დონალდ ტრამპი კატარიდან დააკვირდება როგორ წარიმართება სტამბულში რუსულ-უკრაინული მოლაპარაკება. აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის შესახებ, დღეს ან პარასკევს, შესაძლოა, ძალიან კარგი ახალი ამბავი გვქონდეს. ამერიკის პრეზიდენტმა არ იცის, პუტინი თურქეთში ჩავა თუ არა, მაგრამ იცის, რომ ვლადიმერ პუტინის სურვილია, თავადაც ჩავიდეს თურქეთში, რაც, მისი თქმით, შესაძლებელია.
„არ ვიცი, ვლადიმერ პუტინი იქნება თუ არა იქ. ვიცი, სურს, რომ იქ ვიყო და ეს შესაძლებელია. არ ვიცი იქნება თუ არა ის იქ, თუ მეც არ ჩავალ. თუ ჩვენ ომის დასრულებას შევძლებთ, მაშინ ამის შესახებ თურქეთში ვიზიტზე ვიფიქრებ, მაგრამ ხვალინდელი დღე სრულიად დაკავებული გვაქვს. ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად იქ არ წავიდოდი“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა და აქვე არ გამორიცხა რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ მეორადი სანქციების დაწესება.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინი სტამბოლში 15 მაისს რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის შეთავაზებით გამოვიდა. აღნიშნულის საპასუხოდ, უკვე შაბათს გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და პოლონეთმა რუსეთს 12 მაისიდან ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისკენ მოუწოდეს და აქვე აღნიშნეს, რომ თუ რუსეთი არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას, ასეთ შემთხვევაში დაწესდება ახალი სანქციები. ევროპელი ლიდერებისგან გაგულიანებულმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ კი აღნიშნა, რომ 15 აპირლს თურქეთში დაელოდება ვლადიმერ პუტინს.
ევროპელი ლიდერების ამ პროვოკაციულ განცხადებას, რომლის მიზანიც, დიდი ალბათობით, იყო მოლაპარაკების ჩაშლა, რუსეთმა იმით უპასუხა, რომ პუტინთან მუქარა არ ჭრის. შესაბამისად, ის უარს ამბობს დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან ზელენსკისთან, რომელიც უკრაინის კონსტიტუციის შესაბამისად, არ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი. 15 მაისს, სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებისთვის სტამბოლში ჩავლენ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და კიტ კელოგი, რათა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღონ.
რაც შეეხება რუსეთის დელეგაციას, არსებული ინფორმაციით, მას საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს. კრემლის პრეს-სპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, სტამბოლში დაგეგმილი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობას მაშინ დაასახელებენ, როცა ვლადიმერ პუტინისგან მითითებას მიიღებენ. მისი თქმით, რუსეთის დელეგაცია ხვალ, 15 მაისს სტამბოლში იქნება და უკრაინის წარმომადგენლებს დაელოდება.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინულ მხარესთან სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაცია როგორც პოლიტიკურ, ასევე ტექნიკურ საკითხებს განიხილავს. კითხვაზე, არსებობს თუ არა რაიმე მინიშნება ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის თურქეთში შესაძლო შეხვედრის შესახებ, უშაკოვმა უპასუხა, რომ ტრამპი ამჟამად ახლო აღმოსავლეთში იმყოფება და იქ სერიოზული საკითხებით არის დაკავებული.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა და უთხრა, რომ ახლა გახსნილი შესაძლებლობის ფანჯრის ხელიდან გაშვება არ უნდა მოხდეს.
„აღნიშნა რა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების სურვილი უაღრესად მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა უზრუნველყოს საჭირო მხარდაჭერა პროცესის ყველა ეტაპზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, უკრაინა მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებების ნებისმიერი ფორმატისთვის, თუმცა ამისთვის არსებობს პირობა - ცეცხლის სრული შეწყვეტა.
„ჩვენ მზად ვართ დიალოგის ნებისმიერი ფორმატისთვის, მაგრამ არსებობს პირობა - სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა. ჩვენ ამის არ გვეშინია, რადგან სწორედ უკრაინამ აჩვენა გახსნილობა და გულწრფელობა. ახლა რუსეთის ჯერია. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში გაემგზავრება მაშინაც კი, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პირდაპირ კონტაქტზე უარს იტყვის. ეს მთელი მსოფლიოსთვის მკაფიო სიგნალი იქნება: მოსკოვს არ სურს მშვიდობა და არ არის მზად სერიოზული მოლაპარაკებებისთვის“, - აღნიშნა ანდრეი ერმაკმა.