საქართველოს ოპოზიციურ სპექტრში მორიგი განხეთქილების მიზეზი გახდა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული გირაო და მის გადახდასთან დაკავშირებული პოზიციების სხვადასხვაობა. ოპოზიციის ნაწილი ამ საკითხში პრინციპულობას იჩენს და გირაოს გადახდაზე კატეგორიულად უარს ამბობს, ნაწილმა კი უკვე მიიღო გადაწყვეტილება და შესაბამისი თანხა გადაიხადა.
პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პოლიტიკოსების წინააღმდეგ საქმე აღიძრა. პარტია „ახალში“ აცხადებენ, რომ პარლამენტი და შესაბამისად, კომისიაც არალეგიტიმურია, ამიტომ არ ცნობენ მასზე არ მისვლის გამო დაკისრებულ სანქციებსაც. გირაოს გადაუხდელობის გამო უკვე დაკავებულია ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.
ოპოზიცია ორად გაიყო: გადახდა და პრინციპულობა
კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერები ნიკა გვარამია და ნიკა მელია გირაოს გადახდაზე კატეგორიულად უარს აცხადებენ. მათი პოზიცია პრინციპულობითაა ნაკარნახევი - მიაჩნიათ, რომ საგამოძიებო კომისია, რომელშიც მმართველი პარტიის დომინაცია იგრძნობა, პოლიტიკური მანიპულაციის საშუალებაა და მათთვის მის მიმართ ანგარიშვალდებულება უსამართლოა.
სხვაგვარად ფიქრობენ „ლელოს“ ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, რომლებმაც უკვე გადაიხადეს 50-ათასლარიანი გირაო. მათი ნაბიჯი გარკვეული პრაგმატიზმის გამოვლინებად აღიქმება, რაც შესაძლოა, მათი პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილია - შეინარჩუნონ ამომრჩევლის ის ნაწილი, რომელიც რადიკალიზმს ემიჯნება.
სავარაუდოდ, გადამწყვეტი აღმოჩნდება გიორგი ვაშაძის პოზიცია. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას „ცივი გონებით“ მიიღებს და ის ხვალ ან ზეგ გახდება ცნობილი. ვაშაძე შესაძლოა გარდამტეხი ფიგურა აღმოჩნდეს ოპოზიციური ბანაკის ბალანსში - მისი ნაბიჯი შეიძლება კატალიზატორი გახდეს ახალი პოლიტიკური რეალობისთვის ოპოზიციის შიგნით.
მმართველ გუნდში ოპოზიციის პოზიციებს სკეპტიკურად უყურებენ და პროცესს „შოუს“ უწოდებენ. მათი თქმით, საგამოძიებო კომისიის წესების დარღვევა და სხდომაზე არმისვლა სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ მიანიშნებენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ოპოზიციონერების წინააღმდეგ გამოყენებული იქნება ყველა შესაძლო იურიდიული მექანიზმი.
„სინამდვილეში მათ არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ. ცდილობენ საკუთარ ძალიან მცირერიცხოვან ამომრჩეველთან და პატრონებთან თავის გამართლებას. რაღაც პოლიტიკურ პერფორმანსსაც შეიძლება ჰქონდეს ადგილი. რეალურად, ძალიან კარგად იცის ყველამ, ვინც გადაიხადა გირაო, ვინც უარს აცხადებს გირაოს გადახდაზე, სახელმწიფო კი იმოქმედებს კანონის შესაბამისად“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
გირაოს გადახდის საკითხი უკვე გახდა განხეთქილების საგანი და საფრთხეს უქმნის ოპოზიციის ერთიან ფრონტს.
თუ ვაშაძეც უარს იტყვის გირაოს გადახდაზე, ამან შესაძლოა გაამყაროს პრინციპული ფრთა და საზოგადოებრივ მხარდაჭერაც მოუტანოს მათ. თუმცა, თუ ის გადახდას აირჩევს, ამან შესაძლოა, ღრმად დააშოროს ოპოზიციურ ძალებს და დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ კოორდინირებული მოქმედების პერსპექტივა.
საგამოძიებო კომისიის ირგვლივ განვითარებული დრამა, სადაც გირაოს საკითხი თითქოს ტექნიკური დეტალია, სინამდვილეში ცხადყოფს, რომ ის მნიშვნელოვან პოლიტიკურ სიგნალს წარმოადგენს. ასე რომ, მომდევნო დღეები გვაჩვენებს, გადალახავს თუ არა ოპოზიცია ამ ბარიერს ერთიანი ძალის შენარჩუნებით, თუ ეს კიდევ ერთი ბზარი გახდება მათ სტრატეგიულ ბლოკში.
ანალიტიკოსი გიორგი ახვლედიანი for.ge-თან ამბობს, რომ ოპოზიციის ნაწილის მცდელობა, თითქოს თანმიმდევრულები და პრინციპულები უნდათ იყვნენ, აბსურდია. პრინციპულობის თამაში რაში სჭირდებათ და რა პოლიტიკურ დივიდენდს მიიღებენ აქედან, თავადაც არ იციან.
„კი ბატონო, თანმიმდევრულობა პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუ ადამიანი თანმიმდევრული არ არის, რომელიც პოლიტიკოსობაზე პრეტენზიას აცხადებს, ის არაფერში სჭირდება არც სხვას და არც თავის ამომრჩეველს. როდესაც ჯერ ამბობ, რომ არ მიხვალ საგამოძიებო კომისიაზე, მის ლეგიტიმურობას არ აღიარებ, მერე კი სასამართლოს გამოკითხვაზე მიდიხარ, დაკისრებულ გირაოს იხდი, მაშინ ე.წ. ლეგიტიმური სასამართლოს მიერ დაწესებული გირაო რატომ გადაიხადე?
ისე იხლართებიან ამ თავის აბლაბუდაში, მერე თავადაც აღარ იციან ამომრჩეველს ეს როგორ აუხსნან. ერთი მხრივ, როგორც ჩანს, ხაზარაძე და ჯაფარიძე გირაოს ამ გადახდით ცდილობენ, რომ კონსტრუქციული, ნეიტრალური ამომრჩეველი შეინარჩუნონ და ვითომ არ მიდიან რადიკალიზმზე. ასევე აპირებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და არ სურთ, როგორც ჩანს, ციხეში ჩაჯდომა. თუმცა არის მეორე მხარე, გვარამია, ჯაფარიძე, მელიას სახით. ეს ხალხი ძირითადად ორიენტირებულია „ნაცმოძრაობის“ რადიკალურ ამომრჩეველზე და ცდილობენ ამ მხარდამჭერებზე იმუშაონ. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ არც ერთის გათვლა არ არის სწორი და თანმიმდევრული. მელია, გვარამია და ჯაფარიძე ამით ხმებს ვერ მოიმატებენ და ციხეშიც ამოყოფენ თავს, ხოლო ჯაფარიძე-ხაზარაძე რას მიედ-მოედებიან, მგონი თავადაც არ იციან“, - ამბობს ახვლედიანი.
მისივე თქმით, სწორედ ეს ჩამოუყალიბებლობა და შეუთანხმებელი მოქმედებები აშფოთებს ხალხს, რის გამოც ისინი ვერც ერთ არჩევნებში ვერ იმარჯვებენ. ასე არათანმიმდევრულმა ოპოზიციამ როგორ შეიძლება რაიმე სახის კოალიციურ ხელისუფლებაზე იფიქროს ან მათ ხალხი ენდოს?!
„ხაზარაძე-ჯაფარიძე ახლა რომ კონსტრუქციული პოლიტიკოსების იმიჯს ირგებენ და ვითომ რადიკალიზმი არ უნდათ, მაშ, ვინ იყვნენ რუსთაველზე იმ შიზოფრენიკ ჯგუფებს რომ აფინანსებდნენ და ლამის, თბილისი გადაწვეს? ხაზარაძე არ იყო, რომელიც ამ ახალგაზრდების მობილიზებისთვის ფულს იხდიდა და აფინანსებდა?! ქვეყნის რყევასა და დესტაბილიზაციაში ფულს ხარჯავდა და ახლა რა მოხდა? მიხვდნენ, რომ ეს რადიკალიზმი აღარ ამართლებს? ხალხი არ არის მათ მხარეს ამ სახელმწიფოს მავნებლობაში და ახლა პოლიტიკის ცვლილება უნდათ? ეს ორმაგი თამაში უკვე გაშიფრულია და ჯობდა მისულიყვნენ კომისიაზე და ნორმალურად ეპასუხათ, რაც არაფერი იქნებოდა“, - ამბობს ახვლედიანი.