16 მაისს ალბანეთში გამართულ ევროპული, პოლიტიკური გაერთიანების სამიტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მონაწილეობა ერთგვარ დადებით სიგნალად შეფასდა საქართველოში, რომ უახლოეს მომავალში დასავლეთთან ურთიერთობები შესაძლოა გადაიტვირთოს. როგორც ვიცით, ეს იყო კობახიძის პირველი საერთაშორისო გამოსვლა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ გამარჯვება მოიპოვა. გარდა ამისა, ალბანეთში კობახიძეს ოფიციალური შეხვედრების გარდა, ევროპელ ლიდერებთან არაფორმალურად გასაუბრების საშუალებაც ჰქონდა.
„იყო გარკვეული შეზღუდვა კომუნიკაციაში. როგორც ჩანს, მოსწყურდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საქართველოსთან ურთიერთობა. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ევროპისთვის, კონკრეტულად ევროკავშირისთვის. რეგიონში ჩვენი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. საბოლოო ჯამში, ყველა აცნობიერებს იმას, რომ საჭიროა საუბარი საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლების ლიდერებთან და ალბათ, ამის გამოხატულებაა ის, რომ ხშირად ინიციატივები მოდიოდა სწორედ ევროპელი ლიდერების მხრიდან.
სამიტი ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ აქ გვაქვს მოსაზრებების გაცვლისა და ერთმანეთთან საუბრის შესაძლებლობა. ჩვენ მოვისმინეთ ევროპელი ლიდერების მოსაზრებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და, ასევე, მე მქონდა 30-მდე პოლიტიკურ ლიდერთან გასაუბრების საშუალება“, - განაცხადა პრემიერმა.
ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ პოლიტიკაში, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, მხარეები ხშირად ძველ წყენას ივიწყებენ და ახალი ფურცლიდან იწყებენ ურთიერთობებს. სალუქვაძე აღნიშნავს, რომ არა მხოლოდ საქართველოს ინტერესებშია ურთიერთობების დალაგება ევროკავშირსა და ამერიკასთან, არამედ თავად დასავლეთის ინტერესიცაა, კავკასიაში ჰყავდეს ისეთი სტრატეგიული მოკავშირე, როგორიც საქართველოა.
„საერთოდ, ახალი ფურცლიდან არასდროს არაფერი არ იწყება, ისტორია ყველაფერს იმახსოვრებს, მაგრამ პოლიტიკაში „მოსულა“ ეს, რომ ინტერესებიდან გამომდინარე, მხარეები გადაფურცლავენ წარსულს და ახდენენ ურთიერთობების გადატვირთვას. ამიტომ, ველოდები ამ განახლებას - ეს არ არის მხოლოდ საქართველოს ინტერესებში. დავინახეთ ერთი რამ - მიუხედავად ოპოზიციის განცხადებებისა, მთავრობის წევრებთან არავინ მიდის, ხელს არავინ ართმევს, - ალბანეთში საპირისპირო სურათი იყო.
დრო გადის, ჰქონდათ რაღაც სურვილები და მცდელობები, რომელიც ახლაც გრძელდება გარკვეული ძალების მიერ. ამერიკას აქვს რეგიონში ინტერესები, რომ კავკასიაში მას გააჩნდეს სტაბილური და საიმედო პარტნიორი და მოკავშირე, როგორიც იყო საქართველო აქამდე. ევროკავშირსაც იგივე მიზნები და ინტერესები აქვს, მხოლოდ ჩვენს ინტერესში არ არის ურთიერთობების აღდგენა იმ დონეზე, როგორც იყო ეს უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, 2022 წლამდე. კარგად ხედავენ დასავლეთში, რომ 2028 წლამდე ეს გუნდი, „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში და უნდათ თუ არა, მოუწევთ ურთიერთობების ნელ-ნელა განახლება“, - განაცხადა სალუქვაძემ
მისი შეფასებით, ბევრი რამ არის დამოკიდებული უკრაინა-რუსეთის ომზე.
„საქართველოს მხრიდან მზადყოფნა არის და როგორც ჩანს, ეს განწყობები ნელ-ნელა ევროკავშირშიც ყალიბდება. შეიძლება ეს დროში გაიწელოს, შეხედავენ ადგილობრივ არჩევნებს, როგორ ჩაივლის, რა სურათი დადგება და ამის შემდეგ, შესაძლოა, უფრო მეტი აქტივობა ვიხილოთ საქართველოს და ევროკავშირს შორის.
ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული უკრაინა-რუსეთის ომის დასრულებაზე. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ გონივრულ ვადებში დასრულდება ეს სისხლისმღვრელი ომი, რომელიც აზიანებს არა მხოლოდ უკრაინას, ზოგადად, ძაბავს ვითარებას მსოფლიოში და აისახება ჩვენზეც. წესით, რუსეთის აგრესიას უკრაინაში დასავლეთის მხრიდან, განსაკუთრებით ნატო-ს მხრიდან უნდა მოჰყოლოდა საქართველოსთან მიმართებით მეტი აქტივობა და საქართველოს ნატო-ს ქოლგის ქვეშ მოქცევა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სხვა გეგმა და ჩანაფიქრი ჰქონდათ“, - აღნიშნა ამირან სალუქვაძემ.