ცივი ომი - ვინ დარჩება წაგებული - დასავლეთი თუ რუსეთი?

ცივი ომი - ვინ დარჩება წაგებული - დასავლეთი თუ რუსეთი?

ევროპელები აცნობიერებენ, რომ დიდი ხანია, რუსეთს სახე არ აქვს – არსებობს მხოლოდ პუტინის სახე. ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე დასავლეთის მკვეთრი რეაქციის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საფრთხის შემთხვევაში, ლიტვის მოკავშირეები მზად არიან რეაგირებისათვის არა მხოლოდ დამატებითი გამანადგურებლის მეშვეობით, არამედ ბალტიის ზღვაში მდგარი გემების მეშვეობითაც.

„ჩვენ ვხედავთ ქვეყანას, რომელიც იქცევა ისე, როგორც ნაცისტური გერმანია ან სტალინი 1938-1940 წლებში. ავადმყოფური პოსტიმპერიული ამბიციების დემონსტრირება ხდება ახლა მთელი ევროპისა და მსოფლიოს წინაშე და, რა თქმა უნდა, ამაზე მსოფლიომ რეაგირება უნდა მოახდინოს. მეორედ ისტორიული შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს, ამიტომ რუსეთს წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ“, - რადიკალურია ლიტვის პრეზიდენტი.

მთლად ასე კატეგორიული არა, მაგრამ ტონალობაში სიმკაცრე ერევა ბარაკ ობამასაც - თუ რუსეთი არ შეიცვლის კურსს, საერთაშორისო თანამეგობრობა იძულებული იქნება, ძვირად დაუსვას უკრაინაში შეჭრა.

„რუსეთი თავის ქმედებებზე პასუხს აუცილებლად აგებს“, - აცხადებს თეთრი სახლის პრესმდივანი ჯეი ქერნი და აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებულ მექანიზმებზე საუბრობს. „ჩვენ ამისთვის საკმაოდ მოსახერხებელი მექანიზმი შევიმუშავეთ, რომელსაც პრეზიდენტმა მოაწერა ხელი“, - განაცხადა ჯეი ქერნიმ. ზოგადად კი, „მოქმედების ყველა ვარიანტი თეთრი სახლის მაგიდაზეა“ იმ შემთხვევისათვის, თუ აშშ იძულებული იქნება, უკრაინაში ჯარების შეყვანის გამო რუსეთს პასუხი აგებინოს. ვარიანტებს შორისაა ეკონომიკური სანქციები და, პოტენციურად, სამხედრო ქმედებები.

თავის მხრივ, რუსეთიც არ ეპუება დასავლეთს. პუტინის ქვეყანა დოლარის ბრუნვიდან ამოღებით იმუქრება, ასევე, რეგიონალური ვალუტის შექმნას აანონსებს და არც დასავლეთის ბანკებიდან გამოტანილი სესხების დაბრუნებას აპირებს.

ამ მუქარის ფონზე საინტერესოა, ვის უფრო მეტ ზიანს მოუტანს ეკონომიკური და სხვა სახის სანქციების დაწესება - აშშ-ს თუ რუსეთს? ვის უფრო მძლავრი ბერკეტი აქვს ამ სანქციების შემთხვევაში და სად არის ასეთ სიტუაციაში საქართველოს ადგილი?! მსოფლიო გადანაწილებისას რამდენად უღირს ამერიკას და დასავლეთს, დათმოს საქართველო და უკრაინა და რას მოიგებს ამით დასავლური სამყარო?!

ექსპერტი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ შეერთებულ შტატებს გაცილებით მეტი ბერკეტი აქვს, ვიდრე რუსეთს. დღევანდელი სამყაროს განწყობაც ამაზე მეტყველებს. ფაქტობრივად, რუსეთი მარტოა დარჩენილი ამ გლობალური დაპირისპირების პერიოდში, მაგრამ, მეორე მხრივ, მთავარი პრობლემაა ის, რომ რუსეთი არ არის პროგნოზირებადი ქვეყანა. გარდა ამისა, რუსეთს აქვს უფრო მეტი გრძელვადიანი იმუნიტეტი, ანუ იდეის გამო რუსეთის ხელისუფლებას შეუძლია, აშიმშილოს მთელი რუსეთი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. აქვს თუ არა იმუნიტეტი დასავლეთს, ამ კითხვას ექსპერტი ღიად ტოვებს.

„მოგეხსენებათ, დასავლური სამყარო კეთილდღეობასა და თავისუფლებაზე დგას. ერთი დღით ნიუ-იორკში შუქი რომ ჩაქრა, მთელი ფსიქოლოგიური სამსახურები მუშაობდნენ, რომ ადამიანები მოესულიერებინათ. ამ მხრივ რუსეთს პრობლემა არ აქვს. თუ აბსოლუტურ მაჩვენებელს ავიღებთ, რუსეთი მეტად დაზარალდება და ნაკლებად დაზარალდება დასავლეთი, მაგრამ დასავლეთისთვის ის ცოტა ზარალიც შეიძლება უფრო მტკივნეული აღმოჩნდეს, ვიდრე რუსეთისთვის ათჯერ და ასჯერ მეტი ზარალი, თუნდაც საზოგადოებრივი განწყობის მხრივ. მეორე მხრივ, უკან დასახევი გზა დასავლეთსაც არ აქვს. რომელი უფრო დიდხანს გაუძლებს სანქციების შედეგებს - დასავლეთი თუ რუსეთი, ამაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება“, - აცხადებს გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში.

მისი თქმით, ორივე მხრიდან დღეს ძალების მოსინჯვა, კუნთების თამაში შეიმჩნევა. თუმცა პოლიტიკურ განცხადებებს არ გასცილებია ეს ყველაფერი. რუსეთი პირდაპირ ამბობს, რასაც გააკეთებს სანქციების შემთხვევაში. დასავლეთის სანქციების პაკეტი კი ჯერჯერობით ბუნდოვანია. ის, რაც დღემდე გაცხადებულია, სავიზო ანგარიშების გაყინვა და სხვა, დღევანდელ მძიმე ვითარებაში არასაკმარისია, ბევრად უფრო სერიოზული სანქციებია შესამუშავებელი რუსეთის შესაკავებლად.

დალია გრიბაუსკაიტეს რადიკალურ განცხადებებს გია ხუხაშვილი მეტ-ნაკლებად იზიარებს, მაგრამ ფიქრობს, რომ ეს უკვე ცივი ომის რიტორიკაა და გრიბაუსკაიტეს უკვე დაწყებული აქვს ცივი ომი. ამიტომ ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციები ერთ პაკეტად უნდა იყოს განხილული, გარდა ომისა.

„დღეს სამყარო ისეთ ფაზაშია შესული, რომ საქართველოსა და უკრაინის დათმობა დასავლეთს ცუდად შეუტრიალდება. არც მინდა ასეთი სცენარი განვიხილო. რაც შეეხება გერმანიის ფაქტორს, გერმანია ამ საკითხს განიხილავს ენერგოუსაფრთხოების ეკონომიკურ ჭრილში. მას ძალიან ბევრი პრობლემა აქვს და მთელ ევროკავშირზე აქვს პასუხისმგებლობა აღებული, თავის პერიფერიებით. ასე რომ, გერმანიის მოქმედების დიაპაზონი საკმაოდ შეზღუდულია რუსეთთან მიმართებით. თუმცა ერთხელ და სამუდამოდ ეს ნავსი უნდა გატყდეს. გამიჭირდება თქმა, გერმანია რა საბოლოო ნაბიჯებს გადადგამს, მაგრამ ბოლო დღეების მერკელის რიტორიკას თუ დავაკვირდებით, ისიც საომრად და პრინციპულად არის განწყობილი, რაც უდაოდ მისასალმებელია“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ შედარებაც არ არის და დასავლეთს ათჯერ და ასჯერ მეტი ეფექტური ბერკეტები გააჩნია რუსეთის წინააღმდეგ, თუკი ისინი აამოქმედა. რასაკვირველია, ამით დაზარალდება დასავლეთიც, მაგრამ არის კი დასავლეთი მზად, გაიღოს ეს აუცილებელი ხარკი, რის გარეშეც პუტინის შეჩერება ახლა შეუძლებელია?!

„დამოკლეს მახვილივით ეკიდა ეს კითხვა დასავლეთის პოლიტიკაზე. მაგალითად, გასული საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც ქალაქ დანციგის გამო იწყებოდა მეორე მსოფლიო ომი, საფრანგეთში ძალზე პოპულარული იყო კითხვა, რატომ უნდა მოვკვდეთ დანციგისთვის? ფრანგები ამას კითხულობდნენ. დღეს დასავლური საზოგადოება მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინას სამშვიდობო დემონსტრაციებით, მიტინგებით, დროშის ფრიალით, მაგრამ, როცა საკითხი დგება, ეს ბუმერანგად ხომ არ შემოუბრუნდებათ რუსეთის მხრიდან, უკრაინის დახმარების სურვილი უნელდებათ. პუტინს ნაკლები საფრთხე ელის მოსახლეობის უკმაყოფილების მხრივ. მერკელს კი ისედაც არამყარი პოზიცია აქვს. საკმარისია გერმანიის მოსახლეობის ცხოვრების დონე შემცირდეს ამ სანქციების გამო, რომ მერკელის პარტია საერთოდ დაკარგავს ხელისუფლებას. მე-19 საუკუნეში ასეთი კრიზისების გამო ომები იწყებოდა. მადლობა ღმერთს, დღეს ბირთვული იარაღია და ის აჩერებს რუსეთსაც და დასავლეთსაც, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს. პოლიტიკური იზოლაცია რუსეთისთვის ყველაზე საშინელი იქნება და მაშინ თვითონ პუტინს აუმხედრდება რუსეთი. დღეს რუსეთის ფულიანი ელიტა ფულს დასავლეთში ინახავს, არცერთი რუსი მილიარდერი რუსეთში არ ცხოვრობს, გარდა პუგაჩოვისა“, - აცხადებს სოსო ცინცაძე ჩვენთან საუბარში.

მისი თქმით, 1979 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირი შეიჭრა ავღანეთში, მაშინ დასავლეთის მხრიდან ერთობლივი სანქციები დაწესდა - პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული, მეცნიერული და სხვა. კონფერენციებზე ჩასულ რუს მეცნიერებს ევროპელი მეცნიერები ხელს არ ართმევდნენ და ისინი მოსკოვში ნირწამხდარნი ბრუნდებოდნენ. თუმცა მაშინ რეიგანი იყო, ახლა კი მერკელის იმედზე ეს სანქციები პესიმისტურია.

პოლიტოლოგის აზრით, თუ დასავლეთის სანქციები მართლაც ეფექტური იქნება, ჩვენ მივხვდებით იმით, რომ პუტინი ვეტოს დაადებს ყირიმის რეფერენდუმის შედეგებს, ხოლო, თუ პუტინმა გადაყლაპა ყირიმი, ე.ი. იგი მიხვდა, რომ ეს სანქციები რუსული დათვისთვის კოღოს კბენაა და მეტი არაფერი.

„ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, ეს იშვიათი შემთხვევა იქნება, რომ ჩემი შეცდომა გამიხარდეს, მაგრამ საქართველოსთვის მაპს თავიდანვე, ამ კრიზისის დაწყებამდეც დიდი ეჭვით ვუყურებდი. დღეს ევროპა, პირველ რიგში, გერმანია არ არის მზად, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს რუსეთთან თანამშრომლობა. მით უფრო, რუსეთს ენერგომატარებლების ალტერნატიული გასაღების ბაზარი უკვე აქვს - ამხელა ჩინეთის სახით. მსოფლიო გადანაწილებისას კი ამერიკას არ უღირს დათმოს საქართველო და უკრაინა, მაგრამ რა ხარკის გაღებაზეა ამერიკა მზად?! ეს არის მნიშვნელოვანი. ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ ახალ რეალობასთან ადეკვატურობაზე, ჯანსაღ სახელმწიფო ეგოიზმზე, თუ რა სჭირდება საქართველოს და არა იმაზე, თუ რითი შეგვიძლია დემონსტრაციებით, განცხადებებით დავეხმაროთ თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა ხალხს. ზოგან ჯარისკაცები ვგზავნოთ (ავღანეთსა და ცენტრალურ აფრიკაში), ზოგან კი პარლამენტის განცხადებები ვაფრიალოთ“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.

For.ge-სთან საუბარში ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე აცხადებს, რომ ეკონომიკური ზეწოლის განხორციელების შემდეგ წაგებული დარჩება რუსეთი, რადგან რუსეთის ეკონომიკა ოლიგარქიულ ბიზნესზეა დაფუძნებული. პრაქტიკულად, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეძლებს რუსეთი, გაყიდოს გაზი და საკუთარი ნავთობ-პროდუქტები. 3 მარტის პირველი საბრძოლო მოქმედებები როცა დაიწყო, იმ დღეს მხოლოდ ერთ საბირჟო სესიაზე რუსულმა ბიზნესმა დაახლოებით 72 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივები დაკარგა, გაუფასურდა საბირჟო ინდექსები, ყველა მსხვილი რუსული კომპანიის ფასიანი ქაღალდები, მათ შორის, სბერბანკის აქციები 15 %-ით გაუფასურდა, რუსული რუბლის კურსი რეკორდულ მაჩვენებლამდე დაეცა.

„შესაბამისად, რუსეთს არ აქვს საბაზრო ბერკეტები, რომ თანამედროვე მსოფლიოს კრიზისულ ზეწოლას გაუძლოს და შეინარჩუნოს სტაბილურობა ეკონომიკაში. რაც შეეხება რუსეთის მუქარას რეგიონალური ვალუტის შექმნის შესახებ, ვალუტის შექმნა პრობლემა არ არის. მთავარია, ვალუტა აქციო გადახდის საშუალებად სახელმწიფოს შორის. მაშინ, როცა ასეთ მყიფე საფუძველზე ჩამოყალიბებულ ეკონომიკურ ვალუტას საფუძვლად არაფერი უდევს, არ უდევს რეალური ეკონომიკა, რეალური კაპიტალი, ვეჭვობ, რომელიმე ჭკუათმყოფელი სახელმწიფო, თუნდაც რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი სახელმწიფო, დათანხმდეს ამ ინიციატივას და წაყვეს რუსეთს ასეთ სარისკო ბრძოლაში. ნუ გვავიწყდება, რუსეთი ჯერ კიდევ იმიტომაა სახელმწიფო, რომ სწორედ დოლარსა და ევროზე ახდენს საკუთარი გაზის თუ ნავთობპროდუქტების გაყიდვას. რით აპირებს რუსეთი, შეიძინოს პროდუქცია და მომსახურეობა საკუთარ სახელმწიფოში იმპორტის განსახორციელებლად? იმ რაღაც ვირტუალური რეგიონალური ვალუტით? ელემენტარულად, ამით რუსეთის ეკონომიკა გაჩერდება“, - ასეთია ლევან კალანდაძის მოსაზრება.