რა საბოტაჟში ამხილეს თბილისის მერია

რა საბოტაჟში ამხილეს თბილისის მერია

"ნაციონალური მოძრაობის" ოცნებაა, რომ ქვეყანა დააბრუნონ 90-იან წლებში. ამომრჩეველი ხშირად ვერ მიჯნავს ხელისუფლებისა და ადგილობრივი ჯერ კიდევ თბილისის "ნაციონალური" ხელისუფლების ფუნქციებს. ხშირად იმასაც ვერ ვხვდებით, რა ფარულ საბოტაჟს აწყობენ "ნაცები". ფაქტი ერთია - თბილისში გზის საფარი 90-იანი წლების სტატუს კვოს უბრუნდება, უბნებში გაჩენილი "იამები" კი შევარდნაძის პერიოდს გახსენებს. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია აცხადებს, რომ მთელი თბილისის მასშტაბით გზის საფარი სავალალო მდგომარეობაშია, იმის მიუხედავად, რომ თბილისის 2014 წლის ბიუჯეტში გზების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა წინა წლებთან შედარებით გაზრდილია და 64 მილიონ ლარს შეადგენს. ამის მიუხედავად, ჯერაც არ დაწყებულა გზებზე სამშენებლო-შეკეთებითი სამუშაოები, რაც საზოგადოების ობიექტურ უკმაყოფილებას იწვევს. ფაქტობრივად, არ არსებობს ქუჩა, სადაც არ არის ორმოები. გზის საფარი დაზიანებულია როგორც თბილისის ცენტრალურ უბნებში, ასევე გარეუბნებში. ზოგჯერ რჩება შთაბეჭდილება, რომ სპეციალურად თხრიან ორმოებს და მძღოლებს იმ ადგილას ხვდებათ სიურპრიზი, სადაც წინა დღით ნორმალური ასფალტის საფარი იყო. ჯაბა სამუშია აცხადებს, რომ საქმე გვაქვს საბოტაჟთან "ნაციონალების" მხრიდან. "ალიას" კითხვებს ჯაბა სამუშია პასუხობს", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით რა საბოტაჟში ამხილეს თბილისის მერია.

"როცა ვსაუბრობ საბოტაჟზე, ამის უკან დგას კონკრეტული ფაქტები. ქალაქის მთავრობას ჰქონდა შესაბამისი თანხები, ეწარმოებინა წინასწარი სამუშაოები გზის საფარის მოწესრიგებასთან დაკავშირებით. დრო გაიწელა ხელოვნურად და თქვენ იცით, რა ხდება ქალაქში. მე არ ვითხოვ წვიმაში დააგონ ასფალტი, ის ტექნოლოგია, რაც თბილისშია, ამის საშუალებას არ იძლევა, მაგრამ ის, რომ უნდა დაიწყოს ორმოების ამოვსება და ქუჩები მომზადდეს სარეაბილიტაციოდ, ამასაც არავინ აკეთებს. ეს იცით, რატომ არ გაკეთდა აქამდე? ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელსა და მერიას უნდოდათ გადმოებრალებინათ ჩვენთვის ეს საკითხი და ეთქვათ, - ქალაქის ბიუჯეტის არქონის გამო გვაქვს შეფერხებებიო, მაგრამ ამაშიც შეცდნენ, ტენდერები, რომელიც ავალდებულებდა, რომ თანხა დახარჯულიყო 1/12-ის პირობებში, გამოცხადებულია სწორედ იანვარში. ასე რომ, თანხა არსებობდა", - აცხადებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია.

"მათ შეეძლოთ, მიზნობრივად დახარჯულიყო ამ მიმართულებით გაწერილი თანხები. საეჭვოა, ამ პრობლემების მიმართ უკლებლივ ყველა რაიონის გამგეობისა და გამგებლის ინერტულობა. სწორედ ეს არის მათი მხრიდან მიზანმიმართული საბოტაჟი. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ გამგებლები ხელოვნურად აჭიანურებენ მათივე გამოცხადებულ ტენდერებს, ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ ქალაქში შექმნან ხელოვნური გზით პრობლემები და მოსახლეობას ამჟამინდელი ხელისუფლების უმოქმედობა დაანახონ. რაც ქალაქის ქუჩებში ხდება, ეს ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ საბოტაჟის გზით თბილისელები დააბრუნა 90-იან წლებში", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ჯაბა სამუშია.

"პასუხი უნდა აგოს იმან, ვის ფუნქციაშიც შედის აღნიშნული პრობლემის მოგვარება. ეს არის გამგეობები, გამგებლები, მე მახსოვს, კრწანისის გამგებლის, ქალბატონ ხათუნა ბერძენიშვილის გამოსვლა, რომელიც ამტკიცებდა, ფული არ არის გზების დასაგებადო. ის ამას იანვარში აცხადებდა, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ იანვარ-თებერვალში გამოცხადდა ტენდერი, რომელიც წინ აღარ არის წასული, კერძოდ, სარემონტო სამუშაოები არ შეასრულეს. მაგალითად, დიდუბეში გამოცხადებული იყო ტენდერი. ჯერ კიდევ 2013 წლის დეკემბერში, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კონკრეტულ ფირმასთან გაფორმებულიც არის ხელშეკრულება, მაგრამ სამუშაოები ძალიან ნელი ტემპით მიდის წინ. ეს ყველაფერი, ვიცით, საიდანაც იმართება. ამას ჰქვია პოლიტიკის ბინძური ხერხებით კეთება. ქალაქის მთავრობის წევრებთან კომუნიკაცია აქვს გიგი უგულავას, გამგებლების დიდი ნაწილი, რომელიც "ნაცმოძრაობის" რაიონული შტაბების ხელმძღვანელებიც არიან, მათ მართავს გიგი უგულავა. არ გამოვრიცხავ, რაც ხდება ქალაქის ქუჩებში, ეს იყო "ნაციონალების" ერთიანი გეგმის ნაწილი", - დასძენს რესპონდენტი.