„აბუჩად უნდა აიგდოთ ჩვენი ოჯახები, ჩვენი რწმენა, უნდა აგინოთ პატრიარქს, ოღონდ თქვენს უცხოელ დამფინანსებლებს არაფერი ეწყინოთ?! უკაცრავად, ჯანმრთელად ხართ?!“

„აბუჩად უნდა აიგდოთ ჩვენი ოჯახები, ჩვენი რწმენა, უნდა აგინოთ პატრიარქს, ოღონდ თქვენს უცხოელ დამფინანსებლებს არაფერი ეწყინოთ?! უკაცრავად, ჯანმრთელად ხართ?!“

„უნდა განვასხვავოთ ტოლერანტობა პროპაგანდისგან“... „ქალბატონო, ოჯახის სიწმინდის დღეა და აქ მოვედი, როგორც რიგითი ახალგაზრდა, რათა გამოვხატო საკუთარი აზრი“, - ასე იგერიებდა ცოტნე ივანიშვილი 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, ქართველ ჟურნალისტებს.

გეფიცებით, ჟურნალისტიკაში 28-წლიანი კარიერის მანძილზე, მეორედ შემრცხვა ჩემი პროფესიის. პირველად, 2011 წლის ნოემბერში, პოლიტიკაში ახლად შემოსული ბიძინა ივანიშვილის პირველ პრესკონფერენციაზე შემრცხვა, სადაც აშკარად გამოჩნდა არაკოლეგიალობაცა და არაპროფესიონალიზმიც...

ოჯახის სიწმინდის დღეს, რუსთაველის გამზირზე, ოპოპროპაგანდისტებმა (მაპატიეთ, მაგრამ მათ ჟურნალისტებს ვერ ვუწოდებ) ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი - ცოტნე ივანიშვილი „გამოიჭირეს“ და ცხვირში ძმრად ადინეს ბიძინა ივანიშვილის შვილობა. როგორ ღირსეულად ეჭირა თავი ამ პატარა ბიჭს და როგორ ცდილობდა, ზრდილობიანად გაეცა პასუხი პროვოკაციულ კითხვებზე, ეს ამ ვიდეოშიც კარგად ჩანს. ცოტნე ივანიშვილი ცდილობდა, მაგრამ ვინ აცადა?!

დემოკრატია ყველაზე რთული წყობაა, რადგან სიტყვის თავისუფლება და განსხვავებული აზრის პატივისცემა უმთავრესი ფუნდამენტია. გასაგებია, რომ 1 200 000-ზე მეტი ადამიანის არჩევანს პატივს არ სცემთ და მათ არჩევანს ეჭვქვეშ აყენებთ, მაგრამ თუ პოლიციელებზე არ იძალადებთ და თავს არ დაესხმებით, ვინმე გიშლით რუსთაველზე დგომას?! თქვენ რომ კაცმა დაგიჯეროთ, ამ ქვეყანას რუსული რეჟიმი მართავს და გაქანებული დიქტატურაა და მაინტერესებს, დიქტატურის პირობებში, რომელი დიქტატორი დაუშვებდა, რომ 30, მაქსიმუმ 50 ადამიანს გადაეკეტა ქვეყნის მთავარი გამზირი, თანაც ექვსი თვის მანძილზე?

დიქტატურაც რომ თქვენებურად „გესმით“, ჩვენც გვესმის, მაგრამ სიტყვის თავისუფლება, განსხვავებული აზრისა და სხვისი შვილების პატივისცემაც რომ მხოლოდ ცალმხრივად გესმით, ამ ვიდეოში ეგეც გამოჩნდა. რა გგონიათ, მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ უნდა ვცეთ პატივი თქვენს არატრადიციულ ორიენტაციას, განსხვავებულ რელიგიურ შეხედულებებს, მაგრამ თქვენ აბუჩად უნდა აიგდოთ ჩვენი ოჯახები, ჩვენი რწმენა, დილა-შუადღე-საღამოს უნდა აგინოთ პატრიარქს, საპატრიარქოს და არიქა, ოღონდ თქვენს უცხოელ დამფინანსებლებს არაფერი ეწყინოთ და ეტკინოთ, უნდა მოვითმინოთ, გავჩუმდეთ და შევეგუოთ?! უკაცრავად, მაგრამ ჯანმრთელად ხომ ხართ?!

დიახ, ბატონო, კარგად ვიცი, რომ ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოჰკვეთა კბილი, მაგრამ ამ ანდაზაში არსად ჩანს, რომ შვილიშვილს უცხო პირებმა აგებინეს პასუხი ბაბუის ცოდვის გამო. ვის, როდის და სად წამოეწევა მშობლების ცოდვები, ეგ თქვენი გასარჩევი და განსაკითხი არ არის და მოდით, რა, რომის პაპზე უფრო დიდი კათოლიკები ნუ იქნებით, ისედაც კარგად ჩანს, რა ხვითოებიც ხართ!

მე პატივს ვცემ თქვენს განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებებს, არც განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია ან რელიგიური შეხედულებები მაღიზიანებს, მაგრამ მხოლოდ იქამდე, ვიდრე ჩემსას არ შეეხებით. მე არ განგიკითხავთ და არც ჯვრით ხელში დაგდევთ, რომ როგორმე ქრისტეს გზაზე მოგაქციოთ, ეგ არაა ჩემი საქმე, მაგრამ თქვენგანაც იგივეს მოვითხოვ! სადაც გინდათ და როგორც გინდათ, ისე აღნიშნეთ თქვენი 17 მაისი, მაგრამ ჩემი პატრიარქის გადაწყვეტილებასაც ეცით პატივი, რომელმაც ეს დღე ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა და ნუ ქილიკობთ, ვის რამდენი საყვარელი ჰყავს. არც ჩვენ ვართ მარსიდან ჩამოფრენილები, ამ ქალაქში დავიბადეთ, გავიზარდეთ და დაგვიჯერეთ, ჩვენც კარგად ვიცით თქვენი საყვარელი „ავტორიტეტების“ პირადი ცხოვრების პიკანტური დეტალები.

ცოტნე ივანიშვილს ჩემი დაცვა არ სჭირდება, გადასარევად გაგიმკლავდათ, ღირსეულად და ზრდილობიანადაც კი, მაგრამ ფსკერის ჩახვრეტაა, მამის გამო უდანაშაულო შვილზე ჯავრის ყრა! გარდა იმისა, რომ უზნეობაა, პირველ რიგში, არაქრისტიანულია. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ თქვენი პოლიტიკური შეხედულების გამო, თქვენს შვილს სთხოვენ პასუხს და ამის შემდეგ გაეკიდეთ სხვის შვილებს, მაგრამ აკი გითხარით, რომ დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, განსხვავებული აზრისა და სხვისი შვილების პატივისცემა ცალმხრივად, მხოლოდ თქვენს სასარგებლოდ გესმით!

რაც შეეხება ეგრეთ წოდებული რეჟიმის ეგრეთ წოდებულ ტყვეებს, ცოტნე ივანიშვილის სიტყვებით გიპასუხებთ და ამით დავამთავრებ:

„ძალადობრივ კადრებს როდესაც ვხედავ, გული მტკივა და თანავუგრძნობ მათ, აგრეთვე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ქვეყანაში იყოს სამართალი, რასაც განაპირობებს სასამართლო და შესაბამისი სტრუქტურები“.