უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის ირგვლივ მიმდინარე დისკუსიამ საქართველოდან უკვე დიდი ხანია ევროპულ არენაზე გადაინაცვლა. საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, ევროპას არგუმენტებით აუხსნას, რომ მსგავს რეგულაციებს დემოკრატიულ ქვეყნებშიც მიმართავენ. ამ დროს, ევროპელი ოფიციალური პირების ზოგიერთ განცხადებას მმართველი პარტია საკუთარი პოზიციების გასამყარებლად იყენებს. ხელისუფლება მიუთითებს ე.წ. ორმაგ სტანდარტზე - იმაზე, რომ რასაც ევროპა საკუთარ თავს უფლებას აძლევს, საქართველოს უკრძალავს.
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალან ბერსემ უცხოური გავლენის შესახებ კანონების განხილვისას ხაზი გაუსვა ერთგვაროვანი მიდგომის აუცილებლობას. მისი თქმით, „კანონები ორმაგი სტანდარტების გარეშე უნდა განიხილებოდეს – რაც მიუღებელია საქართველოში ან უნგრეთში, იგივე საზომით უნდა ფასდებოდეს გერმანიაში ან რუმინეთში“. ბერსემ ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი კანონების მიზნები შესაძლოა, ლეგიტიმური იყოს, თუმცა მათი გამოყენება არ უნდა მოხდეს სამოქალაქო სივრცის შეზღუდვისა და კრიტიკული ხმების ჩასახშობად.
ბერსეს ეს განცხადება „ქართული ოცნების“ შეფასებით მათი პოზიციის თანხვედრად მიიჩნევა. მმართველი პარტია უკვე დიდი ხანია, რაც დასავლური კრიტიკის საპასუხოდ საუბრობს ე.წ. ორმაგ სტანდარტებზე და ამტკიცებს, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობაზე ორიენტირებული რეგულაციები არ წარმოადგენს დემოკრატიისთვის საფრთხეს.
მთავრობის განმარტებით, კანონპროექტი მიზნად მხოლოდ გამჭვირვალობას ისახავს და არ შეიცავს რაიმე სახის სანქციებს:
მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები საქმიანობას შეუფერხებლად გააგრძელებენ, მხოლოდ უცხოური გავლენის ქვეშ მყოფი ორგანიზაციის სტატუსით რეგისტრაციის ვალდებულებით;
მსგავს რეგულაციებს იყენებენ აშშ („Foreign Agents Registration Act“) და ევროკავშირის რამდენიმე წევრი სახელმწიფო;
დასავლეთის კრიტიკა პოლიტიზებული და შერჩევითია, რაც შესაძლოა წარმოადგენდეს საქართველოს სუვერენული არჩევანის შეზღუდვის მცდელობას;
საქართველოს დასავლური კურსი უცვლელია, თუმცა ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ქვეყანამ შიდა საქმეებში ჩარევა დაუშვას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თვლის, რომ ევროპის ნაწილში საქართველოს „ბანანის რესპუბლიკის“ რანგში განიხილავენ - როგორც ქვეყანას, რომელსაც არ აქვს უფლება მიიღოს ის კანონი, რაც ევროკავშირის წევრებში მოქმედებს. მისი თქმით, „ბრიუსელსა და ზოგიერთ დედაქალაქში არსებობს სტანდარტი, რომელიც საკუთარი თავისთვისაა განკუთვნილი და მეორე – ექსპორტისთვის, ბანანის რესპუბლიკებისთვის“.
ოპოზიცია ხაზს უსვამს, რომ საქართველოს შემთხვევა განსხვავებულია. მათი თქმით, ევროპულ მაგალითებზე დაყრდნობა არ შეიძლება, რადგან საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები სუსტია, პოლიტიკური პროცესები კი პოლარიზებული. შესაბამისად, უცხოური გავლენის კანონი სწორედ ამ კონტექსტში უნდა შეფასდეს. დასავლეთის კრიტიკა, მათი აზრით, ამ განსხვავებული რეალობიდან გამომდინარეობს.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ამ დისკუსიას for.ge-თან უფრო ღრმა კონტექსტში აყენებს. მისი აზრით, ევროპაში თავადაც დაიწყო კრიტიკა ბრიუსელური ბიუროკრატიისადმი. გვენეტაძე ამბობს, რომ ბევრი ევროპელი ლიდერი – ფონ დერ ლაიენი, მაკრონი, კუბილიუსი და სხვები – „დიფ სთეითის“ პოლიტიკის უსიტყვო შემსრულებლები არიან, რაც აზიანებს ევროპულ საზოგადოებებს.
მისი თქმით, ევროპაშიც გაჩნდა მოთხოვნა ფინანსური ნაკადების გამჭვირვალობაზე, განსაკუთრებით მიგრაციისა და უსაფრთხოების პრობლემების ფონზე. ამავე დროს, როგორც გვენეტაძე ამბობს, დასავლეთი საქართველოს იგივე ნაბიჯის გადადგმის უფლებას არ აძლევს.
„ევროპაში ფულის კონტროლის აუცილებლობა აღიარებულია, საქართველოში – არა. ჩვენთვის ეს თითქოს არ შეიძლება, თითქოს პატარა ხალხი ვართ, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში წესების დაწესების უფლება არ აქვს“, – აცხადებს ის.
ანალიტიკოსის თქმით, ამ ფონის გამოძახილია უკრაინის ომიც, რომელიც მესამე წელია გრძელდება. გვენეტაძის მტკიცებით, ომის დასრულება ბევრ ევროპელ ბიუროკრატს არ აძლევს ხელს, რადგან „ისინი ამ ომით იკვებებიან“. მისი თქმით, როცა საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფოებრივ პოზიციას იკავებს, არ მოსწონთ.
„ეს ხალხი მიხვდა, რომ საქართველო ადვილად დასამორჩილებელი არ არის. იგივეს ვხედავთ სლოვაკეთსა და რუმინეთშიც. ამიტომ ბერსეს განცხადება სიმართლის ხმას ჰგავს და, შესაძლოა, ევროპაშიც დაიწყოს ღია დისკუსია ორმაგი სტანდარტების შესახებ“, – აცხადებს გვენეტაძე.
ანალიტიკოსი აქვე ამატებს, რომ ევროპაში ამჟამად წარმოიშვა შიდა დაპირისპირება, რაც გამოიხატება საზოგადოების ნაწილის მხრიდან ლიბერალური დომინაციისადმი დაღლილობასა და მზარდ ევროსკეპტიციზმში.
ამ კონტექსტში გვენეტაძე საქართველოს მთავრობის პოზიციას ხედავს როგორც სუვერენიტეტის დაცვის მცდელობას იმ ფონზე, როდესაც დასავლეთიდან დომინანტური ძალები ცდილობენ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას.
„საქართველო ცდილობს დაიცვას საკუთარი სახელმწიფოებრივი წესრიგი, რაც დასავლური ელიტებისთვის მიუღებელია, რადგან ისინი მიჩვეულნი არიან დამოკიდებული სახელმწიფოების მართვას. დიახ, საქართველო ცდილობს დაამტკიცოს, რომ ის იმავე გამოწვევების წინაშე დგას, რასაც ევროკავშირის ქვეყნები განიცდიან, თუმცა ევროკავშირი არ აძლევს მას უფლებას იმავე სტანდარტებით იმოქმედოს.
ეს რიტორიკა განსაკუთრებით ძლიერდება იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირში მართლაც იზრდება ევროსკეპტიკური პარტიების გავლენა, საფრანგეთში და გერმანიაში ემიგრაციის კრიზისის თემით ძალას იკრებენ უკმაყოფილო ჯგუფები და საერთო ევროპული ერთიანობა ეჭვქვეშ დგება“, - ამბობს გვენეტაძე.