უკრაინა-რუსეთის მორიგი შეხვედრა და შედეგები - რამდენად არის მოსალოდნელი პუტინისა და ზელენსკის პირდაპირი შეხვედრა?

უკრაინა-რუსეთის მორიგი შეხვედრა და შედეგები - რამდენად არის მოსალოდნელი პუტინისა და ზელენსკის პირდაპირი შეხვედრა?

2 ივნისს, სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები ერთმანეთს შეხვდნენ. მხარეები მძიმედ დაჭრილი და დაავადებული ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ. შეხვედრის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სურს, ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს ანკარაში ან სტამბოლში შეხვდნენ, სადაც ასევე აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოიწვევენ. თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი უკვე გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტის შემოთავაზებას და აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი თურქეთში ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზად არის.

„პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამისთვის მზად არის, თუ საქმე აქამდე მივა, მაგრამ მას სურს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ორივე მხარე და ორივე ლიდერი მივიდეს“, - განაცხადა კეროლაინ ლევიტმა.

ერდოღანმა 2 ივნისის შეხვედრა შეაფასა როგორც „შესანიშნავი: „დღეს რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები ერთმანეთს სტამბოლში შეხვდნენ. ეს შესანიშნავი შეხვედრა იყო. მხარეებს შორის ტყვეების გაცვლამ 1000-ს გადააჭარბა. ტყვეების გაცვლის გარდა, რუსული და უკრაინული მხარეები ცხედრების გაცვლის შესახებაც შეთანხმდნენ“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან კომენტარისას აღნიშნა, რომ პუტინი ზელენსკისთან მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდება იმ შემთხვევაში თუკი დიდი უპირატესობა იგრძნო მიმდინარე ომში. თავად ანჯაფარიძე არ ელოდება, რომ უახლოეს მომავალში მხარეები შეძლებენ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომას, მით უმეტეს, ამერიკის შუამავლობით.

პუტინი ზელენსკისთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას ექნება სერიოზული უპირატესობა მოლაპარაკების მაგიდასთან. შესაბამისად, ზელენსკიც დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან მაშინ, როდესაც მაქსიმალურად იქნება ჩაყენებული მომგებიან ვითარებაში. პუტინს ჯერ პასუხი აქვს გასაცემი ზელენსკისთვის იმ დივერსიული ოპერაციისთვის, რომელმაც რუსეთს მიაყენა არა მხოლოდ სერიოზული სამხედრო და პოლიტიკური, არამედ რეპუტაციული ზიანიც. ამიტომაც, უახლოეს პერიოდში არ ველოდები იმას, რომ რუსეთის და უკრაინის ლიდერები, თუნდაც ტრამპის შუამავლობით, ერთმანეთს შეხვდებიან.

აშშ, ფაქტობრივად, არის ამ კონფლიქტის არაოფიციალური მონაწილე, ისევე როგორც კოლექტიური დასავლეთის სხვა სახელმწიფოები, შესაბამისად, მისი გამოსვლა მედიატორის როლში რუსეთისთვის დამამცირებელი იქნებოდა - გამოდის, რომ უფროსმა ამერიკამ ორი უმცროსი დასვა მოლაპარაკების მაგიდასთან?! - ეს პუტინის იმიჯის დამცირება და დაკნინება იქნებოდა. მეორე საკითხია თურქეთის შუამავლობა, რომელიც არის მეტ-ნაკლებად ნეიტრალური მხარე ამ კონფლიქტში.

არ ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში ეს შეხვედრა შედგეს, თუმცა არის გარკვეული ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება რუსეთს მაინც უბიძგოს, რომ საკუთარ ეგოს გადააბიჯოს და შეხვედრას დათანხმდეს ამ პირობებით - ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, ამოქმედდება თუ არა რუსეთის წინააღმდეგ მომზადებული ახალი, გამანადგურებელი სანქციები, რომელიც გულისხმობს 500%-იანი ტარიფის დაწესებას იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც რუსეთისგან ელექტროენერგიას ყიდულობენ ან მასთან რაღაცნაირად ეკონომიკურად თანამშრომლობენ - თუ ეს მოხდა, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება რუსეთი. ეს შეიძლება იყოს ერთგვარი ბერკეტი იმისთვის, რომ ის წავიდეს ასეთ კომპრომისზე. როგორც ჩანს, აშშ და ევროპა მზად არიან, რომ მორიგ შეტევაზე გადავიდნენ რუსეთის წინააღმდეგ და მორიგი დარტყმა მიაყენონ, არა მხოლოდ ეკონომიკურ-ფინანსურ ფრონტზე, - განგვიცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

ამასთან, სტამბოლში გამართული მოლაპარაკებებისას რუსული მხარის მიერ უკრაინის დელეგაციისთვის გადაცემულ მემორანდუმშია ნათქვამია, რომ რუსეთი ყირიმის, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რუსეთის ტერიტორიებად აღიარებას ითხოვს. რუსული მედიის ცნობით, მემორანდუმი ცეცხლის შეწყვეტის ორ ვარიანტს განიხილავს:

„პირველი ვარიანტი გულისხმობს უკრაინის შეიარაღებული ძალების გაყვანას უკრაინის მიერ ოკუპირებული რუსეთის ტერიტორიებიდან, დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკიდან, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებიდან. მეორე ვარიანტი შეიცავს პუნქტებს, რომლებიც ჯარების ხელახლა განთავსებას, მობილიზაციას, კიევისთვის უცხოური დახმარების მიწოდებასა და მესამე ქვეყნების სამხედრო მონაწილეობას კრძალავს“.

რუსული მემორანდუმის თანახმად, უკრაინა ნეიტრალური და არაბირთვული უნდა იყოს.

ასევე, უკრაინამ სამხედრო ალიანსებში გაწევრიანებაზე უარი უნდა თქვას და მისი შეიარაღებული ძალების მაქსიმალური რაოდენობა უნდა განისაზღვროს.

დოკუმენტი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების მოხსნას ითვალისწინებს.

„ყირიმის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის შემადგენლობაში საერთაშორისო იურიდიული აღიარება. საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნებზე ორმხრივი უარი. რუსულენოვანი მოსახლეობისთვის უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფა, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა“, - ნათქვამია რუსული მხარის მემორანდუმში.

Aburjga Tasmanieli aარ არის მოსალოდნელი, გამორიცხულია! ის კი არა ომი უფრო და უფრო გამძვინვარდება! საქართველოს არავითარ შემთხვევაში ევროპა-ამერიკა ასე უბრალოდ თავს არ დაანებებს, აუცილებლად ჩაგვრთავენ რუსეთთან ომში!
1 დღის უკან