ნაციონალური მუშტი-კრივის ისტორია - მელია და ვაშაძე ერთმანეთს ძლივს გააწიწკნეს

ნაციონალური მუშტი-კრივის ისტორია - მელია და ვაშაძე ერთმანეთს ძლივს გააწიწკნეს

მას შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2012 წელს საპარლამენტო არჩევნები წააგო, მიხვდა, რომ რაღაც ან ვიღაც უნდა შეეცვალა. „ვიღაცის“ შეცვლა არ გამოვიდა და პარტიის თავმჯდომარე ისევ მიხეილ სააკაშვილია, რაღაც კი დაანონსებული ახალი ეროვნული მოძრაობა იყო, მაგრამ ეს იმდენად ფარისევლურად ჩანდა, რომ იდეა ჩანასახშივე გარდაიცვალა და რუსთაველზევე დასამარდა.

მერე იყო საპრეზიდენტო არჩევნები და შიდაპარტიული პრაიმერი. ალბათ გახსოვთ, როგორ აფიქსირებდნენ მუდმივად „ნაციონალური მოძრაობის“ სახეები, ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა, ჩვენზე დემოკრატიული პარტია საქართველოში არ არსებობსო. არადა, შოთა მალაშხიადან, გიორგი ბარამიძედან, ზურაბ ჯაფარიძედან და დავით ბაქრაძედან ამ უკანასკნელს რომ აარჩევდნენ, თავიდანვე ყველამ იცოდა, თუმცა ევროპასთან და ამერიკასთან ბოლომდე იკეკლუცეს და საპრეზიდენტო არჩევნებიც „ამაყად“ წააგეს.

ვერ გეტყვით, ვინ ურჩია ნაციონალებს, რაც გააკეთეთ, კარგი იყოო, მაგრამ ფაქტია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვისაც ქვეყნის მასშტაბით პრაიმერი დაანონსეს და მთავარი მაგალითი ცენტრში აჩვენეს - თბილისის მერობის კანდიდატებიდან დედაქალაქში ნაციონალების მხარდამჭერებს არჩევანი გიორგი ვაშაძესა და ნიკა მელიას შორის უნდა გაეკეთებინათ. როგორც ამბობდნენ, გადაწყვეტილება ვაშაძეზე იყო მიღებული და მელია „მალაშხიას“ როლს ასრულებდა, თუმცა სიტუაცია რადიკალურად მას შემდეგ შეიცვალა, რაც ვაშაძემ პარტიის ლიდერთა შეხედულება გაიგო.

ჩვენმა წყარომ „ნაციონალური სამზარეულოდან“ ზოგი რამ გაგვანდო, კერძოდ, ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა - ვაშაძეს ცოტა არ იყოს და იდიოტური იდეები და აზრები აქვსო. ამან ვაშაძე ისე გააღიზიანა, ნაციონალების ცენტრალურ ოფისში დიდი გარჩევა მოხდა და ბოლოს, საქმე მუშტი-კრივამდე მივიდა, რის შემდეგ მელია და ვაშაძე ერთმანეთს ძლივს დააშორეს. საბოლოოდ ვაშაძემ დაიბარა, მე კანდიდატურას მოვხსნი და არჩევნებს რომ „წაასხავთ“, მერე მე არ დამაბრალოთო. ასე შერჩა მელია მერის არჩევნებს და ახლა ნაციონალები იმას ფიქრობენ, გაშავებული კანდიდატი როგორ გაათეთრონ, ხოლო რას ეტყვიან ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს, რატომ აღარ თამაშობენ დემოკრატობანას, ცალკე საკითხია. ჩვენი ინფორმაციით, ნაციონალები პრაიმერს არც სხვა რეგიონებში ჩაატარებენ და კანდიდატებს პირდაპირ წარადგენენ. ნაციონალების დემოკრატიას მოკლე ფეხები აღმოაჩნდა...