საქართველოს დელეგაცია იანვარში შესაძლოა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დაბრუნდეს

საქართველოს დელეგაცია იანვარში შესაძლოა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დაბრუნდეს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისა და ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეის პრეზიდენტ თეოდოროს რუსოპულოსს შორის უნგრეთში გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს დელეგაცია იანვარში შესაძლოა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დაბრუნდეს. ანალიტიკურ წრეებში არ გამორიცხავენ ქართული ოცნების მხრიდან ერთგვარ დათმობებზე წასვლას დასავლეთთან ურთიერთობების მიმართულებით იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს მმართველ პარტიაზე პოლიტიკური ზეწოლა გაძლიერდება.

ასევე ირკვევა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 134- სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ევროპელი ლიდერები მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ ყველაფერი გაკეთდეს, რათა საქართველო დაუბრუნდეს საპარლამენტო ასამბლეას. როგორც ცნობილია, ქართულმა მხარემ პირობები დააყენა, რისი უკან წაღების შემთხვევაშიც საქართველო მზად არის, საპარლამენტო ასამბლეას დაუბრუნდეს.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე For.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ დღეს დასავლეთს უფრო სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს დასავლეთი.

ვფიქრობ, რომ დასავლეთს უფრო ვჭირდებით ჩვენ - ვხედავთ, რომ დასავლეთს დიდი ეკონომიკური ურთიერთობები აქვს ჩვენი ქვეყნის გავლით ისეთ უზარმაზარ სამყაროსთან, როგორიც არის აღმოსავლეთი, კერძოდ ჩინეთი. შესაბამისად, ამ საკითხს არ წყვეტს პირადი მოწონება-არმოწონების საკითხი, არამედ სოციალურ-ეკონომიკური საკითხები. ამიტომ, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოსთვის დადებითი იქნება, რაც არ უნდა იყვირონ და დაზეპირებული ფრაზებით ისაუბრონ - ისინი გეოპოლიტიკას, აღმოსავლეთისა და დასავლეთის სოციალ-ეკონომიკურ ინტერესებს ვერ შეცვლიან, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არაადეკვატურები არიან დღევანდელი სიტუაციის მიმართ. ეს ადამიანები, რომლებიც დღევანდელ ევროპულ პოლიტიკას წარმართავენ, არიან სამარცხვინოები თავად ევროპისთვის, - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ევროპისა და საქართველოს ხელისუფლების ურთიერთობები ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომის ხანგრძლივობაზე. მისი თქმით, თუკი დასავლეთმა ქართულ ოცნებაზე ზეწოლა გააძლიერა, საქართველოს მმართველი გუნდი შესაძლოა გარკვეულ დათმობებზე წავიდეს.

დასავლეთსა და საქართველოს მთავრობას შორის ურთიერთობის დარეგულირება ისეთი მრავალმხრივი და ყოვლის მომცველი საკითხია, რომ მხოლოდ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის დაბრუნება ვერ მოაგვარებს, თუმცა ეს ფაქტი თავისთავად მნიშვნელოვანი წვლილი იქნება ამ ურთიერთობის დარეგულირებაში - ეს იქნება ერთგვარი ჟესტი ევროპული სტრუქტურების მხრიდან საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ჯერჯერობით დარწმუნებით არ შეიძლება იმის თქმა თუ რამდენად მოხდება ამ წინასწარი შეთანხმების რეალიზება - იანვრამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი.

ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასაბლეა ელოდება საქართველოს ხელისუფლების მიერ რეზოლუციებში ჩამოყალიბებული მოთხოვნების შესრულებას და თუ ეს მოთხოვნები არ ან ვერ შესრულდა, მაშინ დაბრუნების საკითხიც შეიძლება გაიწელოს. იქ მკაფიოდ იყო აღნიშნული, რომ მხოლოდ მოთხოვნების შესრულების შემდეგ შეიძლებოდა განხილულიყო საქართველოს დელეგაციის ლეგიტიმაციისა და მისი მანდატის საკითხი.

თუ დასავლეთმა გააძლიერა წნეხი საქართველოს ხელსუფლების მიმართ და ის ჩააყენა გამოუვალ მდგომარეობაში, თან ეს დაეტყო ქვეყანაში არსებულ სიტუაციას, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, არ არის გამორიცხული ქართული ოცნება გარკვეულ დათმობებზე წავიდეს, მაგრამ თუ ვერ მოხერხდა .. მეგობარი აქტის გატანა სენატში და ეს ინიციატივა დაიბლოკა, საქართველოს ხელისუფლებას ექნება უფრო მეტი მოქმედების არეალი ამ კუთხით.

გარდა ამისა, ეს კიდევ ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: მაგალითად, უკრაინა-რუსეთის ომის დამთავრება-არ დამთავრებაზე და თავად ევროკავშირში არსებულ განწყობებზე, რადგან ისინიც აკვირდებიან სიტუაციას საქართველოში. აქედან გამომდინარე, მე არ გამოვრიცხავ გარკვეულ კორექტივებს მათ პოზიციაში საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში, იმ პოზიციებთან შედარებით, რაც მათ ახლა აქვთ, თუმცა ეს მჭიდროდ არის მიბმული ადგილობრივ და გეოპოლიტიკურ ფაქტორებზე, - განგვიცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.