მილიარდერის „გატაცება“

მილიარდერის „გატაცება“

ჯერ ფული მოიპარა, შემდეგ გაიქცა და ახლა ამტკიცებს, რომ გაიტაცეს და ისე დააბრუნეს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. გიორგი ბაჩიაშვილი ცდილობს დაამტკიცოს, რომ 8 ათასზე მეტი ბიტკოინი ბიძინა ივანიშვილისთვის არ მოუპარავს, რომ მის მიმართ პოლიტიკურ შურსძიებას აქვს ადგილი და ამიტომ უნდობლობას უცხადებს ქართულ მართლმსაჯულებას. თუმცა, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ დირექტორს არ უცდია საკუთარი უდანაშაულობა სასამრთლოზე დაემტკიცებინა და მოსალოდნელი სასჯელისგან თავის დაღწევის მიზნით საქართველოდან გაიქცა. მისი მიმალვა აბუ-დაბიში ხანმოკლე აღმოჩნდა, გაქცევიდან სამ თვეში ქართული მართლმსაჯულების ხელში აღმოჩნდა.

ტრადიცულად ხმაურიანი განცხადებები გააკეთა გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო სხდომაზე. ბაჩიაშვილი ამტკიცებს, რომ მისი საქართველოში ჩამოყვანა გატაცებით მოხდა, ჩატენეს „აირზენას“ თვითმფრინავში და ჩამოიყვანეს „მოტაცებული“. როგორც ბრალდებული აცხადებს, 24 მაისს გაიტაცეს საზღვარგარეთიდან, თვალები აუხვიეს და ორი დღე თვალებახვეული ატარეს ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლის და ოჯახის შეტყობინებისა და დალაპარაკების საშუალების გარეშე. ამის შემდეგ, პირდაპირ „მოტაცებული“ ჩატენეს თვითმფრინავში და ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე, ყველა კანონის დარღვევით ჩამოიყვანეს „მოტაცებული“ საქართველოში.

„არანაირად არ ვარ დამნაშავე არც ერთ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ჩემს წინააღმდეგ იყო ფაბრიცირებული. დღეს მე ვარ ივანიშვილის პირადი პატიმარი. დღეს, კიდევ ერთი ახალი, ძალიან დიდი საერთაშორისო დანაშაულის შესახებ მინდა შეგატყობინოთ. საერთაშორისო დანაშაული, რომელიც პირადად ივანიშვილის დაკვეთით მოხდა. შაბათს, 24 მაისს მე გამიტაცეს საზღვარგარეთიდან. თვალები ამიხვიეს. ორი დღე თვალებახვეული მატარეს ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლის და ოჯახის შეტყობინებისა და დალაპარაკების საშუალების გარეშე. შემდეგ, პირდაპირ მოტაცებული ჩამტენეს „აირზენას“ თვითმფრინავში და ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე, ყველა კანონის დარღვევით ჩამომიყვანეს მოტაცებული საქართველოში.

საქართველოს ისტორიას ძალიან ბევრი საქმე ახსოვს სხვადასხვანაირი გართულებებითა და არასტანდარტული გარემოებებით, თუმცა ამ შემთხვევაში დანაშაულებრივმა ჯგუფმა, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობას უწოდებს თავს, ნამდვილად აჯობა თავის თავს. წარმოდგენა არ მაქვს, რა ინფორმაცია მისცეს და რა ტყუილები გააცნეს სხვა სახელმწიფოს, რასაც მოჰყვა ასეთი მოქმედებები ჩემს წინააღმდეგ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ დიდ შეცდომაში შეიყვანეს და ჩემი გამოძალვის სპეცოპერაციამ საერთაშორისო მასშტაბები შეიძინა. საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდა კანონიერი გზა ჩემი ექსტრადირებისთვის, იმიტომ რომ ინტერპოლის ძებნა შეჩერებული იყო ჩემი ადვოკატების მიმართვის შედეგად.

ინტერპოლს არ გაუჭირდა რამდენიმე დღეში დაედგინა, რომ ჩემი სისხლის სამართლებრივი დევნა სრულად პოლიტიკურია. შესაბამისად, საქართველოს წარმომადგენლებმა, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში. ამით დაარღვიეს არა მხოლოდ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია, არამედ საერთაშორისო სამართლის უამრავი ნორმა, ამასთან იმ ქვეყნის უამრავი ნორმაც, რომელშიც მე ვიმყოფებოდი“, - აცხადებს „აირზენას“ თვიმფრინავით „მოტაცებული“ გიორგი ბაჩიაშვილი.

ბაჩიაშვილის მოტაცების ფაქტს ურაყოფენ „ჯორჯიან ეარვეისში“ და განმარტავენ, რომ შეუძლებელია საერთაშორისო აეროპორტიდან მოქალაქის ავიაკომპანიის ბორტზე მოხვედრა ან გამგზავრება არაკანონიერი გზით. რაც შეეხება კერძო პირების მიერ შეკვეთილ რეისებს, კომპანიაში აცხადებენ, რომ ინფორმაცია პერსონალურია და გაცემის უფლება კომპანიას არ აქვს.

„ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ მინიმუმ 3-4 ჯერ კვირაში ასრულებს კერძო პირების და სხვა სტრუქტურების მიერ შეკვეთილ ჩარტერულ რეისებს. აღნიშნული ჩარტერული რეისების შეკვეთებს აფორმებს ავიაკომპანიის კომერციული განყოფილება. კერძო პირების მიერ შეკვეთილი რეისების შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს პერსონალურ ინფორმაციას, რაც დაცულია კანონის მიერ და მისი გაცემის უფლება კომპანიას არ აქვს.

გვსურს მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ შეუძლებელია ნებისმიერი საერთაშორისო აეროპორტიდან ნებისმიერი მოქალაქის ნებისმიერი ავიაკომპანიის ბორტზე მოხვედრა ან გამგზავრება არაკანონიერი გზით. აღნიშნულ პროცესს ბევრი შესაბამისი სტრუქტურა აკონტროლებს და მსგავსი ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა და აზრს მოკლებულია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის განცხადებით, ბაჩიაშვილმა სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც სისხლის სამართლის არაერთი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. შესაბამისად, დაცვის მხარე გეგმავს ცალკე მიმართოს საგამოძიებო სტრუქტურებს და მოითხოვოს გამოძიება.

„გიორგი ბაჩიაშვილმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ის გადმოაფრინეს თვითმფრინავის მეშვეობით თბილისში და დაასახელა თვითმფრინავის მოდელიც - ის აცხადებს, რომ მას წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ აღნიშნულ ტერიტორიაზე არაფერი ესაქმებოდა და არც ყოფილა. გიორგიმ გააკეთა იმგვარი განცხადება, რაც შეიცავს სისხლის სამართლის არაერთი დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, მან თავად მოსთხოვა მოსამართლეს, რომ მოხდეს ამ ფაქტზე რეაგირება. ჩვენ ცალკე მივმართავთ საგამოძიებო სტრუქტურებს, მოვითხოვთ გამოძიების ჩატარებას და ყველა იმ ფაქტის გადამოწმებას, რაზეც გიორგი ბაჩიაშვილმა ისაუბრა დეტალურად.

მტკიცებულების მოპოვება არათუ კომპეტენციაა, ვალდებულებაა გამოძიების. სანამ გამოძიება არ დაიწყება, მხარეს არ წარმოადგენს ბაჩიაშვილი იმ კონკრეტულ საქმეზე. სანამ ვინმეს მიმართ დევნა არ იწყება, დაცვის მხარეს პროცესუალური უფლებები არ გააჩნია. ვერც ამოღებას, ვერც გამოთხოვას, სამწუხაროდ, მოქმედი კანონმდებლობით ვერ გავაკეთებთ“, - განაცხადა ლევან მახარაშვილმა.

საქმის პროკურორის განმარტებით, ბრალდებულის მიერ გაკეთებული განცხადებების შინაარსი არის გამოძიების კვლევის საგანი და ეს გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს. როგორც მიხეილ სადრაძემ განაცხადა, გამოძიებას სხვა უწყება აწარმოებს, რომელიც დამატებით ინფორმაციას გაავრცელებს.

„ბრალდებულის მიერ გაკეთებული განცხადებების შინაარსი არის გამოძიების კვლევის საგანი და ეს გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს. შესაბამისად, გამოძიება ნამდვილად მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება, შესაბამისად, თუ რაიმე დეტალი იქნება საჭირო, ბუნებრივია, ეს უწყება განცხადებას გააკეთებს... მე დეტალურ კომენტარს ვერ მოგახსენებთ, იმიტომ, რომ მე საპროცესო ზედამხედველობას არ ვახორციელებ“, - განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

ბრალდებულის განცხადებას გამოეხმაურა სუს-ის უფროსი. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ბაჩიაშვილი, ალბათ, გააგრძელებს ზღაპრების მოყოლას. ოხანაშვილის თქმით, ბაჩიაშვილი არის კრიმინალი და დამსახურებულად არის განთავსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

„ეს ადამიანი დაკავებიდან მოყოლებული არაერთ ზღაპარს ჰყვება და, ალბათ, გააგრძელებს ამ ზღაპრების მოყოლას. მთავარი არის ის, რომ გამოძიება მიმდინარეობს, სუს-მა, ჩვენ ოფიციალური განცხადება გავავრცელეთ ამ ეტაპზე, რაც ჩავთვალეთ საჭიროდ. გრძელდება გამოძიება, თუ ვინმეს ამ ვერსიის დაჯერება უნდა, ეს მათი ნებაა, ვინ რას დაიჯერებს, მთავარი აქ რაც არის, კრიმინალი არის დაკავებული. ეს ადამიანი არის კრიმინალი, მან ფულის გათეთრება განახორციელა და ის მსჯავრდებულია ამ დანაშაულისთვის. განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩამდენია და დამსახურებულად განთავსებულია იქ, სადაც ის უნდა იყოს, ის მოიხდის სასჯელს.

გარდა ამისა, მას აქვს სხვა რამდენიმე ეპიზოდი, რომელთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს საქმის წარმოება. მთავარი კიდევ არის ის, რომ ამ ადამიანს თმის ღერი არ ჩამოვარდნია დაკავების დროს. ის ვერ საუბრობს, რომ მის მიმართ იძალადეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შელახულია და ა.შ. ეს არის ჩვენი სტანდარტი, ეს არის სტანდარტი, როგორც ვმოქმედებთ. დანარჩენი... უნდა დაველოდოთ, მიმდინარეობს გამოძიება და კიდევ ბევრ საინტერესო დეტალს გაიგებთ, მაშინ, როდესაც ამის საჭიროება იქნება“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ბაჩიაშვილის მოტაცების არ სჯერა პრემიერ-მინისტრს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბაჩიაშვილი აშკარად დაკავებულია სუს-ის რეკლამირებით, თუმცა არ იცის რატომ აკეთებს ასეთ განცხადებს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თავად უნდა იყოს მოხარული იმით, რომ დღეს არის საქართველოში, უსაფრთხო ადგილას, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სათანადო პირობებში.

„მანამდე გიორგი ბაჩიაშვილს ჰქონდა ასეთი ვერსია, რომ მისი მკვლელობა იგეგმებოდა, შემდეგ საქართველოს ხელისუფლებისთვის ამის გადაბრალება. თუ ეს მართალი იყო და არ იყო ტყუილი, მაშინ თავად უნდა იყოს მოხარული იმით, რომ დღეს არის საქართველოში, უსაფრთხო ადგილას, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სათანადო პირობებში. რაც შეეხება ბრალდებებს, რომლებიც მოვისმინეთ, ბაჩიაშვილი აშკარად დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეკლამირებით. ამას რატომ აკეთებს, არ ვიცი, ეს არის მისი საქმე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებლის ვერსია სარწმუნოდ არ მიაჩნია პარლამენტის თავმჯდომარეს. „ყველაფერს ფული განაპირობებს. 1 მლრდ დოლარი აქვს ადამიანს მოპარული. ასეა, შესციცინებენ და ბიტკოინს ბიტკოინზე „ცანცლავენ“ იმისთვის, რომ შერაცხონ ის პოლიტპატიმრად. ადამიანს ნაყიდი რომ გექნება პოლიტპატიმრის სტატუსი, ეს აჩვენებს რა დონის საერთაშორისო თაღლითია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

amo "მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში. ამით დაარღვიეს არა მხოლოდ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია, არამედ საერთაშორისო სამართლის უამრავი ნორმა, ამასთან იმ ქვეყნის უამრავი ნორმაც, რომელშიც მე ვიმყოფებოდი“. გ ა ს ა გ ე ბ ი ა. შენზე რას იტყვი, მამა აბრამის ბატკანო?
22 საათის უკან
Gami ვარდენივით /უდიპლომო სასიძო/ მოიტაცეს ეს ქალოია.
17 საათის უკან