რადიკალები 26 მაისს მსხვერპლის აუცილებლობას აანონსებენ, პარალელურად, ექს-პრეზიდენტი აშშ-ს საელჩოში კონსულტაციებს მართავს. საელჩოდან დაბრუნებული სალომე ზურაბიშვილი უკვე საკუთარ ოფისში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეგახსენებთ, რომ „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ აღმასრულებელმა მდივანმა გედევან ფოფხაძემ ისაუბრა 26 მაისის რადიკალიზაციის დროს შესაძლო მსხვერპლზე, იგივე განცხადება გააკეთა გიგი უგულავამაც და დაამატა, რომ მსხვერპშეწირვა რელიგიურად გამართლებულია. მოკლედ, რადიკალები მსხვერპლისთვის ემზადებან. რამდენად მისცემს მათ ამის საშუალებას ძალოვანი სტრუქტურა, ამას ზუსტად ორ დღეში ვნახავთ.
ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი იმედს გამოთქვამს, რომ აშშ-ის საელჩო შეხვედრასთან დაკავშირებით ამომწურავ განცხადებას გააკეთებს და აქვე აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ სჩვევია, რომ მისმა საელჩომ რამე დამალოს.
„მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიატი იყო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში. ჩვენ არ ვიცით, რა საკითხებზე იმსჯელეს, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გააკეთებს რელევანტურ განცხადებას ამასთან დაკავშირებით. იგივე ევროკავშირის ელჩი უკვე დიდი ხანია გამოდის განცხადებებით, რომელიც პირდაპირ არის პოლიტიკური განცხადება. „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ ლიდერად გადაიქცა ჰერჩინსკი.
რასაკვირველია, შეიძლება ვივარაუდოთ, რა განცხადებებზე, რა ღონისძიებებზეა საუბარი, მაგრამ ვიმედოვნებ, იქნებ გონს მოეგოს ევროკავშირის ელჩი და მიღებული ინსტრუქციის თანახმად, რაღაც გარკვეულ თემებს განიხილავს, რომელიც ეხება საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას და ქვეყნის გადარჩენას, თუმცა ეჭვი მაქვს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით არანაირი პოზიტიური დამოკიდებულება ჰერჩინსკის არ გააჩნია, ვინაიდან ინსტრუქცია აქვს სხვა, ხოლო ინსტრუქციის მიმცემის მიმართ ევროპის სასამართლოს სერიოზული პრეტენზიები გააჩნია. ეს არის სქემა, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ. ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს. ევროპის სივრცეში სერიოზული დაძაბულობაა, მათ შორის, იმ ადამიანის მიმართ, ვინც ინსტრუქციებს აძლევს ჰერჩინსკის“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
არსებული ინფორმაციით 26 მაისს თბილისში რამდენიმე რადიკალი ევროპარლამენტარი ჩამოდის, რაც პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მიუთითებს, რომ არანაირი ოპოზიცია და არანაირი NGO-ები არ არსებობენ და თუ პროვოკაცია იქნება, პასუხისმგებლობა დონორებსა და ზოგიერთ ელჩს დაეკისრება.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვერავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვინც ადამიანებს ფარად იფარებენ, ძალადობისკენ აქეზებენ, შემდეგ კი რაღაც ღირებულებებზე და ქართველი ხალხის ინტერესებზე საუბრობენ.
პაპუაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარებს, რომლებიც 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოში ჩამოსვლას აპირებენ, იმის უფლება არ აქვთ, რომ ქვეყანაში სიტუაცია არიონ. თუმცა კითხვაზე, გააძევებენ თუ არა მათ ქვეყნიდან, პასუხობს - „არა!“
„არა! ასე არ არის, ჩახვიდე ქვეყანაში და სიტუაცია არიო, ამის უფლება არავის აქვს, ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. დღეს, როცა რუსეთზე საუბრობენ, რას ედავებიან? წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევას და თავად რას აკეთებენ? ვამხელთ. ის, რომ 26 მაისს, რამდენიმე რადიკალი ევროპარლამენტარი ჩამოდის, მაგალითად, რასა იუკნევიჩიანე, რომელიც ბოლო პერიოდში ფაშისტური განცხადებებით არის გამორჩეული, მიუთითებს, რომ არანაირი ოპოზიცია და არანაირი NGO-ები არ არსებობენ. 26 მაისს მათი ქცევა დონორებისა და უცხოელების მიერ მიცემული სიგნალებით იქნება განპირობებული.
ასე რომ, თუკი რაიმე პროვოკაცია ან ძალადობა იქნება, როგორიც 9 აპრილს ვიხილეთ, პასუხისმგებლობა სრულად დონორებსა და ზოგიერთ ელჩზე იქნება, რომლებიც მოძალადეებს ხელს ართმევენ და ექსტრემისტებთან და მოძალადეებთან სალონურ საუბრებში არიან შესულები. პასუხისმგებლობა კი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ. ვერავინ გაექცევა ამას, როცა ადამიანებს ფარად იფარებენ, ძალადობისკენ აქეზებენ და შემდეგ რაღაც ღირებულებებზე და ქართველი ხალხის ინტერესებზე აღარ საუბრობენ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
„ხალხის ძალის“ თავმჯდომარის სოზარ სუბარის განცხადებით, ეს ცხადყოფს იმას, რომ უცხოელი აქტორების მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა კვლავაც გრძელდება.
„ბოლო თვეების განმავლობაში მთელი საქართველო უსმენს საგამოძიებო კომისიაზე იმ საშინელებებს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადიოდა და ყველა ელჩმა ყველაფერი იცოდა. არავინ საჯარო განცხადებას არ აკეთებდა, თუმცა ღიად ერეოდნენ საქართველოს შიდა საქმეებში. დღეს, სამწუხაროდ, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას კვლავ ცდილობენ, ოღონდ უკვე სხვა მიმართულებით - ცდილობენ სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალადობის ჰეროიზაცია მოახდინონ. 26 მაისის წინ, როდესაც ოპოზიციას გაცხადებული აქვს, რომ ალტერნატიული აქციები უნდა მოაწყოს, მინიმუმ, ამერიკის საელჩოსგან განმარტება უნდა მოვისმინოთ, თუ რას შეეხებოდა ოპოზიციასთან შეხვედრა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ივანიშვილის „რუს-ქოცები“, ჯალათები, რომლებიც ყოველდღიურად ხელყოფენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და სახელმწიფოებრიობას, ვერ უნდა აღმოჩნდნენ რუსთაველის გამზირზე 26 მაისს.
„რუს ქოცების ადგილი რუსთაველის გამზირზე არ არის და ვერ იქნება. ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს დაუტოვეთ იმის უფლება, თავად განსაჯოს, როგორ იმოქმედებს იმისთვის, რომ დაიცვას ის დღე, რომელიც ძალიან ძვირფასია საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის, ამ შემთხვევაში, ეს არის 26 მაისი. 26 მაისს ტრადიციულად ვხდებით რუსთაველზე“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, რაც უფრო ახლოვდება 26 მაისის დღესასწაული, მით უფრო მკვეთრად ვლინდება იმათი აგრესია, ვისაც ზეიმის ჩაშლა სურთ.
„დიახ, სწორედაც რომ ჩაშლა და არა ზეიმი. სხვაგვარად როგორ უნდა გავიგოთ განცხადებები, რომ რუსთაველზე საზეიმოდ მივდივართ, მაგრამ არ დავუშვებთ, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა და უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო აღლუმი ჩაიბაროსო(?!). ანუ წინასწარ ქმნიან კონფლიქტოგენურ გარემოს. მოწოდებებით მსხვერპლშეწირვაზე, პოლიციელთა დასისხლიანებაზე და ა.შ. სურთ აგრესიის მუხტის გაზრდა. ამ დღეებში შეიძლება ვიხილოთ მათი პროვოკაციები!
ჩემი აზრით, მათი მიზანია, როგორც მინიმუმ, ამა წლის 9 აპრილის სცენარის გამეორება, რომელსაც დღემდე საკუთარ გამარჯვებად მიიჩნევენ, და მაქსიმუმ მასობრივი არეულობის პროვოცირება. სურთ სამართალდამცავების გამოწვევა ლეგიტიმური ძალის გამოყენებაზე, 2011 წლის 26 აპრილის დარბევასთან პარალელების გავლება და იმის მტკიცება, რომ ეს ხელისუფლება არაფრით განსხვავდება ნაცებისგან.
შემდეგ მოხდება დარბევის ფოტო-ვიდეო კადრების დაგზავნა საელჩოებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომ იქიდან წამოვიდეს ბრალდებების ნიაღვარი „მშვიდობიანი მომიტინგეების“ ძალადობრივ დარბევაზე და ა.შ. არ ვიცი რა გეგმა აქვს ხელისუფლებას, მაგრამ ვფიქრობ, 9 აპრილს რადიკალების მიმართ გამოვლენილი დათმენა/ტოლერანტობა, 26 მაისს უკვე აღარ იმუშავებს - სიტუაციაა სხვა“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.
პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა ფიქრობს, რომ ქართული სამართალდამცავი სისტემა საკმაოდ მომზადებულია იმისთვის, რომ ნებისმიერი სახის პროვოკაციას წინ აღუდგეს, აღკვეთოს და პროვოკაციების საშუალება არავის არ მისცეს.
„რა თქმა უნდა, რაღაცა დაძაბულობა შეხლა-შემოხლა არ უნდა გამოვრიცხოთ, ესენი პროფესიონალები არიან მსგავს ქმედებაში, მაგრამ მთავარია, რომ კანონის წინაშე პასუხი ყველამ აგოს და დაუსჯელი არავინ არ დარჩეს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის უცხოეთოს მეხუთე კოლონა და მათი ქმედებები განსაკუთრებული სიმკაცრით უნდა ისჯებოდეს, რადგან ისინი ემსახურებიან არა საქართველოს, არამედ უცხო ქვეყნის ინტერესებს. პოლარიზაციის წყარო დღეს არის სწორედ ეს მეხუთე კოლონა, ანუ უცხოეთი და დიდძალი დაფინანსების ხარჯზე ძაბავენ ქვეყანაში სიტუაციას და მიჰყავთ ქვეყანა დესტაბილიზაციისაკენ, რის საშუალებას მათ არც ხელისუფლება და არც საზოგადოება არ აძლევს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი გოგავა.