივე შეფასებით, ძალადობასთან და ექსტრემიზმთან ბრძოლა, მისგან გამიჯვნა, ევროპული ღირებულების გარდა, ცივილიზებულობის ნიშანიცაა.
„სახელმწიფო არსებობს იმისთვის, რომ მოქალაქეები, ხალხი, ადამიანები მათი უფლებების, ქონების, ღირსების დამრღვევი მოძალადეებისგან დაიცვას. როდესაც ძალადობის აღმკვეთ პოლიციას ან სასამართლოს ებრძვი, ამით ძალადობის მხარეს დგები. ძალადობისგან გამიჯვნა ის მინიმუმია, რომელიც ცივილიზებულმა საზოგადოებამ უნდა შეძლოს, თუმცა, ნაცვლად გამიჯვნისა, ვხედავთ, რომ ბრიუსელი და ზოგიერთი ევროპული მთავრობის წარმომადგენელი მხარს უჭერს, აქეზებს და აფინანსებს ექსტრემიზმს საქართველოში. სიმართლე მხოლოდ მაშინ ვლინდება, როდესაც ექსტრემიზმის დამცველებს საკუთარ ქვეყანაში უხდებათ ძალადობაზე რეაგირება“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
„ხალხის ძალის“ დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მოუწოდებს „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს, ენჯეოსექტორს, ელჩებს გამობრძანდნენ და დაგმონ ნიღბების აკრძალვაზე ტრამპის განცხადება, როგორც „რუსეთუმეს“ განცხადება.
„პრაქტიკულად, აშშ-ის პრეზიდენტი ერთი ერთში იმეორებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით. ვამბობდით, რომ საპროტესტო აქციაზე ნიღბიანი ადამიანები არ უნდა იყვნენ და ატეხეს ამბავი, რომ ამ კანონის მომზადებაში რუსეთის ხელისუფლება ჩაერთოო. ახლა რას იტყვიან, როცა დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ნიღბიანი ადამიანები აქციაზე არ უნდა დაუშვან და არ იქნებიან შეწყალებული აქციებზე მოძალადე ადამიანები? აქაც რუსეთის ხელისუფლებაა ჩარეული?
გამოვიდნენ და თქვან, თურმე ტრამპი რუსეთის გავლენის ქვეშ არის და ამიტომ ნიღბების აქციაზე გამოყენებას კრძალავს. „საია“ იქნება თუ სხვა „ენჯეო“, ელჩები, მათ შორის ევროკავშირის ელჩი, როცა ამ კანონს აკრიტიკებდნენ, გამოვიდნენ და განცხადება გააკეთონ. აშშ-ში ეს რუსული კანონმდებლობაა, როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ აქციაზე ნიღბებს ვერ გამოიყენებენ? რატომ არიან ჩირგვებში ჩამალული? ახსნან, რა პოზიცია აქვთ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, თავისთავად კითხვა ორმაგ სტანდარტებთან დაკავშირებით დღევანდელი მსოფლიოსთვის რთული კითხვაა, რადგან ასეთია დღეს მსოფლიო. მისი თქმით, ამ სირთულეს ცოტათი რომ ავარიდოთ თავი, უნდა ვთქვათ, რომ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის მერე, ამერიკიდან ნაკლებად გვაწვებიან, თუ არ ჩავთვლით რუბიოს ეშმაკობებს, ნაკლებად გვეუბნებიან, რომ ამერიკაში შეიძლება პოლიციამ ძალა გამოიყენოს და საქართველოში არ შეიძლებაო.
„ეს დამოკიდებულება ტიპიური უფრო იყო ბაიდენის პერიოდში, განსაკუთრებით მისი სახელმწიფო მდივნის ხელში. გავყოთ რესპუბლიკელების და დემოკრატების ამერიკა. დემოკრატების ამერიკაა დღეს ქუჩაში გამოსული. ჩემმა მეგობარმა შეამჩნია, რომ აქციის მონაწილეებს არა მარტო საბჭოთა კავშირის დროშები ჰქონდათ შემოხვეული, არამედ რუსეთის დროშებიც კი ჰქონდათ შემოხვეული, სხვა დროშებთან ერთად. ეს ნიშნავს იმას, რომ არა მარტო მექსიკის თემაა მანდ მნიშვნელოვანი, არამედ უფრო იდეოლოგიური ტიპის გადაკვეთა არის იმ მხრივ, რომ მათ სოციალიზმი უნდათ - კომუნისტური ტიპის სოციალიზმი. დღევანდელი რუსეთის მმართველობას სოციალიზმი ჰქვია. ის ლიბერალები იბრძვიან, რომლებიც იძახდნენ, რომ საქართველოსთვის არ შეიძლება ის, რაც ამერიკისთვის შეიძლებაო, ეს ტიპიური ლიბერალური დამოკიდებულებაა, გლობალიზაციით მოტანილი დამოკიდებულება.
გლობალიზაციას ახასიათებს ამერიკულზე კონცენტრაცია, რომ მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს გლობალურად, მაგრამ უნდა დაემორჩილოს ამერიკას - ეს არის მათი იდეოლოგია. აი, ამ იდეოლოგიის სურათს ვხედავთ ახლა ლოს-ანჟელესში. რითი დამთავრდება არავინ იცის. ეს მაინც ტრამპისთვის ნასროლი ბომბია, ადრე ტყვია ესროლეს, ახლა საპროტესტო პროცესები ესროლეს და ამ ბრძოლას ვაკვირდებით“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, საქართველოში ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ამ ბრძოლაშია ჩართული.
„ჩვენი ოპოზიცია მემარცხენეა, კომუნისტური დროშებით არ დარბიან, მაგრამ გამოკვეთილად მემარცხენეები არიან. ტრამპს ვერ იტანენ, ლიბერალურ ღირებულებებს, ლიბერალურ ევროპას და ბაიდენს იცავენ, მისი მომხრეები არიან. მალე მივლენ სოციალიზმამდე, მაგრამ ჯერჯერობით აშინებთ, რომ რუსეთუმობა არ დაბრალდეთ და ამიტომ არიდებენ თავს, თორემ შინაგანად ისეთი ლიბერალები არიან, როგორც ტრამპთან დაპირისპირებული ის ხალხი.
ასე რომ, ამ ბრძოლასთან გვაქვს საქმე და არა იმასთან, რომ ამერიკისთვის შეიძლება და შენთვის არა. ბაიდენის ხელისუფლებაში, ანუ გლობალისტურ აზროვნებაში რაც ჰქონდათ და აქვთ ლიბერალებს, დევს ის, რომ რაც ამერიკისთვის შეიძლება, სხვა არც ერთი ქვეყნისთვის არ შეიძლება, ეს არაა მარტო ჩვენდამი დამოკიდებულება. იგივე დამოკიდებულება აქვთ ყველა ქვეყნის მიმართ და მით უფრო პატარა ქვეყნისადმი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი თვლის, რომ პირველ რიგში, 2012 წელს დაშვებულია შეცდომა, როდესაც განხორციელდა სადაზვერვო ტიპის კოჰაბიტაცია ძალასთან, რომლის ქმედებაში უამრავი სისხლის სამართლის დანაშაული იყო ჩადენილი. შესაბამისად, იმ ადამიანების დაუსჯელობამ, რომლებიც პოლიტიკურ ელიტას წარმოადგენდნენ და რომლებსაც მნიშვნელოვანი ბიზნესები გააჩნდათ, ე.წ. შავი ყულაბის შექმნით გააგრძელეს ლობისტების მოსყიდვა.
„ეს არის არა ოფიციალურად ლობიზმის ორგანიზება, არამედ უკანონო, კორუფციული ხასიათის ლობიზმი. სადაზვერვო ლობიზმს საფუძველი ჩაეყარა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში და შესაბამისად, გაგრძელდა უკანონოდ მოპოვებული თანხების მიწოდება. შესაბამისად, ყველაფერი ის, რაც ხდებოდა, რეალურად წარმოადგენდა იმ ქვეყნის დაინტერესებას, რომ საქართველოში ყოფილიყო არასტაბილური ვითარება და ყველაფერი გაეკეთებინათ იმისათვის, რომ ხელისუფლებაში მოეყავანათ დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი რეჟიმი. ეს არის ყველაზე მარტივი ახსნა იმისა, რაც ხდება“, - აცხადებს დავით კუხალაშვილი.
მისივე თქმით, დღეს მსოფილო ცხოვრობს ორმაგი სტანდარტებით და განსკუთრებით ეს თვალსაცემი გახდა მას შემდეგ, რაც სირიის და ავღანეთის ხელისუფლებაში მოვიდნენ ტერორისტები, ამის შემდეგ ბევრი სახელმწიფოს დემოკრატიულობის იმიჯმი შეირყა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა საკითხი - რამდენად არიან ისინი დემოკრატები?
„სირიის პრეზიდენტთან ძალიან ახლო კონტაქტი დამყარდა ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან. ასე რომ, სამყარო დიდი ხანია ცხოვრობს ორმაგი სტანდარტებით. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი არის აშშ, ვფიქრობ, ეს არაა რეალობა და ამიტომ არის აუცილებელი ახალი სტრატეგიული პარტნიორის მოძებნა. ვერაირი გადატვითვა სიტუაცას ვერ უშველის იქიდან გამომდინარე, რომ აშშ-მა თავისი სტრატეგიული ინტერესები დაიკმაყოფილა და ახლა იმყოფება იმ ფაზაში, როდესაც საქართველოს მისთვის რაიმე განსაკუთრებული ინტერესი არ გააჩნია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.