საქართველოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა დამტკიცდა

საქართველოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა დამტკიცდა

საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის სხდომაზე, 2014 წლის წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) დამტკიცდა. სხდომის მუშაობაში წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელებაში ჩართული ყველა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. დამტკიცებული დოკუმენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით უკვე წარედგინა ნატო-ს მხარეს. აღნიშნულ დოკუმენტს მარტში, ბრიუსელში დაგეგმილ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, დავით დონდუა და თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მიხეილ დარჩიაშვილი ნატო-სთან ერთად განიხილავენ.

საქართველო წლიურ ეროვნულ პროგრამას (ANP) 2009 წლიდან ახორციელებს და მას ნატო-ში გაწევრიანების ინსტრუმენტად განიხილავს. შესაბამისად, დოკუმენტი ასახავს იმ მნიშვნელოვან რეფორმებს, რაც საქართველოს ნატო-ს სტანდარტებთან მაქსიმალურად დაახლოებას შეუწყობს ხელს. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, ეს დოკუმენტი რეალურად ასახავს სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს ნატო-სთან და კონკრეტულ სამოქმედო გეგმას მიმდინარე წლის განმავლობაში. 

„საქართველოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა დღეს დამტკიცდება საქართველოს მთავრობის და შესაბამისად ნატოსთან ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ. შემდგომში ის წარედგინება ნატო-ს, ჩვენს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში პარტნიორებს და უახლოეს დღეებში, მიმდინარე კვირის განმავლობაში მოხდება აღნიშნული პროგრამის დამტკიცება ნატო-ს მხრიდან.

ამ დოკუმენტში შედის ყველა მიმართულება, ძირითადი პრიორიტეტები, ვალდებულებები, რომელიც მუშაობის პერიოდში გამოიკვეთა ჩვენი მთავრობის ინსტიტუტების, პარლამენტის მხრიდან და შესაბამისად იყო შეჯერებული ნატოელ პარტნიორებთან“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის სხდომას ესწრებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი, რომლის განცხადებით, საქართველოს პროგრესი სათანადოდ უნდა იყოს დაფასებული და შეფასებული 2014 წლის ნატო-ს სამიტზე.

„აქედან გამომდინარე ჩვენ ყველანაირად შევეცადეთ, რომ ამ სამოქმედო გეგმაში ასახულიყო საქართველოს საგარეო პრიორიტეტები. არის საუბარი ჩვენს უახლოეს სამეზობლოსთან ურთიერთობებზე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, მნიშვნელოვან გამოწვევებზე, რომელიც ჩვენ წელს გველის, ეს არის ასოცირების ხელშეკრულება და, რა თქმა უნდა, უმთავრესი არის ნატო-ს სამიტი.

საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა როგორც დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით, ისე გლობალურ უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის და კონტრიბუციის შეტანის კუთხით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს პროგრესი უნდა იყოს სათანადოდ დაფასებული და შეფასებული 2014 წელს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. 
თავდაცვის მინისტრის მოადგილის, მიხეილ დარჩიაშვილის განცხადებით, წლიური ეროვნული პროგრამა მოიცავს საკითხების ფართო სპექტრს და მასში შესულია მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც თავდაცვას ეხება.

„დოკუმენტი ასახავს იმ პრიორიტეტებს, რომელიც ჩვენ თავდაცვის სისტემაში გაგვაჩნია. შესაბამისად, მის იმპლიმენტაციას მიენიჭება მნიშვნელოვანი პრიორიტეტი წლის განმავლობაში“, - განაცხადა მიხეილ დარჩიაშვილმა.

უკვე ცნობილია, რომ წლიურ ეროვნულ სამოქმედო გეგმაში მნიშვნელოვანი ნაწილი საგარეო პრიორიტეტებს ეთმობა. ანალიტიკოსთა განცხადებით, ეს მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ქვეყნისა მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი საგარეო გამოწვევების წინაშე დგას. როგორც ცნობილია, ქვეყანას ნატოსთან დაახლოების ორი ძირიათადი ინსტრუმენტი გააჩნია - ყოველწლიური პროგრამა და საქართველო ნატო-ს კომისია.

გეოპოლიტიკური კვლევის ცენტრის თავმჯდომარე, თენგიზ ფხალაძე განმარტავს, რომ ყოველწლიური ეროვნული კომისია გულისხმობს კონკრეტულ ნაბიჯებს, რაც უნდა გადადგას სახელმწიფომ წლის განმავლობაში, იმისათვის, რომ დაუახლოვდეს ნატოს სტანდარტებს.

„ეს არის საკმაოდ სქელტანიანი დოკუმენტი, რომელშიც ძალიან კონკრეტულად არის გაწერილი ყველაფრი. ეს არაა მხოლოდ სამხედრო და უსაფრთხოების კომპონენტი. აქ ფაქტიურად ყველაფერია, მათ შორის შიდა რეფორმები, ღირებულებითი ნაწილი, ადამიანის უფლებების დაცვა და ა.შ. შარშან ძალიან მაღალი შეფასებები დავიმსახურეთ. ამ მხრივ დინამიკა კარგის მაჩვენებელია.

ამიტომ, ამ პროგრამის დამტკიცება და უკვე მსგავსი ტიპის დოკუმენტის შესრულების პროცესში მყოფი ქვეყნის წარდგენა ალიანსის სამიტზე, კიდევ უფრო დამატებით პლიუსებს აჩენს საქართველოსთვის. მაპი, გულისხმობს იმას, რომ სწორედ მაპის ფარგლებში იწერება ყოველწლიური სამოქმედო პროგრამა და ის პროგრამა უნდა შესარულოს ქვეყანამ. ამიტომ ვამბობ, რომ საქართველო რეალურად არის ამ პროცესში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თენგიზ ფხალაზე.

რაც შეეხება სამოქმედო გეგმის პოლიტიურ ნაწილს, ფხალაძის განცხადებით, სამოქმედო პროგრამა სწორედ გულისხმობს იმას, რომ პოლიტიკური თანამშრომლობა შედგეს სუბიექტებს შორის და ეს ჩართულობა იყოს კიდევ უფრო გაღრმავებული.

„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. იმიტომ, რომ დეკლარირების დონეზე საქართველოს არაერთხელ უთქვამს, რომ მისი მთავარი და ძირითადი საგრეო პოლიტიკური ამოცანა არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. მაგრამ, ეს პროგრმა იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს დიალოგი კიდევ უფრო გაღმავდეს და პოლიტიკური ჩართულობა, პოლიტიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდეს“, - ამბობს თენგოზ ფხალაძე.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია თვლის, რომ შეიძლება პროცესები უფრო დაჩქარდეს და არაა გამორიცხული, რომ ქვეყანამ მაპის სტატუსი უელსის სამიტზე მიიღოს.

„ვნახოთ როგორ განვითარდება სიტიუაცია. ვხედავთ, უკრაინაში ვითარება ყოველწუთიერად იძაბება. არავინ იცის სადამდე მივა ვითარება. ამიტომ, ამ ეტაპზე, რა მდგომარეობაში ახლა ჩვენ ვიმყოფებით, რა თქმა უნდა, ნებისმიერი საგარეო პოლიტიკური მოხმარებისათვის გასაჟღერი დოკუმენტი არის უაღრესად მნიშვნელოვანი და ძალიან აქტუალური.

ამიტომ, ამ კუთხით, უფრო ინტესნიური უნდა გავხადოთ ჩვენი დიპლომატური მცდელობა, მათ შორის ნატოს მიმართულებით, იმიტომ, რომ სამყარო ერთგავრი გლობალური სამხედრო დაპირისპირების ზღვარზე იმყოფება. სამწუხაროდ, ჩვენ ვართ, ამ ზღვრის პირველი ეშელონი.

იმ საგარეო გამოწვევიდან გამომდინარე, რომლის წინაშეც ქვეყანა იმყოფება, მნიშვნელოვანია, რომ მიღებული იქნა წლიური სამოქმედო გეგმა. ეს არის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ნაბიჯია, ჩვენი საგარეო პოლიტიკური გარემოს განსამტკიცებლად“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.