ნიკოლოზ ლალიაშვილი და თამარ ლილუაშვილი - საქართველოს ახალი ელჩები უნგრეთსა და იტალიაში

ნიკოლოზ ლალიაშვილი და თამარ ლილუაშვილი - საქართველოს ახალი ელჩები უნგრეთსა და იტალიაში

უნგრეთსა და იტალიის რესპუბლიკაში, საქართველოს ახალი ელჩები ეყოლება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უნგრეთში საქართველოს სრულუფლებიან და საგანგებო ელჩად - ნიკოლოზ ლალიაშვილი, ხოლო იტალიის რესპუბლიკაში, ასევე რომში განლაგებულ გაერო-ს საერთაშორისო ორგანიზაციებში, კერძოდ, FAO-ში, IFAD-სა და WFP-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად თამარ ლილუაშვილი დაინიშნა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დრომდე, თამარ ლილუაშვილი უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას იკავებდა, ხოლო მანამდე ბულგარეთის რესპუბლიკაში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. რაც შეეხება ნიკოლოზ ლალიაშვილს, ის ყაზახეთის რესპუბლიკაში გახლდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

„თამარ ლილუაშვილს საჯარო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, მათ შორის, იგი გახლდათ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო Invest in Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი და „არ ემ ჯი“ ჯგუფის დირექტორის მოადგილე. ნიკოლოზ ლალიაშვილს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის იკავებდა სხვადასხვა პოზიციებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უშიშროების საბჭოში. ნიკოლოზ ლალიაშვილი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

რაც შეეხება ნიკოლოზ ლალიაშვილს, უწყების ინფორმაციითვე, მას საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, იკავებდა სხვადასხვა პოზიციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უშიშროების საბჭოში. ამასთან, ლალიაშვილი იყო საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი, გიორგი თარგამაძის მიერ შექმნილი პარტიიდან - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა.

გარდა ამისა, სხვადასხვა დროს, ნიკა ლალიაშვილი იყო „სტუდია მაესტროს“ პოლიტიკური რედაქტორი, ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილე და შემდეგ უკვე - გენერალური დირექტორი.

საქართველოსა და უნგრეთს შორის, დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დამყარდა. ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებულია მეგობრული და მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენი ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ, როგორც ორმხრივ, ასევე - მრავალმხრივ ფორმატებში. საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული სამართლებრივი ბაზა, რომელიც არაერთ საერთაშორისო ხელშეკრულებას მოიცავს, ხელს უწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას ეკონომიკის, თავდაცვის, განათლების, ჯანდაცვისა და სხვა სფეროებში.

ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, 2013 წლიდან, საქართველოსა და უნგრეთს შორის ფუნქციონირებს სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისია, რომლის შეხვედრებიც რეგულარულად იმართება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებს უნგრული ავიაკომპანია Wizz Air, რომელიც პირდაპირ საჰაერო მიმოსვლას ახორციელებს, როგორც ქუთაისიდან ბუდაპეშტის, ასევე ევროპის არაერთი ქალაქის მიმართულებით.

ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობა განათლების სფეროშიც. 2014 წლიდან, უნგრეთის მთავრობა ქართველ სტუდენტებს სთავაზობს სტიპენდიებს უნგრეთის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად. დინამიურად ვითარდება თანამშრომლობა კულტურის სფეროში. აღსანიშნავია, რომ ბუდაპეშტში გაიხსნა შოთა რუსთაველის სახელობის მოედანი და დაიდგა მისი ძეგლი, გაიხსნა თბილისის მოედანი. უნგრეთის ქალაქ კიშკოროშში, ცნობილი უნგრელი პოეტის - შანდორ პეტეფის მემორიალურ მუზეუმში, დგას გრიგოლ აბაშიძის ძეგლი. თბილისში განთავსებულია ცნობილი უნგრელი მხატვრის - მიხაი ზიჩის ძეგლი, რომელმაც „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები შექმნა.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს, საქართველოს „ღირსების ორდენი“ გადაეცა უნგრეთის მოქალაქის, ბრიგადის გენერლის ლასლო ტოროკის ვაჟს. 2001 წელს, ლასლო ტოროკი აფხაზეთში, საქართველო-გაერო-ს სადამკვირვებლო მისიაში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, ტრაგიკულად დაიღუპა.

ნიკოლოზ ლალიაშვილი და თამარ ლილუაშვილი ახალ პოზიციებზე საქმიანობას 1 ივლისიდან დაიწყებენ.