აშშ-ის ელჩსა და ბიძინა ივანიშვილს შორის დაგეგმილ, მაგრამ ჩავარდნილ შეხვედრას ხმაურიანი გაგრძელება მოჰყვა. 22 მაისს ამერიკის ელჩი რობინ დანიგანი საქართველოს ხელისუფლებას სთხოვდა, რომ შეხვედროდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს და გაეცნო „ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი“. საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვაზე საუბარი და კონკრეტული ნაბიჯების წარდგენა.
საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადება პირდაპირ არ ასახელებს არც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და არც ივანიშვილის გავლენას მმართველ გუნდზე, თუმცა მკაფიოდ მიანიშნებს იმაზე, რომ გზავნილი სწორედ ივანიშვილისთვის იყო განკუთვნილი, რაც დიპლომატიურ ენაზე ნიშნავს, რომ აშშ ოფიციალურად აღიარებს ივანიშვილის მნიშვნელოვან გავლენას ქვეყნის პოლიტიკაზე, მიუხედავად მისი სტატუსისა.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ ამერიკის საელჩოს განცხადება ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე არ იყო უწყების გულწრფელი დიპლომატიური ჟესტი, არამედ მიზნად ისახავდა მისი არაფორმალური მმართველის იმიჯით წარმოჩენას და ხელისუფლების დისკრედიტაციას. ანალიტიკოსის თქმით, აშშ-ის შიდა პოლიტიკური დაპირისპირება პირდაპირ აისახება საქართველოსთან ურთიერთობის სტილზეც - დონალდ ტრამპის მილოცვა მიხეილ ყაველაშვილისადმი და ელჩის 26 მაისის ღონისძიებაზე არყოფნა ამ პროცესის მნიშვნელოვანი სიმპტომებია.
ივანიშვილმა კი ამ შეხვედრაზე უარი განაცხადა. მისი განმარტებით, მსგავსი კომუნიკაცია სახელმწიფო საქმეებზე მას არასწორად მიაჩნია იმ ფონზე, როდესაც მის მიმართ, როგორც ამბობს, მოქმედებს პირადი შანტაჟი.
„ამგვარი პირადი შანტაჟის ფონზე, ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია... მქონდეს კომპლექსი, რომ გადაწყვეტილებას ვიღებ ჩემი ინტერესების საპირწონედ“, - ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.
ივანიშვილი ირწმუნება, რომ დაბლოკილ ფინანსებზე უარის მიუხედავად, ამერიკულ მხარეს შესთავაზა ამ თანხის საზოგადოებრივად სასარგებლო დანიშნულებით დახარჯვა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.
„მათ ვაცნობე, რომ მზად ვიყავი, დაბლოკილი თანხა მათ მიერ განსაზღვრული დანიშნულებით დამეხარჯა... ეს შანტაჟზე მეტყველებს და არა ინტერესზე ურთიერთობების გადატვირთვისადმი“, - აცხადებს ივანიშვილი.
მისი თქმით, გასულ წელს, როცა სანქციების დროებითი მოხსნა მოხდა, თავად მოითხოვა ელჩთან შეხვედრა, თუმცა შეხვედრა ჯერ გადაიდო და საბოლოოდ გაუქმდა.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ აყენებს საკუთარ ინტერესებს სახელმწიფოებრივზე მაღლა, ხოლო პრინციპული პოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს მის პასუხისმგებლობას.
მთავრობამ, ივანიშვილის უარის შემდეგ, ელჩს შეხვედრა პრემიერ-მინისტრის დონეზე შესთავაზა, თუმცა პასუხად კვლავ უარი მიიღო.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ივანიშვილს არ აინტერესებს პირადი მატერიალური სარგებელი და მზად არის სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ საკუთარი ფინანსური უსაფრთხოებაც კი გადააყოლოს. ელჩთან შეხვედრაზე უარი არ ნიშნავს ანტიამერიკულ პოზიციას, პირიქით, ხაზგასმულია მზაობა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა განახლდეს „სუფთა ფურცლიდან“. ხოლო საელჩოსგან უარი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე აღიქმება, როგორც დადასტურება იმისა, რომ ამერიკულ მხარეს მხოლოდ ივანიშვილზე ზეწოლა აინტერესებს და არა სახელმწიფოთაშორისი დიალოგი.
ამ ფონზე, ოპოზიციური ნარატივი, თითქოს ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ინტერესებს სახელმწიფოზე მაღლა აყენებს, ვერ მყარდება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ამერიკის ელჩისა და ბიძინა ივანიშვილის შესაძლო შეხვედრის შესახებ კომენტარში აღნიშნა, რომ ელჩს არ აქვს შეზღუდვა მთავრობის წარმომადგენლებთან კომუნიკაციაში და თუ გზავნილის გადაცემა უნდა, ამისთვის არსებობს ოფიციალური არხები.
„აშშ-ის ელჩს თუ სურს რაიმე გზავნილის გადაცემა საქართველოს სახელმწიფოსთვის, არის საგარეო საქმეთა მინისტრი, არის პრემიერ-მინისტრი და არავის შეუზღუდავს, რომ შეხვდეს მას და არც შეუთავაზებია, როგორც ვხვდები“,-ამბობს პაპუაშვილი.
ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება პარტნიორობაში იყო თანმიმდევრული, ღია და კეთილსინდისიერი და ეს წლების მანძილზე დამტკიცდა.
პაპუაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის მიერ არაერთხელ საჯაროდ არგუმენტირებული პოზიცია აშშ-ის იმჟამინდელმა ადმინისტრაციამ არ გაითვალისწინა. გამოცდილება კი მათ მხარესაა და დრო ადასტურებს მათი პოზიციების სისწორეს.
პაპუაშვილმა ბოლოს ისიც აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის წერილს საქართველოსადმი უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ელჩის განცხადებებს.
„ჩვენ ვიხილეთ პრეზიდენტ ტრამპის წერილი და, მგონი, პრეზიდენტ ტრამპის წერილი ცოტა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე სხვა რაიმე საკითხები“, - აცხადებს ის.
დავით ქართველიშვილი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს მიერ გაკეთებული განცხადება კვლავ წარმოადგენს მცდელობას, ხელისუფლება ხაფანგში შეითრიონ.
„ეს არის მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენონ. სურთ, მისგან შექმნან არაფორმალური მმართველის ფიგურა, რაც შემდეგ მათთვის სასურველ წრეებში, ადგილობრივ აგენტებში, გამოყენებული იქნება იმის დასამტკიცებლად, თითქოს საქართველოში ოლიგარქიული მმართველობაა. საინტერესოა, რატომ სჭირდებოდა აშშ-ის ელჩს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა, მაშინ, როდესაც იგივე გზავნილის გახმოვანება შეეძლო პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს. მით უმეტეს, რომ ირაკლი კობახიძემ ღია წერილები დაუწერა როგორც პრეზიდენტ ტრამპს, ისე სენატორ ვენსს.
განსაკუთრებით საინტერესოა ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა დონალდ ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს წერილით მიულოცა 26 მაისი. ახლა ვეღარ იტყვის ამერიკის ელჩი, თითქოს პრემიერი კობახიძე და პრეზიდენტი ყაველაშვილი არალეგიტიმური ფიგურები არიან. ვფიქრობ, სწორედ ტრამპის ეს მილოცვა იყო იმდენად მოულოდნელი, რომ ელჩი ასეთ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ალბათ, ამიტომაც არ გამოჩნდა 26 მაისის ღონისძიებაზე და სხვა ელჩებთან ერთად არ მიიღო ზეიმში მონაწილეობა,“ – აცხადებს ქართველიშვილი.
მისი თქმით, ტრამპის წერილი ელჩისთვის ისეთივე მოულოდნელობა იყო, როგორც მისი საზოგადოებისთვის. განსხვავებით სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მარკო რუბიოს მეშვეობით გაკეთებული მისალოცი განცხადებისგან, რომელზეც, ქართველიშვილის აზრით, ელჩს წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია.
„ვეთანხმები პრემიერ კობახიძეს, რომ რუბიოს განცხადება ძალიან ჰგავდა „დიფ სთეითის“ დაქირავებული კლერკის მიერ დაწერილ ტექსტს. აშკარა იყო მცდელობა, გვერდი აევლოთ „ქართული ოცნების“ მოქმედი ხელისუფლებისთვის, რომელსაც ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა მიანიჭა. დონალდ ტრამპმა კი ამ მოლოდინებს ცივი წყალი გადაავლო. ეს იყო საკონტროლო გასროლის ტოლფასი, როგორც ელჩისთვის, ისე იმ ძალებისთვის, რომლებიც მის კარნახს მისდევენ. ბატონი ბიძინა ივანიშვილის პასუხიც სწორედ ამიტომ არის ლოგიკური. ის დღემდე არაოფიციალური სანქციების ქვეშ იმყოფება. ასეთ პირობებში, როცა მას შანტაჟის საფრთხე ემუქრება, არ სურს აშშ-ის ელჩთან შეხვედრა, რათა არ შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს ის პირად საკითხებს ქვეყნის ინტერესების ფასად წყვეტს. ყველამ ვიცით, რომ ეს მერე აუცილებლად იქნება გამოყენებული კონკრეტული ძალების პროპაგანდისთვის“, - ამბობს ის და დასძენს, რომ, მისი ვარაუდით, თავად ტრამპის ადმინისტრაციაშიც არის აზრთა სხვადასხვაობა საქართველოს და მისი ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულებაში.
„ერთი მხრივ გვაქვს დონალდ ტრამპის წერილი, ხოლო მეორე მხრივ – ამერიკის საელჩოს განცხადება, რომელიც მარკო რუბიოს განცხადების პათოსს იზიარებს. ფაქტია, აზრი გაყოფილია რესპუბლიკურ პარტიაშიც. მათი ნაწილი ღიად იკავებს ანტიტრამპისტულ პოზიციებს. იგივე სიტუაციაა უკრაინის ომის კონტექსტშიც – ისინი იზიარებენ ევროპული ბიუროკრატიის ნარატივს. მაგალითად, ილონ მასკი, რომელიც ტრამპის ნდობით აღჭურვილი პირია, არ არის სასურველი ფიგურა ბევრი ტრამპის თანაგუნდელისთვისაც კი. ასე რომ, თეთრ სახლში, ადმინისტრაციულ თუ საკანონმდებლო დონეზე, შიდა პოლიტიკური ბრძოლა მძაფრად მიმდინარეობს და საქართველოსთან დაკავშირებით არათანმიმდევრული განცხადებებიც სწორედ ამ პროცესის გამოძახილია“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.
ამას ვინ ჭამს - ივანიშვილი ფაქტიური მმართველია და მასთან ვაგვარებთო
თუ რეალობა გაინტერესებთ იანკებო, ის გაარკვიეთ ვინ მართავდა თქვენს ქვეყანას დემენციიანი ბაიდენის ნაცვლად მისი პრაზიდენტობის ბოლო ორ წელს და დაირღვა თუ არა ამით თქვენი სანაქებო კონსტიტუცია!