აზერბაიჯანი-საქართველო - ასეთია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, სენატორი სტივ დეინსის მარშუტი. სენატორი ჯერ აზერბაიჯანში ჩავიდა, შეხვედრები გამართა ხელისუფლების წევრებთან და ამის შემდეგ საქართველოში შემოიარა. სენატორმა პირველი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართა. აღსანიშნავია, რომ მთვრობის კანცელარიაში შეხვედრაზე არ იმყოფებოდა აშშ-ის ელჩი. ირაკლი კობახიძეთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს ურთიერთობებს, საქართველოს როლს რეგიონში, ასევე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.
შეხვედრაზე პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, რომელიც კონკრეტულ გზამკვლევს დაეფუძნება და ხელშესახებ შედეგებს მოუტანს ორივე ქვეყანას. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში, ასევე ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო პარტნიორებს სთავაზობს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს, მრავალმილიონიან ბაზრებზე წვდომის კუთხით. შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია პოლიტიკური სტაბილურობა და საქართველოს ხელისუფლება ამის გარანტია.
თავის მხრივ, სენატორის სტივ დეინსის განცხადებით, მან მტკიცედ მოუწოდა საქართველოს, მჭიდროდ ითანამშრომლოს პრეზიდენტ ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან საერთო ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების წინსვლის მიზნით.
მთავრობის კანცელარიაში გამართულ შეხვედრას დაესწრო საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც გამოთქვამს იმედს, რომ ეს შეხვედრა გავლენას მოახდენს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე და პოზიტიურად აისახება შემდგომი ურთიერთობების განვითარებაზე.
„შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მკაფიოდ აღინიშნა, რომ საქართველო აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვისა და ამ ურთიერთობების შინაარსზე ორიენტირებულად წარმართვისთვის მზად არის.
სენატორის მხრიდან ძალიან ღრმა დაინტერესება იყო გამოჩენილი საქართველოს საკითხთან დაკავშირებით. ის საქართველოს უყურებს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანას რეგიონში და არა მხოლოდ რეგიონში, ეს ცალსახად იყო მისი მხრიდან ნათქვამი. არაერთხელ აღინიშნა, რომ ის კომუნიკაცია, რომელიც მოხდა პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში, ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა, საბოლოო ჯამში, გავლენას მოახდენს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე; იმ მიდგომებზე, რაც ყალიბდება აშშ-ში საქართველოსთან დაკავშირებით და ეს პოზიტიურად აისახება ჩვენი შემდგომი ურთიერთობების განვითარებაზე“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, რასაკვირველია, საინტერესოა ნებისმიერი ფორმატის განხილვები, მათ შორის სენატორ სტივ დეინსთან, მაგრამ არსებობს გარკვეული საკითხების უშველებელი სპექტრი, რომელიც, იმედია, უფრო ფართო ფორმატში იქნება განხილული და რაც შეიძლება მალე.
„ფაქტია, ნორმალური ურთიერთობები, ყველა სერიოზული საკითხის განხილვა, რომელიც ეხება საქართველოს, მის მომავალს, უსაფრთხოებას, სტაბილურობას, უნდა აწყობდეს აშშ-საც და ბევრ სხვა ქვეყანას, ვინაიდან საქართველოს საგანგებო გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ რუკაზე მსოფლიოში. მიმდინარე პროცესებშიც საქართველოს როლი საკმაოდ მნიშვნელოვანია, თუმცა მცირე რესურსების მქონე ქვეყანაა და გავლენას ვერ მოახდენს მსოფლიო პროცესებზე, მაგრამ მაინც, საქართველო არის ის ქვეყანა, რომლის სტაბილურობაში დაინტერესებული უნდა იყოს, პირველ რიგში, აშშ, ევროკავშირი და დაინტერესებული უნდა იყოს ასევე აზიაც, რომელიც ლამობს საკმაოდ ინტენსიური ბიზნეს და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას დასავლეთთან“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
საქართველოს ხელისუფლებაა მზად არის მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა და ქართულ-ამერიკული ურთიერთობები დაიწყო ახალი ფურცლიდან. ახლა მნიშვნელოვანია რა შემხვედრ ნაბიჯებს გადადგამს ამერიკის ხელისუფლება.
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, სამწუხაროდ, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ქმედება წინა ადმინისტრაციის პირობებში მოქმედებას ჰგავს და იმის გამოძახილია.
„სენატორი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საელჩო აქვეყნებს ე.წ. ოპოზიციასთან შეხვედრის კადრებს. იმას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. უხეშად ვიტყვი, მაგრამ ვერ გავექცევით ამ შეფასებას, ეს ხომ სიმახინჯეა, ეს ხომ არანორმალურია, რადგან საელჩო წარმოადგენს ქვეყანას და ქვეყანაში არსებობს ხელისუფლება, ხელისუფლებასთან ურთიერთობას ამყარებს შენი ქვეყნის სენატორი, ჩამოდის, პრემიერ-მინისტრს ხვდება და ის არ გამოგაქვს მთავარ თემად საელჩოს და სპეკულირებს იმით, რომ აქ შეხედულებები გაჩნდეს, თითქოს არავინ აღიარებს - აქ სხვა გზავნილებია, გააჩინოს ეჭვები კიდევ უფრო მყარად.
რაღაც ლოგიკური ჯაჭვი უნდა შევკრათ ამ ქმედებებიდან გამომდინარე. ძალები, რომლებსაც „დიფ სთეითს“ ვეძახით ჩვენ, საკმაოდ ძლიერია და შეიძლება, ჯერ კიდევ აქვთ გავლენა საელჩოში მყოფ თანამშრომლებზე, ე.წ. ოპოზიციის წევრებზე, რომ ეს გავლენები კვლავ ძალაში დატოვონ და ამ სპეკულაციებით, როგორმე შეინარჩუნონ ეს მათი დამოკიდებულება არსებულ სიტუაციაში“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ სენატორთან შეხვედრამდე ექს-პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ სენატორი შეხვდება მხოლოდ ოპოზიციას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ზურაბიშვილმა შეგნებულად გაავრცელა არასწორი ინფორმაციაა, რადგან მან კარგად იცოდა, რომ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ შედგებოდა ოპოზიციასთან შეხვედრა სწორედ საელჩოში. შეხვედრის დასრულების შემდეგ ზურაბიშვილმა მორიგი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ სენატორმა მოისმინა არა მხოლოდ შიდა საკითხები და კანონების დარღვევების მთელი რიგი, რაც წარუდგინეს, არამედ სტრატეგიული გამოწვევა, რაც არსებობს ამერიკისთვის ამ რეგიონში, რომელიც მისი თქმით, ამერიკისგან ძალიან დიდ ყურადღებას მოითხოვს.
აშშ-ის საელჩომ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან სენატორ სტივ დეინსის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, ფოტო მასალაც დაურთო და დაწერა, რომ შეხვედრაზე შეერთებული შტატებისთვის საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა და სხვა საკითხები განიხილეს.
„სენატორი დეინსი სალომე ზურაბიშვილს და პოლიტიკური პარტიის ლიდერებს შეხვდა, რათა განეხილა შეერთებული შტატებისთვის საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა, ოპოზიციონერი ლიდერების ბოლოდროინდელი დაკავებების გამო შეშფოთება და პროდასავლური საქართველოს მხრიდან აუცილებლობა, უზრუნველყოს კეთილდღეობა, პროგრესი და სტაბილურობა რეგიონში“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.