თამარ ჩერგოლეიშვილი: „ლუზერი პოლიტიკოსების ერთწლიან სროკებზე ამხელა დრამები ქრინჯავს“

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ლუზერი პოლიტიკოსების ერთწლიან სროკებზე ამხელა დრამები ქრინჯავს“

ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი ხელისუფლებას მეუღლის, გიგა ბოკერიას დაჭერას სთხოვს. პარალელურად, ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას დასცინის. ის დროა, ხელისუფლების მომხრეებმა „პოპკორნი“ მოიმარაგონ და დიდ ოპოზიციურ თრახს ჩაუსხდნენ.

რამდენიმე დღის წინ, ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლინმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა: „იცით, რა მითხარით, მიშას დროს უშიშროების საბჭოს მდივანი რომ იყო ადამიანი, იმასთან რატომ არ აქვს კითხვები ჯალათ თეას?“.

ჟორჟოლიანს ჩერგოლეიშვილმა ასე უპასუხა:

„ე, ბიჯო, დაიჭირეთ ეს ჩემი ქმარი, რომ ნანულაიმ ახალი მძ...რიანი შეთქმულება მოიგონოს - მომწყინდა ერთი და იგივე.

თან ცოტას გავერთობი - ინდური დრამების გარეშე პატიმრობა როგორია, ვანახებ ყანას“.

ნანუკა ჟორჟოლიანს მხარი აუბა ნიკა გვარამიამაც, რადგან ბოლო რამდენიმე დღეა, ოპოზიციაში გიგა ბოკერიას დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში არდაბარებისკენ მიანიშნებენ. ამასთან დაკავშირებით, გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა: „წინა ხელისუფლების ზოგიერთ სუპერგავლენიან პოლიტიკოსს არ ახსენებს ქოცების „კომისია“, ამას ვხედავთ კიდეც და ვიცით, რაც ჰქვია“.

ჩერგოლეიშვილმა არც გვარამია დატოვა უპასუხოდ და „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა:

„გაუსწორეთ, რა, გვარამიას, დაიჭირეთ ბოკერია“.

სინამდვილეში, თამარ ჩერგოლეიშვილი ღიად აკრიტიკებს კოლეგებს ოპოზიციური სპექტრიდან და დაუფარავად აცხადებს, რომ მათ პასუხისმგებლობის გრძნობა არ აქვთ: „მეგობრებო, სხვა ცხოვრება მაქვს გამოვლილი, სხვანაირად ვარ გაზრდილი და როცა დამოუკიდებლობას ვკარგავთ და შვიდწლიან სროკებზე 20 წლის უდანაშაულო ხალხია, საკუთრ თავზე, საკუთარ ქმარზე და ლუზერი (ჩვენს თავსაც ვგულისხმობ) პოლიტიკოსების ერთწლიან სროკებზე ამხელა დრამები მქრინჯავს.

ასეთი ხასიათი მაქვს.

ან შეიცვალეთ, ან გაა..ით.

მე თქვენთვის არც ხმა მითხოვია, არც წყალი“.

თუმცა, ვიდრე მეუღლის - ბოკერიას დაჭერას მოითხოვდა, ერთი დღით ადრე, ჩერგოლეიშვილმა დაპოსტა: „არ შეიძლება, რომ მე ჩამსვათ ერთი წლით? გადავიღალე“.

დაპირისპირება თამარ ჩერგოლეიშვილსა და ნანუკა ჟორჟოლიანს შორის, არახალია - ისინი არც „ვარდების რევოლუციის“ დროს იტანდნენ ერთმანეთს დიდად. წლების წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში ჟორჟოლიანმა განაცხადა: „თამარ ჩერგოლეიშვილი რომ ხარ, ამდენი საქმე რომ გაქვს... ხანდახან მგონია, რომ ძალიან უსაქმურია. მე და თამარი არასოდეს ვმეგობრობდით. უფრო მეტიც, ჩვენ ყოველთვის გვქონდა დაძაბული ურთიერთობა - 2003-2004 წლებშიც კი, საერთოს ვერ ვპოულობდით ერთმანეთთან. შეიძლება ორი ძლიერი ქალის თვისებაა, უბრალოდ, მე და თამარი სხვადასხვანაირად ვსაუბრობთ, სხვადასხვა თემები და ინტერესები გვაქვს“.

ჩერგოლეიშვილმა კი ასე გააკრიტიკა: „არტილერიამდე „ელემენტალურია“. საკუთარი წარმოშობის რომ გრცხვენია, მწვანილს უკადრისობ, სხვის ფეხსაცმელში ტენი 48 ზომა ფეხს, ვერ ხვდები, რომ მაგრად გიჭერს, დამცირების მიზნით, ადამიანს ასისტენტს რომ უწოდებ და, ზოგადად, არაფრის აზრზე არ ხარ - დაგცინებენ, აბა, რა იქნება“.

რაც შეეხება გვარამიასთან დაპირისპირებას, მათი გზები 2016 წლის შემოდგომაზე გაიყო, როდესაც საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ (ჯამში, 27 დეპუტატი) ბოკერია და მისი გუნდი - 21 დეპუტატი გამოეყო, რამდენიმე თვეში, ანუ 2017 წლის იანვრის დასაწყისში კი ახალი პარტია „ევროპული საქართველო“ შექმნეს...

ბოკერიას დაჭერის მოთხოვნაც არაა ახალი. ესეც კარგად დავიწყებული ძველია და „სათავეს“ 2013 წლის ივნისიდან იღებს. ამ წინადადებას, „ფეისბუქსა“ და სხვა სოციალურ ქსელებში გავრცელებული ხარხარის „სმაილი“ მოუხდებოდა, მაგრამ სულ ბოლომდე რომ არ „გავყვითლდე“, ამჯერად თავს შევიკავებ.

დიახ, 2013 წლის ივნისის მოვლენები უნდა გაგახსენოთ. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ხელისუფლებაში მოსულ „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი და უშიშროების საბჭოს მდივანი - გიგა ბოკერია დახვდნენ და ასე დაიწყო კოჰაბიტაცია, რამაც რა შედეგამდე მიგვიყვანა, ყველა კარგად ვხედავთ.

2013 წლის ივნისის დასაწყისში, „პალიტრა ტვ“-ის ეთერში, გადაცემისთვის „რეზიუმე“ ინტერვიუში, პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გიგა ბოკერიას მოუწევს, პასუხი გასცეს გამოძიების კითხვებს. მისი თქმით, 2012 წელს, ლობისტებზე ბიუჯეტიდან 16 მილიონზე მეტი დახარჯულა და ამ საქმეს გრიფით „საიდუმლო“ ედო. ივანიშვილის თქმით, საუბარია 200, 300, 400 000 აშშ დოლარზე და ეს ყველაფერი, გიგა ბოკერიას სამსახურით გაკეთებულა.

„დღეს პროკურატურაშია საქმე გადაცემული და ამ საკითხებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. გიგა ბოკერიას სამსახურიდან არის ეს ყველაფერი გაწერილი და, რა თქმა უნდა, მასთან შეკითხვები არსებობს. უფრო მეტს მე არ ვიტყოდი, მას მოუწევს პასუხები გასცეს კითხვებს გამოძიებისთვისაც და საზოგადოებისთვისაც. ჩვენც გვაქვს ლობისტებზე ფული გამოწერილი, ნახეთ, ჩვენს ვებგვერდზე დევს და ყველაფერი გამჭვირვალეა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

სწორედ ამ კონტექსტში, ივანიშვილი „ვაშინგტონ პოსტის“ ბოლო კრიტიკულ სტატიასაც გამოეხმაურა. შეგახსენებთ, ეს იყო საქართველოს ხელისუფლების, გნებავთ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების პირველი კრიტიკა ისეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო გამოცემაში, როგორიც „ვაშინგტონ პოსტია“. 2013 წლის ივნისში, „პალიტრას“ ეთერში, ივანიშვილმა დაუფარავად ამხილა ბოკერია.

„ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ „ვაშინგტონ პოსტი“ მხოლოდ სააკაშვილის ლობისტების გამონათქვამების საფუძველზე აკეთებს ასეთ დასკვნებს. იმ ლობისტების, რომლებიც ჩვენი ბიუჯეტიდან ფინანსდებოდნენ. უკვე რვა თვეა, საბჭოს სხდომა არ მოუწვევიათ, რაში იღებენ ხელფასს და რას აკეთებენ? საყვედურები წამოვიდა ჩვენი გუნდიდან - რას აკეთებს უშიშროების საბჭო?! მხოლოდ ვაშინგტონში დადის და ლობისტებს ხვდება? ბოკერიას ვაშინგტონში ყოფნა უძღოდა წინ „ვაშინგტონ პოსტის“ სტატიას. რას აკეთებენ ისინი ქვეყნისთვის, სად დადიან პრეზიდენტი და ბოკერია, არავინ არაფერი ვიცით. რაში იღებენ ჩვენი გადამხდელების ფულს? სად იყვნენ აქამდე, ვინ დაუშალა, ან ვინ შეუშალა ხელი?“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ჟურნალ „ტაბულას“ მთავარმა რედაქტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს თავისი მეუღლის, გიგა ბოკერიას დაპატიმრება შესთავაზა:

„ვაშინგტონ პოსტის“ სარედაქციო საბჭოს წერილი უკვე მეტისმეტია, ციხეშია გასაშვები ეს კაცი, ბატონო ბიძინა, საშინელებებს სჩადის“, - დაწერა ჩერგოლეიშვილმა.

ასე რომ, არც ჩერგოლეიშვილი-ჟორჟოლიანის, ან ჩერგოლეიშვილი-გვარამიას დაპირისპირება გაგიკვირდეთ და არც ის, როგორ ეხვეწება ჩერგო ხელისუფლებას, ბოკერია დაიბარონ დაკითხვაზე და დააპატიმრონ. 12 წლის წინაც იგივეს ითხოვდა, მაგრამ ამაოდ.

ჰოდა, ჩვენ ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს და განმეორება არ გვინდა, იმიტომ რომ „მოგვწყინდა“. რაც მთავარია, ერთი და იგივე უკბილო ხუმრობაც, ისევ ჩერგოს დავესესხები, გვქრინჯავს.