აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს კომენტარი მიუთითებს, რომ ვაშინგტონს ჯერ არ აქვს მიღებული მკვეთრი გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ მიმართ. რუბიოს გზავნილი, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ აქტიური პოლიტიკის ჩამოყალიბება ვაშინგტონში კვლავ პროცესშია. განცხადებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ელემენტი იკვეთება:
საქართველო ამ ეტაპზე არ წარმოადგენს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს;
ნებისმიერ ნაბიჯზე გადაწყვეტილება დაეყრდნობა სახელმწიფო დეპარტამენტის რეგიონული ოფისების რეკომენდაციებს;
რეაგირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პოლიტიკური ტრაექტორია დაუკავშირდება აშშ-ის გლობალურ ეროვნულ ინტერესებს.
ამგვარად, საკითხი რჩება შეფასებისა და შიდა კონსულტაციების ეტაპზე, რაც, პრაქტიკაში, მოქმედების გადადებას ნიშნავს.
რატომ არ ჩანს მკვეთრი პოზიცია ტრამპის მხრიდან? ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს უკრაინის ომისადმი ბუნდოვანი მიდგომა და მოსალოდნელი დიალოგი პუტინთან. ასევე ტრამპი არ მიიჩნევდეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას კრიტიკულად.
ანალიტიკოსთა შეფასებით, საქართველოს ადგილი უკრაინის ომის კონტექსტში სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. შესაძლოა, სწორედ ეს განაპირობებს ტრამპის ადმინისტრაციის გაურკვეველ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ.
ამერიკის პოლიტიკის ბუნდოვანება საქართველოსთან მიმართებით ვერ განიხილება იზოლირებულად - იგი პირდაპირ უკავშირდება უკრაინის ომსა და რეგიონული სტაბილურობის გლობალურ განაწილებას. კონგრესის წევრები, მათ შორის ჯო უილსონი, ცდილობენ საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის მინიჭებას ჩინეთისა და რუსეთის მზარდი გავლენის ფონზე. თუმცა რუბიოს განცხადება ცხადყოფს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ამ ეტაპზე არ განიხილავს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ქმედებას გეოპოლიტიკურად აუცილებელ ნაბიჯად.
დიპლომატების შეფასებით, რუბიოს განცხადება შეიძლება ჩაითვალოს დიპლომატიური პაუზის სტრატეგიად - აშშ აკვირდება, აანალიზებს, მაგრამ ჯერ არ მოქმედებს. ეს ასახავს როგორც ტრამპის ადმინისტრაციის ჩამოუყალიბებლობას, ასევე ვაშინგტონში საქართველოს თემისადმი სტრატეგიული ინტერესის დროებით შეჩერებას.
საქართველოს მოქალაქეებისთვის და დასავლური ღირებულებების დამცველი ძალებისთვის ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება კვლავ მოითხოვს აქტიურ კომუნიკაციასა და რეგიონულ კავშირებზე დაფუძნებულ არგუმენტაციას.
სწორედ ამ ხაზს მისდევს „ქართული ოცნება“. საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ რუბიოს პასუხი ცხადყოფს: ტრამპის ადმინისტრაციას ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია საქართველოს მიმართ.
„რუბიოს პასუხი მთლიან კონტექსტში უნდა შეფასდეს - სად მიდიოდა განხილვა, რა იყო ყურადღების ცენტრში. ერთადერთი დასკვნა, რაც შეიძლება დღეს გამოვიტანოთ, არის ის, რომ საქართველოსთან მიმართებით ჩამოყალიბებული პოზიცია არ არსებობს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა საუბარია ამერიკის ეროვნულ ინტერესებზე. აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მთავარი ღერძი ამჟამად სწორედ ამ ინტერესების გარშემო ტრიალებს“, - აცხადებს მინისტრი.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-თან საუბარში ამბობს, რომ რუბიოს განცხადება ნათლად ასახავს, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ჯერ კიდევ ერკვევა სიტუაციაში და ჩამოყალიბებული მიდგომა არ აქვს.
„ტრამპის ადმინისტრაციის დუმილი და რუბიოს დიპლომატიური ტონი მიუთითებს, რომ საქართველო ამ ეტაპზე არ წარმოადგენს გადაუდებელ საკითხს. რუბიომ ღიად თქვა - ჯერ ვერკვევით და ვცდილობთ, გავერკვეთ რა ხდება. ის არ დაეთანხმა უილსონის კატეგორიულ განცხადებებს, თითქოს საქართველოში კატასტროფა ხდება. ეს რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ყოფილიყო, პასუხი შესაძლოა უფრო მკაცრი და პირდაპირი ყოფილიყო, მაგრამ რუბიომ შეარჩია დიპლომატიური მანერა.
რატომ არის ეს გაურკვევლობა? რამდენიმე მიზეზი არსებობს. ტრამპის ადმინისტრაცია, როგორც გარედან დამკვირვებელი, მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში არ ხდება არეულობა, არ მიმდინარეობს რევოლუცია, არ ჩანს ქუჩაში მასობრივი გამოსვლები, არ შეინიშნება ფართო საზოგადოებრივი პროტესტი. ვთქვათ, როგორც რუმინეთის შემთხვევაში, როდესაც გამარჯვებულ პარტიას არჩევნები გაუუქმეს, იქ ამერიკამ რეაგირება მოახდინა. საქართველოში კი მსგავსი მასშტაბის კრიზისი, მათი შეფასებით, არ შეიმჩნევა. ამიტომ არც ოპოზიციის გზავნილებს მიიჩნევენ საკმარის სიგნალად“, - განმარტავს საყვარელიძე.
მისივე თქმით, პროცესმა შესაძლოა გაგრძელება ჰპოვოს და ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოში ინტერესის გამოხატვა არ იჩქაროს. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება უკრაინის ომის შედეგებზე და, შესაძლოა, ტრამპი-პუტინის შეხვედრის შედეგებზეც.
„ადრე, გვაკრიტიკებდნენ მაინც, ახლა საერთოდ არ გვიმჩნევენ. სინამდვილეში, ტრამპს აქვს მძიმე საერთაშორისო დღის წესრიგი და მას, უბრალოდ, არ სცალია საქართველოსთვის. ზოგს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა - მაშ, რატომ სცალია უფრო ავტორიტარული ქვეყნებისათვის? იმიტომ, რომ იქ პირდაპირი დაპირისპირების და კონფლიქტის რისკია. საქართველოში კი, ამ რისკს ისინი ვერ ხედავენ. ჩვენ გვეჩქარება, მაგრამ ფაქტია - ტრამპს ახლა არ სცალია ჩვენთვის. მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ“, - ამბობს საყვარელიძე.
როცა უოლსონმა შესთავაზათ გამომიყენეთო, მაშინ რომ არ გაენაწყენებინათ, ახლა ყველაფერი დალაგებული იქნებოდა. ასე ის ქვეყანა მოწყობილი.