პარლამენტის საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა კიდევ ერთი თვით - 5 ივლისამდე გაუგრძელეს. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისთვის და საზოგადოებისთვის ცნობილი იყო იმ დანაშაულებების შესახებ, რასაც ადგილი ჰქონდა 2003-2012 წლებში, საგამოძიებო კომისიაზე გაჟღებულმა ინფორმაციებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ადამიანები ყვებიან უმძიმეს დანაშაულზე, სისასტიკზე, რომლის ავტორები და შემოქმედები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებიც მაშინ პოლიტიკური თანამდებობის პირები იყვნენ.
კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებას არ აწყობდა, რომ დასავლეთის მიერ „დემოკრატიის შუქურად“ შერაცხილი მიხეილ სააკაშვილის ციხეში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირებულიყო, ამიტომ სიკვდილის პირას მყოფი პატიმრების ოჯახებს ურეკავდნენ და პატიმრებს სახლში ატანდნენ, რათა მათი გარდაცვალება სტატისტიკურად ციხისთვის არ მიეკუთვნებინათ. მისი თქმით, რეჟიმის ეს მახასიათებელი, რასაც „სიკვდილის ექსპორტი“ ჰქვია, კომისიის დასკვნაშიც აისახება. კომისიამ კიდევ ერთი გახმაურებული საქმე - „ყინწვისის ბიჭების საქმე“ განიხილა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სისტიკის შესახებ ცნობილი იყო, აღმოჩნდა, რომ საზოაგდოებამ სრული სიმართლე არ იცოდა.
კომისიამ ნიკოლოზ გოგუაძე და ზაზა გვიმრაძე გამოკითხა. როგორც ნიკოლოზ გოგუაძემ განაცხადა, მას შემდეგ, რაც 2011 წლის 11 მაისს „ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობა“ დააარსა, ძალოვანი სტრუქტურებიდან ორგანიზაციის წევრების მიმართ ფიზიკური განადგურების მუქარა დაიწყო. მუქარის შემდეგ, ორგანიზაციის წევრებმა თავი ყინწვისის სამონასტრო კომპლექსს შეაფარეს, სადაც 26 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 24 პირი დააკავეს.
„დაკავების მომენტში დიდ გაურკვევლობაში იყო მეგის ქარდავა და სპეცრაზმიც, რამდენადაც მათ ყინწვისში მყოფი ადამიანების ლიკვიდაცია სურდათ და დაკავება მათ ინტერესში არ შედიოდა. როგორც კი სასულიერო პირები დაკავებულებს გამოგვესარჩლნენ, სპეცრაზმმა ისინი სცემა. როგორც სამონასტრო კომპლექსში, ასევე ქარელის პოლიციაში, თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში და გლდანის ციხეში სასტიკად გაგვისწორდნენ და გვაწამეს. პოლიციის მთავარ სამმართველოში წამებისა და ოჯახის წევრების გაუპატიურების მუქარის შემდეგ, დაკავებულებმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა „ვაღიარეთ“.
თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში თითები დაგვამტვრიეს, მე, მაგალითად, „სკრეპის“ ამოსაღებით ხელზე ფრჩხილები დამატეხეს, დამოუკიდებლად ფეხზე ვეღარ ვიდექი. არავის ეგონა, რომ გადავრჩებოდი ისეთ დღეში ვიყავი. ციხესაც არ უნდოდა ჩემი მიღება, აქ მოგვიკვდებაო. სპეცრაზმმა იმდენი იხტუნავა ჩემს ზურგზე და მუცელზე, რომ საბოლოოდ, მუცლის ბადე ჩამეშალა, ხერხემალი დამიზიანდა, მარჯვენა ხელს ვეღარ ვხმარობ - მიწაზე ვიწექით, ოთხი ადამიანი გვიჭერდა და ზემოდან დახტუნავდნენ ჩვენზე.
ისე ვიცხოვრე 31 წლამდე კაცის ხმამაღალი ტირილის ხმა გაგონილი არ მქონდა, პირველი იქ გავიგე კაცების მასიური ტირილი. ყოველი დღე ვიღაცის კვნესით, ტირილით, კივილით იწყებოდა. მარტო იქ ყოფნა განადგურებდა. ერთ-ერთი ასაკოვანი პატიმარი საწოლის მეორე სართულიდან მხოლოდ იმიტომ გადმოაგდეს, რომ ვერ მოასწრო საკანში შესულ ოფიცრებს მომზადებული დახვედროდა, მოკიდეს ხელი და გადმოაგდეს დაეცა ბეტონზე და ადგილზევე მოკვდა. ვითომც არაფერი“, - განაცხადა ნიკოლოზ გოგუაძემ.
ყინწვისის სპეცოპერაციის სახელით ცნობილ სისხლის სამართლის საქმეზე კომისიას ახსნა-განმარტება მისცა ზაზა გვიმრაძემ, რომლისგანაც მოითხოვდნენ ცრუ ჩვენების მიცემას, თითქოსდა მეუფე იობი და საპატრიარქო მათ იარაღს აძლევდა, რომელიც 26 მაისს მომიტინგეების დასახმარებლად უნდა გამოეყენებინათ.
„თბილისის მთავარ სამმართველოში შემიყვანეს კაბინეტში გამომძიებელთან. ერთი გოგო იყო, ერთი ახალგაზრდა ბიჭი, იმის სახეს რა დამავიწყებს. მთხოვდნენ, რომ ხელი მოაწერე აღიარებით ჩვენებასო. რა ვაღიარო-მეთქი, ასეთი რამე მითხრეს - მეუფე იობი და საპატრიარქო იარაღს გაძლევდათ და უნდა დახმარებოდით 26 მაისის მიტინგსო.
მე ვუთხარი - გაგიჟდით, საერთოდ რას ლაპარაკობთ-თქო. უკნიდან პოლიციელმა ჩამცხო, რასაც გელაპარაკებიან დაწერეო. არ მოვაწერე ხელი. მაგრამ უკვე ცუდადა ვარ ცემისგან იმდენ ხანს მცემეს სამმართველოში, რომ გული მიმდის, ვეხვეწები წამალი მომეცით შეიძლება წავიქცე-მეთქი. არც მაგას არ აკეთებდნენ, საპირფარეშოშიც არ გავყავდით, ისეთ ცუდ დღეში ვიყავით სამმართველოში. პირდაპირ მომთხოვეს დაადე ხელი მეუფეს და გიშვებთო, რაც არ გავაკეთე“, - განაცხადა ზაზა გვიმრაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მმართველობა და მოსმენილი ისტორიები გვარწმუნებს, რომ ბოროტებას ზღავარი არ ჰქონია, მათი მართვის მეთოდი არანაირ ჩარჩოში არ ჯდება. ანალიტიკოსების განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ იყო რეჟიმი, რომლის უპირველეს ამოცანას ადამიანის განადგურება წარმოადგენდა. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებამ არ დასაჯა დამნაშავეები, საზოგადოება მაინც შეარჩენს „ქართულ ოცნებას“, რადგან ალტერნატივა არ არსებობს.
„ალტერნაატივა არის ისევ იმათი მოყვანა, ვინც ასე მიუღებელია. არ დაგავიწყდეთ, რომ თითქოს გაგრილეგბულ გონებაზე ხელახლა ნახა მთელმა საქართველომ და მათ შორის, მათაც - რას ჩადიოდნენ 9 წლის წინ. ვინმესგან პატიება, ბოდიში, სინანული გაგიგიათ? - არა. ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ თუ სინანული არ აქვთ, ხვალ იგივეს გაიმეორებენ თუ უარესს არა?! ეს გაჩნდა, იმიტომ რომ სააკაშვილმა გარკვეული ტიპის ხალხი შეკრიბა. ეს ხალხი ერთმანეთზე უფრო მორიდებული ტიპაჟები იყვნენ სანამ ხელისუფლებაში მივიდოდნენ. თვითონ სააკაშვილიც არ გამოირჩეოდა დიდი ვაჟკაცობით სანამ ხელისუფლებაში მივიდოდა. დაჩაგრული ტიპაჟი იყო მერაბიშვილი, ადეიშვილი... რატომ ვუსვამ ხაზს „მორიდებულს“ - გადაავლეთ თვალი, სერიული მკვლელების ისტორიებს. რუსეთში იყო სერიული მკვლელი ჩიკატილო, უამრავია ამერიკაშიც. საბედნიეროდ საქართველოში არ არის. სერიული მკვლელები ადამიანებს კლავენ ისე, რომ მკვლელობა სიამოვნებთ. აი, ეს ადამიანები, როგორც წესი, გამოირჩეოდნენ იმით, რომ იყვნენ ძალიან მორიდებულები სამსახურში, ოჯახში. იგივე ჩიკატილო, რომლესაც 60-ზე მეტი ქალი ჰყავდა მოკლული, ცოლიც კი ახასიათებდა როგორც იდეალურ მეუღლეს, სამსახურიდან საუკეთესო დახასიათება ჰქონდა, ყველა ხაზს უსვამდა იმას, როგორი მორიდებული, წყნარი და ჩუმი პიროვნება იყო, მაგრამ ღამე ეს წყნარი და ჩუმი ხდებოდა მონსტრი. როგორც ჩანს, ასეთი მანიაკალური რაღაცა დევს ამ ადამიანებში, რომელიც შემოიკრიბა სააკაშვილმა და ესეც მანიაკალური თვისებაა, როდესაც არასოდეს არ ინანიებენ წარსულს. ყოვეთვის რჩებიან თავდაჯერებული იმაში, რომ სწორედ აკეთებდნენ იმას, რასაც აკეთებდნენ. ეს არ ნიშნავს, რომ ესენი ასეთი ავადმყოფები არიან, ამიტომ ნუ დავიმშვიდებთ თავს იმით, რომ რაღაც ავადმყოფურთან გვაქვს საქმე, მაგრამ ვიცოდეთ, რომ რაღაცა ავადმყოფურ თვისებებთან გვაქვს საქმე იმ ადამიანებში, რომლებიც სხვა ადამიანების წამების დროს კმაყოფილები იყვნენ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის, დავით კუხალაშვილის შეფასებით, დანაშაულის არ გამოძიება და დამნაშავეების არ დასჯა, პირველ რიგში, იქნება დემორალიზაციის მნიშვნელოვანი საფუძველი და მოსახლეობას ექნება უნდობლობა ყველა იმ პროცესების მიმართ, რაც საქართველოში მიმდინარეობს, რაც შეიძლება პირდაპირ დაუკავშირდეს დღევანდელი ხელისუფლების დაუცველობას.
„საქმეებზე, რომელზედაც საუბრობენ და საქმეებზე, რომელზედაც არ საუბრობენ და შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, აუცილებელია მოხდეს სისხლის სამართლებრივი რეაგირება. დესტრუქციული ძალების სამართლებრივი ნეიტრალიზაციის გარეშე საქართველოში ვერასოდეს ვერ იქნება ვერც პოლიტიკური, ვერც ეკონომიკური და ვერც სამხედრო სტაბილურობა. ეს უნდა გაიგოს საზოგადოებამ და, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.