„ჩვენ არ უნდა დავამყაროთ იმედი ისეთ ძალებზე, რომლებმაც წლების განმავლობაში, მეგობრობის მიუხედავად, არ გვცნეს თანაბარუფლებიან პარტნიორებად“

„ჩვენ არ უნდა დავამყაროთ იმედი ისეთ ძალებზე, რომლებმაც წლების განმავლობაში, მეგობრობის მიუხედავად, არ გვცნეს თანაბარუფლებიან პარტნიორებად“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დასავლელ პარტნიორებს ქვეყნის მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაში სდებს ბრალს. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მტკიცედ მიჰყვება ევროპულ კურსს, დასავლური ბიუროკრატია ხელს უშლის მის ინტეგრაციას და ხშირად უგულებელყოფს ხელისუფლების ძალისხმევას.

კობახიძის თქმით, მთავრობის პოზიცია სუვერენული ინტერესებით არის მოტივირებული. ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყნის ევროპული კურსი უცვლელია, თუმცა ევროინტეგრაციის გზაზე აუცილებელია ორმხრივი პატივისცემა და სამართლიანი მიდგომა. მისი შეფასებით, როდესაც დასავლეთი უგულებელყოფს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, ეს აღიქმება როგორც პოლიტიკურად მოტივირებული და არა ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება.

ევროკავშირმაც არაერთხელ აჩვენა, რომ მისი გადაწყვეტილებები მხოლოდ ტექნიკურ კრიტერიუმებზე არ არის დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, მთავრობის შეფასებით, საჭიროა განვასხვაოთ პროდასავლური კურსი და კონკრეტული ბიუროკრატიული გადაწყვეტილებების კრიტიკა. ხელისუფლების განცხადებები არ გამორიცხავს ინტეგრაციას ევროპასთან, პირიქით, ისინი სამართლიან და ობიექტურ მიდგომას მოითხოვს. პრემიერის თქმით, ეს არის სუვერენული პოზიცია და არა დასავლეთიდან განდგომა.

კობახიძემ ასევე გააკრიტიკა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი:

„ძირითადად გამოსვლის მესამედი დავუთმე იმას, თუ რაოდენ უსამართლოა საქართველოს მიმართ დამოკიდებულება. ამ დროს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს თავი არ აუწევია - არ ესიამოვნა იმ ფაქტებზე საუბარი, რომლებიც პირდაპირ უსამართლო დამოკიდებულებაზე მეტყველებს“.

რაც შეეხება საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრას, კობახიძემ აღნიშნა: „მაკრონთან ხანმოკლე საუბარი შედგა. ჩვენ შევჯერდით აღქმებზე... შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი ხედვები საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ანალოგიურია.

კობახიძემ ასევე უპასუხა ევროპარლამენტარ მარტა კოსას, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, რომ ევროპულ გზას დაუბრუნდეს: „რაში გამოიხატება, რომ ჩვენ ევროპული კურსის მიმდევრები არ ვართ? ჩვენ ვეხვეწებოდით, რომ კანდიდატის სტატუსი მოენიჭებინათ, არ მოგვცეს და გვითხრეს, რომ პროევროპული არ ვიყავით... ეს მათემატიკური სიზუსტით განისაზღვრება! ვინც რევოლუციას გვიწყობდა, არავითარი ლეგიტიმური უფლება არ აქვს, რაიმე მოგვთხოვოს... ამ პროცესში მთელი ევროპული ბიუროკრატია ჩართული იყო. კეთილი ინებონ, საკუთარ გულში ჩაიხედონ და საკუთარ უსამართლობას მიხედონ“.

კობახიძემ დაადასტურა, რომ წერილს, რომელიც აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გაუგზავნეს, პასუხი არ მიუღიათ და დაამატა, რომ „დუმილიც პასუხია“.

„ხალხის ძალის“ წევრმა და ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა for.ge-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ დასავლური მედია ობიექტურად აშუქებდა პრემიერ კობახიძის ვიზიტებს, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ და მისმა მედიასაშუალებებმა „ფეიკ ნიუსების“ გავრცელებით განსხვავებული სურათი შექმნეს.

„დასავლურ მედიას ვერავინ დააბრალებს, რომ ბიძინა ივანიშვილისგან არის მოსყიდული. მათ მიერ გამოქვეყნებული ჰედლაინებიდან ცხადი იყო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ არავის დაუყენებია. დაწერეს კიდეც, რომ კობახიძემ მოახერხა ევროპელ ლიდერებთან ურთიერთობების დათბობა“, - განაცხადა ქართველიშვილმა.

მისი თქმით, კობახიძემ აუღელვებლად დაასახელა არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზებიც შესთავაზა ევროპელ პარტნიორებს. საუბარი შეეხო ენერგეტიკულ და ეკონომიკურ პროექტებს, რომლებიც საქართველოს გავლით ევროკავშირის კეთილდღეობას შეუწყობს ხელს.

„ევროპაშიც კარგად ესმით, რომ ამ ოპოზიციას ქვეყანაში რეალური მხარდაჭერა არ გააჩნია. ამიტომ კობახიძე თავისი პრინციპული პოზიციით და სუვერენიტეტის დაცვის სრული პასუხისმგებლობით, მათ პრაგმატულ თანამშრომლობას სთავაზობს“, - ამბობს ის.

ქართველიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელი კრიზისების ფონზე ევროპას არ უნდა ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია: „ყველაფერი იმ სცენარით მიმდინარეობს, რომელიც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 28 ნოემბერს შესთავაზა საზოგადოებას - ავირჩიოთ პაუზა, გავთავისუფლდეთ იდეოლოგიური წნეხისგან და განვაგრძოთ ორმხრივი თანამშრომლობა“.

ქართველიშვილი ხაზს უსვამს, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, 2028 წლამდე ავარიდოთ თავი კონფრონტაციულ საკითხებს და ევროპასთან ურთიერთობები ჩიხიდან გამოვიყვანოთ. მისი შეფასებით, პრემიერის ვიზიტი ალბანეთში „ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო“ იყო და ევროპული პრესის მხრიდან დადებითი გამოხმაურებაც მოჰყვა.

რაც შეეხება აშშ-ის პრეზიდენტის დუმილს საქართველოსთან დაკავშირებით, ქართველიშვილი ამბობს: „დუმილიც პასუხია. თუ ე.წ. ანტიქართულ მეგობრობის აქტზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ ექნება რეაგირება, ესეც მკაფიო პასუხი იქნება. ხოლო თუ ის ამ აქტს ვეტოს არ დაადებს, ესეც ჩვენი ქვეყნისთვის გარკვეული სიგნალი იქნება“.

მისივე თქმით: „ჩვენ არ უნდა დავამყაროთ იმედი ისეთ ძალებზე, რომლებმაც წლების განმავლობაში, მეგობრობის მიუხედავად, არ გვცნეს თანაბარუფლებიან პარტნიორებად. საქართველო რჩება ამერიკის ერთგულ მოკავშირედ სამხრეთ კავკასიაში. ჩვენ 20 წლის განმავლობაში საერთაშორისო ოპერაციებში აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ვიყავით. ამიტომ ამის იგნორირება და უარყოფა კიდევ უფრო დიდი უსამართლობა იქნება“.