ქალაქებს შორის მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა გახანგრძლივდა, ოღონდ მხოლოდ 7 თვით

ქალაქებს შორის მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა გახანგრძლივდა, ოღონდ მხოლოდ 7 თვით

150 კმ-ზე მეტით დაშორებულ მანძილზე ავტობუსებით მგზავრთგადაყვანის რეგულაციის ამოქმედება გადაიდო. ავტოსადგურისა და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილება შევიდა. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ბიზნესის თხოვნა გაითვალისწინა და მათ დამატებითი დრო მისცა, რათა მძღოლებმა სატრანსპორტო საშუალებების შეცვლა შეძლონ. თუმცა, გადავადება მხოლოდ 7 თვით მოხდა, შესაბამისად, რამდენად მოხერხდება ამ მოკლე პერიოდში გადაუჭრელი საკითხების მოგვარება, რთული წარმოსადგენია.

საქალაქთაშორისო გადაყვანასთან დაკავშირებით რამდენიმე ახალი რეგლამენტი 2024 წლის განმავლობაში დამტკიცდა. მათ შორის იყო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის 1-ელი ივნისიდან საქალაქთაშორისო გადაყვანა შორ მანძილზე მიკროავტობუსებით ვეღარ მოხდებოდა, მთავრობის 30 მაისის დადგენილებით კი, ამ რეგულაციის ამოქმედება ნახევარი წლით გადავადდა. ახალი დოკუმენტის მიხედვით, რეგულაცია 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.

ქალაქებს (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი) და ასევე 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე შესაბამის დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოემსახუროს მხოლოდ III კლასის არანაკლებ 35 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე 3 კატეგორიისა და, მინიმუმ, ევრო-4 უსაფრთხო კატეგორიის ავტობუსი ან ავტობუსი, რომლის გამოშვების თარიღიდან გასულია არაუმეტეს 20 წლისა, - აღნიშნულია დოკუმენტში.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს განმარტებით, შორ მანძილზე მხოლოდ ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის რეფორმის გადავადება, დაკავშირებულია გადამყვანებისთვის ავტოპარკის განახლებისთვის საჭირო დროის მიცემასთან.

„2026 წლის 1-ლი იანვრიდან, მგზავრთა გადაყვანა დიდ ქალაქებსა და 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე შესაბამის დასახლებებს შორის ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, მხოლოდ M3 კატეგორიის, შესაბამისი კლასისა და დასაჯდომი ადგილების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით იქნება შესაძლებელი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სექტორში არსებული პროცესების დეტალურ ანალიზს დაეფუძნა და მიზნად ისახავს გადამზიდველთათვის დამატებითი დროის მიცემას ავტოპარკის განახლებისა და შესაბამისი კლასის ახალი სატრანსპორტო საშუალებების შეძენისათვის.

აღსანიშნავია, რომ წარმატებით მიმდინარეობს საავტომობილო სამგზავრო მიმართულებით რეფორმა, რომლის ფარგლებში, ის პირები რომლებიც ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ ქვეყნის შიდა რეგულარულ და საერთაშორისო მგზავრთა გადაყვანას, 2024 წლიდან ეტაპობრივად განებართვიანდნენ. 2025 წლის 2 ივნისის მდგომარეობით ნებართვის მფლობელთა რიცხვმა 2400 გადამზიდველს გადააჭარბა, ნებართვის მიღების მსურველთა რიცხვი ქვეყანაში მზარდია.

სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, საავტომობილო სამგზავრო მიმართულებით რეფორმის კვალდაკვალ, აგრძელებს საავტომობილო სამგზავრო გადაყვანებში ჩართულ პირებთან თანამშრომლობას, რაც პირველ რიგში მიზნად ისახავს გადამზიდველებისა და ავტოსადგურების ინტერესების მაქსიმალურ დაცვასა და მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული ცვლილება ყველაზე მეტად მგზავრთა გადამყვან კომპანიებსა და ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს შეეხოთ და მათ წინაშე ფინანსური ვალდებულებების საკითხი დადგა. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ბიზნესის თხოვნა გაითვალისწინა და მათ დამატებითი დრო მისცა, რათა მძღოლებმა სატრანსპორტო საშუალებების შეცვლა შეძლონ. საჭიროა რეფორმის განხორციელებაში ბიზნესიც ჩაერთოს და მძღოლების უსაფრთხოების დაცვა უზრუნველყოს, რათა მათ მგზავრთა გადაყვანის პროცესი სწორად წარმართონ.

არსებობს საერთაშორისო სტანდარტი. შესაბამისად, ძალიან ბევრ ქვეყანაში საქალაქთაშორისო მიმოსვლა საერთოდ აკრძალულია .. მარშუტკებით, ამიტომ ეს ცვლილება ყველაზე მეტად შეეხოთ მგზავრთა გადამყვან კომპანიებს. აქ ფინანსურმა საკითხმა წამოიწია წინ. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ბიზნესისა და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების მოთხოვნა გარკვეულწილად გაითვალისწინა და ამიტომაც მოხდა გადავადება.

იმის გათვალისწინებით, რომ ეს საკითხები დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან ნამდვილად უმჯობესია, რომ ბიზნესმაც ხელი შეუწყოს. თავად ბიზნესმაც უნდა დაიცვას თავისი მძღოლი მაინც მინიმუმ, რათა მძღოლს ჰქონდეს შესაბამისი პირობები საქალაქთაშორისო მიმოსვლის დროს, რომ მისი უფლებებიც იყოს დაცული, - განაცხადა კომერსატთან მესხიშვილმა.

რეფორმის გატარება წლების განმავლობაში იგეგმებოდა, თუმცა მისი განხორციელება ვერ ხერხდებოდა. იგი ერთ დღეში ვერ განხორციელდება, რადგან სექტორში უამრავი პრობლემაა. მათ შორის გამოწვევაა მძღოლების კვალიფიკაცია, სატრანსპორტო საშუალებების გაუმართაობა, არარეგისტრირებული ავტოსადგურები და .. ხიშნიკიმძღოლები.

დღეს საქართველოში მგზავრების გადაყვანა მიმდინარეობს უსაფრთხოების სტანდარტების სრული უგულებელყოფით. ხშირად მგზავრების გადაყვანა ხდება სატვირთო ტრანსპორტით, რომელიც კუსტარულად არის გადაკეთებული. ხშირად ეს არის ის ავტომობილები, რომლებიც ტექნიკურ ინსპექტირებას არ მიმართავენ. ასევე უცნობია მძღოლთა კომპეტენცია. უცნობია, რამდენად შეესაბამება ესა თუ ის პიროვნება იმ სტანდარტს, რომლითაც მძღოლები უნდა აკმაყოფილებდნენ უსაფრთხო გადაყვანა. ფორმალურად რეგისტრირებული ავტოსადგურების გარდა არსებობენ .. უკანონო ავტოსადგურები, საიდანაც გადიან .. ხიშნიკი მძღოლები, რომლებიც გზაში იტაცებენ მგზავრებს. ამიტომ აქ არის სრული განუკითხაობა. პრობლემა არის ულევი, - განაცხადა მესხიშვილმა.

რეფორმის გადავადებას სულაც არ მიესალმებიან ავტოსადგურების მფლობელები. როგორც თბილისის ცენტრალური ავტოვაგზლის (ორთაჭალის ავტოსადგური) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ტრისტან სულაძემ აღნიშნა, სახელმწიფო არსებობს იმისთვის, რომ მგზავრთა გადაყვანა დაარეგულიროს.

ჩემი კომენტარი ასეთი იქნება, რომ ყველანაირი გადავადება ცუდად მოქმედებს. მესმის ყველაფერი, მაგრამ სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ დაარეგულიროს მგზავრთა გადაადგილება. თუ არ დაარეგულირა, როგორ გავალთ ფონს? - განაცხადა ტრისტან სულაძემ.