საქართველოს ხელისუფლეფისადმი მტრულად განწყობილი ევროპელი ლიდერები ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ ისევ ალაპარაკდნენ და ერთგვარი მოწოდებაც გააკეთეს, რომ ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი. ამის ერთგვარი საბაბი „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება გახდა. საქართველოში აღნიშნულს დაშინების პოლიტიკას უწოდებენ, რაც, ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული.
ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკო მიხელსონმა X-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ „ქართული დიქტატურის“ მიზანი ოპოზიციის განადგურებაა, როგორც ეს რუსეთსა და ბელარუსში იყო.
„როგორც ჩანს, ქართული დიქტატურის მიზანია, მთლიანი პოლიტიკური ოპოზიციის განადგურება - როგორც ეს მოხდა რუსეთსა და ბელარუსში. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს. ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს. ქართული რეჟიმის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციები გარდაუვალია თუ დემოკრატიები აპირებენ წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის იმპერიის გაფართოების ამბიციებს“, - წერს მიხელსონი.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე თვლის, რომ კონკრეტული, ევროპელი ლიდერებისგან „ყველაფერია მოსალოდნელი“, რადგან მათი მიზანია საქართველოს ეკონომიკური დარტყმა მიაყენონ.
„იმ პოლიტიკური ძალებისგან, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყნის სათავეში არიან მოსული, ყველაფერია მოსალოდნელი - ეს არის დაშინების პოლიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ. თუ ამ ნაბიჯზე წავლენ, ეს იქნება მათთვის სასიკვდილო დარტყმა. ისინი ცდილობენ საქართველოს ეკონიმიკას დარტყმა მიაყენონ. ეს იქნება, ფაქტობრივად, პასუხი, რომ მათ აქ ვერ მოახდინეს გადატრიალება, რომელიც საქართველოში ჰქონდათ დაგეგმილი“, - განგვიცხადა ედიშერ გვენეტაძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები არა მხოლოდ პოლიტიკურად, ეკონომიკურადაც დიდ ზიანს აყენებს საქართველოს.
„ჩვენ, ფაქტობრივად, ვიმყოფებით ურთიერთობების კრიტიკულ ფაზაში, შესაბამისად, კეთდება განცხადებები და მოწოდებები. ახალი ფაზა ისაა, რომ დასავლეთი ნელ-ნელა იწყებს უფრო ქმედითი ღონისძიებების გატარებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ - მგონია, რომ ეს არის ახალი ფაზა, როდესაც ჩვენმა პარტნიორებმა დაიწყეს სერიოზულად ფიქრი და ზეწოლა სხვა მიმართულებით, არა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით, არამედ ეკონომიკური მიმართულებითაც, რაც სავალალო შედეგამდე მიგვიყვანს.
ჩვენი მოსახლეობის სულ მცირე ნახევარზე მეტი ცხოვრობს იმით, რასაც დასავლეთში ჩვენი ემიგრანტები აგზავნიან საქართველოში. თუ დასავლეთმა დაიწყო არალეგალების დეპორტაცია ან ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეჩერდა, ეს იქნება ქვეყნისთვის კატასტროფა, პირველ რიგში, კი, მოსახლეობისთვის“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
საგარეო საქმეებისა და უსაფრთხოების პოლიტიკაზე ევროკავშირის პრესსპიკერი, ანუარ ელ ანუნი X-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ „პოლიტიკური ფიგურებისა და აქტივისტების დევნა დემოკრატიულ ღირებულებებს არღვევს, ყველა, ვინც ფუნდამენტური უფლებების გამოყენებისთვის იქნა დაკავებული, უნდა გათავისუფლდეს“.
„საქართველო: ზურაბ ჯაფარიძის [დაპატიმრებიდან] ერთი კვირის შემდეგ გუშინ კიდევ ერთი ოპოზიციონერი ლიდერი, ნიკა მელია იქნა დაპატიმრებული. ყველა, ვინც ფუნდამენტური უფლებების გამოყენებისთვის იქნა დაკავებული, უნდა გათავისუფლდეს“, - წერს ელ ანუნი.
როცა ემიგრაციაში წასვლა ფერტილური ასაკის ახაგაზრდებმაც დაიწყეს, ამან მრავალმხრივ პრობლემებს დაუდო საწყისი. ერმა დაიწყო კვალიფიციური დეგრადაცია, რადგან ისინი ემიგრაციაში ძირითადად ისეთ სამუშაოს ასრულებენ რაც კვალიფიკაციას არ საჭიროებს. ეს ხალხი უკანაც რომ დაბრუნდეს მაინც უმუშევრობისთვის არიან განწირული. თუ იქ დარჩებიან, კიდევ უარესი: აქ გენოფონდს აკლდებიან; ვერც იქ ქმნიან ღირებულ ოჯახებს. ოჯახი კი არა, იმასაც ამბობენ, ბევრი მათგანი უკან დასაბრუნებელ ფულსაც ვერ შოულობს და ხიდების ქვეშ ათევენ ღამეებსო.
რომ არა მასიური ემიგრაცია, სიდუხჭირის კრიზისი უკვე გადატანილი იქნებოდა და ქვეყანას არ ექნებოდა არც კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტი, რის გამოც უცხოტომელებით აივსო თბილისი და არც მოსახლეობის ბუნებრივ შემცირებას ექნებოდა ადგილი, რომელიც არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში, საკუთარ ქვეყანაში, უმცირესობაში აღმოჩენით ემუქრება ქართველებს.
ეს არის მწარე რეალობა და ახლა იფიქრეთ, გრძევადიან პერსპექტივაში, რამდენად სასარგებლოა საქართველოსთვის ეს დამადლებული ვიზალიბერალიზაცია. მით უმეტეს როცა ისინი, ჩვენს ოცჯერ მეტ მოქალაქეს ეუბნებიან უარს ქვეყანაში შესვლაზე, ვიდრე ჩვენი მესაზღვრეები და ერთეულ შემთხვევებზეც კი ერთ ამბავს ტეხენ და იმუქრებიან, თქვენ ეს ვის გაუბედეთო.
ჩვენ გვჭირდება თანასწორუფლებიანი, ურთიერთსასარგებლო პარტნიორობა და არა ნეოკოლონიზატორული "მეგობრობა".