თინა ხიდაშელის საკონტროლო გასროლა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისთვის

თინა ხიდაშელის საკონტროლო გასროლა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისთვის

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საქმიანობით სამართალდამცავი უწყებები დაინტერესდებიან. თინა ხიდაშელის დროებითმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ მთავარ პროკურატურას კომუნიკაციების სფეროში გამოვლენილ დარღვევებზე და კონკრეტულ ფაქტებზე 200 გვერდიანი დასკვნა გადაუგზავნა.

თინა ხიდაშელი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობას ექვსი თვის განმავლობაში სწავლობდა და ათობით მოწმე დაკითხა, რის შედეგადაც, პარლამენტი მიიჩნევს, რომ წლების განმავლობაში, კომისიის გადაწყვეტილებები იყო დისკრიმინაციული, შერჩევითი და ატარებდა პოლიტიკური მიკერძოვებისა და ბიზნესინტერესების ლობირების ხასიათს.

როგორც for.ge-ს ხიდაშელმა განუცხადა, 200 გვერდიანი დასკვნით ის მანკიერება გამოჩნდა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მედია სივრცეში არსებობდა.

„წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მედიის მორჩილებისთვის ყველაფერი გააკეთეს. ეს ყველაფერი კი, ერთი სამეგობრო წრიდან დაიწყო და მოიცვა როგორც მედია საშუალებები, ასევე მარეგულირებელი კომისია. კერძოდ, სოფიო ბრიტანჩუკი კომისიის წევრად მაშინ დაინიშნა, როცა წინა დღეს, მისმა მეუღლემ ჭარხალაშვილმა მოპარულ ტელევიზიაში წილი გაყიდა. ირაკლი ჩიქოვანი კი კომისიის თავმჯდომარედ ისე დაინიშნა, რომ წინა დღეს, „რუსთავი 2“-ის დირექტორი იყო. ეს უკვე ბევრ რამეზე ლაპარაკობს. ამას გარდა, წილების გაყიდვა ერთ წრეში ხდებოდა და პროცესები ახლოს არის ლათინო-ამერიკულ სერიალებთან“, - აცხადებს ხიდაშელი, რომელიც სერიალებს იმ სქემას ადარებს - თუ როგორ ხდებოდა ტელეკომპანია „საქართველოს“ მართვა და გასხვისება.

კერძოდ, კომისიის დასკვნიდან ირკვევა, რომ „საქართველოს“ მთავარი დამფინანსებელი თავდაცვის სამინისტრო იყო და წლების განმავლობაში, აღნიშნული ტელევიზიის შენახვისთვის საზოგადოებრივ მაუწყებელზე არანაკლები ფინანსური რესურსები გამოიყოფოდა.

დოკუმენტის მიხედვით, ტელეკომპანიამ სამხედრო სფეროში მიმდინარე რეფორმებზე საუბრის მიზნით, 2007 წლის აპრილიდან 2012 წლის აპრილამდე საეთერო დრო გამოყო, რის სანაცვლოდაც 11 600 000 ათასი ლარი მოითხოვა, მაგრამ ხელშეკრულებაში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა და ეს თანხა 29 559 822 ათას ლარამდე გაიზარდა.

„საქართველოს“ საქმეში საყურადღებო ერთი დეტალია. ამ ტელევიზიის მფლობელი კახა ნინუა იყო, რომლის ძმაც თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.

„2007 წლის 16 ივნისს, კახა ნინუამ ტელეკომპანია 943 880 ლარად ბექა პაატაშვილს მიყიდა. როგორც ჩანს, ხელისუფლება მიხვდა, რომ ძმებ ნინუებს შორის მრავალმილიონიანი ხელშეკრულების გაფორმება უხერხულობას გამოიწვევდა და ბევრ კითხვას გააჩენდა. ტელევიზია გასხვისდა, მაგრამ პირთა წრე არ შეცვლილა. ტელევიზია პაატაშვილმა შეიძინა, რომელიც სოფია ბრიტანჩუკის დის ქმარია. კიდევ ერთი დეტალი სრული სურათისთვის. კახა ნინუა „საქართველოს“ (იგივე „ტაბულა“) ერთ-ერთი დღევანდელი მფლობელის დის ქმარია“, - აღნიშნულია დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, სადაც კომუნიკაციების სფეროში გამოვლენილ სხვადასხვა ფაქტებზე არის საუბარი.

ხიდაშელი მიიჩნევს, რომ დასკვნაში მოყვანილი ფაქტები საფუძველია იმისა, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრებისთვის უფლებამოსილების შეჩერება მოხდეს და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყოს.

„ველოდები, რომ პროკურატურა სწრაფად იმოქმედებს. ამ გამოძიებას განსაკუთრებულ მონიტორინგს გავუწევ, რადგან ეს თემები სწრაფად უნდა დასრულდეს“, - განუცხადა for.ge-ს ხიდაშელმა, რომლის მსგავსად, პარლამენტის თავმჯდომარე თვლის, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობაზე მომზადებული დასკვნა დეტექტიური რომანებისა და თურქული სერიალების მოყვარულებისთვისაც ძალიან საინტერესო დოკუმენტია.

დავით უსუფაშვილის შეფასებით, დასკვნაში ჩახლართული თემებია და მასში ბევრი როლის შემსრულებელი ფიგურირებს.

„შთაბეჭდილება მაქვს, რომ დასკვნას არა მხოლოდ პოლიტიკოსები და საკითხით დაინტერესებული პირები უნდა გაეცნონ, არამედ დეტექტიური რომანების მოყვარული მკითხველი, რომელიც დიდ სიამოვნებას მიიღებს. მეტიც, თურქული სერიალების მოყვარულებისთვისაც ძალიან საინტერესო დოკუმენტია, იმდენი ჩახლართული თემაა და იმდენი როლის შემსრულებელი ფიგურირებს, რომ გაოცდებით. მათ შორის ჩვენი კოლეგებიც“, - აღნიშნავს უსუფაშვილი.

აღსანიშნავია, რომ თინა ხიდაშელის კომისია სამართალდამცავების გარდა, თავად კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასაც მიმართავს.

კერძოდ, დროებითი საგამოძიებო კომისია მიიჩნევს, რომ კანონიერების აღდგენა აუცილებელია პორტაბელობის საკითხზე, რათა კერძო კომპანიებისათვის დაკისრებული გადასახადი რეალური ხარჯების პრინციპებს დაეფუძნოს.

ამას გარდა, კომისია მოითხოვს, რომ დაუყოვნებლივ განხორციელდეს მოსახლეობისთვის ინტერნეტის მიწოდების მონიტორინგი და კომისიამ გაატაროს ყველა ღონისძიება სიჩქარის გაზომვის და მომხმარებლის ინტერესების დაცვისათვის.

ასევე, კომისია თვლის, რომ მარეგულირებელი კომისია „ობიექტივი“–სთვის უკანონოდ ჩამორთმეული სიხშირის საკითხს დაუყონებლივ უნდა დაუბრუნდეს და ტელევიზიისთვის კუთვნილი სიხშირის დაბრუნების პრობლემა გადაწყვიტოს.

ამასთანავე, პარლამენტი მარეგულირებელ კომისიას მიმართავს დაუყოვნებლივ დაიწყოს წარმოება რეგიონული მაუწყებლების - „სამეგრელოს“, „სპექტრისა“ და „თვალის“ მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ საქმიანობა გასულ წელს დაიწყო და დაახლოებით 50 მოწმე დაკითხა. განსაკუთრებით, სკანდალური კი თინა ხიდაშელისა და ნიკა გვარამიას დაპირისპირება გახდა, როცა დეპუტატმა „რუსთავი 2“-ის დირექტორს დაკითხვაზე გამოცხადება მოსთხოვა.