იმ შემთხევაში თუ აშშ-ის პრეზიდენტი მოახერხებს „დიფ სთეითის“ შესუსტებას, ეს დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე. მაგრამ თუ ვერ შეასუსტებს, ასეთ შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დარჩება ის სტატუს-კვო, რაც დღეს არის. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ქართული მხრიდან გაჟღერდა გზავნილები აშშ-ის ადმინისტრაციის წინაშე და თუ არის ამერიკული მხრიდან ინტერესი ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, აშშ-ის მხრიდან ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გაგრძელდება და დასრულდება ორთაბრძოლა პრეზიდენტ ტრამპსა და „დიფ სთეითს“ შორის. ამ ორთაბრძოლის თაობაზე თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ღიად საუბრობენ. თუ მოახერხებს პრეზიდენტი „დიფ სთეითის“ შესუსტებას, ეს აუცილებლად დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე. თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება ის სტატუსკვო, რაც არის დღეს მოცემული. გარდა ამისა, უნდა გავიხსენოთ ის, რომ იგივე „მეგობარი აქტი“ იქნა მიღებული. ძალაშია სანქციები, რომლებიც მოქმედებს, მათ შორის, ვიცე-პრემიერის მიმართ, ჩვენს შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ.
ამიტომ ვამბობ, რომ ეს არ არის პასიური დუმილი, ეს არ არის პასიური მდგომარეობა. ჩვენ გვჭირდება მოცემულობის შეცვლა. თუ ამერიკული მხრიდან ასევე არის ინტერესი ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ნაბიჯები უნდა გადაიდგას, თუმცა ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული. ჩვენზე დამოკიდებული რაც იყო, გავაკეთეთ, ჩვენი გზავნილები გავაჟღერეთ ადმინისტრაციის წინაშე. ვნახოთ, როგორი იქნება მათი რეაქცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მივიდა თუ არა წერილი ადრესატამდე უცნობია, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ტრამპის პასუხის მოლოდინშია. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კი პრემიერ-მინისტრის წერილზე, ჯერჯერობით, არ საუბრობს. თუმცა, ჩნდება კითხვა, რატომ ვართ დამოკიდებული იმაზე, რა პასუხს გასცემს ან გასცემს თუ არა პასუხს ერთი სახელმწიფოს ლიდერი, მეორე სახელმწიფოს ლიდერს?
ანალიტიკოსს, „ხალხის ძალის“ წევრს დავით ქართველიშვილს აინტერესებს რატომ ვანიჭებთ გადამეტებულ იმედებს და ყურადღებას ამ საკითხს, რა არის ამ მოლოდინში ჩადებული?
„ანუ, რისკის ქვეშ რა დგება? - ის არარსებული პრეფერნეციები, რომლებიც ათელულობით წლების განმავლობაში არ გვეღირსა? თავისუფლების ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა, პირდაპირ ავიარეისები? ანუ, ეს ყველაფერი გაგვაჩნია და კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ამის ყოფნა-არყოფნა? ჩვენ მხოლოდ ვეხმარებოდით ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლით? ასეულობით დასახიჩრებული ჯარისკაცი გვყავს და საბოლოოდ რას ვიღებდით უკან? ქვეყანა, რომელიც მედგრად ედგა აშშ-ის ნებისმიერი ადმინისტრაციის გვერდში, მის ნებისმიერ საერთაშორისო სამხედრო პროექტებში მონაწილეობით, საპასუხოდ ხელისუფლების დამხობის, გადატრიალების და აყირავების მიზნით შემოდინებული მილიარდებით ვიღებდით საპასუხო მადლიერების ნიშნებს? - ეს მაინტერესებს პირველ რიგში.
მეორე, მოდით რა, მაგალითებით ვილაპარაკოთ. ყველას ძალიან კარგად გვახსოვს ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ძალიან მკაფიო პოზიცია გამოთქვა დონალდ ტრამპმა უმცროსმა, რომელმაც რუმინეთში მიმდინარე ბაქჰანალიას უწოდა სოროსის თუ მაქსისტური გადატრიალება. ეს ფრაზა იმდენად მომეწონა, რომ ხშირად ვიყენებდი და მართლა მიჩნდებოდა იმედი რუმინეთის მაგალითზე მაინც სადაც „დიფ სთეითის“ ბაქჰანალია ყველანაირ ზღვარს გასცდა, როდესაც არჩევნებში მოგებულ ადამიანს არჩევნები მოპარეს, როდესაც არ მისცეს საშუალება ხელახლა ეყარა კენჭი არჩევნებში, როდესაც ემუქრებოდნენ ციხით, როდესაც გააფორმეს ის, რაც გააფორმეს გუშინ. გაუგონარი რამ გააკეთეს - ადამიანი, რომელმაც პირველ ტურში თავის მოწინააღმდეგს ორჯერ მეტი უპირატესობით მოუგო, წაგებულად გამოაცხადეს. ანუ, ჩვენს თვალწინ იხატებოდა სურათი, რომ რუმინეთს, რომელსაც ძალიან დიდი იმედი ჰქონდა, რომ დონალდ ტრამპი ამ მარქსისტულ, სოროსისტულ ძალებს, ამ „დიფ სთეითს“ მათ ქვეყანაში მაინც დაამარცხებდა და იზეიმებდა რაღაცა ტრადიციონალისტების, რაციონალისტების და სუვერენული რუმინეთის პარტიის ძალები, ეს ყველაფერი გამოდგა ფუჭი მოლოდინი. არავის, მათ შორის თეთრი სახლის ადმინისტრაციას აღარ აწუხებს, არც დემოკრატიის უკუსვლა, არც დიქტატორული სასამართლო რუმინეთში და არც გაუგონარი, ცინიკური საარჩევნო სისტემა ამ ქვეყანაში. ეს ყველაფერი არავის არ აინტერესებს“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.
ანალიტიკოსის შეფასებით, პრემიერის ღია წერილამდე ჩვენ მოვისმინეთ ჩინეთის ელჩის საინტერესო განცხადებები, რომელმაც შეგვახსენა ჩინეთ-საქართველოს შორის აქამდე მიმდინარე პროექტები, ღირებულებები და ისაუბრა იმ საქმეებზე, სადაც ჩინეთი ხედავას თავის აქტიურ როლს თავის ეკონომიკაში და პირდაპირ გვითხრა - საქართველო ნუ გეშინია, ჩვენ არაფერი დაგვვიწყებია.
„ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით. ამის მერე, 17 მაისს, საქართველომ დაანახა ყველას - ვინ არის ქართველი ხალხი და ვინ არის მოქმედი ხელისუფლების ამომრჩეველი და რის გარშემო არის გაერთიანებული ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი. ეს არის ხელისუფლება და დედაეკლესია. ამ ორ მოვლენას შორის იყო მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი ვიზიტი ჩვენი პრემირ-მინისტრის ვიზიტი ევროპელი ლიდერების სამიტზე ალბანეთში, როდესაც თვით ევროპული მედიაშიც კი გაჟღერდა ასეთი შეფასებები: პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტმა გაათბო ევროპასა და საქართველოს შორის ოდნავ გაყინული ურთიერთობები და მეორე, სრულიად ევროპამ სცნო კი არა, ეჭვის დონეზეც არ არის მათში, ვინ იყო ჩამოსული ამ სამიტზე - ლეგიტიმური, თუ არალეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელი. ამიტომ, საქართველო თავისი გეპოლიტიკური და გეოეკონომიკური ადგილმდებარეობით არსად არ გამქრალა.
საქართველოს ხელისუფლების ამომრჩევლებმა დავანახეთ მთელ მსოფლიოს, ვინ ვართ და სად ვართ. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები დაინტერესებული არიან აღმშენებლობაში, მშვიდობაში და გვეუბნებიან, ნუ გეშინიათ, ჩვენ თქვენთან ვართ. საქართველოს ეკონომიკა არის მზარდი, ინფლაცია მინიმუმამდეა დაყვანილი, სტაბილური მდგომარეობაა ქვეყანაში და ვიღაცას სურს არასრულფასოვნების კომპლექსი გააღვივოს ჩვენში იმის გამო, რომ თეთრი სახლის თუ სახელმწიფო დეპარტამენტების ბრიფინგები არ იწყება და არ მთავრდება ჩვენს შესახებ?
ჩვენ გამოვიარეთ ის სამწუხარო პერიოდი ორ ქვეყანას შორის, როდესაც ჩვენით იწყებდა და ჩვენით ამთავრდებდა თავის ყოველ ბრიფინგს შეწუხებული და შეშფობული მეთიუ მილერი, საერთოდ არ მინდა იმ პერიოდს დავუბრუნდე. აშშ, როგორც პრაგმატიკოსი, ბიზნესმენი პრეზიდენტის ხელში, თავის შანსს არ გაუშვებს. როგორც კი დაინავს, რომ მშვიდობა დამყარდა, მსოფლიო გადავიდა ეკონომიკური განვითარების რელსებზე, ის თავის ინტერესებს საქართველოსთან მიმართებით აუცილებად გამოაჩენს და ჩვენ ამას დავინახავთ. ამ ეტაპზე ან დასაკარგი რა გვაქვს, ან საპანიკო, ან სასოწარკვეთილებაში რატომ უნდა ჩავვარდეთ?“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილი.
პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა ფიქრობს, რომ აშშ-ს სახელმწიფო სტრუქტურები შეარბილებენ პოზიციას საქართველოს მიმართ, რათა გამოუვალ სიტუაციაში არ ჩააგდონ ქვეყანის ხელისუფალნი. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ამერიკელებს კარგად ესმით, რომ ზედმეტად ხისტი ზეწოლა საქართველოს ჩინეთისკენ ან რუსეთისკენ უბიძგებს.
„შეარბილებენ მიდგომას, თუმცა სანქციებს და ზეწოლის სხვა ინსტრუმენტებს „დამოკლეს მახვილივით“ დატოვებენ დაკიდებულს. ამის შემდეგ კი დაელოდებიან და თან ხელს შეუწყობენ ქვეყნის შიგნით მომდევნო კრიზისს, რომ კიდევ ერთხელ სცადონ ხელისუფლების შეცვლა - ამას შეიძლება წლებიც კი დასჭირდეს. ვაშინგტონის პოლიტიკური ისტებლიშმენტი „ქართულ ოცნებას“ ურჩობას არ აპატიებს.
ტრამპი, შესაძლოა, საერთოდ არ ჩაერიოს საქართველოს საკითხში და, ჯერჯერობით, ვერც ჩაერევა, რადგან პირველ რიგში, ევროკავშირთან უნდა გაარკვიოს ურთიერთობა, შემდეგ უკრაინის თემა უნდა გამოიკვეთოს და მხოლოდ შემდეგ იქნება საქართელოზე და, ზოგადად, სამხრეთ კავკასიაზე საგნობრივი მსჯელობა დიდ მოთამაშეებს შორის. ეს ამბავი, საბოლოოდ, იმით დასრულდება, რომ აშშ შეამცირებს ჩვენს რეგიონში ყოფნას, რადგან რეგიონის დიდ ქვეყნებს - რუსეთი, თურქეთი, ირანი - მკაფიოდ აქვთ გადაწყვეტილი, რომ არარეგიონალური მოთამაშეები სამხრეთ კავკასიაში არ შემოუშვან“, - აცხადებს ირაკლი გოგავა.
პოლიტოლოგის შეფასებით, აშშ-ს სასიცოცხლო ინტერესები სამხრეთ კავკასიაში არ აქვს და შესაბამისად, მცდელობებით თავსაც არ მოიკლავს. ნათელია, რომ მათი უმთავრესი ინტერესი იმაში მდგომარეობს, რომ აქ სუროგატი ძალა ყავდეს საქართველოს სახით, რომელიც რუსეთს მუდმივად გააღიზიანებს და დავალების შემთხვევაში რუსეთთან კიდევაც იომებს, როგორც ეს სააკაშვილმა 2008 წელს გააკეთა.
„მეორე რიგის ამოცანას კი ის წარმოადგენს, რომ ჩვენს რეგიონში სახმელეთო სავაჭრო მაგისტრალები არ განვითარდეს, რადგან ამით ჩინეთი მათგან უკონტროლო სავაჭრო მარშრუტებს მიიღებს ან, თუ მაინცდამაინც, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მათ კონტროლს ქვეშ იყოს, რა დროსაც მაღალი ტარიფებით სატრანსპორტო კორიდორებს არ განავითარებენ, როგორც ამას ახლა ფოთის პორტში „მაერსკი“ აკეთებს. ეს გეგმები ლოგიკურია, რადგან აშშ და დიდი ბრიტანეთი საზღვაო სავაჭრო მაგისტრალებს აკონტროლებენ სამხედრო ძალით და სამხედრო ბაზების მთელი ჯაჭვით.
თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ არსებობს სხვა ვარიანტიც: აშშ საქართელოს შესთავაზებს რეგიონის ფინანსური ცენტრი გახდეს და ეკონომიკური სარგებლის მიღებას ჩინეთის სავაჭრო ნაკადებისგან და შუა აზია/ყაზახეთის რესურსებისგან თავადაც შეეცდება. ასეთი ვარიანტი, ვფიქრობ, ყველასთვის მისაღები შეიძლება იყოს, რადგან სატრანსპორტო ვექტორების ყველა მიმართულებით გახსნას გულისხმობს, რაც თავისთავად დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს აბრუნებს, რის გარეშეც ყველა სტრანსპორტო ვექტორი ვერ იმუშავებს.
ასეთი ვარიანტის შანსი არის, თუმცა ნაკლები, რადგან ამერიკის პოლიტიკური ელიტის მედიდურობა მათ ისეთ ერებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარების საშუალებას არ აძლევს, როგორიც ჩვენ ვართ ან ჩვენი მეზობლები, რეგიონის სხვა ქვეყნები, რადგან ისინი ჩვენ მეორეხარისხოვან ადამიანებად გვთვლიან. სწორედ ამიტომ მოკავშირეობის და პარტნიორობის ნაცვლად, რაც ჩვენი მხრიდან გულწრფელი სურვილი იყო 90-იანი წლებიდან, ნეოკოლონიალური მართვის მოდელი მოგვახვიეს თავს და მეტიც, ქვეყნის მთლიანად სახარჯ მასალად წაღებაც კი მოინდომეს, რისი საშუალებაც მათ ივანიშვილმა და ქართულმა საზოგადოებამ არ მისცა. იმედი მაქვს, რომ თავად აშშ-ში საღი აზრი გაიმარჯვებს და ჩვენი რეგიონის მიმართ თანამშრომლობის ვექტორი იქნება დომინანტური“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი გოგავამ.
ყოფილი დეპუტატის, პოლიტიკოსის დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, მთელი მსოფლიო რეგიონალური უსაფრთხოების სისტემებზე გადავიდა, გლობალური უსაფრთხოების ქოლგა აღარ არსებობს, საერთაშორისო სამართალი მოკვდა და სამართლის ძალა, ძალის სამართალმა ჩაანაცვლა.
„რას ვთავაზობთ საქართველოს მოსახლეობას, რა საგარეო პრიორიტეტზე ვდებთ ფსონს, სად ვართ თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში, რომელი უსაფრთხოების სისტემის ნაწილი ვართ რეგიონში და რა გარანტიებით, რას ვაკეთებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და სამგზის დევნილთა უკან დასაბრუნებლად?! ცივი გონებით განსჯის დრო დადგა! გეოპოლიტიკა არის დაუნდობელი, სასტიკი და ამორალური, ჩვენ კი იდეალისტური წარმოსახვითი ილუზიებით ვიკვებებით დიდი ხანია, გარკვეულ იდეოლოგიურ ინექციებზე დამოკიდებულების გამო, ვინაიდან საკუთარი, ქართული ღრმად დავმარხეთ მიწაში თვითიმედოვნებით, რომ საქართველო მარადიულია. პირველი და უმნიშვნელოვანესი საქმე ეროვნული ინტერესის დეკლარაციაა, რამაც უნდა დაასრულოს ქაოსი, დეგრადაცია და ანიჰილაცია ქართველი ერისა, რომელსაც უნდა დაუბრუნდეს ღირსება, სიმართლეზე სწორების გზით“, - აცხადებს ლორთქიფანიძე.
მისივე თქმით, მთავრობა ვალდებულია ეს სიმართლე ხმამაღლა თქვას და განაცხადოს, რომ საქართველო აღარ არის დასავლეთის მეტროპოლია და მზად არის მოემსახურის საკუთარ ორგანულ პოლიტიკურ ინტერესებს ერის საჭიროებიდან გამომდინარე, რომ არ დაუშვებს ქვეყანა გახდეს პოლიგონი ზესახელმწიფოთა შორის დაპირისპირების კონტექსტში.
„მზად არის მაქსიმალურად კომპრომისული პარიტეტის საწყისებზე განიხილავდეს საკუთარ როლს გეოპოლიტიკურ ცენტრებს შორის ხიდის ფუნქციით, რკინა-ბეტონის გარანტიების თანხლებით ზესახელმწიფოთა მხრიდან. სწორედ ასეთი პარტნიორული ურთიერთობისთვის უნდა იყოს მზად აშშ საქართველოსთან მიმართებით და არა იმგვარი ლობისტური მტრული დამოკიდებულებით, რასაც ერთეული კონგრესმენები თავს ახვევენ აშშ საკანონმდებლო სისტემას საქართველოს წინააღმდეგ. ეს კარგს არაფერს მოუტანს აშშ-ს სტრატეგიულ ინტერესებს თანამედრივე საერთაშორისო ურთიერთობათა კონტექსტისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დიმიტრი ლორთქიფანიძე.