29 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესია ჩანიშნული, თუმცა როგორც პოლიტიკოსი აცხადებს, ის არც სასამართლოზე გამოცხადებას აპირებს, არც გირაოს გადახდას და არც პატიმრობისთვის მომზადებას. აქვე უნდა აღინიშნის გირაოს არგადახდის გამო, ამავე კოალიციის წევრი, ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძე დააკავეს. ანალიტიკოსთა და პოლიტიკოსთა ნაწილი თვლის, რომ პროცესი პოლიტიკურად არის მართული და მოსალოდნელია ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებების პროცესი გაგრძელდეს. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ 29 მაისს ნიკა მელიასაც დააკავებენ.
„ოცნებაში“ ამის საპასუხოდ აღნიშნავენ, რომ მელია ბრიუსელის წახალისებულია, რადგან 2021 წელს მას ბრიუსელმა გადაუხადა გირაო და ამით წააქეზა კანონის დაუმორჩილებლობა.
„ჩემი პროცესი არის 29 მაისს, მივიღე გადაწყვეტილება, რომ 29-ში არ მივალ სასამართლოში. რატომ? ხალხის პატივსაცემად. დღეს, რასაც ვუყურებდი, როგორ ექცეოდნენ ქალებს, ბავშვებს, არ მინდა ეს განმეორდეს. დარწმუნებული ვარ, ზურას ეს რომ სცოდნოდა, ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებდა. ადგილზე იქნება წარმომადგენელი - ადვოკატი.
არ ვაპირებ პატიმრობისთვის მომზადებას - ვაპირებ ცხოვრების მაღალი ტემპით გაგრძელებას, შეხვედრებს“, - განაცხადა მელიამ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ჩვენთან კომენტირებისას ამბობს, რომ დაკავებების პროცესი შესაძლოა განგრძობითი იყოს, რადგან ფაქტია, „ქართული ოცნება“ გამკაცრებულ პოლიტიკაზე გადადის.
„ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლება დიქტატურაზე გადავიდა, თუმცა მე უფრო ვიტყოდი, რომ ხელისუფლებამ გაამკაცრა დამოკიდებულება სამართალდარღვევის მიმართ - ამ პერიოდში, რამდენადაც პასიური იყო ხელისუფლება დარღვევების მიმართ, შემდეგ უფრო მკაცრი გახდა. ეს, მეტ-ნაკლებად, ახალი პროცესია და ამის ერთ-ერთი გამოხატულება, ალბათ, წულუკიანის კომისიაც არის - 13 წელი არ გახსენებიათ და ახლა დაიწყეს იმ დროის დანაშაულზე საუბარი. ეტყობა, რაღაც იცვლება ხელისუფლების დამოკიდებულებაში.
დიქტატურასა და სიმკაცრეს შორის ვხედავ განსხვავებას და ვფიქრობ, რომ სიმკაცრისკენ მიდის „ქართული ოცნება“, რადგან ლმობიერი დამოკიდებულების შედეგად, დასავლეთის მხრიდან დაუგროვდა მას საკმაოდ ბევრი პრობლემა და ამიტომ მიდის სიმკაცრისკენ. ზოგად პრინციპს თუ ავიღებთ, უნდა ველოდოთ, რომ ყველა შემდგომი ნაბიჯი უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე აქამდე იყო. საბოლოოდ სიმკაცრე, რა თქმა უნდა, სახიფათო გზა არის, შეიძლება ზედმეტი მოგივიდეს, მაგრამ ერთხელ, ზედმეტი ლმობიერებაში უკვე მოუვიდა და ახლა ვნახოთ სიმკაცრეში იქნება თუ არა ზედმეტი, მაგრამ ეს სიმკაცრე თავად ოპოზიციამ გააჩინა საკუთარი აგრესიულობით“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოზე იყო შტურმი, რასაც ეხებოდა მელიას საქმე.
„შეგახსენებთ, ვინ წააქეზა ეს პროცესები და ნიკა მელია კარგი მაგალითია. 2021 წელს ბრიუსელი იყო, ვინც წააქეზა ის ამ ქმედებაში. მაშინ ბრიუსელმა გადაუხადა გირაო დაუმორჩილებლობის გამო და ამით წააქეზა საქართველოში კანონის დაუმორჩილებლობისა და ძალადობის ტენდენციები.
ბრიუსელი იყო ამისი მონაწილე და გახსოვთ, 20 ივნისის საკითხს ეხებოდა ეს. ახლახან გამოვიდა კიდევ ერთი გადაწყვეტილება 20 ივნისთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დამარცხდა მაშინდელი ოპოზიცია, რომელიც შტურმით იღებდა პარლამენტს. გახსოვთ, მაშინ გვიმტკიცებდნენ, რომ შეშის შეტანა ადამიანის უფლებებიაო და ბრიუსელის დაფინანსებული „ენჯეოები“ ამტკიცებდნენ, რომ შეშა არის დემონსტრაციის თუ აქციის ნაწილი. პირდაპირ თქვა სტრასბურგმა, რომ შეშას მიტინგზე არაფერი ესაქმება. იმედია, ახლა მაინც ჩამოყალიბდებიან და ის ელჩები, „ენჯეოები“ და დონორები, რომლებიც მაშინ თავს ესხმოდნენ საქართველოს ხელისუფლებას, ვინმე თუ იმავეს დააპირებს, ეტყვიან, რომ შეშა არ შეიძლება აქციებზე. აღარ ვამბობ ბოდიშის მოხდას, ბოდიშის მომხდელები ეგენი არაფერში არ არიან“, - დასძინა შალვა პაპუაშვილმა.