ნაცმოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ მელია იქნება. პარტიული არჩევნების დაანონსებიდან ორ კვირაში დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ მთაწმინდის რაიონის გამგებელის, ნიკა მელიას სასარგებლოდ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. შესაბამისად, პრაიმერი აღარ გაიმართება.
ვაშაძე აცხადებს, რომ კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება პოლიტიკურ გუნდთან ერთად მიიღო და მიზეზი შიდა კონკურენცია იყო, რამაც ახალი ლიდერები გამოკვეთა, მათ შორის, მისი მეგობარი ნიკა მელია. თუმცა, სინამდვილეში, გაურკვეველია, ვაშაძის მიერ მერობის კანდიდატურაზე უარის თქმა შიდა დაპირისპირების ნაწილია თუ გუნდური შეთანხმების?! ან კიდევ, საინტერესოა, რას ნიშნავს შიდა კონკურენცია, როცა ნაციონალებს პრაიმერი არ ჩაუტარებიათ?!
არც თუ ისე დიდი ხანია, აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ გიორგი ვაშაძე ძველ ლიდერებს ემიჯნება, მათ შორის გიგი უგულავას, თუმცა, საბოლოოდ, მაინც უგულავას კადრის, ნიკა მელიას სასარგებლოდ მოხსნა ვაშაძემ კანდიდატურა. იმ პერიოდიდან მოყოლებული, მართლია, ვაშაძე კატეგორიულად გამორიცხავს უგულავასთან დაპირისპირებას, მაგრამ ერთი პერიოდი, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის პარტიიდან წასვლასაც აპირებდა.
უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ნაცმოძრაობამ ძალიან სუსტი კანდიდატურა წარადგინა ნიკა მელიას სახით. ამასთანავე, იმასაც პროგნოზირებენ, რომ ნაცმოძრაობას დიდი არჩევანი არ აქვს, შესაბამისად, ნიკა მელია მხოლოდ მეორე ადგილზე გასასვლელად იბრძოლებს და არა თბილისის მერობის მოსაგებად. ამის საწინააღმდეგოდ, ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ სახელისუფლებო კანდიდატს დაამარცხებს. მით უფრო, რომ ნარმანიას არ აქვს ის გამოცდილება, რომელიც დღეს სჭირდება თბილისს.
აღსანიშნავია, რომ ნიკა მელიას სახელი რესტორან „ლა ტრუფეში“ მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება, სადაც მელიას ხულიგნობის მუხლით წარედგინა ბრალი. ასევე, მის სახელთანაა დაკავშირებული სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტი ბანკი „ქართუს“ საქმესთან დაკავშირებით, როცა ის აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი იყო.
ნიკა მელია ირწმუნება, რომ ვაშაძის გადაწყვეტილება მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა, რადგან ამ ატაპზე გიორგი ვაშაძე თავის თავს ხედავს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში თბილისში, ქუთაისში, ხაშურში, ზუგდიდსა და სხვა ქალაქებში.
თავის მხრივ, ნაციონალებიც ირწმუნებიან, რომ პარტიის შიგნით არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. თუმცა ირკვევა, რომ პარტიის ზოგიერთი წევრისთვის ვაშაძის გადაწყვეტილება არცთუ სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა.
ნაცმოძრაობის წევრები არ მალავენ, რომ უპირატესობას ვაშაძეს ანიჭებდნენ. საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ისურვებდა, მერობის კანდიდატი ვაშაძე ყოფილიყო. თუმცა პოლიტიკაში ასეთი რამ ხშირად ხდება - არსებობს კონკურენცია, არის გადაწყვეტილებები, კანდიდატურის მოხსნა ვინმეს სასარგებლოდ და ეს სულაც არ ნიშნავს შიდა პარტიულ დაპირისპირებას, რაზეც ბოლო დროს ხშირად საუბრობენ.
მისი თქმით, არ არის დასამალი, რომ პარტიის შიგნით კონკურენციაა და პრაიმერი უბრალოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს.
„მე ვისურვებდი ვაშაძე მერობის კანდიდატი ყოფილიყო და სრულყოფილი პრაიმერი ჩატარებულიყო“, - აცხადებს გიგი წერეთელი.
ჩვენ დავინტერესდით, ვაშაძის მიერ მერობის კანდიდატურაზე უარის თქმა ხომ არ უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ამ უკანასკნელმა ძალიან კარგად იცის, ნაციონალების შანსები თვითმმართველობის არჩევნებში. კერძოდ, ნაციონალები დამარცხდებიან, რასაც, სავარაუდოდ, მოჰყვება ნაცმოძრაობის გაყოფა. ამის შემდეგ კი ვაშაძე ნაციონალების ახალ ფრთას ჩაუდგება სათავეში და განახლებულ ძალად მოგვევლინება?! ამდენად, დღესდღეობით ხომ არ განერიდა ვაშაძე ამ სიტუაციას?!
ამასთან დაკავშირებით გიგი წერეთელი აცხადებს, რომ მას არ შეუტყვია ვაშაძისთვის, თითქოს ის დამოუკიდებლად აპირებს გასვლას ან ელის პარტიაში კატაკლიზმებს. პირიქით, მისი ნაბიჯები ყოველთვის კონსოლიდაციისკენ იყო მიმართული და გიორგი ვაშაძე ყველაფერს გაკეთებს, რომ ნიკა მელიამ წარმატებას მიაღწიოს ამ არჩევნებზე.
„ამაზე სპეკულაციები, ალბათ, საჭირო არ არის. ნაციონალების გაყოფის შესახებ ბევრი რამ თქმულა, მაგრამ არაფერი მომხდარა. თეორიულად, რა იქნება რამდენიმე თვის შემდეგ, ვერ გეტყვით. დღეს პარტია კონსოლიდირებულია და გაცილებით უფრო უკეთესი შედეგის საჩვენებლად ემზადება, ვიდრე ეს იყო წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე. იმედი გვაქვს, ბევრ რაიონსა და ქალაქში ჩვენი კანდიდატები გაიმარჯვებენ. სადაც ვერ გაიმარჯვებენ, იქ ღირსეულ კონკურენციას მაინც გაუწევენ ნებისმიერ სხვა კანდიდატს. მთავარია, ხელისუფლებამ კარგი საარჩევნო გარემო შექმნას“, - აღნიშნა გიგი წერეთელმა.
ამასთან, ვერ დააკონკრეტა, მერობის კანდიდატად მეტი შანსი ვის აქვს - ვაშაძეს თუ მელიას. უბრალოდ, აღნიშნა, რომ ვაშაძეს კარგა ხანია იცნობს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ის აქტიურად იყო წარმოჩენილი პოლიტიკურ ასპარეზზე, მას საზოგადოებაც კარგად იცნობდა. მელია კი მცირე ხანია, რაც გამგებლის თანამდებობაზეა, თუმცა ისიც აქტიური კაცია.
„ბევრ რამეს განსაზღვრავს არჩევნების პერიოდის კონიუნქტურა და წინასაარჩევნო ვითარება. ასევე, სხვა პარტიების კანდიდატების გადანაწილება. რა თქმა უნდა, ილაპარაკებენ, რომ ნაციონალებში რაღაც ხდება და თურმე, ამიტომაც მოხსნა თავისი კანდიდატურა ვაშაძემ, მაგრამ ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია და ვაშაძემ ამ ვითარებაში მელიასთვის დათმობა ამჯობინა. ვნახოთ, რა მოხდება.“
ჩვენთან საუბრისას საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით დარჩიაშვილმა ვერ დამალა, რომ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ იყო, თუ ვის სასარგებლოდ მისცემდა ხმას - გიორგი ვაშაძის თუ ნიკა მელიას. თუმცა ვაშაძის მიერ თავისი კანდიდატურის მოხსნა ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესის ნაწილად მიაჩნია.
„ვფიქრობ, წინასწარი შეხვედრების დროს გიორგი ვაშაძემ იფიქრა, რომ შეიძლება, ნაცმოძრაობის თბილისის აქტიურ ნაწილში ნიკა მელიას მეტი მხარდაჭერა ჰქონდა. არჩევნებში გამარჯვება რომ ძნელი იქნება, ეს ცხადია. სახელისუფლო ვერტიკალი მთლიანად კოალიციის ხელშია, მაგრამ საკუთარი იდეებისთვის ბრძოლა აუცილებელია და ამ ბრძოლაში მარცხი არ ნიშნავს პოლიტიკური კარიერის დასასრულს“, - გვითხრა დავით დარჩიაშვილმა.
მანვე განმარტა, რომ ნაცმოძრაობაში ცალკე გამოყოფილი ახალგაზრდული ფრთა არ არსებობს და ყველა ასაკის ადამიანები ერთად არიან. ამდენად, ნაცმოძრაობის გაყოფაზე საუბარი სპეკულაციაა და იგი ვერ ხედავს ასეთ ნიადაგს, რომ ვაშაძე მათ გამოეყოს, თანაც - ასაკობრივი ნიშნით.
ვაშაძის მიერ მელიას სასარგებლოდ კანდიდატურის მოხსნას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში რამდენიმე ვერსიას უკავშირებს: თავად ნაცმოძრაობიდან გამოსული ინფორმაციით, ამ პარტიაში გარკვეული დაპირისპირებაა და, ალბათ, ჩათვალეს, რომ პიარის თვალსაზრისით, უკეთესი იქნებოდა არა პრაიმერს გამოევლინა უკეთესი კანდიდატი, არამედ ერთ გუნდად ყოფნის ჟესტი წარმოეჩინათ. სწორედ ეს ჟესტი გააკეთა ვაშაძემ.
მისი თქმით, ალბათ, არსებობს სხვა პარამეტრებიც, რისთვისაც შეირჩა მელიას კანდიდატურა. შესაძლოა, ერთ-ერთი ვერსია სწორედ ისაა, რომ ნიკა მელიას პრობლემა აქვს სამართალდამცავ ორგანოებთან. ამიტომ მისი კანდიდატად დაყენება ნიშნავს, რომ მის მიმართ განხორციელებული საგამოძიებო პროცესები აღქმულ იქნება პოლიტიკურ ზეწოლად.
„იქნებოდა ვაშაძე მერად თუ ნიკა მელია მერად, მაინც ვერცერთი ვერ გაიმარჯვებდა მერობის არჩევნებში. ამიტომ იფიქრეს, ეს ყველაფერი გამოეყენებინათ და ვაშაძეს მოეხსნა კანდიდატურა, რადგან მომავალში მას ექნება პერსპექტივა, რომ ნაცმოძრაობის ეგიდით გააგრძელოს პოლიტიკური საქმიანობა. ის ხომ არ იქნება დამარცხებული ლიდერი. როგორც ჩანს, მელიას არ აქვს პრეტენზია, იყოს ლიდერი. შესაძლოა, არჩევნების შემდეგ ის გადავიდეს მეორე პლანზე ან სულაც დატოვოს პარტიული საქმიანობა. ვფიქრობ, ნაცმოძრაობის პარტიული გადახალისება მოხდება. ისინი იძულებულნი არიან, შეეგუონ პარტიაში ახალი ლიდერის გამოჩენას და იმაზეც თანახმანი არიან, თვითონ გადავიდნენ მეორე პლანზე. მხოლოდ ასე შეძლებენ პოლიტიკაში მონაწილეობის მიღებას. ამიტომ ვფიქრობ, ვაშაძე სწორედ აქეთკენ მიდის, - ნაცმოძრაობის ახალი ლიდერობის მანტიის მორგებას ცდილობს, თუ მანამდე ახალი პრობლემები არ შეექმნა ნაცმოძრაობას“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.
მანვე გამორიცხა, ვინმემ ხმაურით დატოვოს ნაცმოძრაობა, რადგან მაინც დიდი გამოცდილება აქვს ძველ გვარდიას და იცის, რომ არ ღირს კარის გაჯახუნება და ძველ თანაგუნდელებთან დაპირისპირება (რომლებიც მომავალი პარტიის სახეები იქნებიან).
და ბოლოს, ჩვენ დავუკავშირდით გიორგი ვაშაძესაც. მან გვითხრა, რომ კვლავაც ნაცმოძრაობაში რჩება, რადგან იქ ბევრი ღირსეული ადამიანია, რომელიც არა პირადი კარიერის, არამედ ღირებულებების გარშემოა შემოკრებილი.
„დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, მივიღე კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება. ჩემი აზრით, დროა, გადავიდეთ აქტიურ საარჩევნო კამპანიაზე და არა შიდა დისკუსიებზე. ცვლილებებმა, რომელიც განხორციელდა ნაცმოძრაობაში, კონკრეტული შედეგი მოგვიტანა, 13 ათასამდე ადამიანი მარტო თბილისშია ნაცმოძრაობაში გაწევრიანებული და ეს ღირებული რესურსია. ამ ცვლილებებზე ვმუშაობდი მთელი ამ წელიწადნახევრის მანძილზე და მნიშვნელოვანია, ბოლომდე მივიყვანოთ ეს ცვლილებები. რა თქმა უნდა, პარტიაში სხვადასხვაობა იყო. დღესაც რადიკალური ცვლილებების მომხრედ ვრჩები და არა თანდათანობითი ცვლილებების. თუმცა მესმის იმ ადამიანებისაც, ვინც თანდათანობით ცვლილებებზე საუბრობს, რადგან ამ პოლიტიკურ სიტუაციაში რთულია მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ ჩემი რესურსი გუნდთან ერთად მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა გამოვიყენო, ყველა რაიონში ვიარო, რომ დაწყებული საქმე შუაში არ გაჩერდეს“, - გვითხრა გიორგი ვაშაძემ.
მანვე გამორიცხა ნაცმოძრაობის გაყოფა და განმარტა, რომ ერთიანობას ინარჩუნებენ. რაც შეეხება ნიკა მელიას შანსებს, გვითხრა, რომ ამას არჩევნები გვიჩვენებს.
„ჩვენ სერიოზულად ვიბრძოლებთ ამ არჩევნებში გასამარჯვებლად“, - ასეთია ვაშაძის პოზიცია.
ცნობისთვის, თბილისის მერობისთვის ამ ეტაპზე ოთხი კანდიდატურა იბრძოლებს: დავით ნარმანია, ნიკა მელია, კახა კუკავა და გიორგი გაჩეჩილაძე („მწვანეთა“ პარტიის ლიდერი).