ოპოზიციური სპექტრი ერთგვარ გაერთიანებას ამჯერად პაატა ბურჭულაძის ირგვლივ ცდილობს. ორი დღის წინ, პაატა ბურჭულაძემ ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც პოლიტიკოსებმა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ისაუბრეს. სწორედ ამ შეხვედრაზე გაჟღერდა ახალი გაერთიანების შექმნის შესაძლებლობა, რომელსაც, ბურჭულაძის თქმით, „რუსთაველის გამზირი“ ერქმევა. ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ ოპოზიციურ სპექტრზე კიდევ ერთი პოლიტიკური პარტიის გაჩენა დადებითი შედეგის მომტანი არ იქნება ოპოზიციისთვის და მნიშვნელოვანია რაიმე ახალი და უფრო საინტერესო შესთავაზოს ოპოიციამ ამომრჩეველს.
„დღეს იყო ჩვენი მესამე შეხვედრა. ასე თუ ისე, ისახება გეგმები. გვინდა, რომ საქართველოში უსამართლობა დასრულდეს, გვინდა შედგეს ნამდვილი არჩევნები და არა ისეთი არჩევნები, რომლებიც აქამდე ტარდებოდა. ჩვენ გვაქვს ბევრი ვარიანტი იმისა, რომ ჩვენ თვითონ ჩავატაროთ არჩევნები. მგონი ამას ალტერნატივა არ აქვს, არ შეიძლება ასე გაგრძელება. ჩვენ თანამებრძოლებს უკვე ნელ-ნელა ციხე ემუქრებათ. ამასთან, ცრუ კომისია, ცრუ დადგენილებას იღებს. ეს წარმოუდგენელია, ამის დაშვება არ შეიძლება. ჩვენ ვქმნით ერთ დიდ ალტერნატივას, რასაც ჰქვია „საქართველოს ხალხი“ ე.წ. პარლამენტის წინააღმდეგ. ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს - ე.წ. პარლამენტი თუ საქართველოს ხალხი. არჩევნებთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს - როგორ უნდა ჩავატაროთ. აუცილებლად იქნება ასეთი დევიზი - „არ ჩაგატარებინებთ ცრუ არჩევნებს!“. ჩვენია ეს ქვეყანა, ჩვენ უნდა ჩავატაროთ ყველაფერი, რაც ამ ქვეყანას სჭირდება“, - განაცხადა ბურჭულაძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ ახალი პოლიტიკური პარტია ისევ იმ ოპოზიციურ ველზე იქნება, რაშიც დღეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არიან. შესაბამისად, მისი შეფასებით, ახალი გაერთიანება რაიმე სიახლეს ვერ შესთავაზებს ამომრჩეველს:
„ქვეყანაში ისეთი ვითარებაა შექმნილი, როდესაც არის ოპოზიციური პარტიების შიმშილი, არა რაოდენობრივი, არამედ რეიტინგული თვალსაზრისით. დღეს არსებული პარტიები ვერ ახერხებენ ოპოზიციური ამომრჩევლის მობილიზებას. ამიტომ ჩნდება ასეთი განცდა, თუ ახალი გაერთიანება შეიქმნება, მას უფრო ეყოლება ამომრჩეველი, ვიდრე ძველ პოლიტიკურ პარტიებს - ასეთი მოლოდინებია. ამის გამოძახილია ის, რომ რამდენიმე ორგანიზაცია შეიქმნა. ასეთმა ვითარებამ იცის ახალი პარტიების გაჩენის სურვილის გაღვიძება ადამიანებში.
ცხადია, ბურჭულაძეს წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ მახსენდება დრო, როდესაც მან პარტია დააარსა და არჩევნების დროს ეს პარტია დატოვა. ახლა რაც არ უნდა დაარქვას გაერთიანებას, რატომ ექნება ამ ორგანიზაციას წარმატება, უბრალოდ, არ მესმის. ასეთი ახალი გაერთინება, ელექტორალური თვალსაზრისით, იმ ველში ტრიალებს, რაშიც დანარჩენი არსებული პოლიტიკური ძალები და ოპოზიციური ამომრჩეველი ამ პოლიტიკურ ძალებზე უკვე გადანაწილებულია. სიახლე რა შემოაქვს ბურჭულაძეს და მის გუნდს ამ ახალი ორგანიზაციის შექმნით?! - თუ სიახლე არ აქვს ასეთ ორგანიზაციას, ბუნებრივია, წარმატებას ვერ მიაღწევს. არის ამომრჩევლის საკმაოდ დიდი ნაწილი, რომელიც რაღაცის მოლოდინშია და ამ მოლოდინის შევსებას ცდილობენ ახალი ჯგუფები, რომლებიც ჩნდებიან.
გარდა იმ მესიჯისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა დასავლურ ორიენტაციაზე და რუსული აირჩია, სხვა რაიმე მკაფიო შეთავაზება ამომრჩევლისთვის ოპოზიციას არ აქვს - ოპოზიცია უფრო აქტიური უნდა იყოს, როგორც საშინაო, ისე საგარეო ასპარეზზე. ზოგადად, შეცდომებს უშვებს ოპოზიცია და კამათობს იმაზე, რაც საკამათო არაა“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან ინტერვიუში.
პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ თუ ერთმანეთს სალომე ზურაბიშვილსა და პაატა ბურჭულაძეს მიუმატებ, გაამრავლებ სალომე სამადაშვილზე და დაუმატებ ნიკა გვარამიას, ჯამი მაინც ნული იქნება“.
„ეს რომ იციან, ამიტომაც არის, რომ საქართველოში პოლიტიკურ პროცესში უკვე ელჩები ჩართეს! რატომ? - იმიტომ, რომ მათმა ე.წ. აგენტებმა მოწაფეებმა ვერ ივარგეს. ელჩები უსამართლო განცხადებებით ერთი-ორი წლის წინაც გამოდიოდნენ, მაგრამ ის, რომ წინასაარჩევნოდ შტაბის უფროსები ყოფილიყვნენ, როგორც 2024 წლის არჩევნებზე „ნაცმოძრაობის“ შტაბის უფროსი ევროკავშირის ელჩი იყო, ადრე ასე არ იყო.
ეს იმის შედეგია, რომ ვერაფერი ჯერ „ენჯეოებმა“ ვერ მოახერხეს, შემდეგ „ნაცმოძრაობამ“ ვერაფერი გააკეთა, შემდეგ ჟურნალისტები გამოიყვანეს და ბოლოს - ყველა ერთად. ვერავინ ვერაფერი რომ ვერ გააკეთა, პროცესში ელჩები ჩართეს. ეს არის მოცემულობა და ვინ ვისთან გაერთიანდება, ვის რა პლატფორმა ექნება, ამას ვერავინ გათვლის“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.