[ქრისტინე მალანია]
“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი, თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ ამერიკა საქართველოში, 2004 წელს, ბუშის ადმინისტრაციის დროს შეჩერებული დემოკრატიის პროგრამის დაფინანსების განახლებას აპირებს. ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ამერიკის შეეერთებული შტატების პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი საქართველოს ხელისუფლების მისამართით ღია განცხადებებს აკეთებენ. მისი აზრით, დღეიდან, ბევრი რამ ქართულ არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორზეა დამოკიდებული.
როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა პრეზიდენტ ბარაკ ობამას ვაშინქტონში გაკეთებული განცხადება - “მესიჯი” საქართველოსათვის?
-რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად პირდაპირი გზავნილი იყო. ვაშინგტონის პრესკონფერენციაზე, ბარაკ ობამას მიერ გაკეთებულ განცხადებაში ყველაფერი ნათელია. ის არ საუბრობდა ქვეტექსტებით, სრულიად პირდაპირ დააფიქსირა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დემოკრატიული მოძრაობების გვერდზე დგას. განცხადებაში აღნიშნა, რომ იმის მიუხედავად მეგობრები არიან თუ მტრები, ამერიკა არ დაუჭერს მხარს ავტორიტარ მმართველებს.
ეს შემთხვევით არ უთქვამს. ტექსტის ამ ფორმით მან ყოველგვარი გზა მოუჭრა ინტერპრეტირებისთვის სააკაშვილს და მისნაირ ამერიკის მეგობარი ქვეყნების ავტორიტარ მმართველებს. სააკაშვილის გარდა, ამერიკას ბევრი სხვა ავტორიტარი მეგობარი ჰყავს. ობამამ არ მისცა სააკაშვილს საშუალება ეთქვა, - მე კი არა, ახმადინეჯადს, ან პუტინს გულისხმობდაო. ძალიან ნათლად და ცალსახად აღნიშნა, მტერი ხარ თუ მოყვარე არ აქვს მნიშვნელობა, თუ დემოკრატი არ ხარ, მე სხვების მხარეს ვდგავარო.
ობამას მსგავსად უნდა აღვიქვათ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის გაკეთებული განცხადებაც?
-აბსოლუტურად. ჰილარი ქლინტოთან ტელეხიდს ოცი ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ოთხ კითხვას გაეცა პასუხი და აქედან ერთი საქართველო იყო. ჩემთვის კიდევ უფრო საამაყოა, რომ კითხვა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს – თამუნა ჩუგოშვილს ეკუთვნოდა, თუმცა ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. თამუნა ძალიან ჭკვიანი და განათლებული ადამიანია, მაგრამ მისი შეკითხვა ამის გამო არ შერჩეულა. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ კითხვა საქართველოს და საქართველოში ყველაზე სერიოზული და ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს ეკუთვნოდა. ფორმის თვალსაზრისით, ეს უკვე თავისთავად მესიჯი იყო.
შინაარსის ნაწილსაც თუ დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ როდესაც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ამბობს, შეუძლებელია ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა, თუ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კომბნაცია არ იქნებაო, ესეც რა თქმა უნდა მესიჯია. ჰილარი ქლინტონი ძალიან მარტივად ეუბნება ხელისუფლებას, რომ თქვენი რიტორიკა ტყუილი და ნაგავზე გადასაგდებიო.
მაგალითისათვის, ავიღოთ სააკაშვილის ბოლო გამოსვლა, რომელიც 6 საათის განმავლბაში მიმდინარეობდა. პრეზიდენტს სიტყვა “დემოკრატია” არც უხსენებია. არ უსაუბრია ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, სასამართლოზე და არაფერ იმაზე, რასაც დემოკრატიის განვითარებასთან აქვს კავშირი. სამაგიეროდ, გვესაუბრა მექანიზაციაზე, ტრაქტორებზე, გაზიფიკაციასა და ელექტრიფიკაციაზე. ამ ყველაფერმა კომუნისტურ რეჟიმთან დაკავშირებული ცუდი განცდები გაგვახსენა. ისეთი შთაბეჭდილება იყო, თითქო ბრეჟნევი ლაპარაკობდა, ოღონდ ცოტა უფრო ახალგაზრდა.
როგორ გგონიათ, რამდენად გაითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლება ამერიკის ამ ახალ პოზიციას?
-არ მაინტერესებს გაითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება. ჩვენი საზოგადოება რამდენად გაითვალისწინებს და რა დასკვნებს გამოიტანს, მე ეს უფრო მაინტერესებს. სწორი დასკვნა კი ობამა-ქლინტონის განცხადებებიდან სწორედ ის არის, რომ ამ ქვეყანაში, “გლეხი კაცისთვის არავინ არ არის”, “ჩვენ მარტო ვართ”, “არავის არ ვაინტერესებთ” და მსგავსი მიდგომები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. საერთოდ კი, ყველა რომ საკუთარ საქმეს ვაკეთებდეთ, მიშა ძალიან დიდი ხნის წინ წავიდოდა ხელისუფლებიდან.
ეს განცხადებები ეგვიპტისა და ტუნისი მოვლენების განვითარებით იყო განპირობებული ?
-რა თქმა უნდა. ასეთი მოვლენები იზოლირებული არასდროს არ არის და მას ყოველთვის ტალღისებური ეფექტი აქვს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ და ზეგ ეს ტალღა აუცილებლად თბილისშიც ჩამოვა, თუმცა რომ მოძრაობს და მის ქვეშ ბევრი ქვეყანას მოიყოლებს, ეს უკვე ფაქტია. ვფიქრობ, რომ ეს განცხადებები ეგვიპტეში 16 -17 თებერვალს მომხდარი ფაქტებითაც იყო განპირობებული.
მთელი მსოფლიო რომ მუბარაქის გადადგომას ელოდებოდა, ობამამ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. განსაკუთრებით იმ საღამოს, როცა მუბარაქმა განაცხადა - არსად წასვლას არ ვაპირებო. მეორე დღეს მაინც გადადგა. ჩემი აზრთ, ბარაკ ობამას ეს განცხადება ნიშნავდა,- მიუხედავად იმისა, რას ფიქრობთ თქვენ დიქტატორები, როგორ თვლით, ან რა აზრიის ხართ ამ ყველაფერზე, მე დემოკრატიული მოძრაობების მხარეს ვარ და არავის ეგონოს, რომ ეგვიპტეში განვითარებული მოვლენები შემაჩერებსო. ეს ძალიან მკვეთრი, ნათელი და საიმედო განცხადება იყო.
შესაძლებელია, რომ ქართული სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორითვის ობამას განცხადება საიმედო საყრდენი იყოს ?
-ეს არ არის მხოლოდ გაცხადება. ობამას ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო ამ მიმართულებით მოქმედება. წელს აღდგა საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც ბუშის პრეზიდენტობის დროს შეწყვიტეს. 2004 წელს, ბუშმა გამოაცხადა, რომ საქართველოში შედგა დემოკრატია და ის დემოკრატიის შუქურად გამოაცხადა. შესაბამისად “USAID”- მა გადაწყვიტა, რომ საქართველოში დემოკრატიის დაფინანსება საჭირო აღარ იყო და ამის ნაცვლად, ვანო მერაბიშვილი უნდა დაეფინანსებინათ.
ყველას კარგად გვახსოვს ელჩი ჯონ ტეფტი, რომელიც მხოლოდ ვანოს და მაშინდელი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ღონისძიებებზე ჩნდებოდა. არანაირი კონტაქტი არ ჰქონდა ჟურნალიტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. დაწყებულია პროცესი, რომლის მიხედვითაც, საქართველოში დემოკრატიის დასაფინანსებლად სამოც მილიონზე მეტი უნდა გამოიყოს. ამ საქმიანობას იანვრიდან უკვე ყველა ორგანიზაცია შეუდგა. ამიტომ ვამბობ, რომ ახლა ბურთი ჩვენს მხარეს არის.
ამერიკელები საქართველოში დემოკრატიის დასახმარებლად დაბრუნდნენ. როგორ გამოიყენებენ ამას ქართველები, ეს ობამას პროლემა არ არის. მე უამრავი საათი მაქვს გატარებული ვაშინგტონის სხვა და სხვა ოფისში, სადაც იმის დამტკიცებას ვცდილობდი, რომ ამერიკის მხრიდან საქართველოში დემოკრატიის პროგრამის დახურვა აბსურდული გადაწყვეტილება იყო. ეს ის მთავარი და ძირითადი პრეტენზია იყო, რაც ჩვენს ორგანიზაციას ბუშის ადმინისტრაციის მიმართ ჰქონდა. არასამთავრობო ორგანიზაციები და განსაკუთრებით საგამოძიებო ჟურნალისტიკა კუთხეში მიამწყვდიეს და საშინელ დღეში ჩააგდეს.
არსებობს ისეთი ტიპის მოქმედებები, რომელთაც ფინანსური რესურსი არ სჭირდება, მაგრამ საგამოძიებო ჟურნალისტიკას მინიმუმ ფარული კამერა მაინც უნდა ჰქონდეს, რომ იმუშაოს. თუ ფული არ აქვს, ვერც ფარული კამერა ექნება. ახლა როცა ამერიკა ფულს გამოყოფს საქართველოში დემოკრატიის დასახმარებლად, ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გამოიყენებს ამას ქართული არასამთავრობო სექტორი.