მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში რეპერ დიდის (ნამდვილი სახელი შონ კომბსი) სასამართლო პროცესი დაიწყო და შესაძლოა, ის ამერიკული მართლმსაჯულების ისტორიაში ყველაზე ვარსკვლავურ სასამართლო პროცესად იქცეს. მას ბრალი ედება გაუპატიურებაში, სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანების იძულებით გადაადგილებაში, იძულებით პროსტიტუციასა და რეკეტში. ეს უკანასკნელი მუხლი ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას, თუმცა მაქსიმალური სასჯელი სამუდამო პატიმრობაა, რადგან ნიუ-იორკში სიკვდილით დასჯა აკრძალულია.
რამდენიმე დღის განმავლობაში, მსოფლიოს წამყვანი მედია საშუალებები აღწერდნენ მომღერლის, კასანდრა ვენტურას (კესი), დაკითხვას, რომელიც კომბსთან 11 წლის განმავლობაში იყო ურთიერთობაში. მათ ურთიერთობა მაშინ დაიწყეს, როდესაც ვენტურა 19 წლის იყო, ხოლო რეპერი 37-ის. ვენტურამ სასამართლოს განუცხადა, რომ კომბსი მას სხვა მამაკაცებთან სექსის საშუალებას აძლევდა, ამას თავად უყურებდა და ხშირად იწერდა ვიდეოს, რის შემდეგაც მისი გავრცელებით ემუქრებოდა. გარდა ამისა, ვენტურას თქმით, კომბსი სისტემატურად სცემდა და ამცირებდა მას, აიძულებდა ნარკოტიკების მიღებას და ჯგუფურ სექსში მონაწილეობას „გიჟურ წვეულებებზე“ (როგორც თავად კომბსი და მისი გარემოცვა უწოდებდა მათ), რაც შეიძლება რამდენიმე დღე გაგრძელებულიყო. ვენტურას თქმით, 2018 წელს ის რეპერმა გააუპატიურა.
მუსიკოსის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მათი კლიენტი სრულიად უდანაშაულოა; მას უბრალოდ სვინგერული ცხოვრების წესი მოსწონს. მათი ვერსიით, ყველაზე მეტი, რაშიც მას შეიძლება დასდონ ბრალი, ოჯახში ძალადობაა. ამავდროულად, მათი თქმით, კომბს-ვენტურას წყვილში აგრესია ორმხრივი იყო.
კომბისს იცავს რვა ადვოკატისგან შემდგარი გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობს ცნობილი ამერიკელი ადვოკატი მარკ აგნიფილო. საერთო ჯამში, კომბსის წინააღმდეგ 100-ზე მეტი სარჩელია შეტანილი, თუმცა ჯერჯერობით შეუძლებელია იმის თქმა, თუ მათგან რამდენს განიხილავს საბოლოოდ სასამართლო. სარჩელების უმეტესობა ანონიმურია, რადგან ადამიანები, რომლებსაც კომბისთან ურთიერთობა ჰქონდათ, საკუთარი უსაფრთხოებისთვის ანონიმურობას ირჩევენ. ამავდროულად, მოსამართლე არუნ სუბრამანიანმა ნათლად განაცხადა, რომ მას არ სურს სარჩელების განხილვა დაზარალებულების სახელების გარეშე.
რაც შეეხება უშუალოდ, ვენტურას დაკითხვის პროცესს, ის ხშირად ვერ იკავებდა ცრემლებს სასამართლოში: მას უწევდა საკუთარი თავის იდენტიფიცირება მამაკაცებთან ერთად გადაღებულ ფოტოებზე სექსუალური ურთიერთობების დროს, რომლებსაც ნაფიც მსაჯულებს აჩვენებდნენ. „აღარ შემიძლია ამის ატანა, აღარ შემიძლია სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობის ატანა“. „მე აქ იმისთვის ვარ, რომ სწორი რამ გავაკეთო“, - თქვა კესიმ დაკითხვის დროს.
სასამართლო პროცესი მხარეთა განცხადებებით დაიწყო. პროკურორი ემილი ჯონსონი აპირებს კომბსის ბრალეულობის დამტკიცებას მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებაში. თავად რეპერი ამბობს, რომ არ ეშინია და აპირებს „საკუთარი სახელის გასუფთავებას“.
პირველები, რომლებიც დაიკითხეს იყვნენ ორი საკმაოდ ფორმალური მოწმე - პოლიციის ოფიცერი (2016 წელს ლოს-ანჯელესში, InterContinental Century City სასტუმროს დაცვის თანამშრომელი იყო, სადაც კომბსი ვენტურას დაესხა თავს). პოლიციელის თქმით, ცხრა წლის წინ სასტუმროს მეექვსე სართულზე გამოიძახეს და დაინახა, რომ კესი კუთხეში იყო მოკუნტული, ხოლო კომბსი „გააფთრებული“ და ნახევრად შიშველი, მხოლოდ წინდებითა და წელზე პირსახოცით. მეორე მოწმემ, სტრიპტიზიორმა დენიელ ფილიპმა, აღწერა, რომ რეპერთანაც და კესისთანაც ჰქონდა სექსუალური კავშირი კომბსის წვეულებებზე, თუმცა არ იყო დარწმუნებული, იყო თუ არა მისი მონაწილეობა ნებაყოფლობითი.
დაკითხვაზე კესი ვენტურამ თქვა: „მე ეს არ მომეწონა, მე ვიყავი ობიექტი, რომელსაც მამაკაცები აქტიურად იყენებდნენ. ვენტურას თქმით, ამან ის თვითმკვლელობაზე სერიოზულად დააფიქრა.
2018 წელს, კესის თქმით, მან კომბსი სხვა ქალთან დაინახა და გადაწყვიტა, მასთან ურთიერთობა სამუდამოდ დაესრულებინა. ამ დროისთვის თავად მომღერალმაც დაიწყო მომავალ ქმართან შეხვედრა. კომბსმა და კესიმ რესტორანში ისაუბრეს და კომბსი, მისი თქმით, კეთილი და საყვარელი იყო, შესთავაზა სახლში წაყვანა, შემდეგ კი მისაღები ოთახის იატაკზე გააუპატიურა.
სასამართლოში ვარსკვლავების აღლუმი გაიმართება?
ამ ეტაპზე ცნობილია კიდევ რამდენიმე ადამიანის სახელი, რომლებმაც შონ კომბსის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს და მას ძალადობაში ადანაშაულებენ. ეს სტუდენტი ეიპრილ ლამპროსია, რომელიც მოდელის კარიერაზე ოცნებობდა; ბორტგამცილებელი გრეის ო’მარკი; მსჯავრდებული დერეკ ლი კორდელო-სმიტი, მომღერალი დონ რიჩარდი და მოდელი კრისტალ მაკკინი. კომბსის წინააღმდეგ მათი ბრალდებების ხასიათი თითქმის იდენტურია: ყველა ამბობს, რომ რეპერმა მათ ალკოჰოლი ან ნარკოტიკები მისცა და შემდეგ გააუპატიურა ან გაუპატიურება სცადა. ო’მარკელმა და მაკკინიმ განაცხადეს, რომ ამან მოგვიანებით დეპრესია გამოიწვია.
დონ რიჩარდმა აღნიშნა არა მხოლოდ შეურაცხყოფა და შევიწროება იყო რეპერის მხრიდან, არამედ მუსიკოსმა მას რამდენიმე მილიონი დოლარი არასაკმარისად გადაუხადა, როგორც ეს საქმიანი კონტრაქტით იყო გათვალისწინებული. მან ასევე იხილა კომბსის მიერ ვენტურასა და მის გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ ძალადობის მრავალი შემთხვევა.
რამდენიმე ამერიკულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსამართლემ ნაფიც მსაჯულები გააფრთხილა, რომ სასამართლო პროცესის დროს შესაძლოა ცნობილი შოუბიზნესის წარმომადგენლების სახელები გაჟღერდეს (მან არ დააკონკრეტა, რა რანგში ისაუბრებენ ისინი).
მათ შორის არიან რეპერი კანიე უესტი, მომღერალი და ჰოლივუდის დიდების ხეივნის ვარსკვლავი მიშელ უილიამსი, გოგონათა ჯგუფის წევრები დენიტი კეინი (კომბსი მისი პროდიუსერი იყო) ობრი ო’დეი და დონ რიჩარდი, მსახიობები მაიკლ ბ. ჯორდანი („ფანტასტიკური ოთხეული“, „შავი პანტერა“) და მაიკ მაიერსი (რომელმაც გაახმოვანა შრეკი და შეასრულა მთავარი როლი „ოსტინ პაუერსის“ ტრილოგიაში).
კომბსის წვეულებებს ბევრი ცნობილი ადამიანი დაესწრო, მათ შორის მომღერალი ჯასტინ ბიბერი; მსახიობები ლეონარდო დიკაპრიო, ეშტონ კატჩერი, ედი მერფი და ბრიუს უილისი; მსახიობი, მომღერალი და დიზაინერი პერის ჰილტონი, მომღერლები: ბრიტნი სპირსი, მარაია კერი, რეპერი დრეიკი. თუ მათგან ნახევარსაც კი სასამართლოში დაიბარებენ, ეს სასამართლო პროცესს ამერიკული მართლმსაჯულების ისტორიაში ყველაზე ბრწყინვალეს გახდის.
30 წლიანი ძალადობა
კომბისს მთელი კარიერის განმავლობაში იურიდიული პრობლემები ჰქონდა. მაგალითად, ის ეჭვმიტანილი იყო 1996 წელს დასავლეთ სანაპიროს ერთ-ერთი მთავარი რეპერის, ტუპაკ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დიდის ყოფილმა შეყვარებულმა, კესიმ, მას უჩივლა - 2023 წელს მან კომბისი ძალადობაში დაადანაშაულა. საქმე სასამართლო პროცესამდე მოგვარდა, ხოლო პირობები მხოლოდ მიმდინარე სასამართლო პროცესის დროს გამოცხადდა: მომღერალმა 20 მილიონი დოლარი მიიღო. 2023 წლის ნოემბერში კომბისის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე სარჩელი შეიტანეს, მათ შორის არასრულწლოვანის ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ. 2024 წლის თებერვალში კიდევ ერთი სარჩელი მოჰყვა, ამჯერად მამაკაცის მხრიდან, რომელიც კომბისს ადანაშაულებდა მის თვალწინ სხვა ქალებთან სექსის იძულებაში. 2024 წლის მარტში, მაიამიში, კომბსის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს.
2024 წლის მაისში CNN-მა სასტუმროს სათვალთვალო კამერიდან გადაღებული კადრები მოიპოვა. ვიდეო 2016 წელს არის ჩაწერილი და მასზე ნათლად ჩანს, თუ როგორ ურტყამს კომბსი ფეხს კესის იატაკზე მწოლიარეს. რეპერის წინააღმდეგ სულ უფრო და უფრო მეტი სარჩელი შედიოდა და 2024 წლის შემოდგომაზე სასამართლომ დიდი ბრუკლინის წინასწარი დაკავების ცენტრში გირაოს უფლების გარეშე გაგზავნა. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ გამომძიებლების თქმით, კომბისმა ზეწოლა მოახდინა როგორც დაზარალებულებზე, ასევე პოტენციურ მოწმეებზე და მოითხოვა მის სასარგებლოდ ჩვენება მიეცათ.