„ეს აქტი დაგვანახებს, არის თუ არა ტრამპი სიტყვის პატრონი - თუ იგი წარსულის ინერციას ვერ დაძლევს, ფუჭი ყოფილა არა მხოლოდ მისი გუნდის, არამედ ამ უძლიერესი სახელმწიფოს პოლიტიკა“

„ეს აქტი დაგვანახებს, არის თუ არა ტრამპი სიტყვის პატრონი - თუ იგი წარსულის ინერციას ვერ დაძლევს, ფუჭი ყოფილა არა მხოლოდ მისი გუნდის, არამედ ამ უძლიერესი სახელმწიფოს პოლიტიკა“

„ნამდვილი მეგობარი“ - ასეთია რადიკალური ოპოზიციის პასუხი ე.წ. „მეგობარი აქტი“-ის, რომელიც ქვედა პალატამ მიიღო. რადიკალები მადლიერებისთვის დონალდ ტრამპს მადლობას უხდიან და აცხადებენ, რომ ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ „მეგობარი აქტით“ თქვა, რომ არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლებას. რადიკალები ამ შემთხვევაშიც არ არიან გულწრფელები, რადგან „მადლობა“ ამ შემთხვევაში ეკუთვნის არა ტრამპს, არამედ ჯო ბაიდენს, რომლის პრეზიდენტობის დროს დარეგისტრირდა ჯო უილსონის ხელმძღვანელობით ე.წ. „მეგობარი აქტი“. მოაწერს თუ არა ტრამპი პოლიტიკურ აქტს ხელს, ამას ოქტომბერში ვნახავთ. მაგრამ ცხადია, რომ ყველა შემთხვევაში, ამით აშშ ქართველ ხალხს ეუბნება, რომ საქართველო არის არა სტრატეგიული პარტნიორი, არამედ სტრატეგიული აქტივია.

for.ge ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილს ესაუბრა.

რეალურად, რა დგას „მეგობარი აქტის“ მიღების უკან? ეს რომ პოლიტიკური აქტია, ეს ფაქტია, მაგრამ ამის შემდეგი გათვლა რა არის? ისევ რევოლუცია და ხელისუფლების შეცვლა?

დავით ზარდიაშვილი: მოდით, ასე ვთქვათ: ეს გახლავთ მკაფიო პოლიტიკური მიზანშეწონილობით საკანონმდებლო ორგანოს, აშშ-ს კონგრესის (ჯერჯერობით მხოლოდ წარმომადგენლობითი პალატის) მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი. ის უწინარესად სამართლებრივი თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, ხოლო ამ თვალსაზრისით, ე.ი. თუკი სამართლებრივი კატეგორიებიდან ამოვალთ, ჩემთვის სრულიად ცხადია - ეს არარა აქტია, რომელსაც არანაირი სამართლებრივი შედეგების გამოწვევა არ შეუძლია. მართლაც, ერთადერთი შედეგი, რაზეც იგია ორიენტირებული, როგორც თავად აქტში წერია - „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებისა და მათი მოკავშირეების“ დასჯა-დასანქცირებაა, რასაც ეს აქტი პრეზიდენტისგან მოითხოვს.

ბუნებრივია, თუ ელემენტარულ სამართლებრივ პრინციპებს დავეყრდნობით, უეჭველია: ვიდრე საპირისპირო უტყუარად არ დადასტურდება, პრეზუმფციულად, უეჭველია, რომ ამ აქტით პოლიტიკური ნიშნით სამიზნედ მიჩნეულ პირთა წრის დასანქცირებისთვის არავითარი, იოტისოდენა სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ამდენად, ამ აქტის აღსრულება შეუძლებელია, რაც მისი არარა აქტად მიჩნევის უდავო, მყარი და შეუვალი არგუმენტია. მართლაც რომ არსებობდეს რაიმე სამართლებრივი საფუძველი სანქცირებისთვის, პრეზიდენტი ისედაც, რაიმე დამატებითი აქტის გარეშეც, ვალდებულია, სათანადო ზომები მიიღოს. ხოლო თავისთავად, ოდენ ეს აქტი ვინმეს დასასჯელად, დასანქცირებისთვის სამართლებრივ საფუძველს ვერასგზით ვერ შექმნის, რადგან ასეთი საფუძვლები იქმნება მხოლოდ შესაბამისი სამართლებრივი პროცედურით, ერთმნიშვნელოვნად გარკვეული უტყუარი მტკიცებულებებით, რაც ადასტურებს ამა თუ იმ პირმა ნამდვილად ჩაიდინა დასჯადი ქმედება, რისთვისაც დასანქცირებას კანონიერად იმსახურებს. ამდენად, საქმე გვაქვს სამართლებრივად არარა პოლიტიკური მიზანშეწონილობით მიღებულ აქტთან, რაც მხოლოდ და მხოლოდ სამიზნე პირთა წრის, ე.ი. - „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებისა და მათი მოკავშირეების“ ყოვლად უსაფუძვლოდ დადანაშაულების პოლიტიკური მცდელობაა, რაც სამართლებრივ ლოგიკას მთლიანადაა აცდენილი.

აქ მნიშვნელოვანი დეტალია ისიც, რომ ადამიანები, რომელთა მიმართ გამოყენებული უნდა იქნას სანქციები, მტკიცებულების გარეშე შერაცხული არიან დამნაშავეებად, რასაც აქვს თავისი მიზეზიც...

- აღარაფერს ვამბობ აბსურდულ სპეკულაციებზე. მაგალითად, ამ აქტით, ეს პოლიტიკურ სამიზნედ შერჩეული პირები რაიმე დასაბუთების გარეშე უკვე შერაცხულნი არიან ბოროტმოქმედებად და ბრალდებათ არც მეტი, არც ნაკლები, „საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ძირის გამოთხრა“(?!); კიდევ უარესად გამაოგნებელია, რომ აქტის სათაურიც შეცვალეს და აბრივიატურულად აწყობილი „MEGOBARI“-ც მოიშალა, ხოლო მიღებული აქტის ახალი სათაურიდან, შინაარსსაც რომ თავი დავანებოთ, გამომდინარე, თურმე აშშ საქართველოში სამთავიან გველეშაპს - ჩინეთის კომპარტიის, ირანის რეჟიმის და რუსეთის ფედერაციის გავლენას, ე.ი. ამ სახელმწიფოებს აქ, ჩვენთან ებრძვის! აი, ზუსტად ისე, როგორ უკრაინაში რუსეთს და ეს უაზროდ დამანგრეველი ომი, მიუხედავად ტრამპის პოზიციისა, ისევ გრძელდება.

ამდენად, ამ სამართლებრივად არარა აქტის პოლიტიკური მიზანშეწონილობა იმდენად აბსურდულია, რომ გაოცებას იწვევს. საბედნიეროდ, ვინაიდაც ჩვენი ქვეყანა სათანადოდ დაცულია და აქ „ჩინეთის კომპარტიასთან“, „ირანის რეჟიმთან“ და „რუსეთის ფედერაციასთან“ ომს ვერავინ გამოიწვევს, ამ აქტს შეუძლია მხოლოდ ფუჭი და მავნე პოლიტიკური მედია-ხმაურის შექმნა, მეტი არც არაფერი, სხვა პოლიტიკური შედეგი მას ვერ ექნება. ხოლო თუკი შიდა არეულობისა და სამთავიან გველეშაპთან ომის მაინც გამოსაწვევად, მხოლოდ ამ აქტის საფუძველზე და რაიმე ბრალეული ქმედების, რაც სათანადო სამართლებრივი პროცედურებით უნდა უტყუარად დასტურდებოდეს, ვინმე მაინც დასანქცირდება, ცხადია, ეს იქნება კანონსაწინააღმდეგო თვითნებობა, რაც ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში დასჯადი ქმედებაა.

სამწუხაროდ, ჩვენ უკვე ვნახეთ აშშ-სა და ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს მხრიდან ქართველების უსაფუძლოდ დასანქცირების სავალალო პრეცენდენტები, რაც ღრმა სინანულსა და მწარე იმედგაცრუებას იწვევს, რადგან ნათლად მიუთითებს: მსგავსი პრეცენდენტების დაშვება ავტომატურად ნიშნავს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს ელემენტარული პრინციპები აბსურდული პოლიტიკური მიზანშეწონილობით ფეხქვეშ ითელება. ეს თავად ამ სახელმწიფოებისთვის არის ძალიან საშიში, უარესიც - მეტყველებს დასავლური ცივილიზაციის ღრმა, შესაძლოა, ისეთ ეგზისტენციურ კრიზისზე, საიდანაც გამოსავალი თუ დროულად ვერ იქნა ნაპოვნი, ამ ცივილიზაციას მომავალი ვერ ექნება.

აქატს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. ახლა სენატმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და შემდეგ, აქტს პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი. თუ პროცედურებს გავყვებით, ტრამპის კაბინეტში გადაწყვეტილება შევა ოქტომბერში, ანუ მაშინ, როდესაც საქართველოს აქვს თვითმმართველობის არჩევნები. როგორ ფიქრობთ, რა შემთხვევაში მოაწერს ტრამპი ხელს დოკუმენტს, რომელიც სწორედ „დიფ სთეთის“ ინეტერესების გამტარებელი აქტია?

- იმედი დავიტოვოთ, რომ ტრამპი ამ აქტს ხელს არ მოაწერს და იგი დარჩება წინა ადმინისტრაციის დროს „დიპ სთეითის“ პარპაშის ისეთ მძიმე ინერციად, რაც ტრამპის პოლიტიკით დაძლეული უნდა იქნეს. შეგახსენებთ, რომ ეს აქტი ჯო უილსონის მიერ ინიცირებული იქნა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, როცა უკრაინაში პროქსი-ომის წარმოების გამო ამ ადმინისტრაციამ არა მხოლოდ ძირი გამოუთხარა საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას, არამედ უკიდურესად კონფრონტაციული გახადა აშშ-საქართველოს ურთიერთობები.

საუბედუროდ, ამგვარ ე.წ. პოლიტიკას მაშინაც და დღესაც, დიახ, აქვს კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი წინასაარცევნოდ მსოფლიოს და არა მხოლოდ ამერიკელ ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ ძირფესვიანად შეცვლიდა ამგვარ დამღუპველ პოლიტიკას, მოიტანდა მშვიდობას და დაასრულებდა რა ომებს, ბოლოს მოუღებდა აშშ-ს კონფრონტაციულ გეოპოლიტიკას. ეს არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ ყველა ქვეყანასთან ურთიერთობების გაჯანსაღების მოლოდინს განაპირობებდა. რაც მთავარია, „გლობალური ომის პარტიის“ დამარცხება მთელს მსოფლიოს ააცილებდა საშიში ესკალაციის სპირალს, რაც სამყაროს კატასტროფისკენ მიაქანებდა.

ეს აქტი ერთ-ერთი (და ცხადია არა ერთადერთი), რიგითი ტესტი იქნება, რაც დაგვანახებს, არის თუ არა ტრამპი სიტყვის პატრონი და რეალურად შეუძლია თუ არა მას დანაქადების შესრულება. თუ იგი წარსულის ინერციას ვერ დაძლევს, აღმოჩნდება, რომ მთლიანად ფუჭი ყოფილა მისი პოლიტიკა და ეს არა მხოლოდ ტრამპისა თუ მისი გუნდის, არამედ ამ უძლიერესი სახელმწიფოს, რომლისკენაც კვლავაც მიპყრობილია იმედის თვალი, სრული კრახი იქნება.

„მეგობარი აქტი“, სანქციები, რეზოლუციები... გამოდის, ჩვენ ვერ შევძელით გადატვირთვის პოლიტიკა აშშ-თან, მიუხედავად ვიცე-პრემიერის საკმაოდ მნიშვნელოვანი ვიზიტისა. რატომ გაჭიანურდა საქართველო-ამერიკას შორის კომუნიკაცია, რა ხდება რეალურად, ტრამპი აგრძელებს წინა ადმინისტრაციის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში?

- ნათელია, საქართველო-აშშ ურთიერთობები მხოლოდ მცირე, არც თუ მნიშვნელოვანი დეტალია აშშ-ს მიერ წარმოებულ გეოპოლიტიკურ მოზაიკაში. ეს გადატვირთვა მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუკი ზემოთ ნახსენები წარსულის ინერცია დაიძლევა, „გლობალური ომის პარტია“ (იგივე „დიპ სთეითი“) დამარცხდება, ეს გეოპოლიტიკური მოზაიკა მთლიანად გადაეწყობა. ე.ი. ტრამპი შეძლებს თავისი სიტყვა პირნათლად შეასრულოს. თუ ეს ვერ მოხდება, წარსულის ინერცია კი გაძლიერდება, მაშინ ესკალაციის სპირალი ისეთ საშინელ ქარბორბალას გამოიწვევს მთელს დედამიწაზე, იმგვარ ნგრევას და ქაოსს განაპირობებს, რაც ყველაზე ძვირი, შესაძლოა, აურაცხელადაც მძიმე ფასი, უწინარესად, აშშ-ს და მთლიანად დასავლეთს, დაუჯდება. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში, დიდ განსაცდელს და მძიმე ზარალს ვერც ვერავინ, მათ შორის ვერც ჩვენ, ვერ დავაღწევთ თავს. იმედი ვიქონიოთ, სამყაროს ღმერთი დაიფარავს და მსგავსი საშინელება არ მოხდება.

გავყვეთ ქრონოლოგიას - ქვედა პალატა ღებულობს „მეგობარ აქტს“, მეორე დღეს აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს სამ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი საშუალების არსებობის შესახებ ისე, რომ ძალოვან უწყებას საქმის კურსში არ აყენებს; ამის შემდეგ ესტონეთი საქართველოს უცხადებს დიპლომატიურ ომს; უკვე ითქვა, რომ იგივეს გეგმავს ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა - ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი უქმდება. ამ დროს ქვეყანა ამბობს, რომ ამას „დიფ სთეითი“ აკეთებს, ეს გასაგებია, მაგრამ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ, სიხისტე არის გამოსავალი? ცხადია, რომ ვისჯებით მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევანი გავაკეთეთ მშვიდობის სასარგებლოდ...

- დიახ, თქვენ მიერ ჩამოთვლილი ეს მოვლენები დღევანდელი არეულ-დარეული, ე.წ. დიფუზური ომიანობის ეპოქაში მყოფი მსოფლიოს საქართველოდან დანახული სასტიკი სახეა. თუკი ვინმე უმკლავდება ამ გლობალურ არეულობას, როცა „წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი“ დანგრეულია და „ძალის სამართალი“ ასე ბობოქრობს, ეს საქართველოც არის. გამოსავალი აქ ერთადერთია - ამ არეულობისა და ენტროპიის, ამ ქარბორბალის, რაც დღეს პლანეტაზეა, როგორმე შეკავება. ამისთვის გამოიყენება ყველა შესაძლებლობა, რაც კი ჩვენს ხელთ არის, მათ შორის - ზოგჯერ ხისტადაც უნდა ვიმოქმედოთ.

დიდი ზე-სახელმწიფოები უდიდეს, ჩვენთან შედარებით განუზომელ შესაძლებლობებს ფლობენ, ხოლო ე.წ. დიფუზრი ომებისას ცდილობენ საკუთარი არეულობა და ენტროპია როგორმე გარეთ, არა მხოლოდ მტრულ, არამედ თუნდაც მოკავშირე ქვეყნებშიც კი გაიტანონ და „ნულოვანი ჯამის“ თამაშში სხვების დაზარალების ხარჯზე გამარჯვებულები გამოვიდნენ. ამ არეულ დროებაში მტერსა და მოკავშირეს შორისაც კი ზღვარი იშლება. თავის დაცვა, ამ ენტროპიის საკუთარ ტერიტორიაზე გავრცელების არ დაშვება, ყველა დანარჩენი ერი-სახელმწიფოს მთავარი სტრატეგიაა დღეს.

ამ სტრატეგიის ფარგლებში ყველა ხელმისაწვდომი საშუალება და ხერხი, მათ შორის თუნდაც ხისტი, ვითარების ადეკვატურად უნდა გამოვიყენოთ. ჯერჯერობით, მადლობა უფალს, საქართველოში არეულობისგან და ქაოსისგან თავის დაცვის წინაპირობაცა და შესაძლებლობებიც გვაქვს, რადგან უპრეცენდენტო მუქარებსა და გამოწვევებს ხელისუფლება ძალზე ღირსეულად უმკლავდება. ამიტომაც ვახერხებთ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. იმედია, ასეც გაგრძელდება და ყველაფერი კარგად იქნება.