საქართველოში უცხოური დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციებსა და კერძო პირებს უკვე ახალ და მათთვის არცთუ სასიამოვნო რეალობაში მოუწევთ ცხოვრება. ძალაში შევიდა ამერიკული კანონის „FOREIGN AGENTS REGISTRATION ACT”(FARA) ქართული ანალოგი, რომლის მიხედვითაც უცხოური დაფინანსების მიმღებთ (არა აქვს მნიშვნელობა საიდან), მოუწევთ ამ დაფინანსების გამოყენების და მიზნობრიობის დეტალური ანგარიშის საჯაროდ წარდგენა საზოგადოებისთვის. თუმცა, რაც მათთვის ყველაზე უფრო მსუსხავია (როგორც თავად თვლიან!), ეს არის უცხოეთის აგენტად დარეგისტრირების ვალდებულება და გარდუვალი სასჯელი რეგისტრაციისგან თავის არიდებისათვის.
ყველას კარგად ახსოვს უცხოური გავლენის აგენტების გამჭვირვალობაზე კანონის ირგვლივ ატეხილი პერიპეტიები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, გარე ძალების წახალისებით ქუჩაში გადმოხეთქილი პროტესტი და რევოლუციის მცდელობა. ისინი ვინც ამ კანონის ქვეშ ექცეოდა, კატეგორიულად აცხადებდნენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ მიიკერებდნენ „აგენტის“ იარლიყს, თითქოსდა არ იცოდნენ, რომ ამ ტერმინს დასავლეთში სულაც არ აქვს უარყოფითი დატვირთვა. ასე რომ ყოფილიყო, თავად აშშ-ს საზოგადოებრიობა აუცილებლად გამოთქვამდა ამის გამო პროტესტს. აქამდე საზოგადოებამ ვერ მოისმინა დამაჯერებელი არგუმენტები თუ რატომ არის აშშ-ში FARA დემოკრატიული პროცესის ნაწილი, ხოლო საქართველოში კი დემოკრატიის ძირის გამოთხრა.
სიტუაციას რომ ემოციებისა და კონიუნქტურის გარეშე მივუდგეთ, ის დაახლოებით ასეთია: საქართველოში შემოვიდა უცხოელი დონორი თავისი ფულით, რომელსაც სურს ეს ფული ამ ქვეყანაში დახარჯოს იმ ცვლილებების მოსახდენად, რაც თავად მიაჩნია, რომ სწორია და სასარგებლო, მაგალითად, დემოკრატიის მშენებლობა, მოქალაქეებისთვის სამოქალაქო შეგნების ამაღლება, უმცირესობების უფლებების დაცვა, ეკოლოგიური უსაფრთხოების გაუმჯობესება და ა.შ. ის ამ ფულს აძლევს ადგილობრივ შემსრულებლებს (ენჯეოებს, მედიას), რომლებმაც უნდა დააყენონ ეს ცვლილებები. ყურადღება! კითხვა: ვინ არიან ამ შემთხვევაში უცხოური დაფინანსების მიმღებნი? პასუხი: „ცვლილებების აგენტები“ (Agents of Change) ან „გავლენის აგენტი“ (Agent of Influence), რადგანაც ცვლილება რომ მოახდინო, ჯერ პროცესებზე და ადამიანებზე უნდა მოახდინო ზეგავლენა, რომ შესაბამის კალაპოტში წარმართო. სწორედ ამას აკეთებენ აქ უცხოური დაფინანსების მიმღებნი, ასე რომ ეხამუშებათ აგენტებად მოხსენიება. არადა, თავადაც კარგად იციან, რომ არიან.
ამერიკელი და ქართველი უცხოური აგენტი ბევრი არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან. ერთიც და მეორეც ფულს იღებს უცხოელი დამკვეთისგან, რომ მის ინტერესებს მოემსახუროს საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე და ამ ინტერესების შესაბამისად რაღაც შეცვალოს. სააკაშვილის გათავისუფლების კამპანიას აშშ-ში ორი ფირმა ემსახურებოდა, რომლებსაც არ აუტეხიათ ვაი-ვიში როდესაც FARA-ს რეესტრში უცხოელ აგენტებად დარეგისტრირდნენ და არც ამერიკაში შეურაცხავს ვინმეს ისინი ქვეყნის მტრებად, რადგანაც სრულიად გამჭვირვალედ გაასაჯაროვეს ხარჯები, საიდანაც გავიგეთ თუ ვის მიერ იწერებოდა შეკვეთილი დიაგნოზები.
საერთაშორისო გნიასი საქართველოში ამერიკული FARA-ს ამოქმედების გამო კი, ძირითადად, იმით არის გამოწვეული, რომ დასავლეთში, როგორც ჩანს, მართლა არ სურთ მათგან დაფინანსებული აქაური აგენტურის ფინანსები და მათი ხარჯვის მიზნობრიობა ბოლომდე გამჭვირვალე იყოს, არ სურთ ამის შესახებ ფართო საზოგადოებამ გაიგოს, რათა დაფინანსების მიმღებ აგენტების და მათი დონორების მიმართ უხერხული და კრიტიკული კითხვები არ გაჩნდეს. მოგეხსენებათ, კითხვები პასუხებს მოითხოვს, მათ კი როგორც ჩანს ამის გაკეთება არ სურთ.
ამიტომაც სურთ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა, რომ აქ მოქმედი უცხოური გავლენის აგენტები ჩვეულ „კომფორტის ზონას“ დაუბრუნდნენ. თუმცა, დაუბრუნდებიან კი, თუ ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები დაბრუნდნენ, რომელთა სიტუაციურ მოკავშირეებად გამოდიან დღეს ისინი, ვისაც FARA შეეხო. წინა ხელისუფლებას არ ჰქონდა FARA-ს ქართული ანალოგი, თუმცა მათ ეს არც სჭირდებდათ, იმდენად „მიჯირყვნილი“ ჰყავდათ სამოქალაქო სექტორი, რასაც დასავლეთი მაშინ „ვარდისფერი სათვალეებით“ უყურებდა. მეტიც, დასავლელი დონორებისთვის სამოქალაქო სექტორზე გამოყოფილი თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი სააკაშვილის ხელისუფლების მხარდაჭერას მოხმარდა.
დღეს განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს, საქართველოს მთავრობის მხარდასაჭერად გამოყოფილი დასავლელი დონორების თანხები იმ სამოქალაქო სექტორის და მედიის მხარდასაჭერად გადამისამართდა, რომლებიც დღენიადაგ ხელისუფლების პოზიციების შერყევაზე მუშაობენ. ბედის ირონია იმაშია, რომ სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში უცხოეთიდან დაფინანსებულ სამოქალაქო სექტორს და კრიტიკულ მედიას მათთვის აქამდე არნახული მოქმედების თავისუფლება მიენიჭათ და ვიდრე წითელი ხაზები არ გადაკვეთეს, ხელისუფლება მათი გარედან დაფინანსების პროცესში საერთოდ არ ერეოდა და თვითდინებაზე ჰყავდა მიშვებული.
FARA-ს ქართულ ანალოგი უცხოური ფინანსების ხარჯვის ავანჩავანს ბოლომდე ახდის ფარდას, ისე როგორც აშშ-ში. ხოლო როდესაც ჩვენი საზოგადოება სრულად გაიგებს ამის შესახებ, უკვე მისი გადასაწყვეტი იქნება თუ რა დამოკიდებულება ჰქონდეს უცხოელი აგენტების მიმართ.