როგორც ჩანს, კობახიძის წინასწარმატყველება ახდება - 26 მაისის აქციას მხოლოდ ზურაბიშვილი და ელისაშვილი შემორჩება  

როგორც ჩანს, კობახიძის წინასწარმატყველება ახდება - 26 მაისის აქციას მხოლოდ ზურაბიშვილი და ელისაშვილი შემორჩება  

თბილისის მთავარი გამზირი კვლავ ყოველდღიური პროტესტის სცენად რჩება. ოპოზიციური ძალების მიერ ორგანიზებული მრავალდღიანი დემონსტრაციები უკვე მეოთხე თვეა მიმდინარეობს, თუმცა მიმდინარე კვირების განმავლობაში აშკარად შესამჩნევია, რომ მონაწილეთა რაოდენობა იკლებს.

მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორები 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მსხვილი მსვლელობისთვის ემზადებიან და ამბობენ, რომ ეს აქცია გადამწყვეტი იქნება, საზოგადოებრივი მუხტი თანდათან სუსტდება. რუსთაველის გამზირი თითქმის ყოველდღიურად იკეტება, თუმცა მასობრივი მობილიზაციის ნაცვლად, უფრო მცირე ჯგუფები რჩებიან ქუჩაში.

მონაცემებით, მარტისა და მაისის სხვადასხვა დღეებში აქციებზე მოქალაქეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

დასავლეთის მხარდაჭერის მიუხედავად, ხელისუფლებას იმდენად ძლიერი ბერკეტი აქვს ქვეყნის შიგნით, რომ ეს გარემოება პოლიტიკურ პროცესზე გავლენას ვერ ახდენს.

ოპოზიციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დილემა ის არის, რომ დასავლეთის აშკარა მხარდაჭერის მიუხედავად, საქართველოს შიდა პოლიტიკური რეალობა მათ ზეწოლას არ ექვემდებარება.

აშშ-ის და ევროკავშირის წარმომადგენლები არაერთხელ გამოხატავდნენ შეშფოთებას მედიის შეზღუდვებზე, სასამართლოს პოლიტიზებაზე, რუსული კანონის მიღების მცდელობაზე და დემოკრატიის უკუსვლაზე. დასავლეთმა სანქციებიც კი დააანონსა ზოგიერთი მმართველი ელიტის წარმომადგენლის მიმართ, თუმცა ოპოზიციამ ვერ მოახერხა ამ მხარდაჭერის გარდაქმნა შიდა პოლიტიკური მხარდაჭერად.

ანალიტიკოსები ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ:

1. საზოგადოების სეპარაციული განწყობა - დასავლეთის ხმაურიანი განცხადებები ხშირად აღიქმება როგორც გარე ჩარევა და არა ქვეყნის შიდა მოთხოვნა. ხელისუფლება ეფექტურად იყენებს ამ თემას ანტიდასავლური პროპაგანდისთვის, რაც აზიანებს ოპოზიციის შიდა ლეგიტიმაციას.

2. დასავლეთის მხარდაჭერის არაკონკრეტულობა - მიუხედავად პოლიტიკური დეკლარაციებისა, დასავლეთი, ფაქტობრივად, არ არის მზად ძალისმიერი ან მყისიერი ზეწოლისთვის. ეს ოპოზიციას ართმევს შიდა თამაშში ეფექტურად გამოყენებად ბერკეტს.

3. მოსახლეობის პრაგმატული დამოკიდებულება - ბევრი მოქალაქე დასავლეთს ემხრობა ღირებულებითი თვალსაზრისით, მაგრამ ყოველდღიური პრობლემების ფონზე მათთვის პროტესტის მთავარი მოტივატორი ვეღარ ხდება მხოლოდ დასავლეთის მოწოდებები.

ოპოზიციის სტრატეგიული ჩავარდნა

ოპოზიციის სისუსტე არა მხოლოდ ხელისუფლების კონტროლშია, არამედ თვითონ საკუთარი სტრატეგიული ხარვეზებშიც:

საინფორმაციო ბლოკადა – ოპოზიციის მესიჯები ვერ აღწევს ფართო აუდიტორიამდე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი რამდენიმე მედიას ფლობენ. განსაკუთრებით მაშინ, როცა ხელისუფლება ეფექტურად იყენებს ოპოზიციის სისუსტეს ეროვნული ღირებულებებისა და დამოუკიდებლობის საფრთხის რიტორიკით.

ალტერნატივის დეფიციტი – კრიტიკის მიღმა ჯერ არ იკვეთება ჩამოყალიბებული პოლიტიკური პროგრამა, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი ენდობა.

შიდა უთანხმოებები და ლიდერული კრიზისი – ერთიანობის არარსებობა, ლიდერთა მეტოქეობა და ზოგადი უიმედობა საბოლოოდ ასუსტებს საპროტესტო ნარატივს.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დასავლეთის კრიტიკა პოლიტიკურად მოტივირებულია და ოპოზიცია მას მხოლოდ საკუთარი მიზნების გასაძლიერებლად იყენებს. პარტიის შეფასებით, დასავლური გზავნილები საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას ნიშნავს, რაზეც საზოგადოება კრიტიკულად რეაგირებს.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღიად თქვა, რომ საქართველოს არ სჭირდება ევროპული დაფინანსება, თუ ეს პოლიტიკური წნეხის ფასად მოდის.

ამ ფონზე, 26 მაისის მსვლელობა შესაძლოა, ოპოზიციისთვის ბოლო შანსი გახდეს, დაამტკიცოს, რომ მუხტი ჯერ კიდევ არსებობს. თუმცა, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ერთი დღის მობილიზაციაც კი ვერაფერს შეცვლის თუ ოპოზიცია რეალურ ცვლილებებს და გეგმას არ შესთავაზებს მოსახლეობას.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-თან ამბობს, რომ უამრავ შიდა პრობლემებთან ერთად, ოპოზიცის ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ საზოგადოებასთან, ამომრჩეველთან ყველანაირი კომუნიკაცია აქვთ გაწყვეტილი. მათ იმედს მხოლოდ დასავლეთი წარმოადგენს, რომლის მიმართაც ჩვენს მოსახლეობაში ნდობის ფაქტორი შეცვლილია და მას უპირობოდ აღარ ენდობიან.

„ჩვენს მოსახლეობაში ნდობა დაკარგა არა მხოლოდ ოპოზიციამ, არამედ დასავლეთმაც და ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. მოდი დავიწყოთ ოპოზიციით (ამ შემთხვევაში ნაცმოძრაობას ვგულისხმობ, რომელიც სხვადასხვა ფლანგზე გაშლილი), რომლის ძალიან დიდი მიუღებლობაა ჩვენს საზოგადოებაში და მისი ხელისუფლებაში დაბრუნება არ სურთ. მათი ხელისუფლებაში მობრუნება რასაც ნიშნავს, ეს ჩვენმა მოსახლეობამ ყველაზე კარგად უწყის. ამასთან, საგამოძიებო კომისიაზე ვისმენთ და ვხედავთ მათ მიერ დაზარალებულ ადამიანებს, რომლებიც ყურით გაუგონარ ამბებს ჰყვებიან. ამ ფონზე კი ოპოზიციას მხარს უჭერს დასავლეთი, რომელიც ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს არ იზიარებს.

ხალხმა დაინახა, რომ დასავლეთს ქართველების დარდი კი არა აქვ, არამედ ამ ხელისუფლებასთან ურთიერთობის დაძაბვის გამო, მათი თავიდან მოშორება უნდათ. ბევრი რამ დასავლეთის მითების შესახებ ჩვენს ხალხში დაირღვა და დაინახეს სრულიად სხვა სახით. ქართველები ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ დასავლეთი ჩვენს ომში ჩართვას მოითხოვდ და ასეთი საფრთხე დადგებოდა. ამიტომ ფიქრობენ, რომ თუკი ეს ოპოზიცია ხელისუფლებაში მოვა, 2008 წელს ხომ ომი უკვე გადაგვატანინეს, იმავეს იზამენ ახლაც“,-ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ევროპული მომავლისკენ მიიღწვის, მათთვის მიუღებელია ქვეყნის შიდა საქმეებში სხვისი ჩარევა. ხელისუფლებამ მოახერხა და საზოგადოებას აუხსნა დასავლეთსა და მათ შორის დაპირისპირების რეალური მიზეზები.

„ყველას ძალიან კარგად გვახსოვს სააკაშვილი მძიმე რეჟიმის პირობებში, როცა ოპოზიცია დასავლეთისგან მხარდაჭერას ითხოვდა, რა პოზიციას იკავებდა მაშინ ევროპაც და ამერიკაც. მაშინ ამერიკის საელჩოსთანაც კი გამართეს აქცია და ითხოვდნენ, რომ მათი მხრიდან რაიმე რეაგირება ყოფილიყო, თუმცა მსგავსი არაფერი ყოფილა. ამიტომ ახლა ხალხი ფიქრობს, რომ მაშინ სააკაშვილის რეჟიმი დასავლეთს აწყობდა, რადგან მათი ბრძანებების უპირობო შემსრულებელი იყო. მიხეილ სააკაშვილი იყო ზუსტად რუსული რეჟიმის მსგავსი მმართველი, რომელიც ყველა ორგანოს და სისტემას აკონტროლებდა. ამიტომ ოპოზიციის რიტორიკა სულ უფრო მიუღებელი გახდა ჩვენი მოსახლეობისთვის. ამ ფონზე კი დაღლა დასავლეთშიც გაჩნდება და უკვე შეინიშნება იმის კონტურები, რომ ამ ოპოზიციის იქაც აღარ სჯერათ. დაიღალნენ დასავლეთშიც ამათი უნიათობით და პროცესების რეალურად შეფასება დაიწყეს. ამდენად, 26 მაისი, შესაძლოა, ზურაბიშვილის და ოპოზიციის საბოლოო კრახი აღმოჩნდეს, რაც არსებულ საპროტესტო განწყობასაც ჩააქრობს“, - ამბობს საყვარელიძე.

Gami მთავარსარდალი სოლო და მარადიული რიგითი კინტუა ალექოი; შაგომ მაარშ!
1 საათის უკან
ლევკოთეა საერთოდ, ეს ორი სიტყვა ერთად - ოპოზიციონერი ლიდერები, ჩემთვის გაუგებარია.
ოპოზიციიდან ვისზე შეიძლება ითქვას, რომ ის ლიდერია?
პარტიის თავმჯდომარეობა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ თუნდაც ამ პარტიის ლიდერია. ფორმალურად კი ბატონო, მაგრამ არა რეალურად. ზოგი ეს ,,ლიდერი" საკუთარი პარტიის წევრებს ემალება, საქართველოს მოსახლეობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
1 საათის უკან