26 მაისს უწყვეტი პროტესტის 180-ე დღე იყო და აქციის მონაწილეები კვლავ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ, სადაც ასევე „26 მაისის ეროვნული კომიტეტის“ ორგანიზებით, სახელწოდებით „საქართველო კვლავ დაგიცავ“ ღონისძიება გაიმართა. იყო სიტყვით გამოსვლები და პოლიტიკური მოწოდებები. აქციაზე შეკრებილებს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით მიმართა.
ყოფილმა პრეზიდენტმა სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი დაასახელა, რომელიც მისი შეფასებით, შესაძლოა გამარჯვების ფორმულა გახდეს: უწყვეტი პროტესტი, დასავლეთის მხარდაჭერა და პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა. ზურაბიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, საზოგადოებასა და პარტიებს შორის დაპირისპირება და დაყოფა შემოიტანოს, რაც არ უნდა დავუშვათ.
„ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ვერც ერთი პარტია მარტო ვერაფერს მიაღწევს. ისიც ძალიან კარგად ვიცით, რომ თუ არა ელემენტარული ერთობა - „ქართული ოცნების“, რომელსაც აღარაფერი აღარ შეუძლია, ერთადერთი ბერკეტი და ერთადერთი მიზანი არის, საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის შემოიტანოს დაყოფა, ეს არის ყველა დიქტატორული რეჟიმის ერთადერთი ხერხი - დაყავი და იბატონე - და ეს არ უნდა დავუშვათ, ამიტომ ვმუშაობთ იმაზე და შევქმენით წინააღმდეგობის პლატფორმა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის თქმით, ზურაბიშვილის მიმართვაში რაიმე ახალი და მნიშვნელოვანი არაფერი ყოფილა, რადგან ამ ტიპის განცხადებები აქამდეც გაჟღერებულა მისი მხრიდან. ანჯაფარიძის შეფასებითვე, მეხუთე პრეზიდენტის მიმართვა კატასტროფა იყო.
„სალომე ზურაბიშვილს მის გამოსვლაში რაიმე ახალი არ უთქვამს, მეტიც, მისი გამოსვლა იყო სრული კატასტროფა, როგორც ორატორული კუთხით, ასევე პოლიტიკური საზომით. ოპოზიცია რომ უნდა კოორდინირებდეს ერთმანეთთან, ეს ხომ ახალი არ არის?! - ამაზე არაერთხელ უთქვამს მას და სხვასაც. ამასთან, დასავლეთის მხარდაჭერა რომ ეიმედებათ, არც ეს არის ახალი. დღეს ვნახეთ რუსთაველზე მათი მხარდაჭერის რაოდენობრივი მაჩვენებელი. ეს იყო ზურაბიშვილის ერთ-ერთი, მორიგი გამოსვლა, რომელიც არავითარ ახალ გზავნილს არც საზოგადოებისთვის და არც პოლიტიკური ძალებისთვის არ შეიცავდა. შესათავაზებელი მათ უკვე არაფერი არ აქვთ. ერთადერთი, რასაც ისინი რეალურად სთავაზობენ საზოგადოებას, ეს არის ის, რომ მათ მხარს უჭერს დასავლეთი, მაგრამ საზოგადოება იყიდის ამ შეთავაზებას?! - მე არ მგონია“, - განაცხადა ანჯაფარიძემ.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი გახარიას და მისი პარტიის წევრებს შესაძლოა დეპუტატის საპარლამენტო მანდატები შეუწყდეთ, რადგან გახარიას პარტიამ გაცდენების მხრივ ზღვარი გადალახა. ამის ფონზე, გააქტიურდა საუბარი მისი პარტიის დეპუტატების პარლამენტში შესაძლო შესვლის შესახებ. ანჯაფარიძემ For.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მალე გამოჩნდება გახარიას პარტიას „დღევანდელი კვერცხი ურჩევნია თუ ხვალინდელი ქათამი“.
„ქუჩაში დარჩენაში რაღაც იმედი მაინც შეიძლება იყოს იმისა, რომ ხელისუფლება, თუ მისთვის გაუსაძლისი სიტუაცია შეიქმნება, დანიშნავს ახალ არჩევნებს, მაგრამ მეორე საკითხია იმ ახალ არჩევნებში, მაგალითად, გიორგი გახარიას პარტია დადებს იმავე შედეგს, რაც დადო 2024 წლის არჩევნებში?! - მართლაც რომ რთული სიტუაციაა. ალბათ, პარტიაში გადაწყვეტენ, დღევანდელი კვერცხი ურჩევნიათ თუ ხვალინდელი ქათამი“, - აღნიშნა მან.
სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, არავინ აპირებს ადგილობრივ არჩევნებზე წასვლას, თუ ეს იქნება „ქართული ოცნების“ წესებით და „ქართული ოცნების“ და მანიპულაციის ქვეშ. მისივე თქმით, უნდა ჩატარდეს ჯერ საპარლამენტო და მერე ადგილობრივი ან შესაძლებელია ერთდროულად ორივეს ჩატარება, რისთვისაც საჭიროა მზადება.
„ქართულმა ოცნებამ“ შემოაგდო ადგილობრივი არჩევნების თემა, როგორც ადრე - პარლამენტში „შევლენო“, არც არავინ შესულა და არც არავინ აპირებს ადგილობრივ არჩევნებზე წასვლას, თუ ეს იქნება „ქართული ოცნების“ წესებით და „ქართული ოცნების“ და მანიპულაციის ქვეშ. სამაგიეროდ, ალბათ, ყველა აპირებს, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ეს არჩევნები უნდა იყოს ჯერ საპარლამენტო და მერე ადგილობრივი ან, ბოლო ბოლო, ერთობლივად საპარლამენტო და ადგილობრივი, ამისთვის აუცილებელია და ამაზე ნუ დაიწყებთ ეჭვებს და ჭორაობას, აუცილებელია მზადება, აუცილებელია ახალი წესები, რომელიც შევქმენით „წინააღმდეგობის პლატფორმის“ ფარგლებში, რომელიც იქნება ჩვენი პირობები არჩევნებისთვის. აუცილებელია, რომ დამკვირვებლების მთელი არმია მოვამზადოთ. ეს უკვე დაწყებული უნდა იყოს. აუცილებელია, რომ დიასპორამ გამოიღვიძოს და დაიწყოს რესგისტრიება, რომ ეს არ იყოს ბოლო წუთში მოუმზადებელი და დაგვიანებული. ეს მზადება არის ჩვენი, საერთო, იმისთვის, რომ ყველამ ერთად, ოპოზიციამ, დაიცვას ყველას ხმა, ეს არის გამარჯვების ფორმულა და მე ამაში ვარ დარწმუნებული და ჩვენი მისატანია ბოლომდე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.