ბოლო დროს ამერიკიდან საქართველოს მიმართ გაკეთებული განცხადებების და წამოსული ინტერესის ფონზე, მოსალოდნელია თუ არა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის რეალური გადატვირთვა და რესპუბლიკელი სენატორის ვიზიტი მიუთითებს თუ არა კავკასიის მიმართ ტრამპის შესაძლო საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგის კონტურებზე?
30 მაისს თბილისში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული რესპუბლიკელი სენატორის, სტივ დეინსის შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, მმართველი გუნდის წარმომადგენლები „სტრატეგიული ურთიერთობის გადატვირთვის დასაწყისად“ აფასებენ. პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს ვიზიტი განსახვავებული იყო წინა კონტაქტებისგან და ამერიკასთან ურთიერთობის „ჯანსაღად გადატვირთვის“ ახალ ეტაპზე მიუთითებს. მსგავსი გზავნილი გააჟღერა ასევე პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმაც, რომელმაც სენატორის ვიზიტს პოზიტიური ნაბიჯი უწოდა.
ამ გზავნილების ფონზე, განსაკუთრებით აქტუალურია კითხვა: ხომ არ მიანიშნებს ვაშინგტონის ახალი ტონი რეგიონში მოქმედი რესპუბლიკელი პოლიტიკოსების მეშვეობით დონალდ ტრამპის შესაძლო საგარეო პოლიტიკური კონტურების ფორმირებაზე, რომელშიც კავკასიის მიმართ დამოკიდებულება შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს დემოკრატების ხაზისგან?
ირაკლი კობახიძემ 30 მაისს გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა: „სენატორ სტივ დეინსთან შედგა ძალიან კონსტრუქციული, მეგობრული და პარტნიორული შეხვედრა. საუბარი იყო ჯანსაღი გადატვირთვის შესახებ საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობაში. ეს არის გადატვირთვა, რომელიც ემყარება ურთიერთპატივისცემას, კონსტრუქციულ დიალოგსა და სტრატეგიულ მიზნებს“.
კობახიძემ კიდევ უფრო პირდაპირ დააფიქსირა პოზიცია იმის შესახებ, რომ ეს ვიზიტი წარსულში ჩამოსული ამერიკელი მაღალჩინოსნებისგან რადიკალურად განსხვავებული იყო.
„შეხვედრა, რომელიც შედგა, ნამდვილად იყო განსხვავებული წინა კონტაქტებისგან და მიანიშნებს იმაზე, რომ აშშ-ის მხარეს აშკარად შეინიშნება მზაობა ჩვენი ურთიერთობის ჯანსაღად გადატვირთვაზე“, - თქვა მან.
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კი აღნიშნა: „სენატორ დეინსთან დიალოგი მეტყველებს იმაზე, რომ აშშ-ის ადმინისტრაციაში იზრდება ინტერესი იმგვარი თანამშრომლობის მიმართ, რომელიც პატივს სცემს საქართველოს სუვერენულ პოზიციებსა და მის დამოუკიდებელ საგარეო კურსს“.
მისივე თქმით, ეს არის პოზიტიური სიგნალი აშშ-დან, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა და დემოკრატიული განვითარების გზა უნდა დარჩეს ეროვნული თანხმობის საკითხად და არა გარე ზეწოლის ქვეშ ჩამოყალიბებულად.
სენატორ სტივ დეინსი რესპუბლიკელია, კონსერვატორი და ტრამპთან დაახლოებული პოლიტიკოსი, რაც მეტად ზრდის ანალიზის სივრცეს. მისი გამოჩენა თბილისში შესაძლოა, მივიჩნიოთ როგორც სიგნალი, რომ აშშ-ის რესპუბლიკური ფრთა საქართველოში არ აპირებს დემოკრატების მსგავსად მკაცრ და ღირებულებით პირობებზე დაფუძნებულ მიდგომას.
ტრამპის შესაძლო საგარეო პოლიტიკა კავკასიის მიმართ შეიძლება უფრო ნაკლებად იყოს პრიორიტეტზე ორიენტირებული იმ თვალსაზრისით, რასაც წარმოადგენდა დემოკრატიული ღირებულებების დაცვის მოთხოვნა. ამის ნაცვლად, რესპუბლიკური ადმინისტრაცია შესაძლოა, ფოკუსირდეს გეოსტრატეგიულ, ანტირუსულ და ანტიჩინურ ალტერნატივებზე, რომელშიც საქართველოს ადგილს უფრო მეტ მნიშვნელობას მიანიჭებს ეკონომიკური ან ენერგოუსაფრთხოების ჭრილში, ვიდრე დემოკრატიული უკუსვლის კუთხით.
ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, აშშ-სთან ურთიერთობის რეალური გადატვირთვა ჯერ მხოლოდ დიპლომატიური მანევრების დონეზეა. პოლიტიკის ცვლილების ტესტი, მათ შეფასებით, იქნება კონკრეტული ეკონომიკური ნაბიჯები, მაგალითად, პირდაპირი ინვესტიციების გაზრდა, სავაჭრო შეღავათების აღდგენა ან ენერგეტიკულ პროექტებში ჩართულობა.
სწორედ ასეთ ნაბიჯებს ელოდებიან ის ანალიტიკოსები, რომლებიც ფიქრობენ, რომ აშშ-ის სტრატეგიული მიზნების ფარგლებში, საქართველო კვლავაც რჩება დასავლური ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილად. ასეთ შემთხვევაში, ვაშინგტონისთვის უფრო მნიშვნელოვანი ხდება საქართველოში სტაბილური პარტნიორის შენარჩუნება, ვიდრე კონკრეტული მთავრობის ცვლილებაზე ზეწოლა.
ანალიტიკოსი თამარ კიკნაძე ფიქრობს, რომ სენატორ სტივ დეინსის ვიზიტი ამ ეტაპზე მმართველი გუნდისთვის გარკვეულ კომუნიკაციურ წარმატებას წარმოადგენს. მისი თქმით, ეს არის მცდელობა, შიდა პოლიტიკური ოპონენტებისა და დასავლეთის კრიტიკის ფონზე გადადგას ნაბიჯი საერთაშორისო ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ.
თუმცა, როგორც კიკნაძემ for.ge-სთან საუბარში აღნიშნა, ურთიერთობების სრულფასოვანი გადატვირთვა ჯერ კიდევ დროისა და ქმედით ნაბიჯებზეა დამოკიდებული - როგორც ამერიკის, ისე საქართველოს მხრიდან.
„თუ მართლაც არსებობს რესპუბლიკური ფრთის და ტრამპის ადმინისტრაციის გეგმა, გააძლიერონ გავლენა რეგიონში, ეს უახლოეს თვეებში კონკრეტული მხარდაჭერის მექანიზმებით უნდა გამოჩნდეს. მიუხედავად ამისა, მე მაინც ვფიქრობ, რომ საქართველოსა და მთლიანად სამხრეთ კავკასიის მიმართ ტრამპის პოლიტიკის კონტურები საბოლოოდ მას და პუტინს შორის დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ უფრო მკაფიო გახდება“, - აცხადებს კიკნაძე.
მისი შეფასებით, უკრაინის ომის საკითხი ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია – სწორედ ამ კონტექსტზეა მიბმული როგორც საქართველოს, ისე მთლიანად რეგიონის უსაფრთხოება.
„თუკი რუსეთსა და ამერიკას შორის გარკვეული შეთანხმებები შედგა, ამ შემთხვევაშიც ჩვენზე ზეწოლა დასავლეთიდან ნაწილობრივ მაინც შემცირდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზეწოლის ქვეშ ახლა თავად ტრამპიც იმყოფება – არც მის პარტიაში არსებობს ერთიანობა რიგ საკითხებზე, მათ შორის – სამხრეთ კავკასიასთან მიმართებით. სწორედ ამას მიუთითებს „მეგობარი აქტიც“, - დასძენს ანალიტიკოსი.
კიკნაძის აზრით, სენატორ დეინსის ვიზიტი და მისი შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ „ვაშინგტონში მიიღებენ ბევრად რეალისტურ ინფორმაციას, ვიდრე ამას ადგილობრივი საელჩოს არხებით იღებდნენ“.
„აშკარაა, რომ ტრამპის გარემოცვაშიც აზრები გაყოფილია – ეს პოზიციური სხვადასხვაობა, მაგალითად, 26 მაისის მილოცვაშიც გამოჩნდა“, – აღნიშნავს კიკნაძე.
მისივე თქმით, ტრამპის მიერ დეკლარირებული მიდგომები ბევრი ადამიანისთვის მისაღებია და გარკვეულწილად ემთხვევა საქართველოს ხელისუფლების ღირებულებებს.
„ტრამპის პოლიტიკა ძალიან პრაგმატულია. ის სწორად აფასებს მდგომარეობას – არ უწესებს რუსეთს სანქციებს და ცდილობს, მსოფლიო ამ დაძაბულობის მარწუხებიდან გამოიყვანოს. რუსეთს 24 ათასზე მეტი სანქცია დაუწესდა, მაგრამ არც ერთი მათგანი რეალურად არ მუშაობს – ისევე როგორც საქართველოზე დაწესებული სანქციები. ამ პოლიტიკამ შედეგი ვერ გამოიღო – ურთიერთობები ფუჭდება და არსებითი ცვლილებები არ დგება. ამიტომ მაქვს იმედი, რომ ეს ტენდენცია შეიცვლება და საქართველოსთან დაკავშირებითაც ბევრ რამეს მოეფინება ნათელი“, – ამბობს ანალიტიკოსი.
მისი აზრით, „ყინული უკვე დაიძრა“ – გარკვეული ნაბიჯები გადადგმულია და ახლა საჭიროა მოვლენების შემდგომი განვითარების მშვიდი და რაციონალური მოლოდინი.