ღარიბაშვილი ობამას რიგით მეორე შეხვედრა ჰააგაში შედგება

ღარიბაშვილი ობამას რიგით მეორე შეხვედრა ჰააგაში შედგება

აშშ-ის პირველ პირსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის მორიგი შეხვედრა ჰააგაში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში შედგება.ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასგან ჰააგის ბირთვული უსაფრთხოების სამიტთან დაკავშირებით წერილი მიიღო. წერილში აშშ-ის პრეზიდენტი ხაზს უსვამს ბირთვული უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან წარმატებულ თანამშრომლობას და იმედს გამოთქვამს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ჰააგაში, ბირთვული უსაფრთხოების მესამე სამიტის ფარგლებში შეხვდება. 

„მოუთმენლად ველი ამ სამიტსა და ჩვენი მასპინძლების მიერ შემუშავებულ ინტერაქტიულ პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობას. ვიმედოვნებ, რომ შეგხვდებით ამ სამიტის ფარგლებში. 2010 წელს ვაშინგტონსა და 2012 წელს სეულში გამართული ისტორიული მნიშვნელობის შეხვედრების შემდეგ, ჩვენ გადავდგით იმედისმომცემი ნაბიჯები მთელს მსოფლიოში ბირთვული მასალების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ბირთვული კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი ინდივიდუალური და ერთობლივი შესაძლებლობების განსამტკიცებლად.

ამასთან, ჩვენ თითქმის ყოველდღიურად გვახსენებენ, რომ ტერორიზმის საშიშროება რეალურია და ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ, რათა თავიდან ავიცილოთ ბირთვული ტერორიზმის გლობალური კატასტროფა. ჩვენი თანამშრომლობის შედეგად, 2014 წლის სამიტი წარმატებული იქნება და ჩვენ უკეთ დავიცავთ ადამიანებს მთელს მსოფლიოში ბირთვული ტერორიზმისაგან“, - ნათქვამია წერილში, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა ბარაკ ობამასგან მიიღო.
ბირთვული უსაფრთხოების მესამე სამიტი ჰააგაში 23-25 მარტს გაიმართება. სამიტზე მიწვეული არიან 53 სახელმწიფოს პირველი პირები და მთავრობის მეთაურები, ასევე ოთხი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ბირთვული უსაფრთხოების სამიტს 5 000-ზე მეტი დელეგატი ჰყავს, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, ასევე ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჯოზე მანუელ ბაროზო. სამიტში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ბირთვული უსაფრთხოების გლობალური ფორუმის იდეა აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას ეკუთვნის. პირველი ამგვარი სამიტი 2010 წლის 12-13 აპრილს მოეწყო ვაშინგტონში, მეორე კი 2012 წელს, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში გაიმართა.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აშშ-ის პირველი პირის წერილს და ყურადღების გააქტურებას საქართველოს მიმართ, რუსეთის გააქტიურებას უკავშირებს. პოლიტოლოგი აქვე აცხადებს, რომ აშშ-ის პირველ მსოფლიო პოლიტიკის მიმართ მეტი ყურადღება გაუჩნდა და ობიექტურად გააცნობიერა ის როლი, რაც ობიექტურად აქვს საქართველოს თავისი სასაზღვრო ფუნქციით.

For.ge. რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

მოგეხსენებათ, რომ საქართველო ადრეც მონაწილეობდა ბირთვული უსაფრთხოების თემაზე გამართულ ღონისძიებებზე. თუმცა, მაგრამ მაშინ ასეთი პირადი მიმართვა არ ყოფილა. საინტერესოა, რამ გამოიწვია აშშ-ის პირველი პირის ეს პოზიცია?

რამაზ საყვარელიძე: ნამდვილად, ადრეც მონაწილეობდა საქართველო ბირთვული უსაფრთხოების თემაზე გამართულ ღონისძიებებზე, მაგრამ მაშინ, პირადი მიმართვა, როგორც მახსოვს, არ იყო. ეს ძირითადად განპირობებული არის იმით, რომ, როგორც ჩანს, საქართველო მარტო ნარკოტრანზიტის ტერიტორია არაა და ბევრი სახიფათო ტვირთი შეიძლება საქართველოდან (როგორც, თუ შეიძლება ითქვას, ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი სასაზღვრო ქვეყნიდან), გაედინებოდეს იმ რეგიონებში, სადაც ისლამური ტერორიზმი უფრო აქტიურია. ამდენად, საქართველოზე ორიენტაცია, როგორც სატრანზიტო ქვეყანაზე, გასაგებია.

მითუმეტეს, რომ არსებობს აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის და აშშ-ის ყოფილი ელჩის წერილი, სადაც საუბარია, რომ საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები ჩართული არიან იარაღის კონტრაბადაში. საქართველოდან დაახლოებით 15 მილარდზე დოლარის ღირებულების იარაღია გატანილი კონტრაბანდული გზით...

- სწორედ ამას ვგულისხმობ, როდესაც ვლაპარაკობდი, რომ ტრანზიტი ქვეყანა ვართ. მაგრამ, ეს პირადი წერილი ამავე დროს იმის მიმანიშნებელიც არის, რომ გარდა იმ ზოგადი პრობლემისა, რასაც ახლა თქვენც გაუსვით ხაზი, ობამა მთელი სისრულით ჩაერთო საქართველოსთან ურთიერთობებში და ამერიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვან თემაში, როგორიც არის ტერორიზმის თემა. როგორც ჩანს, მას სურს, რომ გააგრძელოს თანამშრომლობა. ძალიან კარგია, რომ საქმიანი ურთიერთობა გრძელდება აშშ-სა და საქართველოს შორის და ასეთ კონკრეტულ სახეს იღებს.

როგორც წერილიდან ირკვევა, ბირთვული უსაფრთხოების საკითხი განიხილეს აშშ-ის პირველმა პირმა და საქართველოს პრემიერმა, აშშ-ში გამართულ შეხვედრაზე...

- შეხვედრის დეტალები არ გახმაურებულა, თუმცა სავარაუდოა, რომ იყო ამაზე საუბარი. თვითონ ის ფაქტი, რომ იმ მცირე პერიოდში, რა ხნითაც ისინი ერთმანეთს შეხვდნენ,  ობამამ ეს თემა წამოჭრა, უკვე საყურადღებოა. თქვენს მიერ ნახსენები იარაღით ვაჭრობის საკითხი, შეიძლება ამერიკულ პოლიტიკურ წრეებში ტივტივებს და მათ ყურადღებას იპყრობს, მაგრამ ვიმეორებ, ჩვენ სასაზღვრო ქვეყანა ვართ, გარდა ნავთობის გატარების ეს ჩამკეტი ფუნქციაც გვაქვს.

კრიმინალურმა სამყარომ უფრო ადრე აუღო ალღო საქართველოს ტრანზიტულ ფუნქციას, ვიდრე არაკრიმინალურმა. ანუ, ნარკოტრანზიტმა უფრო ადრე გაიარა საქართველოზე, ვიდრე ნავთობის ტრანზიტმა. ჩვენი ფუნქცია ისიცაა, რომ ეს კრიმინალური ტრანზიტები, ნარკოტიკებისა თუ იარაღის, ჩაიკეტოს და არ გააღწიოს არც ევროპიდან, არც რუსეთიდან ისლამურ სამყაროსკენ და არც პირიქით, ისლამური სამყაროდან ევროპისკენ. აი ამ ფუნქციას როგორ შევასრულებთ, ეს გარკვეულწილად დიდ გავლენას მოახდენს.

რაც შეეხება წერილის პოლიტიკურ ნაწილს. როგორ ფიქრობთ, ეს წერილი არის იმის დადასტურება, რომ აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან, საქართველოს ახალი ხელისუფლების მიმართ დაინტერესება დიდია?

- ხაზგასმულია და იმის სურათს აჩენს, ამ ასპექტიდანაც რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ამერიკის პრეზიდენტისთვის, მითუმეტეს, რომ ძალიან შინაურული ინტონაციაა გარეული წერილში. ამერიკა ცოტა გამოფხიზლდა. მსოფლიო პოლიტიკის მიმართ მეტი ყურადღება გაუჩნდა და ობიექტურად გააცნობიერა ის როლი, რაც ობიექტურად აქვს საქართველოს თავისი სასაზღვრო ფუნქციით.

რუსეთის გააქტიურება აჩენს იმის საფრთხეს, რომ ასეთი ტრანზიტები შესაძლებელია რუსეთმა განახორციელოს. როგორც წესი, რუსეთიდან და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ხდება ხოლმე ბირთული მასალის გადინება, რაც იწვევს კიდევაც დასავლეთის უკმაყოფილებას. ამიტომ, სავარაუდოა, რომ რუსეთის გააქტიურებასთან იყოს გარკვეულ კავშირში ობამას ეს ინტონაცია და არა მარტო საქართველოს სიმპათიასთან.