ვლადიმერ პუტინი უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებას საკუთარი პირობებით აყენებს და ასახელებს ადგილს, სადაც მისი თქმით, მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს. პუტინმა 11 მაისს უკრაინის და ევროპის საპასუხოდ განაცხადა, რომ კიევს პირდაპირ მოლაპარაკებების განახლებას სთავაზობს, ხოლო 2022 წლის შემდეგ პირველად, შეხვედრის ადგილი ისევ სტამბოლი, მაგიდაზე კი ისევ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დოკუმენტია.
10 მაისს ევროპელი ლიდერები კიევში იმყოფებოდნენ, სადაც მათ გაავრცელეს უკრაინის პრეზიდენტთან ერთად შედგენილი კონკრეტული მოთხოვნა - 12 მაისიდან, ორშაბათიდან, მოხდეს ცეცხლის უპირობო შეწყვეტა და მოახერხონ მხარეებმა დიალოგის მიღწევა უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით. ვლადიმერ პუტინი კი ამბობს, რომ ახლა დროა მხარეები კვლავ დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას და ის ამ კუთხით ომში მყოფ ქვეყანას კონკრეტულ ლოკაციასა და დროს სთავაზობს. ვლადიმერ პუტინის თქმით, ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის, ქვეყანას, რომელსაც აქვს სურვილი, რომ ევროპის კონტინენტზე ომი დაასრულოს, შეუძლია 15 მაისს ჩავიდეს სტამბოლში და შეუერთდეს იმ მოლაპარაკებებს, რომელსაც რუსეთი ოფიციალურ კიევთან გამართავს.
პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პუტინმა უკვე აცნობა ოფიციალურ თურქეთსაც. საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით სხვადასხვა მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ოფიციალური ანკარა მზაობას გამოთქვამს რუსეთ-უკრაინის ომში მხარეებს შორის შუამავლობისთვის. ერდოღანმა მზაობა უკვე გამოთქვა, რაც პუტინს სატელეფონო საუბრის დროსაც დაუდასტურა.
„ჩვენ ვთავაზობთ უკრაინას, რომ მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყოს მომავალ ხუთშაბათს, 15 მაისს, სტამბოლში, სადაც ერთხელ უკვე გაიმართა და შეწყდა ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ. ხვალ ვგეგმავთ თურქეთის პრეზიდენტთან, ბატონ ერდოღანთან საუბარს. მინდა ვთხოვო მას თურქეთში მოლაპარაკებების შესაძლებლობა მოგვცეს იმ იმედით, რომ ის დაადასტურებს უკრაინაში მშვიდობის დამყარების სურვილს. ვალდებულნი ვართ, უკრაინასთან სერიოზული მოლაპარაკებები ვაწარმოოთ. მოლაპარაკებების მიზანია კონფლიქტის ძირითადი მიზეზების აღმოფხვრა და ისტორიული პერსპექტივიდან გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობის დამყარება. არ გამოვრიცხავთ, რომ ამ მოლაპარაკებების მსვლელობისას, შესაძლებელი იქნება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალი შეთანხმების მიღწევა, რეალური ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც არა მხოლოდ რუსეთი, არამედ უკრაინული მხარეც დაიცავს“, - აცხადებს ვლადიმერ პუტინი.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ 15 მაისს, ხუთშაბათს რუსეთის პრეზიდენტს თურქეთში პირადად დახვდება. ამის შესახებ ზელენსკიმ X-ზე დაწერა.
„ხვალინდელი დღიდან ველოდებით ცეცხლის შეწყვეტას, ცეცხლის სრულ და ხანგრძლივ შეწყვეტას, რათა დიპლომატიას აუცილებელი საფუძველი მივცეთ. უაზრობაა მკვლელობების გაჭიანურება. დაველოდები პუტინს ხუთშაბათს თურქეთში, პირადად. ვიმედოვნებ, რომ რუსები ამჯერად არ დაიწყებენ მიზეზების მოძებნას, რატომ არ შეუძლიათ ეს“, - წერს ზელენსკი.
დონალდ ტრამპმა სოციალური ქსელით გაავრცელა საკუთარი პოზიცია რუსეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. აშშ-ს 47-ე პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს არის ძალიან კარგი ამბავი, პოზიტიური მოვლენა მოლაპარაკების პროცესში და ასევე, ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ მომდევნო კვირა საკმაოდ მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იქნება ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების კუთხით.
„პოტენციურად დიდი დღე რუსეთისა და უკრაინისთვის! წარმოიდგინეთ, ასობით ათასი სიცოცხლე, რომელიც გადარჩება, როდესაც ეს დაუსრულებელი „სისხლისღვრა“, იმედია, დასრულდება. ეს იქნება სრულიად ახალი და გაცილებით უკეთესი სამყარო. მე განვაგრძობ მუშაობას ორივე მხარესთან, რათა დარწმუნებული ვიყო, რომ ეს მოხდება. აშშ-ს სურს ფოკუსირდეს ურთიერთობის აღდგენასა და ვაჭრობაზე. დიდი კვირა გველის წინ!“ - წერს ტრამპი.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე for.ge-თან ამბობს, რომ რუსეთმა დაინახა, ტრამპი შესანიშნავად ათვიცნობიერებს, რა თამაშსაც თამაშობენ, ამიტომ აშშ-ს პრეზიდენტის სენტიმენტები უკვე უკრაინისკენ იხრება. რუსეთის მიმართ კრიტიკული განცხადებები დაიწყო, ამიტომ პუტინმა ბურთის გადაგდება ისევ უკრაინის მხარეს დაიწყო.
„რუსეთი შეეცდება თავისთვის რაღაცა მომგებიანი პოზიცია მიიღოს და იქიდან დაიწყებს საუბარს. თუმცა ფაქტი ერთია, რომ რუსეთსაც სჭირდება სულის მოთქმა, გარკვეული ოპერატიული პაუზა და შესვენება. პუტინი ცდილობს შიდა ეკონომიკის გაუმჯობესებას და შეიარაღებული ძალების გაძლიერებას. ნუ, სტამბოლში, რა თქმა უნდა, პუტინისთვის პირობები და მოთხოვნა იგივე იქნება. არ ველი, რომ ის დათმობს და უარს იტყვის, როგორც ყირიმზე, ასევე იმ 4 რეგიონზე, რომლის ნახევარიც დაკავებული ჯერ არა აქვს. დღეს პუტინი კიევში შესვლას მართალია აღარ ითხოვს, მაგრამ მისი მოთხოვნების ამ კუთხით ცვლილებას არ ველი. ამის გარდა, მოთხოვნა არის, რომ ბლოკგარეშე დარჩეს უკრაინა და დასავლეთის კონტინგენტი უკრაინის ტერიტორიაზე არ უნდა იყოს. ეს არის მისი პირობები.
ის აქედან დაიწყებს მანევრირებას და ფაქტია, მას დროის გაწელვა უნდა. ჯერ კიდევ დროა, რომ რუსეთმა დამატებით კიდევ სხვა ტერიტორიებიც დაიკავოს. რუსეთს იმედი აქვს, რომ შეძლებს რაღაცა წარმატების მიღწევას. პუტინისთვის ახლა რაღაცა ხელჩასაჭიდია საჭირო, რომ ის გარკვეულ გამარჯვებად გაასაღოს. მისი პირობები დაკმაყოფილებული უნდა იყოს, რომ გამარჯვებული ლიდერის იმიჯი ბოლომდე შეინარჩუნოს“,-ამბობს გენერალი.
მისივე თქმით, 2000 კილომეტრზე ამხელა ომი მიმდინარეობს და ერთი ხელის მოსმით მისი შეჩერება ვერ მოხდება - ეს შუქის ჩაქრობა არ არის.
„ვიეტნამში ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკება 5 წელი მიმდინარეობდა, ხოლო კორეაში 7 წელი. ასე რომ, ეს არ არის მარტივი და ერთ დღეში გადასაწყვეტი ამბავი. ერთადერთი, რასაც რუსეთი ემორჩილება, ეს არის ეკონომიკური, სამხედრო და პოლიტიკური ძალა. ამ ძალის ზემოქმედებით უნდა აიძულო რუსეთი, რომ ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს. რა თქმა უნდა, არ მაქვს იმის ილუზია, რომ უკრაინა დაკარგული ტერიტორიების დამბრუნებელია, ან მას რუსეთი დაუბრუნებს. თუმცა თუკი ცეცხლის შეწყვეტა იმ ხაზზე მოხდა, სადაც ახლა ომი მიმდინარეობს, დადებითი მოვლენა იქნება ამ ეტაპისთვის“, - ამბობს გენერალი.
მისივე თქმით, პუტინის ლოგიკა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, როცა 30 დღით ცეცხლი შეწყდება, უკრაინა მოემზადება და ჯარის გადაიარაღებას შეძლებს, იმავეს თავადაც მოახერხებენ. გენერალი ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე უკრაინაშიც ბევრია წინააღმდეგი და მიაჩნიათ, რომ ეს რუსეთს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს.