იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავდაცვის უმაღლეს სასწავლო-სამეცნიერო ცენტრს ეწვია. სამხედრო სასწავლებელში ირაკლი ალასანია ცენტრის მსმენელებისა და მაღალი რანგის ოფიცრების წინაშე სიტყვით გამოვიდა.
თავდაცვის მინისტრმა სასწავლო ცენტრში შეკრებილ აუდიტორიას საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივები გააცნო. ირაკლი ალასანიამ მათ რეგიონალური უსაფრთხოების გარემოზეც მიაწოდა ინფორმაცია. სამხედრო სასწავლებელში შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეკითხვები უკრაინაში არსებულ ვითარებასა და კრიზისის მოგვარებაში ევროპის როლსაც შეეხო.
თავდაცვის უმაღლესი სასწავლო-სამეცნიერო ცენტრიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ მონტეჩიტორიოს სასახლეში გადაინაცვლა. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძვანელმა იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ელიო ვიტოსთან გამართა შეხვედრა. ირაკლი ალასანიამ იტალიელ კანონმდებელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტები და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივები გააცნო. საუბარი შეეხო ქართველი სამხედროების მონაწილეობას ISAF-ის საერთაშორისო ოპერაციაში, 2014 წლის შემდეგ „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიაში ჩართვასა და 2015 წელს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) საქართველოს მონაწილეობას.
თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი ალასანიამ იტალიელ კოლეგასთან შეხვედრის შედეგებიც გააცნო და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გეგმებზე გამახვილა ყურადღება. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა იტალიის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. შეხვედრის ერთ-ერთი თემა რეგიონალური უსაფრთხოების საკითხიც იყო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი იტალიაში დასრულდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია საქართველოში უკვე დაბრუნდა.