ოპოზიციურ სპექტრში აზრი ორად გაიყო, ოპოზიციურმა პარტიებმა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ თუ არა - ამის ფონზე, გარკვეულწილად, ერთმანეთის დამუნათებაც დაიწყეს: თუკი რომელიმე ოპოზიციური ძალა არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ავტომატურად მოიაზრება, როგორც „ქართული ოცნების“ მოკავშირე და მისი პოლიტიკური თამაშის თანამოაზრე. ამ ეტაპზე რთულია ზუსტად ითქვას, თუ რომელი პარტია მიიღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა“ ერთგვარ კამპანიას „დარჩი სახლში“ აწარმოებს და მოსახლეობას მოუწოდებს არჩევნებზე არ მივიდნენ.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა მაია კოპალეიშვილმა განაცხადა: „ლელოსა“ და გახარიას პარტიის პოზიცია რომ გაურკვეველია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ეს სწორედ ოპოზიციის მხრიდან არასიმტკიცისა და არათანმიმდევრულობის შედეგია კონკრეტულად ამ ორი პარტიის მხრიდან. ამით საზრდოობს „ქართული ოცნება“. ამას უყურებს საზოგადოებაც და ნდობა ეკარგებათ კოლექტიურად ოპოზიციის მიმართ მაშინ, როცა ჩვენი კოალიცია თანმიმდევრულად და მტკიცედ მიჰყვება თავის ნათქვამს, „ქართულ ოცნებას“ არც ერთ თამაშში არ შეჰყვეს. ეს ორი პოლიტიკური პარტია და ჯგუფი, ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ თამაშში შეყოლას ახდენს. ამით როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ ოპოზიცია თანმიმდევრულია? ამიტომ მესმის იმ ხალხის, რომელიც ოპოზიციას ეჭვის თვალით უყურებს“.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე For.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ თუკი ოპოზიცია არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს, ეს ერთგვარი დასტური იქნება იმისა, რომ მას რევოლუციის გზით სურს ხელისუფლების შეცვლა. მისივე შეფასებით, თუკი ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ეს იქნება მათი მხრიდან „ქართული ოცნების“ ლეგიტიმურობის აღიარება.
„პოლიტიკური პარტია უნდა იბრძოდეს ერთადერთი რამისთვის - არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლისთვის, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ შემთხვევაში, გარე პატრონებმა ტვინი უკუღმა მოუწყვეს - „ნაცმოძრაობას“ უნდა არჩევნებში მონაწილეობა და პარლამენტში შესვლა, მაგრამ „დიფ სთეითმა“ უბრძანა არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ და არც იღებენ. ამასთან, იციან, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, რევოლუციას კი საქართველოში ვერ მოახდენენ.
„ნაცმოძრაობა“ და მისი დანაყოფები არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, მაგრამ ჩემი აზრით, „ლელო“ და გახარიას პარტია არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ - ნახეს, თუ როგორ მძიმე სიტუაციაში ჩავარდნენ. ამიტომ, თუ ისინი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, ამის შედეგად პოლიტიკური ველიდან გაქრებიან. რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“ და მის სატელიტებს, თუ ისინი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, ეს ძალიან კარგი იქნება, რადგან პოლიტიკური ველი მთლიანად მოსუფთავდება და მათ ადგილს დაიკავებენ ჯანსაღი ძალები, რომლებიც აუცილებლად აღმოცენდებიან. თუ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, ამით ხელისუფლების ლეგიტიმურობას აღიარებენ, თუ არ მიიღებენ, ეს იქნება დასტური იმისა, რომ ისინი რევოლუციის მომხრეები არიან“, - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ თუკი ოპოზიციას სურს ბოიკოტი გამოუცხადოს არჩევნებს, მაშინ არა მხოლოდ ნაწილმა, არამედ მთლიანმა ოპოზიციურმა სპექტრმა უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, სხვა შემთხვევაში ეს ბოიკოტი აზრს დაკარგავს.
„თუ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის ერთმა ნაწილმა მიიღო მონაწილეობა და მეორე ნაწილმა ბოიკოტი გამოაცხადა, მაშინ შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ „ქართული ოცნება“ ყველგან მოიგებს ადგილობრივ არჩევნებს და თავის ძალიან შეწუხება და გაყალბებიც კი არ დასჭირდება. შესაბამისად, ოპოზიციის მხრიდან გადაწყვეტილება უნდა იყოს ურთიერთშეთანხმებული - ან ყველა იღებს მონაწილეობას არჩევნებში ან არავინ. ნაწილმა მიიღოს და ნაწილმა არა, შედეგი იგივე იქნება თუკი არავინ მიიღებს მონაწილეობას. თუ არავინ მიიღებს მონაწილეობას, არჩევნები მაინც ჩატარდება და ყველა საკრებულოში და მერის არჩევნებში გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ - ეს ხელს შეუშლის შემდგომ უკვე „ქართულ ოცნებაზე“ გამარჯვებას საპარლამენტო არჩევნებში.
ეჭვი მეპარება „ქართული ოცნება“ დათანხმდეს ადგილობრივ არჩევნებთან ერთად საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას - თანახმა რომ იყოს, ოპოზიციას არანაირი საფუძველი არ ექნებოდა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადოს - ასეთ შემთხვევაში მან უნდა მიიღოს მონაწილეობა“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ For.ge-სთან ინტერვიუში.