„ფაქტია, რომ ეს ევროპარლამენტარები მოატყუეს – უთხრეს, რომ თბილისში გრანდიოზული პროტესტი იგეგმებოდა, სადაც მთელი საქართველო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდა. თუმცა, როგორც ვნახეთ, მათ იმედი გაუცრუვდათ“

„ფაქტია, რომ ეს ევროპარლამენტარები მოატყუეს – უთხრეს, რომ თბილისში გრანდიოზული პროტესტი იგეგმებოდა, სადაც მთელი საქართველო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდა. თუმცა, როგორც ვნახეთ, მათ იმედი გაუცრუვდათ“

ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის დელეგაციის თბილისში ვიზიტი, რომელიც 26 მაისს დაიწყო, მმართველი პარტიისადმი პოლიტიკური გზავნილებით დასრულდა, თუმცა პირდაპირი შეხვედრების გარეშე. ევროპარლამენტარები ღიად აცხადებენ, რომ არ აპირებენ დიალოგს „ქართულ ოცნებასთან“, ვიდრე ქვეყანაში არ დაინიშნება ახალი არჩევნები და არ გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები. ხელისუფლება კი საკუთარი პოზიციის თანმიმდევრულობასა და დასავლური ინსტიტუტების მიმართ კრიტიკულ განწყობებზე საუბრობს. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარების ვიზიტს ღიად აკრიტიკებს. მისი თქმით, უცხოელი პარტნიორების განცხადებებს ქართულ საზოგადოებაში აღარ აქვს იმგვარი გავლენა, როგორიც წარსულში.

„ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ ერთი ევროპარლამენტარი რაღაც განცხადებას რომ გააკეთებდა, ამას მოჰყვებოდა ხოლმე ხალხის მღელვარება... დღეს კი ქართულმა საზოგადოებამ გაიგო, რომ ევროპარლამენტარის, ევროკომისრის განცხადებას არ აქვს ფასი, თუ არის უსამართლო“, - ამბობს ის.

პრემიერის მტკიცებით, დასავლური განცხადებების მიმართ სკეპტიციზმი ემყარება ღრმა განცდას, რომ ისინი რეალობას არ ასახავენ. აქვე იგი განსაკუთრებულ კრიტიკას უძღვნის დელეგაციის ხელმძღვანელს, რასა იუკნევიჩიანეს: „ვის რა უნდა ასწავლოს რასა იუკნევიჩიანემ? არის ჩვეულებრივი პოსტსაბჭოთა ნატურის მქონე ადამიანი, თავის ყველაფრით – ვიზუალით, რუსული აქცენტით... გეგონება ცეკას პოლიტბიუროს წარმომადგენელი, იმ დროის ზუსტად, 60-იანი წლების... რა თქმა უნდა, არავითარი ფასი არ აქვს ასეთ ადამიანებს საქართველოში“.

მმართველი გუნდის მთავარი გზავნილია, რომ დასავლეთიდან წამოსული განცხადება არც სამართლიანია და შესაბამისად, არც ავტომატურად მისაღები. პრემიერის თქმით, ეს დამოკიდებულება არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ საზოგადოების გამოცდილებიდან მოდის. ხელისუფლება კი მოქმედებს მხოლოდ ქართველი ხალხის სურვილების შესაბამისად და არა საგარეო აქტორების მოწოდებებით. შესაბამისად, არც ევროპარლამენტარების ბოიკოტი და არც ამერიკელი დიპლომატების მოწოდებები არ ითვლება საკმარის ზეწოლად ცვლილებებისთვის.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება არასდროს ყოფილა არათანმიმდევრული დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში: „ჩვენ თანმიმდევრულები ვართ ჩვენს მიდგომებში და, რაც მთავარია, კეთილსინდისიერები და ღია ვართ პარტნიორობაში. ეს ჩვენ ვაჩვენეთ წლების განმავლობაში...“.

ხელისუფლება მიანიშნებს, რომ წარსულში საქართველო დასავლეთის ერთგული პარტნიორი იყო და ეს არ შეიძლება იქნეს დავიწყებული. მაგალითად, ავღანეთში სამხედრო მისიაში მონაწილეობა ხშირად მოჰყავთ მაგალითად, როგორც ერთგულების მტკიცებულება.

დასავლური გზავნილების ქართული რეპრეზენტატორები – ოპოზიციის ლიდერები ხაზს უსვამენ, რომ ევროპარლამენტარებმა მმართველ პარტიასთან შეხვედრაზე უარი პოლიტიკური პრინციპებიდან გამომდინარე თქვეს.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ პოზიცია არის ძალიან მკაფიო.

„ეს ბრუტალური, რეპრესიული ზომები, რომელსაც „ქართული ოცნება“ იყენებს სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანების მიმართ, მიუღებელია ევროპული ღირებულებებისთვის... ევროპარლამენტარები არანაირ ურთიერთობაზე დღეს არ არიან თანახმა „ქართულ ოცნებასთან“, - ამბობს ის.

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარიაც აღნიშნავს, რომ საუბარი ძირითადად შეეხებოდა ადამიანის უფლებებს, პოლიტპატიმრებსა და სანქციების მექანიზმებს.

„ვისაუბრეთ თუ როგორ უნდა წავიდეთ კიდევ წინ, რა უნდა გააკეთოს დამატებით ევროპამ... იქნება ეს არაღიარება, სანქციები თუ სხვა ტიპის ზეწოლა „ქართულ ოცნებაზე“, -აცხადებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.

ანალიტიკოსი გიორგი ახვლედიანი for.ge-თან საუბარში აცხადებს, რომ ევროპარლამენტარები ქართველი ოპოზიციონერი ლიდერების მიერ მოტყუებულები აღმოჩნდნენ. მისი თქმით, მათ ეგონათ, რომ 26 მაისს რუსთაველზე დიდი და მასშტაბური აქცია გაიმართებოდა, რის გამოც გადაწყვიტეს ოპოზიციის მხარდაჭერა, თუმცა რეალობაში მწარედ შეცდნენ.

„ევროპარლამენტარების ვიზიტი კონკრეტულ მიზანს უკავშირდებოდა და ეს იყო 26 მაისის ღონისძიება. მიუხედავად არაერთი ანონსისა, მობილიზაციისა და, როგორც ითქვა, მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების დახარჯვისა, აქციაზე სულ 2500-მდე ადამიანი მივიდა. ფაქტია, რომ ეს ევროპარლამენტარები მოატყუეს – უთხრეს, რომ თბილისში გრანდიოზული პროტესტი იგეგმებოდა, სადაც მთელი საქართველო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდა. თუმცა, როგორც ვნახეთ, მათ იმედი გაუცრუვდათ“, – აცხადებს ახვლედიანი.

მისი თქმით, ოპოზიციამ სცადა, აქციაზე დაესწრო ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე, რომელმაც „უნიჭო ორატორული ტონით“ მიმართა შეკრებილებს, თუმცა თავად აქციის მონაწილეებმაც ვერ გაიგეს, რატომ იყვნენ იქ მისული.

„მათ სურდათ, პრეზიდენტ ზურაბიშვილს ჩაებარებინა აღლუმი და ჩაეშალა ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ღონისძიება. საბოლოოდ, ეს არც პროვოკაცია გამოუვიდათ და არც მასშტაბური აქცია. სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტარები ისევ ვერ ხვდებიან, რამდენად გაბანკროტებულია ოპოზიცია და მათი ლიდერი სალომე ზურაბიშვილი, რომელზეც კვლავ დებენ ფსონს. თუმცა მათი იმედგაცრუება თბილისშიც აშკარად გამოჩნდა – პრესკონფერენციაზე ფაქტობრივად ვერაფერი მკაფიო ვერ თქვეს“, – აღნიშნავს ანალიტიკოსი.

ახვლედიანის აზრით, საქართველოს მოსახლეობისთვის ამ ევროპარლამენტარებს რეალურად არანაირი ავტორიტეტი არ გააჩნიათ.

„ისინი მხარს უჭერენ მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც ჩვენში მწამებელის სახელი აქვს და აცხადებენ, რომ ის პოლიტპატიმარია. მათი მიზანია „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში, მაგრამ საზოგადოებას უკვე კარგად ესმის, რას ემსახურება ეს რიტორიკა. ჩვენი ხელისუფლება ახერხებს დაანახოს ხალხს, ვინ ვინ არის და რატომ მიმდინარეობს ასეთი ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე. შესაბამისად, ევროპარლამენტარებთან საქართველოს მთავრობას საერთო აღარაფერი აქვს. არ აქვს მნიშვნელობა, რას ფიქრობენ ისინი – ლეგიტიმაცია ქართულ ხელისუფლებას ქართველმა ხალხმა მიანიჭა და 26 მაისს ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, როცა მათი მცდელობა ისევ კრახით დასრულდა“, – აცხადებს ახვლედიანი.

 

Gami საიკითხი ასე უნდა დაისვას: ვინ უფრო ბანძი და გორსალაა რაისა პრიბალტიისკაია თუ გიჟი სალო ზუღაბიშილი?!
22 საათის უკან
Gami ფერი ფერსაო და ... ღმერთი არაფერ შუაშია
22 საათის უკან