თბილისის საკრებულოს რევიზიო კომისიამ საბურთალოს გამგეობაში ჩატარებული შემოწმების შედეგად დარღვევები აღმოაჩინა. დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საბურთალოს გამგებლის გია ხუროშვილის ბრძანებით, რაიონის სათათბირო ორგანო შეიქმნა, სადაც 112 ადამიანი დასაქმდა, თუმცა მათი ფუნქციები დღემდე იდენტურია მუნიციპალიტეტებში დასაქმებული ადამიანების ფუნქციების.
როგორც For.ge-სთან საუბარში საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ქავთარაძემ განაცხადა, პირები, რომლებიც საბურთალოს გამგეობაში დასაქმდნენ, რამდენჯერმე არიან დაკითხულნი „თბილსერვის ჯგუფისა“ და „ძველი თბილისის რეაბილიტაციის“ საქმეებზე.
„გია ხუროშვილმა პარტიული აქტივისტები ბიუჯეტის თანხებით დაასაქმა. თვითონ სათათბიროს შექმნა დარღვევა არ არის, მაგრამ, როდესაც ისედაც დაფინანსებული, წახალისებული ადამიანები - ამხანაგობის თავმჯდომარეები და სხვები დამატებით საკმაოდ მაღალ წახალისებას ანუ 750 ლარს იღებენ, ეს გარკვეულ კითხვებს ბადებს. საუბარია 112 ადამიანზე. საბიუჯეტო თანხებიდან მათი დაფინანსება ჩვეულებრივი მექანიზმი იყო. ეს ადამიანები არიან პარტიული აქტივისტები, „ნაციონალური მოძრაობის“ საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის უბნის უფროსები, ამხანაგობის თავმჯდომარეები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ საარჩევნო კამპანიაში - მიკროუბნის კოორდინატორებად მუშაობდნენ და ასევე, სხვადასხვა არჩევნებზე კომისიის წევრებად გამოდიოდნენ“, - გვითხრა მიხეილ ქავთარაძემ.
როგორც ირკვევა, სათათბიროს თითოეულ წევრზე 2013 წლის მეოთხე კვარტლის წახალისებასთან ერთად, გაიცა 750 ლარი, ანუ მთლიანობაში სათათბიროს 112 წევრზე გაიცა 84 000 ლარი. აღსანიშნავია, რომ ამის პარალელურად, სათათბიროს წევრები, ანუ ამხანაგობების თავმჯდომარეები თბილისის ბიუჯეტიდან იღებენ წახალისებას 375 ლარის ოდენობით. ამდენად, ეს ადამიანები წახალისების ორივე ფორმით სარგებლობენ და სათათბიროს თითოეულმა წევრმა გასული წლის დეკემბერში წახალისების სახით 1 125 ლარი მიიღო, ანუ ამ პერიოდში ჯამურად სათათბიროს წევრებზე 126 000 ლარია გაცემული.
„საინტერესო ისაა, რომ გუშინ ბატონი ხუროშვილი ინიციატივით გამოვიდა, შევქმნათ მსგავსი ტიპის სათათბიროებიო. ამ დროს ეს სათათბიროები ჯერ კიდევ 2013 წლის 22 ოქტომბერს გია ხუროშვილის ბრძანებით შეიქმნა და ნოემბრიდან ფუნქციონირებდა. უბრალოდ, გია ხუროშვილმა იცოდა, რომ ჩვენ ვაპირებდით ამ განცხადების გაკეთებას, რადგან საბურთალოს რაიონის გამგეობაში შემოწმება ახალი დამთავრებული იყო და საბუთებიც ამოღებული გვქონდა. ამიტომ, იგი მიხვდა, რა ტიპის განცხადებას გავაკეთებდით და სათათბიროების შექმნის ინიციატივით გამოვიდა. თუმცა, ეს ფაქტები ფინანსთა მინისტრს გავუგზავნეთ, მისი კვლევა საგამოძიებო სამსახურს დაევალება და გაირკვევა ყველაფერი“, - ამბობს ქავთარაძე.
ფაქტის გახმაურების შემდეგ მიხეილ ქავთარაძე ვარაუდობს, რომ 750-ლარიანი დაფინანსება უნდა შეუწყდეთ ამ ადამიანებს და მოკვლევა ჩატარდეს, რატომ გაიცა ეს თანხები დუბლირებული ფუნქციებისთვის.
რაც შეეხება სხვა რაიონებში აღმოჩენილ დარღვევებს, საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სხვა რაიონებშიც იდენტური მასშტაბის დარღვევები ხდებოდა. კერძოდ, პარტიული ფუნქციონირების დაფინანსება საარჩევნო ბიუჯეტიდან მთლიანად მორგებული იყო საარჩევნო კამპანიაზე. ფინანსური დოკუმენტაცია დარღვევებით იქმნებოდა, ასევე, ტენდერების ჩატარება იყო გაურკვეველი. მთლიანობაში კი, მათი ბიუჯეტი იყო პოლიტიკური კორუფციის გამოვლინება.
კონკრეტულად, გამგეობებს ასეთი „საინტერესო“ ინსტიტუტიც ჰქონდათ შექმნილი - მწვანესაფარიანი მოედნების ე.წ. კოორდინატორების ინსტიტუტი, რომლებიც ანაზღაურებას იღებდნენ ისე, რომ ხელშეკრულებებიც არ იყო გაფორმებული და ფუნქცია-მოვალეობებიც არ იყო განსაზღვრული, თუ რა უნდა ეკეთებინათ ამ ადამიანებს. მათ დაარქვეს ე.წ. სტადიონის მეთვალყურე კოორდინატორები და ამ პარტიულ აქტივზე ასობით ათასი ლარი გაიცემოდა. ეს გასაკვირიც არაა, რადგან წინა ხელისუფლებას ადგილობრივი თვითმმართველობისთვის საკმაოდ მაღალი ბიუჯეტი ჰქონდა, მით უფრო - არჩევნების წინ.
საბურთალოს რაიონის გამგებელი გია ხუროშვილი მიხეილ ქავთარაძის ბრალდებებს პასუხობს. ხუროშვილის განმარტებით, სათათბირო ორგანოს შექმნისას არავითარ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.
მისი შეფასებით, ამხანაგობების თავმჯდომარეებზე ახალი შეტევის წამოწყება მათ ოჯახებზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელება დაშინება-შანტაჟს ემსახურება.
რაც შეეხება ამხანაგობის თავმჯდომარეებს, გია ხუროშვილის თქმით, ისინი გამგებელთან კავშირში იმყოფებიან საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად. ამიტომ, საბურთალოს რაიონის გამგებელს მიაჩნია, რომ ქავთარაძის პრესკონფერენცია იმ ადამიანების ხელახალი გადაბირების და დაშინების მცდელობა იყო, რომლებსაც „ქართულ ოცნებაში“ პორტირებული ყოფილი ნაციონალები თავიანთი თანამდებობების შენარჩუნების მიზნით იყენებენ.