უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე, უკანა პლანზე გადაინაცვლა ამ ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებმა. ამ პროცესებს, ქვეყნის გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური უპირატესობების გამო, ევროკავშირისათვის მალე ნეგატიური მნიშვნელობა მიენიჭება. საუბარია ყირიმის რფ–ს შემადგენლობაში შესაძლო შესვლაზე, რასაც ცვლილებები მოჰყვება რფ–ს ტერიტორიის გვერდის ამქცევი, რეგიონალური ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაში.
კერძოდ, ყირიმის რუსეთში გაერთიანებით, ამ ნახევარკუნძულის სამხრეთით რფ–ს საზღვაო განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის „ჩამოწევა“, გამოიწვევს ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფნის“ შემადგენელი „თეთრი ნაკადის“ პროექტის გაუქმებას, ვინაიდან ის ყირიმის ტერიტორიის გავლითაა დაპროექტებული. ასევე თურქეთი, ყირიმში იქაური თათრების პოზიციების გასამყარებლად, სავარაუდოდ ეჭვქვეშ დააყენებს „აგრის“ (აზერბაიჯანი–საქართველო–რუმინეთი–უნგრეთი) კასპიისპირეთის ნავთობის ტანკერებით ტრანსპორტირების პროექტს. ასევე, მოსკოვის საამებლად ათასი წვრილმანის მომიზეზებთ, ანკარა ხელს შეუშლის თავისი შავი ზღვის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში „აგრის“ ტანკერების ცურვას. ყირიმის ნახევარკუნძულიდან ოდესამდე შექმნილ ახალ განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, რფ სავარაუდოდ, აღარ დაუშვებს აზერბაიჯანული ნავთობით დატვირთული ტანკერების გამოყენებას ოდესა–ბროდი–გდანსკის ნავთობსადენის რევერსულად ტრანსპორტირებისთვის. მოსკოვი აღკვეთს ოდესასთან, პორტ „იუჟნიში“, თხევადი გაზის ამჟმად დაპროექტების სტადიაზე მყოფ ტერმინალში გაზის ტანკერების შესვლას. ეს ყველაფერი ძლიერი დარტყმა იქნება ევროკავშირის ალტერნატიულ ენერგომომარაგებისადმი, რაც ბრიუსელის მოსკოვზე დამოკიდებულებას კიდევ უფრო გააძლიერებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყირიმის მიერთება, მოსკოვს დამატებით ბერკეტებს აძლევს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში პოსტსაბჭოთა ქვეყნების გაწევრიანების აღსაკვეთად.
სხვათა შორის კიევი, ჯერ კიდევ ვ. იანუკოვიჩის მთავრობის დროს, ცდილობდა რუსული ენერგორესურსებიდან დამოუკიდებლობის მიღწევას. უკრაინისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების 2013 წლის ნოემბერში გამართული მოლაპარაკებების შედეგების კომენტირებისას, უკრაინული მედია ავრცელებდა ინფორმაციას მასზედ, რომ კიევს ერზერუმიდან თურქეთ–ევროკავშირის საზღვრამდე დაპროექტებული “ტანაპის” თანაინვესტორობა უნდა. კიევი მზად იყო მასში 800 მლნ დოლარი დაებანდებინა, რათა აზერბაიჯანული გაზი უკრაინაში სამხრეთიდან მიეღო. ეს, თავის მხრივ, "დერეფნის" საქართველოზე გამავალ ისეთ მნიშვნელოვან პროექტს უქმნიდა საფრთხეს, როგორიცაა "სამხრეთკავკასიური გაზსადენის" გაფართოება. თუმცა, ექსპერტული მასალების ანალიზით შეიძლება დავასკვნათ, რომ უკრაინის "ტანაპში" ამა თუ იმ ფორმით ჩართვა, ამ ეტაპზე არარეალურია და მოსკოვიდან ენერგობერკეტებით ზეწოლა უკრაინის ახალ ხელისუფლებას ისევ „გარანტირებული აქვს“.
საქმე ისაა, რომ კიევი 800 მლნ დოლარის "ტანაპში" ინვესტირებაზე ვერ წავა, არა მარტო უკრაინაში დღეს არსებული სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების, არამედ აღნიშნულ დაბანდებაზე აზერბაიჯანის, "ტანაპის" მთავარი აქციონერის, ნეგატიური პოზიციის გამო.
უკრაინის წინა მთავრობაში უნდოდათ, რომ “ტანაპი” დაეკავშირებინათ ბულგარეთისა და რუმინეთის გაზის ქსელებთან, შემდეგ კი რევერსით გაზსადენთან ანანიევი-ტირასპოლი-იზმაილი. ვ. იანუკოვიჩის ხელისუფლებას მიაჩნდა, რომ ეს მილსადენი უკრაინაში ყოველწლიურად 10 მლრდ კუბმეტრი აზერბაიჯანული გაზის იმპორტს უზრუნველყოფს. მაგრამ, სწორედ 10 მლრდ კუბმეტრი გაზი რჩება "ტანაპის" გაზსადენში ევროპაში საექსპორტოდ მას შემდეგ, რაც მასში "შაჰ-დენიზის" მეორე ფაზის 16 მლრდ კუბმეტრი გაზი გაივლის. საქმე ისაა, რომ თურქეთ-აზერბაიჯანის 2012 წლის 26 ივნისის სტამბულის შეთანხმებით, 6 მლრდ კუბმეტრი გაზი თურქეთს უნდა "დარჩეს". დანარჩენი 10 მლრდ კუბმეტრი, 2019 წლიდან ევროპაში უნდა გაიგზავნოს. ამიტომ, მოლაპარაკების შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოპტიმისტური განცხადებები აზერბაიჯანისა და უკრაინის სათბობ-ენერგეტიკულ კომპლექსში “მრავალი მიმართულებით” თანამშრომლობის შესახებ, დიპლომატიური ეტიკეთისთვის "ხარკის გადახდად" შეიძლება იქნას მიჩნეული.
უკრაინის მხრივ “ტანაპის” თანაინვესტორობის შესახებ პირველად 2012 წლის შემოდგომაზე უკრაინის პრემიერმა მ. აზაროვმა ისაუბრა. თუმცა, 2013 წლის ივნისში აზერბაიჯანის მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრმა ნ. ალიევმა პირდაპირ განაცხადა, რომ ბაქო არ არის დაინტერესებული უკრაინის ამ პროექტში მონაწილეობაში. მეტიც, ამჟამად განიხილება “ტანაპში” თურქული “ბოტაშის” და “ტპაოს” ერთობლივი წილის - 20%-ის, გაზრდის საკითხი. აზერბაიჯანული “სოკარი” მასში 68%-ს, ხოლო BP-12%-ს ფლობს. უკრაინის მხრივ გაზსადენში წილის მოთხოვნაზე ცნობილი გახდა ქ. ბაქოში 2013 წლის დეკემბერში, “შაჰდენიზი 2″-ის “საბოლოო საინვესტიციო გადაწყვეტილებაზე” (FID) შეთანხმების გაფორმებისას. მაშინ თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ტ. ილდიზმა განაცხადა, რომ ანკარას არ აკმაყოფილებს “ტანაპში” 20% და გეგმავს კიდევ 10%-ის შესყიდვას. აღსანიშნავია, რომ მანამდე აზერბაიჯანის კუთვნილი 80%-იანი წილიდან 29%-ის შესყიდვას აპირებდნენ “შაჰდენიზის” პარტნიორები. კერძოდ, მოთხოვნილი იყო 12-12% “სტატოილისა” და BP-ის, ხოლო 5% - “ტოტალის” მხრიდან.
მართალია, 2013 წლის ბოლოს BP-მ “სოკარისგან” “ტანაპში” 12% შეისყიდა, მაგრამ “სტატოილმა” და “ტოტალმა” თავიანთ მოთხოვნაზე მოგვიანებით უარი განაცხადეს. ეს გადაწყვეტილება დასავლურმა კომპანიებმა პროექტის სახარჯთაღრიცხვო ღირებულების გაზრდით ახსნეს. ამავდროულად, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ თურქული მხარის სურვილი – გაზარდოს "ტანაპში" თავისი წილი, სწორედ დასავლური კომპანიების მოთხოვნის ანულირების ხარჯზე შეიძლება დაკმაყოფილდეს. აქედან აშკარაა, რომ ბაქო არ აპირებს დათანხმდეს, თურქეთის გარდა, რომელიმე სხვა მხარის, მათ შორის უკრაინის თხოვნას "ტანაპში" "სოკარის" აქციების ნაწილის მიყიდვაზე. თანაც, როგორც "სოკარის" პრეზიდენტმა რ. აბდულაევმა განაცხადა, თურქულ “ბოტაშს” და “ტპაოს” «სოკარი» შესთავაზებს იმ წილებს, რომლებიც თავის დროზე "სტატოილსა" და "ტოტალს" შესთავაზა, ანუ შესაბამისად - 12% და 5%-ს. აქვე მან დაუმატა, რომ აზერბაიჯანში 2025 წლისათვის დაგეგმილია გაზის წლიური მოპოვების 50 მლრდ კუბმეტრამდე გაზრდა, რომლის უდიდესი ნაწილის ექსპორტი ევროპაშია გათვალისწინებული. .
წილების შეყიდვის სურვილი თურქულმა მხარემ მკაფიოდ დაადასტურა 2013 წლის ნოემბრის ბოლოს ქ. სტამბულში გამართული ატლანტიკური საბჭოს ენერგეტიკულ და ეკონომიკურ სამიტზე. ამ კონფერენციაზე გამოსვლისას, თავისი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის წარმოჩენისათვის, თურქეთის პრეზიდენტმა ა. გიულმა ხაზი გაუსვა, რომ «ტანაპი» არის "სამხრეთკავკასიური გაზსადენის" "ტრანსადრიატიკულ გაზსადენთან" (ტაპ) დამაკავშირებელი რგოლი და ამდენად ის ევროპის ენერგოუსაფრთხოებას უზრუნველყოფს. უკვე 2014 წლის დადგომისთანავე, თურქეთის პრემიერმა რ. ტ. ერდოღანმა გასცა განკარგულება “ტანაპზე” თურქული მხარის მიერ აღებული ყველა ვალდებულების შესრულების შესახებ. საუბარია თურქული მხარის იმ ვალდებულებებზე, რომელთა აღსრულება ხელს შეუწყობს “ტანაპის” დროულად აგებას.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, უკრაინის ახალი ხელისუფლების მხრივ «ტანაპში» წილის მოთხოვნა შესაძლოა ისევ გაჟღერდეს, საქმე ისაა, რომ 2013 წლის 17 დეკემბერს უკრაინა-რუსეთის სახელმწიფოთაშორისო კომისიის სხდომაზე 10 წლით გააგრძელეს 2009 წლის ხელშეკრულება უკრაინაში ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის, მოცულობისა და ტრანზიტის პირობების შესახებ. რუსული გაზის ფასი განისაზღვრა ათას კუბმეტრზე 268.5 დოლარით, რაც პრეზიდენტ ვ. პუტინის განმარტებით დროებითი ფასია და 2014 წლის მეორე კვარტლიდან მის გაზრდაზე კიდევ იმსჯელებენ. ეს გარემოება ალბათ კიევს ალტერნატივების ძიების სურვილს კვლავ გაუღვივებს. არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში აზერბაიჯანული გაზის ტანაპით მიღების წინადადება, კიევმა მოსკოვზე გაზის ფასის დათმობაზე ზეწოლისთვის გამოიყენოს.