ოქრუაშვილს საკანში, შესაძლოა, ჯაფარიძე, ხაზარაძე და ზურაბ-გირჩი მიუსვან გვერდით

ოქრუაშვილს საკანში, შესაძლოა, ჯაფარიძე, ხაზარაძე და ზურაბ-გირჩი მიუსვან გვერდით

საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა ოპოზიციური ლიდერებისთვის შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს და ირაკლი ოქრუაშვილის ბედი გაიზიარონ. „ლელოს“ ლიდერებმა გირაოს თანხა 50-50 ათასი ლარი გადაიხადეს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მოსამართლემ გირაო პატიმრობით შეცვალოს. თბილისის საქალაქო სასამართლოში ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესზე დაცვის მხარემ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა, ისევე, როგორც მოსამართლის აცილების საკითხი.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

„ლელოს“ ლიდერები აცხადებენ, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობენ და თვლიან, რომ ეს არის პოლიტიკური შურისძიება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. როგორც მამუკა ხაზარაძე აცხადებს, კომისია არალეგიტიმურმა პარლამენტმა შექმნა, კანონის დარღვევით. პირველივე საქმე ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ დაიწყეს, თითქოს ეს კომისია წინა ხელისუფლების საქმეების გასარკვევად შეიქმნა და დაიწყეს პოლიტიკური ლიდერების დაბარება და ზეწოლა.

„ჩვენ უარი განვაცხადეთ, იმიტომ რომ არალეგიტიმურია და არალეგიტიმურმა პარლამენტმა კი არაკანონიერად შექმნა ეს კომისია, მაგრამ იქვე ვთქვით, რომ ბიძინა ივანიშვილის სასამართლოში მზად ვართ, კითხვებს ვუპასუხოთ. ეს პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია, თუმცა ბადრი ჯაფარიძის პროცესზე მოსამართლემ საქმეში დატოვა ის მტკიცებულებები, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს, იმის დამადასტურებლად, რომ ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური.

ეს საინტერესო ამბავია. ჩვენ უნდა ჩამოვხსნათ ნიღაბი არაკანონიერ ხელისუფლებას და ამას ნებისმიერი ტრიბუნიდან გავაკეთებთ. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ხალხს, თუ როგორც მიიტაცა ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება, გააყალბა, 89 დეპუტატით არის წარმოდგენილი პარლამენტში და შემდგომ ქმნის კომისიას. სად არის კომისიაში ოპოზიციონერი პარტიები?“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, სახეზე გვაქვს პოლიტიკური ოპონენტებისადმი პირდაპირი ანგარიშსწორება, რომელიც ე.წ. საგამოძიებო კომისიის მიერ ხდება, რომელიც მისი თქმით, შექმნილია კანონის ფეხქვეშ გათელვით.

„პირდაპირ სახეზეა თანასწორობის დარღვევა და ფეხქვეშ გათელვა კანონის მოთხოვნის. იმპერატიულად განსაზღვრულია, რომ საგამოძიებო კომისიის შემადგენლობის მინიმუმ 50% ოპოზიციონერი წევრებისგან უნდა შედგებოდეს. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სამი წევრი თავისი რიგებიდან დანიშნა „ქართულმა ოცნებამ“, ეს იგივეა, რომ პროკურორმა დანიშნოს მეორე პროკურორი ადვოკატად და თქვას, ის იცავდა ბრალდებულის უფლებებსო, ორი ადგილი გამოყო სხვა პარტიისთვის.

მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნება“ არის საგამოძიებო კომისიაზე წარმოდგენილი, ამიტომ საგამოძიებო კომისია გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტებისადმი ანგარიშსწორებისთვის. კანონმა სწორედ იმიტომ დაადგინა 50% ოპოზიციის წევრებისგან უნდა შედგებოდეს, რომ ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ საგამოძიებო კომისია არ გამოიყენოს პოლიტიკური ოპონენტებისადმი ანგარიშსწორებისთვის. ჩვენ გვაქვს პირდაპირი ანგარიშსწორება პოლიტიკური ოპონენტებისადმი, რომელიც სწორედ ამ ე.წ. საგამოძიებო კომისიის მიერ ხდება, რომელიც შექმნილია კანონის ფეხქვეშ გათელვით. თვითონ უკანონოა პარლამენტი, უკანონოა კომისია და კანონის დარღვევით არის ყველა გადაწყვეტილება მიღებული“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ხაზარაძე-ჯაფარიძისგან განსხვავებით, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ 22 მაისს დააკავებენ, მაგრამ ამის მიუხედავად, გირაოს თანხას არ გადაიხდის. აცხადებს, რომ წინასწარ ჰქონდა გაცხადებული, რომ გირაოს არ გადაიხდიდა და ზოგადად, არ აპირებს ამ რეჟიმის მიერ დაწესებული არანაირი „უგუნური“, რაც არ უნდა იყოს, ქმედებების შესრულებას.

„არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ამ მასკარადში მივიღო მონაწილეობა. ველოდები, რომ დამიჭერენ. 99% ალბათ, დამიჭერენ. თუ დამიჭერენ, ციხეში წავალ. რაც შეეხება იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც გირაოს თანხა გადაიხადეს, ეს არის მათი ინდივიდუალურად გადასაწყვეტი საკითხი.

მე ჩემი პირადი ამბავი მაქვს. ციხეში წასვლა კი არ მინდა, ჩემთვის პრინციპული ამბავია, რომ მაგ ფარსში მონაწილეობა არ მივიღო. ეს თავიდანვე ვთქვი, როცა დამიბარეს, რომ იქ არ მივალ, ამას რაც არ უნდა მოჰყვეს-მეთქი, ნებისმიერ შემთხვევაში, იმ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებ-თქო. არ მივიღებ, გამორიცხულია. ჩემთვის ეს პრინციპული ამბავია. თუ დამიჭერენ, დამიჭირონ“, - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

რადიკალური ოპოზიციის ლიდერებმა კარგად იციან, რომ ნებისმიერ ქვეყანაში კანონის დაუმორჩილებლობა დასჯადია, თუმცა ამის მიუხედავად, აცხადებენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ტერორია. რაში გამოიხატება ტერორი, რა თქმა უნდა, პასუხი არ აქვთ.

„ლელოს“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია არის პოლიტიკური რეპრესიის ინსტრუმენტი და შესაბამისად, სასამართლო რა პოლიტიკურ დაკვეთასაც მიიღებს, ისე იმოქმედებენ.

„ვფიქრობ, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რომ ეს არაკონსტიტუციური კომისია, რომელიც არალეგიტიმურ პარლამენტშია შექმნილი, არის ჩვეულებრივი პოლიტიკური რეპრესიის ინსტრუმენტი. ალბათ, ყველა ხვდება, როგორი აბსურდია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის შემსწავლელ ე.წ. კომისიაში პირველები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიბარეს. ეს მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება, ლიდერები არიან ერთ-ერთი მთავარი სამიზნე დღეს რუსული რეჟიმის პოლიტიკური დევნის და შევიწროების.

ვნახოთ, ბიძინა ივანიშვილის პროკურატურა რას მოითხოვს. ჩვენ ვიცით, რომ სასამართლო აბსოლუტურად მართული ინსტრუმენტია. ამიტომ რა პოლიტიკურ დაკვეთასაც მიიღებენ, ისე იმოქმედებენ. დღეს თუ შემდეგ დღეებში, რეჟიმმა რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, ჩვენი ბრძოლა ამით მხოლოდ გაძლიერდება და არავითარ შემთხვევაში არ დასუსტდება, სანამ ქვეყანაში ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას და ახალ საპარლამენტო არჩევნებს არ მივაღწევთ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ქართული ოცნების“ წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ყველა, ვინც კანონს დაარღვევს, პასუხს აგებს და სასამართლო დავალების შეუსრულებლობისთვის სანქცირება იქნება გამოყენებული. მათიკაშვილის თქმით, საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულება დამარცხდება და ისინი თავიანთ მიზნებს ვერ მიაღწევენ.

„ყველა, ვინც კანონს დაარღვევს, პასუხს აგებს. ისინი დაიბარეს დროებით საგამოძიებო კომისიაზე და არ გამოცხადდნენ, თუმცა კარგად იცოდნენ, რომ გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველია. სისხლის სამართლის საქმის წიაღში მათ გირაო შეუფარდეს და აცხადებენ, რომ არ გადაიხდიან. არ გადაიხდიან გირაოს და იმავე ბედს გაიზიარებენ, რაც იმ ხალხმა, გირაო ვინც არ გადაიხადა. შესაბამისად, სამართლებრივ, დემოკრატიულ სახელმწიფოებში, ევროპაში და შეერთებულ შტატებში როგორც ხდება, ზუსტად ანალოგიურად წესია, კანონისა და სასამართლო დავალების შეუსრულებლობის მიმართ სანქცირება იქნება გამოყენებული.

ეს თითიდან გამოწოვილი თემა სჭირდებათ, რადგან შესაძლოა, კვლავ ვითარების დაძაბვაზე ფიქრობენ, დადგან სპექტაკლი, როგორ დევნის პოლიტიკურ ოპონენტებს ხელისუფლება. გახსოვთ, თავის დროზე ნიკა მელიამ გირაოს გადაუხდელობის საფუძვლით რაც გააკეთა. მათი მიზანია, საზოგადოების მოტყუებას შეეცადონ, რაშიც ქვეყნის ფარგლებს გარედან არსებული პატრონები დაეხმარებიან, რათა რაიმე ფორმით სიტუაცია არიონ. ეს ყველაფერი შეუსრულებელი მისიაა. ამ შეუსრულებელ მისიაში, ტრადიციულად, საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულება დამარცხდება და ისინი თავიანთ მიზნებს ვერ მიაღწევენ“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.