ეგრეთ წოდებული „სკინტლიანი რძის“ სკანდალი კვლავ გრძელდება - ამჯერად, მეორე ინსტანციის ანუ სააპელაციო სასამართლოში. 4 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში პირველი სხდომა გაიმართა და განიხილა საქმე - „ყვარლის ბაგა“ „ჩირინას“ წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც, ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის მეცხოველეობის ფერმა, ასევე ბიზნემენ რევაზ ვაშაკიძის კომპანია „ჩირინასგან“ 4 700 000 ლარის ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. ამ თანხის გადახდა „ჩირინას“ 2024 წლის 24 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრა, რაც კომპანიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
„საბრძოლველად ვარ განწყობილი, რადგან ჩემი მოლოდინი არის ის, რომ კომპანია „ჩირინას“ არ დაურღვევია არც საქართველოს კანონმდებლობა, არც კომპანიასთან ჩვენი ხელშეკრულებები. ჩემი აზრით, სააპელაციო სასამართლო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს „ჩირინას“ დამფუძნებელმა, რევაზ ვაშაკიძემ.
დღეს ნაადრევია იმაზე საუბარი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო სასამართლო, რადგან 4 ივნისის პროცესზე მხოლოდ მხარეებს მოუსმინეს. მომდევნო პროცესი კი 18 ივნისს გაიმართება.
„სკინტლიანი რძის“ სკანდალის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი For.ge-ში სკრუპულოზური სიზუსტით უკვე განვიხილეთ. მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ რეალურად, ეს პრობლემა ოთხი წლის წინ დაიწყო, როდესაც ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა განაცხადა, რომ „ყვარლის ბაგას“ 200-მდე სული ძროხა მას შემდეგ დაეხოცა, რაც „ჩირინასგან“ ნაყიდი ქათმის სკინტლი აჭამეს. მისი სარჩელი ეფუძნებოდა მტკიცებას, რომ „ყვარლის ბაგამ“ შეძენილ ნაკელში აღმოაჩინა აკრძალული ვეტ-პრეპარატი - „ტეტრაციკლინი“. კომპანია „ჩირინამ“ კატეგორიულად უარჰყო ბრალდებები და შესაბამისი დოკუმენტაციით ამტკიცებდა, რომ კომპანიას არ დაურღვევია არც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არც მოქმედი კანონმდებლობა...
სინამდვილეში, „სკინტლიანი რძის“ სკანდალს მნიშნელოვანი პოლიტიკური მდგენელი აქვს და ამას „ჩირინას“ დამფუძნებლის პოლიტიკური ორიენტაცია განსაზღვრავს. წლების მანძილზე, ბიზნესმენს არაერთხელ გაუკრიტიკებია ხელისუფლების პოზიცია საჯაროდ, თუმცა შარშან გაზაფხულზე, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში პირდაპირ განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ ინიცირებული FARA-ს მიღება „ხალხის წინაშე მავნებლობაა“.
გაინტერესებთ, ვინ არის რევაზ ვაშაკიძე? „ფორბსის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელი პროფესიით ბიოლოგია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სადაც მისი კურსელი კახა ბენდუქიძე გახლდათ, საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები მოსკოვში, მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტში დაიცვა. შემდეგ ამავე ინსტიტუტში დარჩა სამუშაოდ და გენური ინჟინერიის მიმართულებით მუშაობდა. სწორედ იმის გამო, რომ დიპლომით ბიოქიმიკოსი იყო, კორუფციისა და კრიმინალისგან თავი ამით დაიცვა, რადგან მისივე სიტყვებით რომ აგიხსნათ, კორუფციაცა და კრიმინალიც ყველაზე მეტად ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბიზნესს შეეხო, ქიმია კი არც ერთმა ბანდიტმა არ იცოდა.
ამის შემდეგ, ქიმიური ქარხნების პრივატიზაციაშიც მიიღო მონაწილეობა და რამდენიმე მათგანში წილს დღემდე ფლობს. რუსეთში ნაციონალისტური დამოკიდებულებების ზრდასთან ერთად, ჯერ ცოლ-შვილი დააბრუნა საქართველოში, 2007 წლიდან კი თავადაც დაბრუნდა. ყურადღება მიაქციეთ: რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, საქართველოში 2007 წელს ბრუნდება! ახლა აღარ გადაგღლით იმის შეხსენებით, რა მდგომარეობა იყო მაშინ ქვეყანაში, მაგრამ ერთ პატარა ამონარიდს შემოგთავაზებთ რევაზ ვაშაკიძის ინტერვიუდან და თავად მიხვდებით:
„მე 90-იან წლებში, ჩემს ოჯახთან ერთად, საქართველო დავტოვე, იმიტომ რომ მაშინაც სრული გაურკვევლობა იყო. ხალხი დარბოდა ავტომატებით, ვინ ვის ესროდა, რატომ ესროდა, ვის რა უნდოდა, გაურკვეველი იყო და მე დავტოვე ქვეყანა. საქართველოში დავბრუნდი 2006-2007 წლებში, რადგან საქართველო ისწრაფვოდა ევროპისკენ. რომ გითხრათ ახლა, მე ევროპა ძალიან მიყვარს და ვგიჟდები-თქო, არც ასეა, მაგრამ ეს არის ქვეყნის სტაბილურობის მაჩვენებელი.
ამის შემდეგ, საქართველოში ინვესტიციების ჩადება გადავწყვიტე და საკმაოდ მოკლე ვადაში, საკმაოდ დიდი რაოდენობით, დაახლოებით, 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განვახორციელე, მაგრამ აი, რაც ხდება ბოლო წლების განმავლობაში, ეს ჩემთვის გაურკვევლობას იწვევს. ეს ჩემში არასტაბილურობასაც იწვევს. მე არ მინდა ვთქვა, რომ ახლა გადაწყვეტილი მაქვს, რომ აქ ბიზნესი დავტოვო და წავიდე საქართველოდან, მაგრამ ესეც შეიძლება მოხდეს. რატომ? იმიტომ, რომ თუ ქვეყანაში არ იქნა სტაბილურობა, მაშინ ბიზნესის განვითარებაზე საუბარი ზედმეტია“, - განაცხადა Bm.ge-თან ინტერვიუში, რევაზ ვაშაკიძემ.
დიახ, არ მოგესმათ, ადამიანი საქართველოში 2007 წელს, სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის პირობებში დაბრუნდა, რადგან ქვეყანა ევროპისკენ ისწრაფვოდა, ოღონდ თვითონ მას ევროპა დიდად არც კი ხიბლავს. რაც მთავარია, 2007 წელს, როდესაც ბიზნესს არეკეტებდნენ, ბიზნესმენებს ციხეებში ყრიდნენ, მერე კი შანტაჟისა და წამების შედეგად, წილებს ათმობინებდნენ, მოსკოვიდან ახლადდაბრუნებული 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს!
ყველაფერი ეს იმიტომ გავიხსენე, რომ ოთხი წლის წინ დაწყებული ჩვეულებრივი ბიზნეს-დავა 2025 წლის აპრილის დასაწყისში „გასკდა“. „გახეთქა“ რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტურმა გამოძიებამ, დიახ, იმ რადიო „თავისუფლების“, რომლის სათაო ოფისიც დონალდ ტრამპმა დახურა. და „გასკდა“, იმიტომ რომ „ჩირინას“ დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე - ოპოზიციის გულშემატკივარი ბიზნესმენია, „ყვარლის ბაგას“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი - ხელისუფლების. ჰოდა, „სკინტლიანი რძე“ მარკეტინგული ხრიკია, რომელიც ძალიან კარგად „გაიყიდა“. იცით, რა მოხდა აპრილში? გადახედეთ ოპოზიციის, ასევე მათ მხარდამჭერ „ენჯეო“ ორგანიზაციების, მათი ექსპერტებისა თუ მოექსპერტო ტიპების, ასევე საზოგადოების ცნობილ სახეთა „ფეისბუქ-პოსტებს“ და ყველაფერს მიხვდებით. ისინი ღიად გმობდნენ ქართულ პროდუქციას და მოუწოდებდნენ საზოგადოებას, რომ მხოლოდ იმპორტირებული რძე და რძის პროდუქტები მოეხმარათ, რაც ჩემი აზრით, მავნებლობაა და სხვა არაფერი!
ისევ 4 ივნისის სასამართლო პროცესს დავუბრუნდეთ. ჟურნალისტებთან საუბრისას, რევაზ ვაშაკიძემ განაცხადა, რომ პირველი ინსტანციის ანუ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არასამართლიანი იყო:
„მე ბიოლოგი ვარ და სპეციალურად დავდიოდი პროცესებზე, რომ მოსამართლისთვის ის ნიუანსები ამეხსნა, რომელიც ამ პროცესთან იყო დაკავშირებული. მე ჩავთვალე, რომ მოსამართლეს ავუხსენი, მაგრამ საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კარგს არაფერს ვფიქრობ, მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული. ჩვენ მოვითხოვთ, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იყოს მიღებული. თუ უარყოფითი გადაწყვეტილება იქნება, ამ პროცესს ქვეყნის გარეთ გავაგრძელებთ.
მე დღემდე ვთვლი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სადამსჯელო არ იყო, მაგრამ ვთვლი, რომ იმ გადაწყვეტილებას ქრთამის სუნი უდიოდა. რასაკვირველია, მე ამის მტკიცება არ შემიძლია, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება მოსამართლემ რატომ მიიღო, ჩემთვის გაუგებარია. ქრთამის სუნში ვგულისხმობ იმას, რომ ან თანხა იყო შეპირებული ან რაღაც... პროკურატურაში განცხადება შევიტანე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონის გარეშე იყო მიღებული, მაგრამ პროკურატურამ ეს განცხადება არ მიიღო“, - განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.
გარდა ამისა, „ჩირინას“ ადვოკატმა, გიორგი გეწაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დიდი იმედი აქვთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ შეცვალოს. მისი თქმით, ამ საქმეში უამრავი სხვადასხვა დარღვევაა:
„დიდი იმედი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებას შეცვლის, იმიტომ რომ გადაწყვეტილება, თავისი არსით, არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და საშიში პრეცედენტიც კი, რადგან ჩვენს კომპანიას პასუხისმგებლობა დაეკისრა იმ პირობებში, როცა ჩვენ არც ხელშეკრულება დაგვირღვევია და არც კანონის რამე ნორმა. უფრო მეტიც, კანონმდებლობის დაცვა, მოცემულ შემთხვევაში, „ყვარლის ბაგას“ ევალებოდა, როგორც ცხოველის საკვების მწარმოებელ ოპერატორს. მას გააჩნდა მთელი რიგი ვალდებულებისა, რომელიც განსაზღვრულია მთავრობის დადგენილებით, რაც მან უგულებელჰყო და ახლა ჩვენზე უნდა პასუხისმგებლობის გადმოტანა. გარდა ამისა, საქმეში არის უამრავი სხვადასხვა დარღვევა“, - განაცხადა გეწაძემ.
რა დარღვევებს გულისხმობდა ადვოკატი, გიორგი გეწაძე? „ჩირინას“ წარმომადგენლების განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაეყრდნო სამართლებრივად გაუმართლებელ დაშვებებსა და არასწორ ინტერპრეტაციებს:
„ერთი მხრივ, „ჩირინა“ არ იყენებს „ტეტრაციკლინს“, ხოლო მეორე მხრივ, „ტეტრაციკლინი“ არ არის აკრძალული ვეტ-პრეპარატი და კანონით შესაბამისი გამოყენების წესები გააჩნია. ის არც კანონდებლობით და არც ხელშეკრულებით არ ყოფილა აკრძალული ქათმის ნაკელში; სასამართლო დაეყრდნო არააკრედიტირებული ლაბორატორიის დასკვნას, რაც საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელია; სასამართლომ მტკიცებულებად მიიჩნია ლაბორატორიული კვლევისთვის წესების დარღვევით აღებული ნიმუში, რაც კანონმდებლობის კიდევ ერთი უხეში დარღვევაა; „ყვარლის ბაგა“ თავად იყო ვალდებული შეემოწმებინა შესყიდული ნედლეულის უსაფრთხოება ცხოველის საკვების დამზადებამდე და გაეთვალისწინებინა სკინტლით კვების ტექნოლოგიური საკითხები, რაც მის თერმულ დამუშავებას გულისხმობს“.