საქართველოს შესაძლოა, უკვე სექტემბერში მიეცეს ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP). ინფორმაციას რუსული გამოცემა „კომერსანტი“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. სტატიის ავტორი წერს, რომ ცოტა ხნის წინ, ვაშინგტონში ვიზიტად მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თეთრი სახლის წარმომადგენლები საქართველოს ნატო-ში ინტეგრირების მხარდაჭერას შეპირდნენ.
„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ თუ რუსეთი ყირიმს შეიერთებს, მომავალ სამიტზე საქართველოსთვის MAP-ის მინიჭება მოხდება. უკრაინაში რუსეთის ქმედებებმა აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის უფრო გადამწყვეტი პოლიტიკის განახლებული დებატების საჭიროება გამოიწვია. იმაზე, რომ საქართველოს განაცხადი ნატო-ში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მიღებაზე უნდა დაკმაყოფილდეს, იმ სახელმწიფოს წარმომადგენლებიც ალაპარაკდნენ, რომლებიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ გამოდიოდნენ მოწოდებით, არ მოეხდინათ ამ საკითხის ფორსირება“, - ციტირებს სტატიის ავტორი.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების პროცესები ძალიან ჩქარდება. როგორც მინისტრი განმარტავს, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს გეგმაზომიერად იმისთვის, რომ ნატო-ში გაწევრიანების მიზნით, დაჩქარებული წესით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგას. როგორც პეტრიაშვილი აცხადებს, უკრაინაში მოვლენების განვითარებამ, გავლენა იქონია ალიანსის მხრიდან ჩვენს მიზნებთან მიმართებაში გეგმების კორექტირებაზე.
„კონკრეტულად, ვგულისხმობ, როდესაც სახეზეა საერთაშორისო სტაბილურობის, წესრიგისა და სამართლისთვის საფრთხე, მაშინ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უფრო კონკრეტული, ქმედითი და მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას იწყებს. ერთ-ერთი ასეთი ძალიან მკაფიო ნაბიჯი იქნება საქართველოსთვის სამოქმედო გეგმის, MAP-ის მინიჭება დიდ ბრიტანეთში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე.
რა თქმა უნდა, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები. ამიტომ, არ ღირს საზოგადოების მოლოდინის ამაღლება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძალიან შემცირდა იმ სკეპტიკოსების რაოდენობა, რომლებიც ამ ბოლო პერიოდამდეც კი ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას.
მინდა გითხრათ, რომ რეალუარდ ძალიან ჩქარდება პროცესები, ძალიან სერიოზული დინამიკა შეინიშნება და სერიოზული მხარდაჭერის მობილიზება ამ კონკრეტული გადაწყვეტილების თაობაზე“, - აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.
საპარალამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჩიქოვანი კი განმარტავს, რომ დასავლეთის პროაქტიულობის აუცილებლობა განპირობებულია რუსეთისთვის წინ აღსადგომად და არამხოლოდ იმის გამო, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს. მისი თქმით, გასაგებია, რომ შეიძლება არსებობდეს რუსეთთან ვაჭრობის პოლიტიკის ფაქტორიც, მაგრამ აქ სავაჭროც არაფერია, ვინაიდან საქართველოს სუვერენული უფლება აქვს, გახდეს ალიანსის წევრი და ეს გადაწყვეტილება ალიანსის ქვეყნებმა უნდა მიიღონ.
„ჩემთვის ერთი პოზიცია არის ნათელი, რომ ერთი ქვეყნის, ამ შემთხვევაში საქართველოს გაერთიანებაზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, ზეგავლენა არ უნდა იქონიოს მესამე ქვეყანამ, ვინც არ უნდა იყოს ეს, მათ შორის რუსეთი. აუცილებელია, რომ წარმატებულად დავასრულოთ რეფორმები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე პოლიტიკური რეფორმები და პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა ქვეყანაში, რაც ბუნებრივს გახდის საქართველოს უფრო მეტ ინტეგრაციას ჩრდილოატკანტიკური ხელშეკურლების ორგანიზაციაში“, - ამბობ ირაკლი ჩიქოვანი.
კანონმდებელი განმარტავს, რომ აქტიური პოლიტიკის გატარება დასავლური სახელმწიფოების მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ დღეს რუსეთი იმ ქვეყნად მოგვევლინა, რომელიც ცდილობს, მსოფლიო წესრიგი არიოს, არ გაითვალისწინოს და ფეხქვეშ გათელოს საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების პრინციპები და საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით მოახდინოს ქვეყნების ოკუპაცია და ანექსია.
ამიტომ, როგორც ჩიქოვანი განმარტავს, აუცილებლობა პროაქტიულობისა განპირობებულია ამისთვის წინ აღსადგომად და არამხოლოდ იმის გამო, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნაწილი გახდეს. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ უელსის სამიტზე, მიუხედავად ყველაფერისა, საქართველო ნატო-სთან თანამშრომლობის თვისობრივად ახალ ეტაპს მიიღებს.
სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე for.ge-სთნ საუბრისას ამბობს, რომ ნატოს მოქმედება განისაზღვება მასში შემავალი ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე. ექსპერტი დარწმუნებლია, რომ სექტემბერში უელსის სამიტზე საქართველო მაპს მიიღებს.
„მიუხედვადა იმისა, თუ როგორ განვითარდება ნატოში მოვლენები, საქართველო დიდი ალბათობით, მაპ-ს მიიღებს. ეს არაა ძალიან დიდი გარღვევა ნატოს მხრიდან. ფაქტიურად, პროცესები საქართველოს ნატოსთან დაახლოების უკვე ისეთი ინტენსიურია, რომ მაპი იქნება.
უკრაინის მოვლენებიდან უფრო მოველი, რომ მანძილი, მაპიდან ნატოში გაწევრიანმებამდე გაცილებით მოკლე იქნება, ვიდრე ეს შეიძლება ყოფილიყო ადრე. ჩვენი ნატოში გაწევრიანების გეგმა ფორსირებულად წავა წინ. მაპი კი ამის დასაწყისი იქნება“, - აცხადებს გიორგი თავდგირიძე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნიკოლოზ ვაშაკიძე თვლის, რომ უკრაინის მოვლენებიდან გამომდინარე საქართველოსთვის MAP-ის მიცემის შანსი გაიზარდა. როგორც ვაშაკიძე ამბობს, MAP-თან დაკავშირებით პოზიციის ფორმირება ნატო-ს სამიტამდე მოხდება.
„ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ქმედებებმა დასავლეთის და ნატო-ს პოლიტიკის გააქტიურება გამოიწვია პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან. კონკრეტული ნაბიჯების სახით როგორ გამოიხატება, ძნელი სათქმლია, იმიტომ, რომ პოზიციის ფორმირება მოხდება თანდათან სამიტამდე. ის, რომ ზოგადად უკრაინის მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოსთვის MAP-ის მიცემის შანსი გაიზარდა, მე შემიძლია დავადასტურო - ჩემი მოსაზრებაც ასეთია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გადაჭრით შეიძლება ეს ითქვას“, - განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.
„მაპი არის გაგრძელება იმისა, როგორ ასრულებს საქართველო საშინაო დავალებას, რომელიც გათვალისწინებულია ყოველწლიური ეროვნული პროგრამით“, - ამბობს უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, თეონა აქუბარდია. მისი თქმით, ვითარება აბსოლუტურად განსხვავებულია. მას შემდეგ რაც უკრაინასთან დაკავშირებით დაიძაბა ვითარება და რუსეთმა ფაქტიურად მოახდინა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია, საქართველოსთან პარტნიორობის კუთხით დასავლეთი გააქტიურდა.
„მიუხედავად იმას, რომ არ უნდა ჰქონდეს ზეგავლენა საერთაშორისო ურთიერთობებში მომხდარ ცვლილებებს და ამ შემთხვევაში მაპის მინიჭება-არმინიჭებასთან დაკავშირებით. შესაძლებელია იქნას მიღებული გადაწყვეტილება იმისათვის, რომ რუსეთის ექსპანსია არ გავრცელდეს საქართველოზეც, ქვეყანამ მიიღოს სამოქმედო გეგმა. ამ ეტაპზე მაპის მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით არის ვარაუდები. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და მას მხარი ნატოს ყველა წევრმა უნდა დაუჭიროს“, - ამბობს თეონა აქუბარდია.