Tbilisi Open Air-ზე მუსიკოს ერეკლე გეწაძის მიერ რუსეთის დროშაზე მოშარდვის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და თბილისს ერთმანეთის კარგად ესმით. მთავარია, ამ ურთიერთობებს ევროპელებმა ხელი არ შეუშალონ, რომლებიც ახლა ზელენსკის არაგონივრული საქმეების გაკეთებას აიძულებენ. კარასინი ამბობს, რომ ევროპელები საქართველოს ხელში ჩაგდებას ცდილობენ.
„ბოლო წლებში ქართული პოლიტიკური ელიტა მნიშვნელოვნად მომწიფდა. საქართველო პასუხისმგებლობის მქონე მიდგომებით მოქმედებს. მას სხვისი ინტერესების გამო ბრძოლა აღარ სურს. ეს რუსეთის საზოგადოებრივ აზრზე დადებით შთაბეჭდილებას ახდენს და ტურიზმი და ქართველი ტურისტების ჩვენთან ვიზიტები ნელ-ნელა უმჯობესდება“, - აღნიშნა გრიგორი კარასინმა.
რას ნიშნავს კარასინის განცხადება და რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძეს ესაუბრა.
ბატონო სოსო, როგორ ფიქრობთ, კარასინის განცხადება არის სიგნალი იმისა, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე?
სოსო მანჯავიძე: ზოგადად, კარასინის ეს განცხდება ნიშნავს რამდენიმე რამეს - პირველი, ეს არის იმის მინიშნება, რომ რუსეთის ხელისუფლება არ ანიჭებს დიდ მნიშვნელობას იმ ინციდენტს, რომელიც მოხდა. მას ესმის, რომ ეს ინციდენტი არის გარკვეული ძალების მიერ დაფინანსებული, ესმის, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ შემთხვევაში არ აქვს იმის ძალა და რესურსი, რომ ასეთი ტიპის პროვოკაციები თავიდან აიცილოს და შესაბამისად, ის არ აკისრებს ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა და ეს ინციდენტი ლოკალიზებულია პროვოკაციის დონეზე.
ანუ, ამ ინცინდენტს არ ექნება პოლიტიკური შეფასებები?
- რა თქმა უნდა, ეს არ გადავიდა პოლიტიკური შეფასების დონეზე და ეს ძალიან კარგია. არ შეიძლება ნორმალურ ადამიანს მოსწონდეს ესკალაცია რუსეთის ფედერაციასთან. ეს, უბრალოდ, ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხია. მეორე - ეს არის სიგნალი იმის შესახებ, რომ საქართველომ გააცნობიეროს რეგიონალური აქტორების როლი თავისი პოლიტიკური კურსის წარმათვისას. ეს როლი სულ უფრო და უფრო გამოკვეთილია. დღევანდელ მსოფლიოში დამთვარებულია ერთპოლუსიანი სამყაროს ილუზია, რომ არსებობს რაღაცა წესები და არსებობს ამ წესების მცვლელი რაღაცა სახელმწიფო და იმ ქვეყნებს, რომლებიც ამ წესებიდან გადაუხვევენ, კომბლით თავს გაუტეხავს, აქვს მას ძალის პროექციის საშუალება დედამიწის ყველა რეგიონში.
ამაზე თვითონ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, იგივე უილსონთან საუბარში, რომ აშშ-ს არ აქვს საშუალება დედამიწაზე არსებული ყოველი კონფლიქტი გააკონტროლოს და ეს რეალობაა. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ინერცია ისეთია, რომ დღესაც ტრამპი ხშირად ამბობს: მე არ მომწონს თქვენი ჩხუბი და თუ ბევრს იჩხუბებთ, ერთსაც გაგლახავთ და მეორესაც. დაახლოებით, ასე ესაუბრება რუსეთს და უკრაინას. პუტინზე იძახის, ეს ბიჭი გაგიჟდაო, ნუ ზელენსკიზე რასაც იძახის კი ვიცით. პირდაპირ ეუბნება ჭკვიანად იყავით, თორემ ცულს მოვიტან ცუნცულასაო.
ჭრიის კი ტრამპის ეს ტონი?
- რა თქმა უნდა, ეს ტონი შეიძლება ვიღაცაზე ჭრიდეს, მაგრამ არ ჭრის ჩინეთზე, რუსეთზე და არც უკრაინაზე არ ჭრის ხომ ვხედავთ. ამიტომ, კარასინი რომ ამბობს მომწიფდა საქართველოს ხელისუფლება, ის ამბობს, რომ საქართველოში არის იმის გაცნობიერა, რომ რეგიონალური ავტორები და მით უმეტეს ჩრდილოელი მეზობლის კეთილი ნების გარეშე აქ უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტა შეუძლებელია. მისი არაკეთილგანწყობის შემთხვევაში შესაძლებელია უსაფრთხოების დრამატული დარღვევა. ეს გაგება რომ არის უკვე გამჯდარი ქართული პოლიტიკური ელიტის გარკვეულ ნაწილში, ის ამას სიმწიფეს ეძახის დიპლომატიურ ენაზე.
ჩვენ შეგვიძლია ამას, რა თქმა უნდა, არ დავეთახმოთ და ამას სიმწიფე კი არ დავარქვათ, არამედ პრორუსულობა და ათასი სიგიჟეები, ნუ, სამწუხაროდ, ყველა ადამიანს აქვს უფლება იყოს იდიოტი, უბრალოდ, მათ გაერთიანების საშუალება არ უნდა მივცეთ და როდესაც იდოტების კრიტიკული მასები ერთიანდებიან, მათი ძალა ძალიან დიდია და ანგრევენ ხოლმე ყველაფერს. ანუ, კარასინი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში და პოლიტიკურ ელიტაში პრაგმატიზმი იმარჯვებს.
პრაგმატიზმი არის ის, რომ შენი ინტერესები დაიცვა და სხვების გაითვალისწინო. რა თქმა უნდა, პრაგმატიზმი არ გაძლევს უფლებას, რომ აქ ინტერესები იქნება დაცული, მაგრამ შესაძლებლობას გაძლევს. არაპრაგმატული მიდგომების შემთხვევაში შესაძლებლობა არ გაქვს შენი ინტერესები დაიცვა, გაქვს ასპროცენტიანი გარანტია იმისა, რომ შენი ინტერესები იქნება უგულებელყოფილი. ამიტომ, როდესაც პრაგმატიზმზე გესაუბრებიან, ეს ერთგვარი შეთავაზებაა, რომ შეიძლება თქვენთან საუბარი იმ საკითხებზე, რომელიც გვაწუხებს და მათ შორის თქვენ რაც გაწუხებთ, ამაზე ჩვენ მზად ვართ ვილაპარაკოთ.
როგორ ფიქრობთ, ამ პოლიტიკურ მოცემულობაში წავა ამ ნაბიჯზე ხელისუფლება და დაიწყებს რუსეთთან საუბარს იმ საკითხზე, რაც ჩვენ გვაწუხებს? ვგულისხმობ ტერიტორიული მთლიანობის საკითხს.
- სიმწიფის საკითხია. სწორია განა კარასინის შეფასება სიმწიფის შესახებ? შეიძლება კარასინს ეჩვენება, რომ არაა მწიფე და კვლავ მკვახეა. თუ პრგმატიზმი არის, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებებიც უნდა იყოს და მოლაპარაკებები უნდა იყოს ყველასთან. ეს არ ნიშნავს, რომ შენ აღიარო აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობა. მაგრამ თუ არ ვილაპარაკეთ რა გამოვა? ამ გაბუტულობით დავიბრუნეთ აფახაზეთი? ვის აწყობს დუმილი? ან ლაპარაკი ნიშნავს აღიარებას? ასე, დედამიწაზე, საერთოდ, არც ერთი ხალხი ერთმანეთს არ უნდა ელაპარაკებოდეს. შეგახსენებთ, რომ დღეს არსებულ ყველა სახელმწიფოს აქვს ისტორიული წყენები და თუ ამის შესაძლებლობა ექნება, აუცილებლად გადაიზრდება ტერიტორიულ პრეტენზიებში.
მაგალითად, ავიღოთ ნაქები ევროპა და პოლონეთი - პოლონეთს აქვს პრეტენზიები გერმანიასთან, რუსეთთან, უკრაინასთან, ჩეხეთთან. ავიღოთ გერმანია - პრეტენზიები აქვს პოლონეთთან, საფრანგეთთან, რუსეთთან და საერთოდ გერმანულ ნაციონალიზმს გაღვივების საშუალება რომ მისცე, მათ მთელ ევროპასთან აქვთ პრეტენზიები. რუსეთს, საერთოდ, საზღვრები არ აქვს, როგორც ვლადიმერ პუტინმა თქვა.
ჩვენ ნიკოფსიიდან-დარუბანდამდე აღვიქვამთ ჩვენს თავს, სომხეთს დიდ სომხეთზე აქვს ოცნება, აზერბაიჯანი ხომ საერთოდ, საოცარ რუკებს ხატავს, თურქეთი დიდ თურქეთზე ოცნებობს. ასე რომ, წყენებს რეალიზაციის საშუალება რომ მივცეთ, არავინ არავის არ უნდა ელაპარაკოს და ყველა ყველას უნდა ეომებოდეს. ჩვენს სურვილებს რომ ავყვეთ, ოთხი მიმართულებით მოგვიწევს ლაშქრობა და წესით, არავის არ უნდა ველაპარაკოთ. ამიტომ პრაგმატულად უნდა ვიმოქმედოთ. ვინც პრაგმატულად არ მოქმედებს იმასაც დაკარგავს რაც აქვს.
ჟურნალისტის შეცდომაა? აბა კოლხეთის სამეფოს 29 საუკუნის ისტორია აქვს; 23 საუკუნეს იბერია მოითვლის რა ხდება? ძვ კოლხეთი საქართველო არაა? ჟურნალისტი ამახინჯებს, თუ კობახიძეს არ უვლია სკოლაში?