კიდევ ერთხელ დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი - 26 მაისიც ჩაუვარდათ

კიდევ ერთხელ დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი - 26 მაისიც ჩაუვარდათ

მოლოდინი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ოპოზიცია წარმოაჩენდა ახალ სტრატეგიას, გააერთიანებდა პროტესტს და საზოგადოებას იმედის საფუძველს მისცემდა, ჩაიშალა. დღის განმავლობაში ხელისუფლებამ მშვიდობიანად აღნიშნა 26 მაისი - სამხედრო აღლუმისა და საზეიმო ღონისძიებების ფონზე - რაც შეიძლება ჩაითვალოს ფრთხილად გაწერილ პოლიტიკურ გზავნილად - ძალაუფლება, მყარად, მათ ხელშია. ოპოზიციური ბლოკისთვის კი დღის მეორე ნახევარი გადამწყვეტი აღმოჩნდა, მაგრამ არა წარმატების, არამედ მორიგი დემორალიზაციის თვალსაზრისით.

საღამოს რუსთაველის გამზირზე გამართული აქცია, რომლის ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყო, ვერ იქცა მასობრივი მობილიზაციის მიზეზად. შეკრებილთა რაოდენობა სერიოზულ კითხვებს აჩენს ოპოზიციის რეალურ პოტენციალზე. უფრო მეტიც, ზურაბიშვილის გამოსვლისას რამდენიმე მონაწილე უკმაყოფილებას ღიად გამოხატავდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ოპოზიციის ამომრჩეველში იმედგაცრუება მატულობს.

ყოფილმა პრეზიდენტმა გამოსვლაში სამი მთავარი კომპონენტი წამოსწია, რაც, მისი თქმით, აუცილებელია ხელისუფლებაზე გამარჯვებისთვის: საზოგადოების ერთობა და პროტესტის მდგრადობა; დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა; პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა, რომელსაც საზოგადოებრივი ნდობა ექნება.

„უნდა შეიქმნას პოლიტიკური ალტერნატივა, რომელიც ისარგებლებს თქვენი, ჩვენი და პარტნიორების ნდობით. ყველამ ვიცით, რომ ვერც ერთი პარტია ცალკე ვერაფერს ვერ მიაღწევს“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ეს გზავნილი მკაფიოდ უსვამს ხაზს იმ კრიზისს, რომელიც ოპოზიციის შიგნით არსებობს: უუნარობა საერთო დღის წესრიგის გარშემო შეთანხმებისკენ და ნდობის კრიზისი - როგორც ერთმანეთში, ისე ამომრჩეველთან ურთიერთობაში.

26 მაისის აქციის შედეგი არა მხოლოდ ორგანიზაციული ჩავარდნა იყო, ეს იყო გაფრთხილება ოპოზიციური სპექტრისთვის. საზოგადოების მოლოდინი გაცილებით დიდია, ვიდრე ის, რასაც ლიდერები სთავაზობენ მას. ბოლო კვირების განმავლობაში გახმაურებული დაპირისპირებები გაბუნიას, მამისეიშვილის, მელიასა და გვარამიას შორის უკვე აჩვენებდა, რომ ოპოზიციის შიგნით სერიოზული განხეთქილება იყო. 26 მაისის ჩავარდნამ შესაძლოა ეს განხეთქილება კიდევ უფრო გააღრმავოს.

ამ ვითარებაში რეალურია პოლიტიკური კონფლიქტის შიდა ესკალაცია, რაც კიდევ უფრო შეასუსტებს ოპოზიციურ ბლოკს.

ამ ეტაპზე დასავლეთის მხრიდან საქართველოს მთავრობის მიმართ კრიტიკა კვლავ ერთ-ერთ მთავარ მხარდაჭერად რჩება ოპოზიციისთვის. თუმცა, დასავლეთშიც ჩნდება კითხვები: რატომ ვერ ქმნის ოპოზიცია ალტერნატიულ ლიდერშიფს? რატომ ვერ აჩვენებს საარჩევნო მზადყოფნას? რატომ ვერ ახერხებს მოსახლეობის მობილიზაციას?

ეს შეკითხვები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა დასავლეთის გარკვეულ წრეებში იზრდება სურვილი სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან თანამშრომლობაზე იმუშაონ. თუკი ოპოზიცია ვერ ასრულებს თავის როლს და ვერ ქმნის საზოგადოებრივ ნდობაზე დაფუძნებულ ცენტრს, დასავლეთის მხარდაჭერაც შესაძლოა უფრო პრაგმატული გახდეს - მათ შორის, მმართველ პარტიასთან დიალოგისკენ მოწოდების გზით.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ოპოზიციისთვის 26 მაისი შეიძლებოდა ყოფილიყო გაერთიანების, თვითრეაბილიტაციისა და სტრატეგიული გეგმის დაწყების დღე. რეალურად კი, ის იქცა კიდევ ერთ პოლიტიკურ ჩავარდნად, რაც უმძიმეს კითხვებს აჩენს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დონეზე.

„წინასაარჩევნო პერიოდის მოახლოებასთან ერთად სურათი ნათელია - პროტესტი არსებობს, მაგრამ არ იზრდება; დასავლეთი მხარს უჭერს, მაგრამ პასუხებს ელის; ოპოზიცია ისევ დაპირისპირებისა და დეზორიენტაციის რეჟიმში რჩება.

თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, 26 მაისის ჩავარდნა მხოლოდ ეპიზოდი არ იქნება, ის შეიძლება გახდეს სიმბოლო ოპოზიციის შეუფერხებელი სტაგნაციისა და რეალობის შეცვლის უუნარობისა“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, უკვე ჩნდება ეჭვი, საერთოდ არის კი ოპოზიციის მიზანი გამარჯვება და რა მიზანს ემსახურება მათი მოქმედება?

საყვარელიძის შეფასებით, მათი ქმედება შეიძლება განიმარტოს როგორც მცდელობა, არ დაკარგონ დასავლეთის ნდობა და შექმნან ილუზია, თითქოს პოლიტიკური ბრძოლა გრძელდება.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ოპოზიციას მხარდამჭერთა რაოდენობა უნდა გაეზარდა, პირიქით მოხდა - მათმა ქცევამ და არასწორმა ტაქტიკამ მათივე მხარდამჭერებიც კი დააფრთხო. აშკარად ერთმანეთში დაპირისპირებულები არიან და ამას საჯაროდაც აღარ ერიდებიან.

პრაქტიკულად, თუ „ოცნება“ მიუღებელია საზოგადოების ნაწილისთვის, ოპოზიციის მიუღებლობა კიდევ უფრო მეტ ამომრჩეველში გაჩნდა. ანუ ხელისუფლებაზე მეტად, საბოლოოდ, ოპოზიციის ქცევა აღიზიანებს ხალხს. თან ამ ფონზე ხალხთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ოპოზიციასა და საზოგადოებას შორის დიდი უფსკრული გაჩნდა. მათ ამომრჩეველში ნიჰილიზმი ყოველდღიურად იზრდება. 26 მაისი კი შესაძლოა მათი დემორალიზაციის ბოლო დღე აღმოჩნდეს. ეს დაპირისპირება და დაქსაქსულობა 26 მაისს კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა.

მიუხედავად ამხელა ანონსისა და მოლოდინისა, რუსთაველზე ხალხი არ მივიდა. ის რაოდენობა, რაც იქ იყო, ძალიან სუსტად და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფად წარმოაჩენს ოპოზიციას“, - აღნიშნავს საყვარელიძე.

მისივე თქმით, გამორიცხულია, რომ საზოგადოებამ ხელისუფლებაში დააბრუნოს იგივე სახეები, რომლებიც ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენლებთან ასოცირდებიან.

„ეს თავადაც კარგად იციან ოპოზიციაში, მაგრამ იმდენად არ სურთ პოზიციების დათმობა, რომ დასავლეთის მოტყუებას განაგრძობენ - თითქოს ხალხი მათ მხარესაა“, - ამბობს საყვარელიძე და დასძენს, რომ დასავლეთში უკვე გაჩნდა კითხვები ოპოზიციასთან დაკავშირებით. ამის ნიშანი, მისი აზრით, არის დასავლური მოლოცვების რაოდენობის მკვეთრი ზრდა.

„მართალია, ჯერ კიდევ ინარჩუნებენ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ პოზიციას, მაგრამ ეჭვები აშკარად ჩანს. დიდწილად ტექსტები შერბილებული და შეცვლილია. ეს რიტორიკა 26 მაისის შემდეგ კიდევ უფრო შეიცვლება. ამ ცვლილებებში უკვე სალომე ზურაბიშვილიც აღარ ფიგურირებს. ოპოზიციასთან დიალოგისკენ მოგვიწოდებენ და კონკრეტულად სამ ლიდერს ახსენებენ, მაგრამ ზურაბიშვილთან დიალოგზე საუბარი არ არის. მეჩვენება, რომ დასავლეთმა ზურაბიშვილი უკვე პენსიაზე გაუშვა. ქართველებმა კი დიდი ხანია, რაც გაუშვეს“, - აცხადებს საყვარელიძე.

მისივე თქმით, ხელისუფლების სიმტკიცე, სტაბილურობა და გამძლეობა შესაძლოა გახდეს საფუძველი იმისა, რომ დასავლეთი იძულებული გახდეს ხელისუფლებასთან დიალოგი დაიწყოს.

„სიტუაცია დასავლეთშიც იცვლება. საქართველოსადმი გაჯიუტება ძველი მეთოდებით მათთვისაც აღარ არის მომგებიანი, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ოპოზიციამ სრული პოლიტიკური კრახი განიცადა“, - ამბობს საყვარელიძე.

 

Gami სად არის ის მაჩვი ძაბირაძე, ძალიან რომ "ეიმედებოდა"/ მისივე ჩიქორთული ტერმინი/ სირების გუშინდელი მარში-ბოდიალი და მიტინგი?! მათხოვრები.
2 დღის უკან
Gami უკაცრავად, ვინ სამ ლიდერს ახსენებენ?
2 დღის უკან
მარბიელი სამი ლიდერი არ ვიცი და სამში ერთი იქ ბევრი იყო და რამოდენიმე ციხეშიც1
2 დღის უკან
მარბიელი სულ მაინტერესებს: თუ პარლამენტის გადაწვა, პოლიციელებისთვის დაზიანებების მიყენება, რუსთაველის გადაკეტვა და წინ და უკან სირბილი თუ გმირობაა, სად არიან ხაზარაძის, ჯაფარიძის, უსუფაშვილის, ბარამიძის, ცისკარიშვილის, წიკლაურის, ბობოხიძის და კიდევ მრავალის შვილები? რატომ ისინი არ სცადიან გმირობებს ქვეყნის გადასარჩენად? თუ თავიანთი შვილების თბილ ადგილზე მიყუჟვა და სხვათა შვილების ციხეში ყოფნაა გმირობა?
23 საათის უკან
ფადუნია დიდი ბებო სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ივანიშვილმა გააპრეზიდენტა( რაც იყო ძალიან სერიოზული შეცდომა!), დღეს ეს დიდი ბებო სალომე მხოლოდ ტუალეტი ქაღალდათ თუ გამოდგება…..😂
22 საათის უკან