საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩამოდის

საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩამოდის

იგეგმება თუ არა საქართველოში აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე გახდა თუ არა საქართველო რუსეთსა და აშშ-ს შორის, ასევე რუსეთსა და დასავლეთს შორის, საუბრის მთავარი თემა? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge. ალექსი პეტრიაშვილს ესაუბრა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინის ახალმა ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს მრჩევლის თანამდებობა შესთავაზა, შს მინისტრს მრჩევლად ჰყავს გია ბარამიძე. სევე მრჩევლად ჩაჰყავთ ზურაბ ადეიშვილი და დათა ახალაია, რომლებიც უმძიმეს დანაშაულში არიან ბარლდებულები. მაშინ როდესაც, საქართველოს ხელისუფლება უკარინის სწრაფვას ევროკავშირისკენ მხარს ღიად უჭერს, როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს უკრაინის ახალი ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება?

ალექსი პეტრიაშვილი: ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის უკრაინის ხელისუფლების გადასაწყვეტი. პრემიერ-მინისტრმა მეგობრული რჩევა, გაფრთხილება და რეკომენდაცია მისცა ჩვენი მეგობარი ქვეყნის ახალ ლიდერებს, გამოცდილების გაზიარების კუთხით. ვინაიდან, ის ადამიანები თუ მართლაც აღმოჩნდნენ ოფიციალურად თანამდებობაზე, ყველაფრს თავი რომ დავანებოთ, შესაძლოა, სამართლებლივი პრობლემაც კი აღმოჩნდეს ცალკეულ მათგანთან. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ყოფილ პრეზიდენტს, რომელთან მიმართებაში, ამ ეტაპზე, არც კითხვა, არც პრობლემა არ არსებობს.

რაც შეეხება უკრაინაში მიმდინარე პროცესებს, როგორ აფასებთ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ფაქტია, რომ მაქსიმალურად ცდილობენ კონფრონტაციაში არ შევიდნენ რუსეთის შეიარაღებიულ ძალებთან...

- უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის ხელისუფლება ძალინ პრაგმატულად, ჭკვიანურად და სწორად ახორციელებს სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკას რუსეთთან. მიუხედავად მათი მხრიდან პროვოკაციების განხორციელებისა, უკრაინის ხელისუფლება ამ დრომდე ახერხებს თავიდან აირიდოს ფართომასშტაბიან სამხედრო კონფრონტაციაში, რაც თავის დროზე, იმჟამინდელმა საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო.

რეალურად, უკრაინის ხელისუფლებამ მოახდინა იმის დადასტურება, რომ შესაძლებელია ფართომასშტაბიან სამხედრო კონფლიქტში, წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციაში ჩართვის გარეშე, გააგრძელო ბრძოლა შენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის. საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური მობილიზებით, მაქსიმალურად მწვავედ დააყენო შენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის პატივისცემის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი.

უკრაინის ხელისუფლებამ გაითვალისწინა საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლების შეცდომები. არ გაეხვია, იმ წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციაში, რომელიც სახეზეა. ეს არის რუსული სამხედრო აგრესია და ეს სცენარი მზადდებოდა ყოველგვარი შენიღბვის გარეშე.

მოგეხსენებათ, რომ რუსულმა სამხედრო ვერტმფრენებმა დაარღვიეს საქართველოს საჰაერო სივრცე, მოხდა შსს- საგუშაგოების დაზვერვა. თქვენი აზრით, ეს არის გაფრთხილება რუსეთის მხრიდან? აქვე შეგახსენებთ იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებას იმის თაობაზე, რომ ასოცირების ხელშეკრულებამდე ჩვენ ძალიან რთული პერიოდი გველეოდება...

- ცალსახა და ძალიან მკაფიო ნიშანი იმისა, რომ პროვოკაციები და ზეწოლა გაიზრდება საქართველოს მიმართ, იყო ოლიმპიადის მეორე დღეს მავთულხლართების გაბმის პროცესის განახლება. ეს იყო ძალიან მკაფიო და არადაქვეტური გზავნილი, პასუხი იმაზე, თუ რა კეთილი ნება და რა მცდელობებიც გამოავლინა საქართველოს ხელისუფლებამ ამ ხნის განმავლობაში, რათა ურთიერთობების ნორმალიზება მომხდარიყო. ეს არის ძალიან ცხადი დადასტურება იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცდება სიტუაციის ესკალაციას ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

შეიძლება ამ კონტექსტში განვიხილოთ ჩვენი საჰაერო სივრცის დარღვევა - რათა მოხდეს საქართველოს ხელისუფლების პროვოცირება, საპასუხო რეაგირებაზე. ბუნებრივია, ასეთი ტიპის ქმედებები მუდმივად ვერ გაგრძელდება და არც საქართველოს ხელისუფლება არ შემოიფრაგლება მხოლოდ საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროს განცხადებებით. მოხდება საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მობილიზება.

საქართველოში ფუნქციონირებს ევროკავშირის მონიტორინგის მისია. ასევე, ჩვენ ძალიან ცივი გონებით, ძალიან მტკიცე ნებით და მოთმინებით უნდა მოვახდინოთ ძალიან მწვავე რეაგირება, მოვახდინოთ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება. ვიზიარებ იმ სულისკვეთებას, რომ ხელისმოწერამდე იქნება ურთულესი პერიოდი, მაგრამ ჩვენ აუცილებლად მივალთ ხელმოწერამდე. ვერავინ და ვერაფერი ამას ვერ შეაჩერებს.

ცნობილია, რომ ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგზე მოლაპარაკებები მარტის ბოლოს დასრულდება. იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო ყურადღება მიმართულია ყირიმის პრობლემისკენ, რამდენად მოსალოდნელია, რომ რუსეთმა ყურადღება საქართველოსკენ გადმოიტანოს? თქვენ ახსენეთ მავთულხლართების გაბმის პროცესი და როგორც ირკვევა, დღის წესრიგში არ დგას .. 11 კმ-იანი უსაფრთხოების ზოლის გადაწევის პროცესი...

- არც რუსეთს აქვს იგნორირებული საქართველოს ხელისუფლების სწრაფვა ევროინტეგრაციული პროცესების დაჩქარებისკენ და არც საერთაშორისო თანამეგობრობა ტოვებს უყურადღებოდ ჩვენს ძალისხმევას. შედგა ევროკავშირის უმაღლესი დონის სამიტი, რომელიც მიეძღვნა უკრაინის თემას, მაგრამ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წერილობით მიმართა ევროპელ კოლეგებს და მეგობრებს, რომ საქართველოზეც მომხდარიყო ყურადღების გამახვილება. ჩვენი ინფორმაციით, ამ სამიტის დროსაც და მანამდეც, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს, ყველა გამომსვლელი ხაზგასმით აცხადებდა, რომ „გასაგებია, უკრაინაში ძალიან მძიმე ვითრებაა, მაგრამ არამც და არამც არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველო და მოლდოვა“.

იცით, რომ ყოველდღე საქართველოში ვიზიტით ჩამოდიან, მაღალი და უმაღლესი რანგის პოლიტიკოსები, დიპლომატები საქართველოს მეგობარი ქვეყნებიდან, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, ევროკავშირიდან. ჩამოსული იყო ბატონი შტეფან ფულე. უკრაინის ვითარების გამო გადაიდო გერმანიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტები. ველოდებით მაღალი დონის დელეგაციებს ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან. ჩამოდის ბატონი ბაროზო, ძალიან ბევრი უმაღლესი დონის ვიზიტები იქნება ამ ხნის განმავლობაში.

დაგეგმილია ძალინ სერიოზული ღონისძიებები. მარტის ბოლოს „ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის პრესპექტივებზე და შესაძლებლობებზე“ თბილისში გაიმართება კონფერენცია. ივნისის შუა რიცხვებში გაიმართება კონფერენცია „ინვესტიციები საქართველოში - შესაძლებლობები და პრესპექტივები“. ასევე, ევროკავშირისა და საქართველოს უმაღლეს დონეზე თანამონაწილეობით, ივლისში ტრადიციული ბათუმის კონფერენცია იქნება და ა.შ.

თავის მხრივ, ბუნებრივია, რომ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ არ მოადუნოს ყურადღება საქართველოს მიმართულებით.

ჩვენ სხვადასხვა ტიპის მოვლენების განვითარების, ყველა შესაძლო რისკების და საფრთხეების ანალიზი გაკეთებული გვაქვს. უნდა მოგახსენოთ, რომ მიუხედავად მათი სიმწვავისა, მაინც უფრო დაბალი დონის რისკებია, ვიდრე ეს არის უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში, იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის 85 პროცენტი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას.

ძალიან მნიშვნელოვანი იყი შტეფან ფულეს ვიზიტის დროს საქართველოს კათალიკოს პატრიარქის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ საპატრიარქო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს ევროკავშირიში იტეგრაციის იდეა განხორციელდეს. სასიხარულოა, რომ ეს განცხადება ასეთი მაღალი დონიდან გაკეთდა ჩვენს ქვეყანაში.

თქვენ ბრძანეთ, რომ მიუხედავად სიმწვავისა, მაინც უფრო დაბალი დონის რისკებია მოსალოდნელი. თუმცა, საჰაერო სივრცის დარღვის ფაქტის კომენტირებისას თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველა მოქმედებისთვის შესაბამისი სცენარი მზად არის. რა სახის პროვიკაციები არის მოსალოდნელი და 11 კმ-ნი .. უსაფრხოების ზოლი გახდება თუ არა ზეწოლის ერთ-ერთი ფორმა?

- ბუნებრივია, რომ მათი არსენალში გამოყენებული იქნება ზეწოლის ეს ინსტრუმენტი, ისევე როგორც მავთულხლართების გაბმა. გარწმუნებთ, ნაუცბათევად შექმნილი ორაგანიზაციების მეშვეობით საქართველოში ანტიევროინტეგრაციული განწყობების შექმნის მცდელობა კრახით დასრულდება. ძალიან უსუსურია მათი ქმედებები, ვინც მოუწოდებს საზოგადოებას, რომ ევრაზიული კავშირის მიმართულებით გაიხედოს ჩვენმა ქვეყანამ.

არ მინდა ყველა შესაძლო სცენარის გაშლა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ყველაზე უარესი და ყველაზე ნაკლებ სახიფათო სცენარიც კი გაანალიზებულია, გათვლილია და შესაბამისი ადექვატური რეაგირებისთვის ჩვენი პოზიციებიც ჩამოყალიბებული და მომზადებულია. ეს ძალიან მჭიდროდ განიხილება ასევე ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან.

ანუ, შესაძლო პროვოკაციებს ქვეყანა მოუმზადებელი არ შეხვდება, როგორც ეს იყო 2008 წელს...

- რა თქმა უნდა. ბუნებრივია, ჩვენ ყოველგვარი სცენარის განვითარებისთვის მზად უნდა ვიყოთ, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის სწრაფი და ძალიან პრინციპული პოზიცები საქრთველოსთან მიმართებაში. ვთვლი, რომ დადგა დრო, როდესაც ევროკავშირმა ღიად უნდა მისცეს ევროპული პრესპექტივა საქართველოს, ისევე როგორც მოლდოვას და გააჩინოს ევროკავშირში ინტეგრაციის რეალური პრესპექტივა, რეალური დღისწესრიგი საბოლოო მიზნით და თარიღით.

საქართველო განაგრძობს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის მიზნით ყველა ნაბიჯის განხორციელებას და საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს არ მოხდება ჩვენი სტრატეგიული ინტერესების, ტერიტორული მთლიანობის და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების ხარჯზე. თუმცა, ოპონენტები ხშირად გადანაშაულებენ, რომ საქართველო ატარებს პრორუსულ პოლიტიკას ქვეყანაში...

- ვინც ასე თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს პრორუსულ პოლიტიკას ატარებს, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ არის ბეცი. იმიტომ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, ელემენტარული დაკვირვებაც კი საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ თუ კი ადამიანს ასეთი აზრი  ჰქონდა, გაქარწყლებულიყო.

ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, დემოკრატია იმის დემოკრატიაა, რომ არსებობდეს ხელისუფლება და ოპოზიცია. ოპოზიციას აქვს კრიტიკის შესაძლებლობა, ოპოზიციას შეუძლია ისაუბროს, ის არაა პასუხიმგებელი თავის განცხადებებზე და ამიტომაც, განსაკუთრებულ დროის დახარჯვას და ძალისხმევას არ იმსახურებს.

აშშ უკვე, რეალურად ჩართულია საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესების დაჩქარებისთვის კონკრეტულ კონსულტაციებში და ხელშემწყობ მოქმედებებში და ერთ-ერთი წამყავნი როლი აქვს ამ პროცესებში. აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ პირადად აიყვანს კონტროლზე იმ საკითხს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის გაღრმავდეს სავაჭრო ურთიერთობები. განვითარდეს ეკონომიკური ურთიერთობები, განხორციელდეს პროექტები და ამერიკული ბიზნესი უფრო მეტად დაინტერესდეს საქართველოში ინვესტიციებით. კიდევ უფრო მეტად უნდა გაღრმავდეს განათლების და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა. მართლაც არასერიოზულად მიმაჩნია პასუხი იმაზე, რომ ოპოზიცია სხვაგვარად საუბრობს. მათ შეიძლება ასე გააგრძელონ ფიქრი მაშინაც კი, როდესაც საქართველო ნატოს და ევროკავშირის წევრი გახდება.

როგორ ფიქრობთ, საქართველო გახდა აშშ-ში საუბრის მთავარი თემა უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე?

- არის საკითხების ფართო სპექტრი, რომელიც დემოკრატიულ თანამეგობრობასა და რუსეთს შორის არსებობს, კონკრეტულად აშშ-სა და რუსეთს შორის. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა როგორც ბრიუსელში ვიზიტის დროს, ევროკავშირის და ნატოს ხელმძღვანელობასთან, ნატოს და ევროკავშირის წვერ სახელმწიფოებთან, ისე აშშ-ში ვიზიტის დროს ძალიან პრინციპულად დააყენა თხოვნა, რომ ჩვენი საკითხი მუდმივად იყოს ძალიან მაღალ დონეზე განხილული.

ბუნებრივია, რომ უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა ის, რომ საქართველოს საკითხი, დღეს უკვე ძალიან სერიოზულად ფოკუსშია მოქცეული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. რეალურად ყველა კარგად ხვდება, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის იდეა, ზოგადად მუღებელია რუსეთის ხელისუფლებისთვის და შესაბამისად, მათი მხრიდან ყველა ქმედება განხორციელდება იმისათვის, რომ არ დადგეს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტში მყოფი ქვეყნების წარმატება.

დასავლეთი კი დაინტერესებულია, რომ ეს წარმატება შედგეს. ჩვენ გვაქვს მათი მხრიდან მოწოდებაც კონკრეტული ნაბიჯების და კონკრეტული მოქმედების, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ წარმატებით გადალახოს ყველა სირთულე, მოაწეროს ასოცირების შეთანხმებას ხელი და განაგრძოს რეალურად სწრაფი ნაბიჯებით ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში.

მოგეხსენებათ, რომ როგორც დემოკრატებმა, ასევე რესპუბლიკელებმა ერთობლივად შეიტანეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწვერიანებას და საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მაპის მინიჭებას. ჩვენი ვიზიტის ფარგლებში, 42 სენატორის წერილზე იყო პასუხი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მხრიდან, რომელშიც არის პოზიტიური რეკომენდაცია და გადაწყვეტილება, რომ უნდა შედგეს კონსესუსი საქართველოსთვის მაპის მინიჭების თაობაზე. ეს არის ძალიან პრინციპული, ძალიან მნიშვნელოვანი გამოკვეთილი ღია მხარდაჭერა.

რასაც მოგვიანებით მოჰყვა სენატორ მაკკეინის მიმართვა ობამასადმი, რომ დაჩქარებული წესით მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის თაობაზე...

- მინდა გითხრათ, რომ აშშ-ში ამ მხრივ არის ძალიან სერიოზული მხარდაჭერა. თუმცა, აქვე მინდა ძალიან სერიოზულად ავღნიშნო, რომ არ უნდა მოხდეს რეალურად მოლოდინების ამაღლება. მოსახლეობა ინფორმირებული უნდა იყოს იმის თაობაზე, რომ ჯერ კონკრეტული გადაწყვეტილება ნატოს საქართველოსთან მიმართებაში არ მიუღია. მიმდინარეობს მსჯელობა, კონსულტაციები და გარკვეული ხნით ადრე, ჩვენს ქვეყანას ექნება წარმოდგენა იმის თაობაზე, რომ თუ რას შეიძლება ველოდოთ ნატოს სამიტისგან.

აშშ-ში ვიზიტი და შეხვედრები უმაღლეს დონზე, თუ გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ 2014 წლის ნატოს სამიტი წარმატებული იქნება საქართველოსთვის?

- საქართველოსთვის ახალი გადაწყვეტილება აუცილებლად მიიღება. ნატოში ჩამოყალიბებული არიან, კონსენსუსი არსებობს იმის თაობაზე, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრესი დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, ისევე როგორც კონრტიბუცია საერთაშორისო უსაფრთხოების თვალსაზრისით, აუცილებლად უნდა აისახოს დამატებითი გადაწყვეტილებით და ახალი ფორმით. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალი გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული და ახალი ნაბიჯი უნდა გადაიდგას წინ. უბრალოდ რა ერქმევა ამ კონკრეტულ ნაბიჯს, ჯერ არაა გადაწყვეტილი და შეთანხმებული.

თქვენ ისაუბრეთ აშშ-ში ვიზიტის მნიშვნელობის კონკრეტულ დეტალებზე. ბატონო ალექსი, აშშ-ის პირველი პირის და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა წინასწარ არ იყო დაგეგმილი?

- წინასწარ გვქონდა ინფორმაცია, შეიძლება ითქვას,  ზედმიწევნით ზუსტი ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აშშ-ის პრეზიდენტს შორის შეხვედრა შედგებოდა. დეტალები წინასწარ იყო პროტოკოლით ცნობილი, მაგრამ, რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული ეტიკეტი, გარკვეული შეთანხმებები და პროტოკოლი და ამის დარღვევის არც უფლება გვქონდა და არც სურვილი. ბუნებრივია, ორმაგად სასიხარულო იყო, როდესაც საზოგადოებამ გაიგო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აშშ-ის პრეზიდენტს შორის შედგა ძალიან თბილი, გულწრფელი, ღია და მეგობრული შეხვედრა.

საინტერესოა, ხომ არ იგეგმება საქართველოში აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი? როგორც ცნიბილია მოწვეულია სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი...

- ამ ინფორმაციას არც დაგიდასტურებთ და არც უარვყოფ. სახელმწიფო მდივანმა ღიად განაცხადა, რომ გაზაფხულის ბოლომდე აუცილებლად ჩამოვა. ეს შემიძლია დადასტურებით გითხრათ, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტთან მიმართებაში, დღეს რაიმე კონკრეტული ინფორმაციის მოცემა არ შემიძლია.